ვერა ვარლამის ასული წიგნაძე (დ. 24 სექტემბერი, 1924, ბაქო, აზერბაიჯანი, — გ. 17 ივნისი, 2016, თბილისი, საქართველო) — ქართველი ბალერინა. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955). თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). ვერა წიგნაძე 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი.

ვერა წიგნაძე

ვერა წიგნაძე
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1924
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 ივნისი, 2016 (91 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ბალერინა
საბალეტო პედაგოგი
ორგანიზაცია აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ჯილდოები სტალინური პრემია (1948, 1951)
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1943–1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე.[1]

იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გრიგოლ კილაძის „სინათლე“; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დავით თორაძის „გორდა“; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (დავით თორაძის „მშვიდობისათვის“), დეზდემონა (ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“), თამარი (სულხან ცინცაძის „დემონი“). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოსტატობა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადოლფ ადანის „ჟიზელი“), ლაურენსია (კრეინის „ლაურენსია“), ოდეტა-ოდილია (პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ნიკია (ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერა“), ავრორა (პეტრე ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“), ტაო-ხოა (გლიერის „წითელი ყაყაჩო“).[1]

2015 წლის 31 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. გალა-კონცერტზე შესრულდა პა დე დეები კლასიკური ბალეტებიდან: „დონ კიხოტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „რაიმონდა“, „ჟიზელი“, „კონკია“ და თანამედროვე ქორეოგრაფების ნომრები.[2]

ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: იგორ არტამონოვი, ლუდმილა ხიტროვა, კონსტანტინ გერონიკი (მინსკის დიდი თეატრი, ბელორუსი); მეთიუ გოლდინგი (სამეფო ბალეტი, ინგლისი); ანა ციგანკოვა, მაია მახათელი, არტურ შესტიარიკოვი (ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი); ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჯოფრი ბალეტი, აშშ).[2]

2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვერა წიგნაძეს სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.[2] წიგნაძე აგრეთვე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია (1949).[1] იყო ასევე სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1948, 1951).

2007 წელს, ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში „კოსმოსი-დედამიწა“ შეტანილ იქნა ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის ვარსკვლავები, რომელიც „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს მიენიჭა.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 გუნია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 314.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო — ვერა წიგნაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-19. ციტირების თარიღი: 2021-02-20.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: