ვახტანგ მჭედლოვი
ვახტანგ მჭედლოვი (ვახტანგ ლევანის ძე მჭედლიშვილი; დ. 6 აგვისტო, 1884, ბათუმი — გ. 19 მაისი, 1924, მოსკოვში დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე) — ქართველი რეჟისორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარუსეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ვახტანგ მჭედლიშვილს — ნიჭიერ რეჟისორსა და თეატრალურ პედაგოგს, რომელმაც თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნა მოსკოვის სამხატვრო თეატრის წინსვლასა და განვითარებას.
მამამისი, ლევან მჭდლიშვილი, ფრიად განათლებული კაცი იყო, კარგად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და „კრაზანას“ ფსევდონიმით ხშირად ბეჭდავდა წერილებს „დროებასა“ და „ივერიაში“. მას განსაკუთრებით უყვარდა თეატრი და ბათუმში საგასტროლოდ ჩასული მსახიობები ხშირად იკრიბებოდნენ მის ოჯახში.
ბათუმის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ ვახტანგის დეიდები — ანა და ევგენია სოღორაშვილები, რომელთაც დისშვილი ხშირად დაჰყავდათ სპექტაკლებზე. რა გასაკვირია, რომ ყმაწვილი დაინტერესდა თეატრით და ხშირად მართავდა, როგორც საოჯახო ისე სასკოლო წარმოდგენებს. გიმნაზიაში მის მიერ დადგმულ ნ. გოგოლის „რევიზორს“ დიდი წარმატება ხვდა წილად.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904 წლის აგვისტოში, ვახტანგ მჭედლიშვილი სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. ფილოლოგიის ფაკულტეტზე აპირებდა შესვლას, მაგრამ ამავე დროს თეატრზე ოცნებობდა. მისი გატაცების შესახებ კარგად იცოდა მამამისის მეგობარმა, მწერალმა დავით კლდიაშვილმა და სარეკომენდაციო წერილი გაატანა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი.
„ალექსანდრე ივანეს ძემ არაჩვეულებრივი გულთბილობა და ალერსიანობა გამოიჩინა და ყოველმხრივ მიწყობდა ხელს ჩემი მოსკოვური ცხოვრების დასაწყისში“, — წერს ვატანგ მჭედლიშვილი თავის დღიურში.
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით ვახტანგი მსახიობად მიიღეს მცირე თეატრში, უსიტყვო როლების შემსრულებლად. ამავე დროს ის მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებული სარეჟისორო კურსების მსმენელი გახდა და 1905 წლიდან, კურსების დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სამხატვრო თეატრში ჯერ რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ, რეჟისორად. 1907 წელს სამხატვრო თეატრის ახალგაზრდული ძალებით მან დადგა ანტონ ჩეხოვის „თოლიას“ პირველი მოქმედება, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
ვახტანგ მჭედლიშვილი თანარეჟისორად მუშაობდა სამხატვრო თეატრის ცნობილ სპექტაკლებზე: ჰ. იბსენის „ბრანდი“, ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, ლ. ანდრეევის „ანათემა“ და „ცხოვრების დრამა“, თ. დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“, მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ და სხვა, მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას პედაგოგიურმა მოღვაწეობამ მოუტანა.
ვახტანგ მჭედლიშვილი სტანისლავსკის მოწაფე იყო და მისი „სისტემით“ ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას დრამატული ხელოვნების სკოლებში. მან მრავალი თვალსაჩინო მსახიობი თუ რეჟისორი აღუზარდა რუსულ სცენას.
მე-20 საუკუნის დასაწყისში თეატრალურ ხელოვნებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სტუდიებს, რაც მოიაზრებდა ერთი მიზნით და ახლის ძიებით გატაცებული ახალგაზრდების შეკრებას. ვატანგ მჭედლიშვილმა მოსკოვში რამდენიმე სტუდია დააარსა რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამხატვრო თეატრის მეორე სტუდია. 1916 წლის 25 ნოემბერს შედგა სტუდიელების მიერ მომზადებული პირველი სპექტაკლის „მწვანე ბეჭდის“ პრემიერა (ზ. გიპიუსის პიესა), რომელმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა. ალბათ ამიტომ უწოდეს სტუდიელებმა ახალშექმნილ სტუდიას „მწვანე ბეჭედი“, ხოლო შემდგომში მას ვახტანგ მჭედლიშვილის სახელი მიეკუთვნა. როცა სტუდია ცოტა მოღონიერდა, გასტროლებზე სიარული დაიწყეს. ორჯერ, 1922 და 1923 წლებში სტუდიელები თბილისშიც ჩამოვიდნენ. სპექტაკლებს დიდი წარმატება ხვდა წილად. გარდა „მწვანე ბეჭდისა“, სტუდიის რეპერტუარში იყო ვახტანგ მჭედლიშვილის სხვა დადგმებიც: ლ. ანდრეევის „სიჭაბუკე“, ა. ჩეხოვის „ქურდები“. ა. ფრანსის „კომედია ადამიანზე, რომელმაც შეირთო მუნჯი ცოლი“… 1924 წელს, ვახტანგ მჭედლიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მეორე სტუდია შეუერთდა სამხატვრო თეატრს და ორგანულად მოხდა თეატრის პირველი თაობის შევსება ახალი, ღირსეული ძალებით. მჭედლიშვილის მიერ სტუდიაში დადგმული უკანასკნელი სპექტაკლი, სმოლნის „ელიზავეტა პეტროვნა“, რომლის დამთავრებაც მან ვერ მოასწრო, იყო ერთადერთი სპექტაკლი, რომელიც შევიდა სამხატვრო სტუდიის რეპერტუარში და წლების მანძილზე იდგმებოდა მის სცენაზე.
ვახტანგ მჭედლიშვილის სახელთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, თეატრალური აღზრდის მეორე კერის — იმპროვიზაციის სტუდიის დაარსება. მას მიაჩნდა, რომ თეატრალური ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის საკმარისი არ იყო ტრადიციული გზით სიარული, საჭირო იყო ახალი, თანამედროვეობის სულით გაჟღენთილი თეატრი, სადაც მსახიობი სრულ თავისუფლებას მიაღწევდა. შვიდი წლის ლაბორატორიული მუშაობის შემდეგ, 1921 წლის შემოდგომაზე გაიხსნა იმპროვიზაციის სტუდია. იმავე წლის ოქტომბერში შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა. აქ მსახიობი თავად იყო დრამატურგი, რეჟისორი და შემსრულებელი. პიესა პირდაპირ სცენაზე იდგმებოდა და არასოდეს არ მეორდებოდა. ვახტანგ მჭედლიშვილის გარდაცვალების შემდეგ იმპროვიზაციის სტუდია „ნიღბების თეატრად“ გადაკეთდა და მისი სახელობისა გახდა.
მესამე სტუდია, რომელიც ვახტანგ მჭედლიშვილმა მოსკოვში დააარსა იყო ქართული დრამატული სტუდია. ასეთი სტუდიის შექმნის სურვილი მას წლების მანძილზე ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხერხდა. სტუდია 1923 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში გაიხსნა, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს მხარდაჭერით. საქმის კეთილად დაგვირგვინებით გახარებული რეჟისორი ლენინგრადში მცხოვრებ დედასა და დებს წერდა: „იცით თუ არა თქვენ, რომ მე ახალი პირმშო შემეძინა! ეს ქართული სტუდიაა!… მაგრამ როგორი ტანჯვით შევქმენი მე ის… გაივლის ორი-სამი წელი და მას ექნება საკუთარი სპექტაკლები და ჩვენ ყველანი საქართველოში გავემგზავრებით“…
სამწუხაროდ, ვახტანგ მჭედლიშვილის ოცნებას ახდენა არ ეწერა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1924 წლის 19 მაისს, მოსკოვში. მისი მეუღლე იყო ლუბა ივანეს ასული დემენტიევა, იმპროვიზაციის სტუდიის ყოფილი მოსწავლე. ქართულ სტუდიას ვახტანგ მჭედლიშვილის სახელი ეწოდა. ხელმძღვანელად დაინიშნა შალვა დადიანი, საერთო ხელმძღვანელობას კი ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო უწევდა. 1926 წლის გაზაფხულზე შედგა სტუდიის გამოსაშვები საღამო. წარმოადგინეს ვ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევან“. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. მალე სტუდიელებმა საქართველოდან განკარგულება მიიღეს, რომ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში სხვადასხვა თეატრებში სამუშაოდ. ამით მოსკოვის ქართული სტუდია დაიხურა. ვახტანგ მჭედლიშვილი საქართველოში არ მოღვაწეობდა, აქ მას არცერთი სპექტაკლი არ დაუდგამს, მაგრამ მან, მაინც დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართული თეატრის ისტორიაში მოსკოვის ქართული დრამატული სტუდიის დაარსებით.
ლიტერეტურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984, გვ. 268
- ჯავაშვილი, გ. ვახტანგ მჭედლიშვილი, თბ., 1965
- აშხია, ნ. ვახტანგ მჭედლიშვილი, საბჭოთა ხელოვნება, 1974, N8, გვ. 48-54