მთავარი მენიუს გახსნა

ეუხენია დე მონტიხო (ესპ. Eugenia de Montijo, ფრანგ. Eugénie de Montijo; დ. 5 მაისი, 1826, გრანადა, ესპანეთი — გ. 11 ივლისი, 1920, მადრიდი, ესპანეთი) — საფრანგეთის უკანასკნელი იმპერატრიცა 1853-70 წლებში როგორც ნაპოლეონ III-ის მეუღლე. დიდი გავლენა ჰქონდა თავის ქმარზე, რის გამოც იმპერატორმა ომი დაიწყო პრუსიასა და მექსიკასთან. მონარქიის დამხობის შემდეგ იგი ბრიტანეთში ცხოვრობდა და იქ გაატარა უკანასკნელი წლები, თუმცა იგი მშობლიურ ესპანეთში ვიზიტისას გარდაიცვალა.

ეუხენია დე მონტიხო
Eugénie; keizerin der Fransen (2).jpg
საფრანგეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 28 დეკემბერი, 1856
მმართ. დასაწყისი: 30 იანვარი, 1853
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1870
წინამორბედი: მარია ამალია ნეაპოლელი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მაისი, 1826
დაბ. ადგილი: გრანადა, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 11 ივლისი, 1920, (94 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ნაპოლეონ III, საფრანგეთის იმპერატორი
(ქ. 1853 - გარდ. 1873)
შვილები: ნაპოლეონ-ევგენი
სრული სახელი: მარია ეუხენია იგნასია ავგუსტინა დე პალაფოქს ი კირკპატრიკი
დინასტია: ბონაპარტები
მამა: სიპრიანო დე პალაფოქს ი პორტოკარერო
დედა: მარია მანუელა ენრიკეტა კირკპატრიკ დე კლოსბორნ ი გრევინე
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Eugenie de Montijo Signature.svg

ბიოგრაფიარედაქტირება

ოჯახი და ადრეული ცხოვრებარედაქტირება

 
მარია მანუელა კირკპატრიკი თავის ქალიშვილებთან, მარიასა და ეუხენიასთან ერთად

ეუხენია დაიბადა 1826 წლის 5 მაისს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში. იგი იყო ტებას გრაფ სიპრიანო დე პალაფოქსისა და მისი ცოლის, გრაფინია მარია მანუელა კირკპატრიკის უმცროსი ქალიშვილი.

მამამისი, დონ სიპრიანო მონტიხოს გრაფის უმცროსი ვაჟი იყო. ზემოთ აღნიშნული საგრაფო ჯერ კიდევ ეუხენიას დაბადებამდე, ნაპოლეონ I-ის დროს მიუერთდა საფრანგეთს. მამამისი ესპანური სამეფო არმიის ოფიცერი იყო და მონაწილეობა მიიღო 1814 წელს პარიზის და 1834 წელს გრანადის ბრძოლებში.

მიუხედავად დიდი პატრიოტობისა, სიპრიანოც და ეუხენიაც ნაპოლეონის ეპოქაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც ესპანეთშიც დიდი იყო ფრანგული გავლენა. ამიტომ, ეუხენიამ და მისმა დამ, მარიამ ფრანგული განათლება მიიღეს.

რაც შეეხება დედამისს, მარია მანუელა კირკპატრიკს, იგი უმაღლესი ესპანური არისტოკრატიული საგვარეულოს შთამომავალი იყო. დედის მხრიდან იგი ნახევრად შოტლანდიელი იყო, მამის მხრიდან კი ნახევრად ესპანელი. მარია მანუელას ბიძა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა და მალაგადან გადასახლების შემდეგ მას კონსულის თანამდებობაც ეკავა. ამგვარად, კირკპატრიკების ოჯახი ძლიერ იყო დაკავშირებული შოტლანდიურ არისტოკრატიასთან.

ეუხენიას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა, მარია ფრანსისას სახით, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა დას. 1849 წელს მარია ფრანსისკა ცოლად სამეფო ოჯახთან დაახლოვებულ დიდგვაროვანს, ალბას ჰერცოგს გაჰყვა ცოლად, რის შემდეგაც იგი ესპანეთის სამეფო კარზე გადავიდა. ალბას ოჯახი უმაღლეს ესპანურ არისტოკრატიას განეკუთვნებოდნენ და მათ საკუთარი სასახლე ჰქონდათ მადრიდში, გარდა ამისა ისინი დიდ ადგილ-მამულებსა და რეზიდენციებს ფლობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

1834 წელს კარლისტური ომების დაწყებასთან ერთად, მარია მანუელა და მისი ქალიშვილები დონ სიპრიანომ საფრანგეთში გაიყვანა და იქ პატარა ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში დაასახლა, თავად კი დედოფალ ისაბელ II-ის მხარეს ჩაება ბრძოლაში. დონ სიპრიანო 1839 წელს მოკლეს ბრძოლაში, მადრიდთან. ვინაიდან მას ვაჟი არ ჰყოლია, მთელი ქონება და ტიტულები მემკვიდრეობით ეუხენიას დამ, მარია ფრანსისკამ მიიღო, რის შემდეგაც იგი მონტიხოს გრაფინია ხდება, ტებას გრაფინიობა კი ეუხენიამ მიიღო.

დაქვრივებულმა და ქვეყნიდან გაქცეულმა მარია მანუელამ მთელი თავისი დრო და ენერგია ქალიშვილებისათვის საუკეთესო განათლების მიცემას შესწირა. იგი მეორედ აღარ გათხოვილა. ეუხენიამ და მარია ფრანსისკამ უმაღლესი დონის კათოლიკური განათლება მიიღეს, ისეთი, როგორსაც მხოლოდ შეძლებული ფრანგი დიდებულები იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ეუხენიას განსაკუთრებულად ნაპოლეონის დროის ისტორია იზიდავდა. იგი სწავლისას დაუახლოვდა ერთ ფრანგ დიდგვაროვან გოგონას, რომელიც ეუხენიას ფრანგულის დახვეწაში ეხმარებოდა. ის და ეუხენია მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდნენ.

ეუხენია იზრდებოდა როგორც ძალიან თავნება და ფიზიკურად საოცრად მშვენიერი ქალი. იგი დიდ დროს უთმობდა ცხენით ჯირითსა და სხვა მრავალ სპორტის სახეობას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასიყვარულო იმედგაცრუების შემდეგ, მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. იგი დიდად იყო დაინტერესებული პოლიტიკით, დედის გავლენების წყალობით კი იგი მალე დაუახლოვდა დევნილ ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-სა და მის მრჩეველ რამონ ნარვესს. დაახლოებით 1849 წელს მარია მანუელამ დატოვა საფრანგეთი და ინგლისში გადასახლდა, რასაც დაერთო ეუხენიას დის ჰერცოგ ალბაზე გათხოვება და ესპანეთში გადასახლება, რის შემდეგაც იგი პარიზში მარტო დარჩა.

ქორწინებარედაქტირება

 
ეუხენია დე მონტიხო 1854 წელს

დედოფალ ისაბელ II-ის წყალობით ეუხენია 1851 წელს შეხვდა მისი სათაყვანებელი ნაპოლეონ ბონაპარტის ძმის შვილს, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტს. მათი გაცნობა პარიზში, მატილდა ბონაპარტის სასტუმროში განხორციელდა, რის შემდეგაც ბონაპარტმა იგი ელისეიში მიღებაზე მიიწვია. მომდევნო ორი წლის მანძილზე ეუხენიას ვიზიტები პრეზიდენტთან გაგრძელდა. ისინი ძალიან შეხმატკბილებულად ისხდნენ და საათობით საუბრობდნენ ხოლმე. ბევრი დიდგვაროვანი მათ "ნაპოლეონსა და ესპანელ ჟოზეფინას" უწოდებდა.

მალე ნაპოლეონმა ეუხენიას ცოლად შერთვაზეც დაიწყო ფიქრი. მას ისედაც უცხოელი ცოლის შერთვა სურდა, რათა ამით რომელიმე ევროპული ქვეყანა თავის მოკავშირედ ექცია. 1853 წელს, ნაპოლეონმა განათლების მინისტრის რჩევით დააჩქარა ეს პროცესი და მასზე ქორწინება გადაწყვიტა. დასაწყისისათვის იგი თავის საყვარელს, მისის ჰარიეტა ჰოვარდს დაშორდა. ამავე 1853 წლის 12 იანვარს ნაპოლეონმა ეუხენია ვახშმად დაპატიჟა. სანამ უშუალოდ ხელს სთხოვდა, ნაპოლეონმა მას ჰკითხა: "რომელია თქვენი გულისაკენ მიმავალი გზა?", რაზეც ეუხენიამ უპასუხა: "ის საკურთხეველზე გადის, ბატონო." ამის შემდეგ მან ესპანელ ქალბატონს ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

1853 წლის 22 იანვარს, საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ თავისი ნიშნობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რა დროსაც იგი შემდეგი სიტყვით გამოვიდა:

 
იმპერატორი ნაპოლეონ III
 
„თავდაპირველად, თავისი მაღალი ღირსებების გამო იგი ჩემი ინტერესის ობიექტი გახდა, რაც შემდეგში თავდავიწყებულ სიყვარულში გადაიზარდა. მას ნამდვილი ფრანგული და განათლება აქვს. ეს გამოწვეულია ბიძაჩემის მიერ შექმნილი სისხლიანი იმპერიით, რომელმაც მის გონებაში წაშალა ყოველივე ესპანური და იძულებული გახადა იგი საფრანგეთში წამოსულიყო, მიუხედავად მისი ღირსებისა და პატივისა. იგი ყოველივე საუკეთესო თვისებითაა დაჯილდოვებული, რაც ნამდვილად შეამკობს სამეფო ტახტს, მისი გამბედავობა და მხარდაჭერა კი კიდევ უფრო გაამყარებს მას. იგი კათოლიკე და ღვთისმოსავია, ის განუწყვეტლივ ლოცულობს საფრანგეთის ბედნიერებისათვის. მადლიერი და კეთილშობილია, იგი ისევე ააღორძინებს ჩვენს ქვეყანას, როგორც ეს თავის დროზე იმპერატრიცა ჟოზეფინამ გააკეთა... ბატონებო, მე აქ მოვედი, რათა მთელი საფრანგეთის წინაშე განვაცხადო: მე მომწონს და მიყვარს ეს ქალი, პატივს ვცემ მას და მის უცხოურ წარმომავლობასაც, რაც ჩვენ ახალ ალიანსს მოგვიტანს...“

1853 წლის 29 იანვარს, საღამოს, ტაილერის სასახლეში მეორე დღეს საიმპერატორო ქორწილი დააანონსეს. 30 იანვარს, პარიზის ნოტრ-დამის კათედრალში შედგა ეუხენია დე მონტიხოსა და ნაპოლეონ III-ის ჯვრისწერა. ცნობილია, რომ საპატარძლო კაბა 3, 000 ფრანკი დაჯდა, რომელიც იმპერატორმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იყიდა. გარდა კაბისა, ეუხენია შემკული იყო უამრავი ბრილიანტის სამკაულით.

 
იმპერატრიცა ეუხენია ვაჟთან ერთად 1857 წელს

სპეციალურად ამ დღისთვის პარიზში დიდი შენობა ააგეს, სადაც მოხდებოდა ბანკეტის მოწყობა. მის აგებას მეთეურობა ცნობილმა არქიტექტორმა, ჟაკ იტორფმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ ამ შენობას ზემოდან ეუხენიას ყელსაბამის ფორმა ჰქონდა.

დიდებული ქორწილიდან სულ რამდენიმე კვირაში ეუხენია დაფეხმძიმდა, თუმცა მიუხედავად სიფრთხილისა მას მუცელი მოეშალა. ხელმეორედ იგი რამდენიმე წელიწადში, 1855 წლის ზაფხულის დასაწყისში დაორსულდა, რა დროსაც მან 1856 წლის 16 მარტს თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი გააჩინა. მას სახელი მშობლების პატივსაცემად დაარქვეს: ნაპოლეონ-ევგენი (ევგენია ესპანური ეუხენიას ფრანგული ვარიანტია). მემკვიდრის დაბადება იმპერატორმა საუცხოოდ აღნიშნა. ცნობილია, რომ ამასთან დაკავშირებით პარიზის 6, 000-მა მოქალაქემ გაუგზავნა იმპერატრიცას საჩუქარი და მისალოცი წერილი. 17 მარტს პატარა ნაპოლეონ ევგენი უკვე კათოლიკედ მონათლეს, რასაც ასევე დიდი ზეიმი მოჰყვა, რომელიც 3, 000 ფრანკი დაჯდა.

 
„მშობიარობის შემდეგ იმპერატრიცა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მან თავის ქმარს ვაჟი, იმპერიას კი მემკვიდრე აჩუქა. ბავშვი ზუსტად დიდი ტრიუმფისას, კვირა დღეს დაიბადა... რა ბედნიერია მისი დედ-მამა, რომ ეს ბავშვი არამხოლოდ საფრანგეთის შვილია, არამედ ეკლესიისაც, რამეთუ მისი აკვანი თვის მისმა უწმინდესობა რომის პაპმა აკურთხა.“

ამავე წლის 17 ივლისს იმპერატორმა პლომბიერ-ლე-ბენში გამოაქვეყნა ახალი ბრძანებულება, რის მიხედვითაც მისი ნაადრევად დაღუპვის შემთხვევაში, ტახტზე ნაპოლეონ ევგენი ავიდოდა, რომლის რეგენტიც ეუხენია იქნებოდა:

 
„(მუხლი II) - იმ შემთხვევაში, თუ მამის დაღუპვის შემდეგ ტახტზე მცირეწლოვანი იმპერატორი ავა, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი რეგენტი გახდება, რომელიც დედამისი, იმპერატრიცა ეუხენია იქნება, რომელიც ამ თანამდებობას ვაჟის სრულწლოვანებამდე შეინარჩუნებს.“

იმპერატრიცარედაქტირება

პიროვნებარედაქტირება

 
იმპერატრიცა ეუხენია

ახალგაზრდა, მშვენიერ და გონიერ იმპერატრიცას ცხადია უამრავი მეტოქე გამოუჩნდა. მისი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ იგი რეალურ ასაკს მალავდა და ბევრად უფრო ასაკოვანი იყო ვიდრე თავად აცხადებდა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მისი სახელის გაფუჭებას, რაშიც გამოჩენილი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგოც კი ჩაერთო, რომელმაც მათი ქორწინების შემდეგ განაცხადა: "არწივმა ცოლად ქათამი შეირთოვო". მალევე პარიზულ გაზეთში ანონიმურად გამოქვეყნდა მისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი დამამცირებელი ლექსი:

 
„მონტიხო უფრო ლამაზია, ვიდრე ბრძენი

იმპერატორიც უსრულებს სურვილებს:

სანაცვლოდ დღეს ის პოულობს ქალწულს,

უბრალოდ, თავისი სილამაზით ახერხებს ამას.“

თავისი კაშკაშა სილამაზითა და დაუცხრომელი თავისუფლებით, ეუხენიამ ახალი სტილი შეიტანა საფრანგეთის საიმპერატორო კარზე. ცხადია მას არაერთი პროვოკატორი და ინტრიგანი ებრძოდა, თუმცა ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მას ძალიან უყვარდა დედოფალი მარია ანტუანეტა და შეიძლება ითქვას, რომ თაყვანს სცემდა მას. იგი ცდილობდა ისეთივე მოდური და ინოვატორი ყოფილიყო, როგორიც მარია ანტუანეტა, თუმცა ამავდროულად ცდილობდა ხალხის სიყვარული მოეპოვებინა. საფრანგეთში ცხოვრებისას მას ძალიან ენატრებოდა თავისი და მარია ფრანსისკა. 1862 წელს მან ალბას ჰერცოგინიას თავისი პორტრეტი გაუგზავნა, რომელიც დღესაც მადრიდში ინახება, სანაცვლოდ კი ნახატს მხატვარი გააყოლა და მისი დის პორტრეტის შექმნა, შემდგომში კი პარიზში ჩამოტანა დაავალა.

მაქსიმ დიუ კამპის მემუარებში, იმპერატრიცა შემდეგნაირადაა აღწერილი:

 
„...მე ნებაყოფლობით მინდა გითხრათ, რომ იგი უბადლო მხედარი იყო. მის გარშემო თითქოს ყოველთვის ცივი ღრუბელი იყო. იგი ძალიან ცრუმორწმუნე და ზედაპირული იყო. ყოველთვის შეშფოთებული სახე ჰქონდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს რაიმე ტრაგიკული ამბავი გაიგოვო. ცდილობს მხრებში გაშლილი იყოს და მკერდი წინ წამოსწიოს. თმები შეღებილი აქვს, სახე შეღებილი აქვს, თვალები მუქი შავი აქვს, ხოლო ტუჩებს ხასხასა წითელად იღებავს. უყვარს მხიარული მუსიკა და ცეკვა. ხანდახან ცეკვისას ძალიან მაღლა ხტება და იმპერატორს კოცნასაც კი უგზავნის. მიუხედავად მისი თავაშვებულობისა, საიმპერატორო კარზე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.“

პოლიტიკური გავლენებირედაქტირება

 
ნაპოლეონ III და ეუხენია დე მონტიხო საიმპერატორო ტახტზე

ეუხენიას, როგორც იმპერატორის საყვარელ და ერთგულ მეუღლეს, დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვის საკითხებზე. ცნობილია, რომ იგი ნაპოლეონის პირველი მრჩეველი იყო და სწორედ მისი რჩევით წამოიწყო იმპერატორმა არაერთი ომი. თავისდროზე, როგორც ღრმადმორწმუნე კათოლიკე (როგორც ესპანელების უმეტესობა), ნაპოლეონს ურჩევდა ხალხითა და იარაღით დახმარებოდა რომის პაპ პიუს IX-ს, რომელიც თავისმხრივ იტალიის ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა. ცნობილია, რომ იმპერატორი ხანდახან ეუხენიას ეხუმრებოდა და მას ლეგიტიმისტს ეძახდა, რაზეც იმპერატრიცა მრისხანედ პასუხობდა:

 
„ლეგიტიმისტი, მე?, ეს ხომ სისულელეა!, ეჭვგარეშეა, რომ მე ვგმობ ბურბონებს და არც ორლეანელები მომწონს. ისინი არანაირად ემორჩილებიან წმინდა პრინციპებს. მე მჯერა, რომ სინამდვილეში მხოლოდ საერთო ტრადიციებსა და აღქმას შეუძლია ქვეყნის გაერთიანება.“

აგრეთვე, ასევე ეუხენიას გავლენით, ნაპოლეონ III-მ მხარი დაუჭირა ფრანგულ-ინგლისურ პროექტს ეგვიპტეში სუეცის არხის გაყვანასთან დაკავშირებით. 1869 წელს ნაპოლეონმა და ეუხენიამ განაახლეს მრავალსაუკუნოვანი საფრანგეთ-ოსმალეთის ალიანსი და ისინი სტამბულში სულთანს ეწვივნენ, სადაც ისინი დაესწრნენ ბოსფორის ხიდის საზეიმო გახსნის ცერემონიალს. ისინი ასევე მოგზაურობდნენ ევოპის უამრავ სახელმწიფოში, ესწრებოდნენ სამეფო ქორწილებს, ახალი მონარქების ინაუგურაციებსა და იუბილეებს. ამის მაგალითად, ისინი ეწვივნენ ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის სამეფო კარს ვენაში, სადაც ეუხენიამ იმპერატორზე თავისი სილამაზით წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ ეუხენია მალევე დაუმეგობრდა ფრანც იოზეფის ასევე უმშვენიერეს მეუღლეს, იმპერატრიცა ელიზაბეთ ბავარიელს. ისინი ასევე შეხვდნენ სომხეთის კათალიკოს პატრიარქს, სადაც მათ მოწყალება გაიღეს და რამდენიმე სომხური სკოლის მშენებლობა დააფინანსეს.

 
ნაპოლეონი და ეუხენია 1865 წელს

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მეორე იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დამღუპველი მოვლენა — მექსიკაში შეჭრა — სწორედ იმპერატრიცას იდეა იყო, რაც შემდგომში იმპერატორმა დიდი ენთუზიაზმით განახორციელა. მექსიკა დიდად ემუქრებოდა ბონაპარტებს. სწორედ მექსიკა წარმოადგენდა ესპანელი და ფრანგი ბურბონების მთავარ დასაყრდენსა და ასევე ორლეანელების თავშესაფარს. სწორედ ამიტომ, ეუხენიას მოუნდა, რომ ბონაპარტების მთავარი კონკურენტებისთვის მთავარი საყრდენი მოესპო, რის გამოც დაარწმუნა ნაპოლეონი, რომ ოკეანის გადაღმა მდებარე უზარმაზარი მექსიკა დაეპყრო. 1863 წელს მართლაც შეიჭრნენ ფრანგები მექსიკაში და რამდენიმე რეგიონიც დაიპყრეს, თუმცა საბოლოოდ ეკონომიკური კრიზისის გამო იმპერატორმა ვეღარ შესძლო ასე შორს დიდი ჯარის შენახვა და დანებდა, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა საფრანგეთს. 1859 წელს ასევე ეუხენიას რჩევით ჩაერთო ნაპოლეონი იტალიურ კამპანიაში, რასაც გარკვეული წარმატება მოჰყვა. 1865 წელს ეუხენიას გავლენით ფრანგული ჯარები შეიჭრნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ოსმალებს ალჟირი წაართვეს. 1870 წელს ავსტრიამ და პრუსიამ ერთდროულად გამოუცხადეს ომი საფრანგეთს, რაც ისევ და ისევ ეუხენიას დამსახურება იყო. ამ ომში საფრანგეთი სასტიკად დამარცხდა, რასაც ისიც დაერთო, რომ მას პრუსიის იმპერიამ, რომელიც ომის დროს ერთიან გერმანიის იმპერიად ჩამოყალიბდა, ელზასი და ჩრდილო ლოთარინგია ჩამოაჭრა.

ამრიგად, ნაპოლეონ III-ის მმართველობის განხილვა შეუძლებელია მისი ცოლის გარეშე. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იმპერატორის მიერ განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, სწორედ ეუხენიას მიერ იყო ნაკარნახევი.

ხელოვნების პატრონაჟირედაქტირება

 
იპერატრიცა ეუხენია თავის სეფექალებთან ერთად 1855 წელს

1860-იანი წლებიდან, ეუხენიამ დიდი გავლენა იქონია ფრანგული ხელოვნების ყველა დარგზე. ამიერიდან მან პუბლიცისტურ წერილებსა და ხელოვნების ნიმუშებს გარკვეული ცენზურა დაუწესა, რითაც იგი შეეცადა ხალხში სულიერებისა და მორალური წესიერების აღდგენას, რასაც მას თვით რომის პაპი უქადაგებდა.

სამეფო კარისა და ზოგადად საფრანგეთის კულტურულ მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ნაპოლეონისეული სტილის ჩამომყალიბებელმა. იგი დიდად იყო შთაგონებული საფრანგეთის დიადი წარსულით, რის გამოც კვლავ ცდილობდა დაებრუნებინა ძველი ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშებისათვის თავიანთი პირვანდელი სახე.

 
ეუხენია დე მონტიხოს ბიუსტი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, იმპერატრიცა მარია ანტუანეტასა და ლუი XVI-ის ეპოქის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რის გამოც შედარებით დააბრუნა ამ დროისათვის დამახასიათებელი მხატვრობა და მოდა. იმპერატრიცა ყველანაირად ცდილობდა მარია ანტუანეტას მიბაძვას, თუმცა ამავდროულად თანამედროვეობის შეგრძნებასაც არ კარგავდა. მან შეისყიდა ლუვრში არსებული მარია ანტუანეტას ავეჯი, რესტავრაცია ჩაუტარა და საკუთარ საძინებელში განათავსა. ასევე რესტავრაცია ჩაუტარა კომპიენისა და სენ-კლოდის სასახლეებს. აღსანიშნავია, რომ მას ძალიან უყვარდა რბილი თურქული ხალიჩები, რის გამოც ოსმალი ვაჭრებისაგან მან არაერთი ასეთი ხალიჩა შეიძინა. შესაძლოა ითქვას, რომ ეუხენიას საძინებელი და კაბინეტი სრული ასლი იყო მარია ანტუანეტას საცხოვრებლისა.

გარდა არქიტექტურისა და ავეჯისა, ეუხენია აქტიურად მფარველობდა მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებსა და მსახიობებს. 1873 წელს მან პარიზში საკუთარი მუზეუმი გახსნა, სადაც არაერთი საოცარი ხელოვნების ნიმუში ინახებოდა. მოგვიანების, იმპერიის დამხობასა და სიტუაციის არევასთან ერთად ეს ნივთები და ხელოვნების ნიმუშები აუქციონზე გავიდა, ზოგიერთი მათგანი სპეციალურად ინგლისსა და ესპანეთში გაიტანეს რათა არ გაეყიდათ, ეუხენიას უძვირფასესი მაგიდა კი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დაამსხვრიეს.

მის დროს შექმნილი უამრავი საუცხოო ხელოვნების ნიმუშთა უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისში იქნა გატანილი, რათა გერმანელებს არ მიეთვისებინათ. თავის სიცოცხლეში, ეუხენია ხშირად ქირაობდა სახელგანთქმულ ფრანგ მხატვრებს და აქმნევინებდა საკუთარ პორტრეტებს, რის გამოც დღეისათვის ჩვენამდე არაერთი პორტრეტია მოღწეული, რომელზეც იმპერატრიცა ეუხენიაა გამოსახული. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 1869 წელს მისი დაფინანსებით აღსდგა რევოლუციის დროს დანგრეული პარიზის დიდებული ოპერა, რისთვისაც მან სახელგანთქმული არქიტექტორი შარლ გარნიე დაიქირავა.

ეუხენია და მოდარედაქტირება

 
ეუხენია 1857 წელს

იმპერატრიცა ეუხენია, შეგვიძლია XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული მოდის ფუძემდებლად მივიჩნიოთ. მან ქალთა შემოსვის სრულიად ახალ ტენდენციას დაუდო საფუძველი. თუ მანამდე გრძელი, ვიწრო და ჩამოშვებული სადა კაბები იყო მოდაში, ეუხენიამ დააბრუნა მარია ანტუანეტასეული განიერი, მხრებმოშიშვლებული, მორთულ-მოკაზმული და ფუშფუშა კაბები. სწორედ მან დააბრუნა კვლავ კორსეტის ტარება, რომელიც ამ დროისათვის უკვე მოდიდან გადასულად ითვლებოდა. მას ძალიან მოსწონდა კორსეტით უკიდურესად დაწვრილებული წელი, რაც როგორც თავად ამბობდა ქალს მხრებში გაშლაში ეხმარებოდა და უფრო ლამაზს აჩენდა. ასევე მის დროს გადავიდა მოდიდან 20-25 სანტიმეტრიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც ქალები ეკატერინე მედიჩიდან მოყოლებული ატარებდნენ. იმპერატრიცა მიიჩნევდა, რომ ქალს ზედმეტი სიმაღლე არ უხდებოდა, პირიქით ის მას აუშნოებდა, ამიტომაც მის დროს მოდაში შედარებით დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შემოდის.

ასევე მის დროს შემოვიდა მოდაში სადა, დაბალი ვარცხნილობები. მანამდე ქალბატონები რაც შეიძლება მაღალ და რთულ ვარცხნილობებს იკეთებდნენ, რასაც ხშირად თმებში კიდევ უფრო მაღალი ბუმბულების ჩამაგრება ემატებოდა. აქ ეუხენიამ საფრანგეთის სამეფო კარზე ინოვაცია შეიტანა. მან ფრანგები ტრადიციულ ესპანურ ვარცხნილობებს მიაჩვია, რომელიც ძალიან სადა და უფრო მოხდენილი იყო. ხანდახან მაღალი ბუმბულებისა და ფრინველების მსგავსად, ეუხენიას დროს ქალბატონები თმებში უბრალო მინდვრის ყვავილებს, ან სულაც ესპანელების მსგავსად ხასხასა წითელ ვარდებს იმაგრებდნენ.

აგრეთვე ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარდა ძვირადღირებული მარაოები, რომლების მთელი კოლექციაც კი ჰქონდა. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ იმპერატრიცა მხოლოდ ბუნებრივი ტყავისაგან დამზადებულ თეთრ, ან სულაც ღია კრემისფერ ხელთათმანებს ატარებდა.

ქალთა უფლებებირედაქტირება

ცნობილია, რომ პირველად საფრანგეთის ისტორიაში, მონარქის მეუღლე აქტიურად გამოდიოდა ქალთა უფლებების დასაცავად. იგი შეგვიძლია ერთ-ერთ პირველ ფემინისტადაც კი მივიჩნიოთ ისტორიაში. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლები არ იყო მასშტაბური და იგი მხოლოდ ცალკეულ ქალბატონებს ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, მისი წყალობით, ამის შემდეგ ფრანგ ქალებს უკვე შეეძლოთ განათლების მიღება და პროფესიის თავად არჩევა, საბოლოოდ კი ბაკალავრის დიპლომის აღებაც კი. ასევე მან დააფუძნა სამედიცინო სასწავლებელი დაბალი ფენის ფრანგი ქალბატონებისთვის.

სამკაულებირედაქტირება

 
იმპერატრიცა ეუხენია 1864-71 წლებში

იმპერატრიცა ეუხენიას თავის დროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიულველირო კოლექცია ჰქონდა. მისი ერთ-ერთი ფრეილინას, კატრინ დე გრანჟეს მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი სამკაულების საერთო ღირებულება 3.6 მილიონ ფრანკს აღემატებოდა.

I და II მსოფლიო ომების დროს ეუხენიას უძვირფასესი სამკაულების კოლექცია მთლიანად აშშ-ში იქნა გატანილი. შემდგომში საფრანგეთის მთავრობამ საკმაოდ ძვირად მოახერხა მისი ყველა სამკაულის გამოსყიდვა და უკან დაბრუნება.

ეუხენიას სამკაულების უმეტესობა მისი ფავორიტი იულველირის, ამიე დე ერენის მიერაა დამზადებული, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმპერატრიცასთან და ასევე დიდი როლი ეკავა მის ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ ეუხენიასა და მის საყვარელ იულველირს, მადამ ამიეს ძალიან ახლო მეგობრობა ჰქონდათ და მათ "ბიარიცის დედოფლებსაც" ეძახდნენ, რადგანაც მათ 1854 წლის ზაფხული სწორედ ბიარიცის ბასკურ სანაპიროზე გაატარეს. მოგვიანებით ნაპოლეონ III-მ ბიარიცში "ვილა ეუხენია" ააგო, რომლის მშენებლობაც განსაკუთრებით 1903 წლიდან გაფართოვდა.

როდესაც ნაპოლეონისა და ეუხენიას მმართველობა დაამხეს, ისინი ლონდონში გადასახლდნენ, სადაც თავის გასატანად იგი იძულებული გახდა თავისი ძვირფასეულობის ნაწილი გაეყიდა. მისი სამკაულების ლონდონის აუქციონზე 123 ლოტად იქნა გატანილი, რომელიც მოიცავდა გულსამაგრებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს. ასევე ლოტებს შორის იყო ეუხენიას უძვირფასესი საყურეები და თმისამაგრები. საბოლოოდ, მან მათი გაყიდვით 1, 125, 000 ფრანკი იშოვა.

აღსანიშნავია, რომ ასევე ეუხენიას ეკუთვნოდა ბონაპარტების რელიქვიური მარგალიტის ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონ III-ს ბიძამისმა, წარსულში ესპანეთის მეფე ჟოზეფ I-მა უსახსოვრა. მოგვიანებით, საიმპერატორო წყვილი იძულებული გახდა გაეყიდა ეს ყელსაბამი, რომელიც აბერკორნის მარკიზმა ჯეიმზ ჰამილტონმა შეიძინა და თავის ცოლს, მარკიზა ლუიზას აჩუქა.

იმპერატრიცა ეუხენიას უძვირფასესი საიულველირო კოლექციაში თითქმის ყველა ძვირფასი ქვა მოიპოვებოდა, დაწყებული ზურმუხტით, დამთავრებული მარგალიტებით. აღსანიშნავია, რომ მისი ყველაზე ძვირადღირებული ზურმუხტის ბეჭედი 500 კარატს შეადგენდა.

მოგვიანებით, საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მოახერხა მისი უძვირფასესი საიულველირო კოლექციის დაბრუნება, რომელიც დღეისათვის ლუვრის მუზეუმში ინახება. დაცულ ექსპონატებს შორისაა:

  • უძვირფასესი თმისსამაგრი, რომელიც დამზადებულია 85 ცალი მარგალიტისაგან. იგი სპეციალურად ეუხენიას ბრძანებით დაამზადეს ფრიდერიკ და ალფრედ ბაპსტებმა, რომლებმაც შემდგომში ეს ნივთი თავად გადასცეს მუზეუმს;
  • 47 კარატიანი და 42, 000 ფრანკის ღირებულების უძვირფასესი ბრასლეტი, რომელიც იმპერატრიცამდე დედოფალ მარია ანტუანეტას ასულს, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზას ეკუთვნოდა. ეს ბრასლეტი 1973 წელს იქნა გამოსყიდული ბრიტანელი კოლექციონერისგან. ამის შემდეგ იგი მუზეუმში ინახება;
  • 2, 490 ბრილიანტისგან, 56 ზურმუხტისა და ოქროსაგან დამზადებული გვირგვინი, რომელიც 40, 600 ფრანკის ღირებულებისაა და რომელიც 1855 წელს დაამზადა ალექსანდრ-გაბრიელ ლემონიერმა (სამეფო გვირგვინების ოფიციალურმა იულველირმა). ეს გვირგვინი 1988 წლიდან ინახება ლუვრში;
  • 1853 წელს, სპეციალურად ეუხენიას კორონაციისათვის, ალექსანდრ-გაბრიელ ლემონიერის მიერ დამზადებული დიადემა, რომელიც დამზადებულია ოქრონარევი ვერცხლის, 212 არაბული მარგალიტისა და 1 998 ბრილიანტისაგან. მისი გამოსყიდვა და ლუვრში დაბინავება მხოლოდ 1992 წელს მოხერხდა;
  • 1810 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის ასულის, იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელის კორონაციისათვის დამზადებული ოქროს ბეჭედი, რომელიც 1887 წელს ეუხენიამ 6, 200 ფრანკად გაყიდა. მისი საფრანგეთში დაბრუნება მხოლოდ 2001 წელს მოხერხდა;
  • 2002 წელს ლუვრში დააბრუნეს ასევე მარია ანტუანეტას ასულის, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზას ნაქონი ყელსაბამი, რომელიც დამზადებულ იქნა 1819 წელს მარგალიტებისა და ოქროსაგან. ეს ყელსაბამი ეუხენიამ 45, 600 ფრანკად მიჰყიდა ინგლისელ კოლექციონერს;
  • 2008 წელს გამოისყიდეს ეუხენიას პერსონალური იულველირის, ფრანსუა კრამერის მეირ დამზადებული დიდებული ბრილიანტის კოლიე;
  • 2011 წელს ლუვრში დააბინავეს 379, 372 დოლარის ღირებულების, 15, 99 კარატიანი ეუხენიას მართკუთხა ბეჭედი, რომელიც კოლუმბიური ზურმუხტითაა დამზადებული. 1920 წლიდან ეს ბეჭედი ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ცოლს, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელს ეკუთვნოდა. 1931 წელს ჩამოგდების შემდეგ დედოფალი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გადასახლდა და ეს ბეჭედი მან აუქციონზე გაყიდა ამერიკელ კოლექციონერზე;
  • 2015 წელს საფრანგეთში დააბრუნეს ეუხენიას მხარზე დასამაგრებელი 54 კარატიანი ბროში, რომელიცასევე ფრანსუა კრამერის მიერ იყო დამზადებული;

დაცემარედაქტირება

 
იმპერატრიცა ეუხენია 1880-იან წლებში

საფრანგეთ-პრუსიის ომში დამარცხებისა და მექსიკაში განცდილი კრახის შემდეგ, ფრანგები იმპერატორით დიდად უკმაყოფილონი იყვნენ. ამას დაერთო ისიც, რომ 1866 წელს პრუსიის იმპერატორის ვაჟი, პრინცი ლეოპოლდ ჰოენცოლერნი რუმინეთის მეფედ აირჩიეს და ამით ევროპაში გერმანელთა გავლენა ცხადია კიდევ უფრო გაიზარდა.

1870 წლიდან ასევე განიხილებოდა ესპანეთის ტახტზე ჰოენცოლერნი პრინცის დასმა, რითაც საფრანგეთი ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრანგეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა, 1870 წლის 12 ივლისს ნაპოლეონმა გერმანელებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც იგი ჰოენცოლერნებს მხარს უჭერდა ესპანეთის ტახტზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი საფრანგეთს ხელს არ ახლებდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ესპანეთის ტახტზე იტალიელი პრინცი ამადეო I ავიდა, რამაც ცხადია გაამწარა გერმანელები. მალევე გერმანიის იმპერატორი ნაპოლეონის მოწინააღმდეგეებს შეეკრა და დიდი დახმარებაც გაუწია მათ. ამრიგად, ფრანგებმა თავისუფლად მოახერხეს 1870 წლის 4 სექტემბერს ნაპოლეონისა და ეუხენიას დამხობა, რომლებიც მალევე საფრანგეთიდან სამუდამოდ გააძევეს.

გაძევებარედაქტირება

საფრანგეთიდან წამოსული ნაპოლეონი და ეუხენია თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, სადაც ისინი გულთბილად მიიღო და დააბინავა დედოფალმა ვიქტორიამ. სწორედ აქ, ბრიტანეთში, 1873 წელს გარდაიცვალა ნაპოლეონი, რამაც საშინლად იმოქმედა ეუხენიაზე. ამას დაერთო ისიც, რომ მისი ერთადერთი ვაჟი აფრიკაში წავიდა, სადაც იგი ფრანკო-ზულუს ომში საფრანგეთის არმიაში იბრძოდა, სადაც იგი 1879 წელს აფრიკელმა აბორიგენებმა მოკლეს ბრძოლაში.

ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ბრიტანეთი და მთავრობას საფრანგეთში დაბრუნების ნება სთხოვა, რომელიც 1885 წელს მიიღო, იმის სანაცვლოდ, რომ იგი არანაირად აღარ ჩაერეოდა პოლიტიკაში. ამრიგად იგი დროებით ნიცაში დასახლდა. ქმრისა და ვაჟის დაკარგვის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად გაუარესდა, რის გამოც მას ექიმებმა უფრო ნესტიან ადგილას გადასახლება ურჩიეს, რის გამოც იგი დროებით შვედეთში დასახლდა, სადაც მას ძალიან გულთბილად ეპყრობოდა დედოფალი სოფია ნასაუელი.

 
ეუხენიას აკლდამა

1887 წელს დედოფალ ვიქტორიას მიწვევით ეუხენია ლონდონში ჩავიდა, სადაც იგი მისი შვილიშვილის ნათლია გახდა, რომელსაც სახელები ბებიისა და ნათლიის პატივსაცემად ვიქტორია ევგენია დაარქვეს. მოგვიანებით ვიქტორია ევგენია ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ალფონსო XIII-ის მეუღლე. ეუხენია ასევე ახლოს იყო რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნასთან, რომელიც ბავშვობაში ბებიის, დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე იზრდებოდა. 1909 წელს ეუხენია არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ალექსანდრა ფეოდოროვნასა და იმპერატორ ნიკოლოზ II-ს.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ეუხენიამ ბრიტანეთში დარჩენა ამჯობინა, სადაც იგი თავისი სახსრებით, ძალიან აქტიურად ეხმარებოდა სამედიცინო პუნქტებს. იგი აფინანსებდა ინგლისის ჰოსპიტალებს და ასევე დიდი შემოწირულობა გაიღო საფრანგეთის საავადმყოფოებისთვის. 1919 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ იგი დიდი ჯვრის საპატიო ორდენით დააჯილდოვა, მისი წვლილისათვის ომის დროს.

ეუხენია დე მონტიხო გარდაიცვალა 1920 წლის 11 ივლისს, 94 წლის ასაკში. იგი ამ დროს მადრიდში იყო თავის დის შვილთან, ალბას ჰერცოგთან, ამასთან სამშობლოს მონახულებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. ესპანეთის სამეფო ოჯახმა იგი დიდ ბრიტანეთში გადაასვენა და ქალაქ ფარნბორუდში, წმინდა მიქაელის ტაძარში დაკრძალა, მისი ქმრისა და ვაჟის გვერდით.

გერბირედაქტირება

 
ეუხენია დე მონტიხოს საიმპერატორო გერბი, რომელსაც იგი ტახტზე ასვლიდან გარდაცვალებამდე ატარებდა

ლიტერატურარედაქტირება

  • Almudena de Arteaga, Eugenia de Montijo, Ediciones Martínez Roca, Barcelona, 2002 ISBN 84-270-2750-8
  • Carmen Verlichak, Las diosas de la Belle Époque y de los 'años locos', Editorial Atlántida, Buenos Aires, 1996 ISBN 950-08-1599-0
  • Claude Dufresne, Eugenia de Montijo, una española emperatriz de los franceses, Javier Vergara Editor S.A., Buenos Aires, 1990 ISBN 950-15-0797-1
  • Fernando Díaz Plaja, Eugenia de Montijo, Emperatriz de los franceses
  • Geneviève Chauvel, Eugenia de Montijo, Emperatriz de los Franceses, Editorial Edhasa, 2000 ISBN 84-395-9198-5
  • Hester W. Chapman, Eugenia de Montijo, Editorial de Ediciones Selectas S.R.L., Buenos Aires, 1963
  • Pilar Eyre, Pasión Imperial
  • Tomás Gismera Velasco: Eugenia de Montijo, el Imperio Escarlata. (Createspace 2016) ISBN 9781523898526
  • Jean Autin, Eugenie De Montijo : ou l'empire d'une femme, Paris, Fayard, 1990, 1re éd., 357 p. ISBN 978-2702804865