მორის მეტერლინკი
მორის მეტერლინკი (ფრანგ. Maurice Maeterlinck; დ. 29 აგვისტო, 1862, გენტი ― გ. 6 მაისი, 1949, ნიცა) — ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, დრამატურგი, პოეტი და ესეისტი. 1911 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მრავალმხრივი ლიტერატურული საქმიანობის, განსაკუთრებით კი მდიდარი წარმოსახვითა და პოეტური მშვენეირებით გამორჩეული დრამატურგიული ნამუშევრებისთვის.“
მეტერლინკის შემოქმედების მთავარი თემებია სიკვდილი და სიცოცხლის აზრი. იგი ლიტერატურული დაჯგუფების La Jeune Belgique (ქართ. ახალგაზრდა ბელგია) წამყვანი წევრი იყო.[27] მისმა პიესებმა დიდი როლი შეასრულა სიმბოლისტური მოძრაობის ჩამოყალიბებაში.
ბიოგრაფია და შემოქმედება
რედაქტირებადაიბადა ფლანდრიელი ნოტარიუსის ოჯახში; გენტის კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამართალს პარიზში; 1898 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, წერდა ფრანგულ ენაზე. 1883 წლიდან აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ნარკვევებსა და ლექსებს. 1889 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „სათბურები“, 1896 წელს – „12 სიმღერა“ (1900 წელს – „15 სიმღერა“); მის პირველსავე პიესაში „პრინცესა მალენი“ (1889 წელი) გამოვლინდა მწერლის ფილოსოფიური და ესთეტიკური პოზიცია; იგი იმთავითვე განზე გადგა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემებისგან, რამაც განაპირობა ზღაპრულ–ფანტასტიკური, ირეალური სამყაროს თემატიკის დამკვიდრება მის შემოქმედებაში. მეტერლინკი აღიარებდა სხვა, მეორე სამყაროს, იდუმალ, ზებუნებრივ ძალებს და ადამიანის უმწეობას მათ წინაშე; აქედან გამომდინარე, მის პიესებში ქვეცნობიერი გამოდის წინა პლანზე, ადამიანი არ მოქმედებს რეალურ სამყაროში, პასიურად ელის გარდაუვალ ბედისწერას.
მეტერლინკის პერსონაჟი უმთავრესად აბსტრაქტული არსებაა, რომელსაც არ აქვს კონკრეტული ყოფა, ბიოგრაფია, ეროვნება. ამ კონცეფციების შესაბამისად, მეტერლინკი აყენებდა მსახიობის დეპერსონალიზაციის საკითხს, „სტატიკური თეატრის“, „დუმილის“, „მეორე დიალოგის“, „სიკვდილის თეატრის“ თეორიას, რაც გამოიკვეთა სტატიაში „ყოველდღიური ცხოვრების ტრაგიზმი“ (ესეების წიგნი „განძი თვინიერთა“, 1896). ამ თეორიების შესაბამისადაა შექმნილი მისი ერთმოქმედებიანი პიესებიც „დაუპატიჟებელი“, „ბრმები“ (ორივე 1890), „პელეასი და მელიზანდი“ (1892), „ალადინი და პალომიდი“, „იქ, შიგნით“, „ტენტაჟილის სიკვდილი“ (სამივე 1894), „აგლავენი და სელისეტი“, „არიან და ლურჯწვერა“ (ორივე 1896) და სხვ. 1898 წელს გამოქვეყნდა მეტერლინკის იდეალისტური თხზულება „სიბრძნე და ბედი“ შეცნობისა და ეთიკის პრობლემების შესახებ. თხზულება „იდუმალი ტაძრის“ (1902) გამოსვლის შემდეგ მეტერლინკის შემოქმედებაში გაჩნდა ოსტატური თემები, ცოცხალი, რეალური სამყარო და არსებები („და ბეატრისი“, 1900; „მონა ვარ“, 1902; „ჟუაზელი“, 1903; „წმინდა ანტუანის სასწაული“, 1903 და სხვ.). მისი ფილოსოფიური კრედო გამოხატულია პიესა–ზღაპარში „ლურჯი ფრინველი“ (1908). მეტერლინკმა შექმნა კიდევ მრავალი პიესა, რომელთაგან ბევრი ხელოვნური, ფსევდოისტორიული და ფსევდომოდერნისტული იყო („ნიშნობა“, 1918; „სტილმონდის ბურგომისტრი“, 1919; „ჟანა დ'არკი“, 1945; „საშინელი სამსჯავრო“, 1941 და სხვ.) წერდა აგრეთვე ფილოსოფიურ ესეებს, ტრაქტატებს, ნატურფილოსოფიურ შრომებს, მემუარებს („ცისფერი ბუშტები (ბედნიერი მოგონებანი)“, 1948). 1940–1947 წლებში ცხოვრობდა აშშ–ში.
მორის მეტერლინკი საქართველოში
რედაქტირებამეტერლინკის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი დრამატურგია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საქართველოში მას უკვე 1900–იანი წლებიდან იცნობენ. კიტა აბაშიძე „სცენის მეფეს“ უწოდებდა (1906), გერონტი ქიქოძე კი ახალი დრამის ფუძემდებლად მოიხსენიებდა. მეტერლინკის დრამა „დაუპატიჟებელი“ 1905 წელს გამოაქვეყნა „ივერიის ბიბლიოთეკამ“ (#2, მ. ადამაშვილის (მ. ჯავახიშვილის) თარგმანი), ხოლო 1907 წელს ეს დრამა დადგა თბილისის სახაზინო თეატრმა, რომელმაც 1908 წელს წარმოადგინა აგრეთვე „და ბეატრისა“ (ა. ავალიშვილის თარგმანი); ეს პიესა 1908–1911 წლებში დაიდგა ქუთაისში, 1913 წელს კი – კვლავ თბილისში; 1910 წელს გამოქვეყნდა „ტენტაჟილის სიკვდილი“ („დროება“, სურათებიანი დამატება #3,4,5; თ. ნათიშვილის თარგმანი), „მონა ვარ“ (გ. ჩიკვაიძის თარგმანი), „სახლში“ (ჟურნალი „ცხოვრება და ხელოვნება“, #10; კ. ანდრონიკის თარგმანი), „იქ, შიგნით“ (გაზეთი „სახალხო ფურცელი“, სურათებიანი დამატება #56, 1915, სანგინაძის (ს. გრძელიშვილის ფსევდონიმი) თარგმანი). „წმინდა ანტონიოს სასწაული“ 1911 წელს დაიდგა ქუთაისში, 1913 წელს თბილისში (პ. ჩიქვინიძის თარგმანი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Метерлинк // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 4. — С. 797–801.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ BD Gest'
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 21.0 21.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1911/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.geneanet.org/cercles/view/colgnecmagamm/44170
- ↑ Michael Shaw (2019), The Fin-de-Siècle Scottish Revival: Romance, Decadence and Celtic Identity, Edinburgh University Press, p. 98