ვალერიან ბილანიშვილი

ვალერიან მიხეილის ძე ბილანიშვილი, ვალერი მიხეილის ძე ბილანოვი, (დ. 1869, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 20 თებერვალი, 1938, მინუსინსკი, კრასნოიარსკის მხარე, რსფსრ) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. პროფესიით მუშა. 1896 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, შემდეგ მიემხრო მენშევიკების ფრაქციას. 1900-1901 წლებში დაპატიმრებული იყო რევოლუციური საქმიანობისთვის. 1903 წელს არალეგალურ სტამბაში ბეჭდავდა პროკლამაციებს, რის გამოც, 1903 წლის 7 მაისს ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. 1905 წელს კვლავ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, მუშაობდა სოციალ-დემოკრატთა არალეგალურ სტამბაში. 1905 წლის შემოდგომაზე იყო სომეხ-თათრების შეტაკების აცილების მიზნით, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის (მენშევიკები და ბოლშევიკები) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის წევრი. 1918-1921 წლებში პარტიულ და ადმინისტრაციულ სამუშაოებზე იყო. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ხელმძღვანელობდა გამოსვლების მომზადებას გარეკახეთში. 1924 წელს დააპატიმრეს. 1925 წელს სასამართლომ მიუსაჯა 3 წლით პატიმრობა, რომელიც შეეცვალა სასჯელისგან გათავისუფლებით. „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით დაპატიმრებული იყო 1926, 1929 და 1933 წლებში. გადაასახლეს მინუსინსკში, სადაც 1937 წლის ნოემბერში კვლავ დააპატიმრეს და 1938 წლის თებერვალში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.397;
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012;
  • Книга памяти жертв политических репрессий Красноярского края. Том 1 (А-Б). Красноярск, 2004. - ISBN 5-98399-013-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება