ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი

ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი (გერმ. Elisabeth Ludovika von Bayern; დ. 13 ნოემბერი, 1801, მიუნხენი, გერმანია — გ. 14 დეკემბერი, 1873, დრეზდენი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. პრუსიის დედოფალი 1840-1861 წლებში. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის მეუღლე.

ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი
პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 7 ივნისი, 1840
მმართ. დასასრული: 2 იანვარი, 1861
წინამორბედი: ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი
მემკვიდრე: ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1801
დაბ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1873, (72 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ ვილჰელმ IV, პრუსიის მეფე
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე
დედა: კაროლინა ბადენელი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეთ ლუდოვიკა დაიბადა 1801 წლის 13 ნოემბერს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა კაროლინა ბადენელის ქალიშვილი. იგი იყო ამალია ავგუსტა ბავარიელის ტყუპისცალი და, რომელიც შემდგომში იოჰან I-ს გაჰყვა ცოლად და საქსონიის დედოფალი გახდა. მისი სხვა და-ძმებიდან აღსანიშნავია სოფია ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის დედა გახდა. ასევე მისი და იყო პრინცესა ლუდოვიკა ბავარიელი, რომლის ქალიშვილი, ელისაბედიც ცოლად ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს გაჰყვა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელისაბედ ბავარიელი ელიზაბეთ ლუდოვიკას ნათლული იყო.

1823 წლის 29 ნოემბერს ელიზაბეთ ლუდოვიკა ცოლად შერთეს კრონპრინც ფრიდრიხ ვილჰელმ პრუსიელს, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის უფროს ვაჟს. ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარე ცოლ-ქმარმა მალევე გაუგო ერთმანეთს და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ელიზაბეთი მხარს უჭერდა მის სამხატვრო პროექტებსა და მიდრეკილებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ქორწინების პირველი შვიდი წელი კათოლიკე იყო და მხოლოდ 1830 წლის 5 მაისს მოინათლა ლუთერანად.

 
ფრიდრიხ ვილჰელმ IV და დედოფალი ელიზაბეთ ლუდოვიკა

1840 წლის 7 ივნისს მისი ქმარი პრუსიის ტახტზე ადის ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის სახელით, რითაც ელიზაბეთ ლუდოვიკა პრუსიის დედოფალი გახდა. მართალია იგი არასოდეს ერეოდა პრუსიის პოლიტიკაში, თუმცა ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს მის დაახლოვებას ავსტრიასთან.

როგორც ცოლი, იგი „მეტად ყურადღებიანი და მოსიყვარულე“ იყო. ფრიდრიხ ვილჰელმის ხანგრძლივი ავადმყოფობის პერიოდში, დედოფალი თავად მუშაობდა მისთვის მედდად. თავდაპირველად იგი არ მიესალმებოდა თავისი ქმრის ძმისწულის, პრინცი ფრიდრიხის დაქორწინებით პრინცესა ვიქტორია ბრიტანელზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უფროსი ქალიშვილი იყო. მისდამი დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1861 წელს ვიქტორია ელიზაბეთს დაქვრივების შემდგომ რთულ დღეებში დაეხმარა და ცდილობდა მის გამხნევებას. გამოჩენილი მხარდაჭერის სანაცვლოდ ელიზაბეთ ლუდოვიკამ ვიქტორიას რამდენიმე უძვირფასესი სამკაული აჩუქა. აღსანიშნავია, რომ თავიდან მან ეს სამკაულები ახალი დედოფლისთვის, ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელისათვის იყიდა, თუმცა მასთანაც არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც მათი ვიქტორიასთვის ჩუქება არჩია. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთის ამ საქციელში ავგუსტა ვიქტორიას სდებდა ბრალს და ამის შემდეგ რძალ-დედამთილს შორის არსებული ისედაც არეული ურთიერთობა კიდევ უფრო აირია.

ელიზაბეთ ლუდოვიკას მეუღლე, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV 1861 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, ვილჰელმ I-მა დაიკავა. ქმრის ხსოვნის განსადიდებლად, მან მისი სახელით მიჰყო ქველმოქმედებას ხელი. იგი ქმრისგან დატოვებულ სასახლეებში მშვიდად ცხოვრობდა და აღარ ერეოდა სამეფო კარის ინტრიგებში. აღსანიშნავია, რომ რძლისგან, დედოფალ ავგუსტასგან განსხვავებით, ელიზაბეთს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მაზლთან, მეფე ვილჰელმ I-თან.

1873 წელს ელიზაბეთ ლუდოვიკა თავის ტყუპისცალ დას ეწვია დრეზდენში, საქსონიაში, სადაც იგი 14 დეკემბერს სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 72 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს პოტსდამში, განსვენებული მეუღლის გვერდით.

წოდებები

რედაქტირება
  • 13 ნოემბერი, 1801 - 26 დეკემბერი, 1805: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია ელიზაბეთ ბავარიელი;
  • 26 დეკემბერი, 1805 - 29 ნოემბერი, 1823: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ელიზაბეთ ბავარიელი;
  • 29 ნოემბერი, 1823 - 7 ივნისი, 1840: მისი სამეფო უდიდებულესობა ფრიდრიხ ვილჰელმ პრუსიელის პრინცესა;
  • 7 ივნისი, 1840 - 2 იანვარი, 1861: მისი სამეფო უმაღლესობა პრუსიის დედოფალი;
  • 2 იანვარი, 1861 - 14 დეკემბერი, 1873: მისი სამეფო უმაღლესობა პრუსიის ქვრივი დედოფალი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Moritz Freiherr von Bissing: Elisabeth. Königin von Preußen. Westkreuz, Berlin 1974.
  • Dorothea Minkels: Porträts der preußischen Königin Elisabeth in der Sammlung des Stadtmuseums Berlin. In: Jahrbuch 2004/5. Stadtmuseum Berlin, S. 278–304.
  • Martha Schad: Bayerns Königinnen. 4. Auflage. Pustet, Regensburg 2006, ISBN 3-7917-2001-5.
  • Karin Feuerstein-Praßer: Die preußischen Königinnen. Pustet, Regensburg 2000, ISBN 3-7917-1681-6.
  • Dorothea Minkels: Elisabeth von Preußen. Königin in der Zeit des AusMÄRZens. Books on Demand, Norderstedt 2008, ISBN 978-3-8370-1250-7.
  • Margret Dorothea Minkels: Die Stifter des Neuen Museums. Friedrich Wilhelm IV. von Preußen und Elisabeth von Baiern. Norderstedt 2012, ISBN 978-3-8448-0212-2.
  • Christine von Brühl: Anmut im märkischen Sand. Die Frauen der Hohenzollern. Aufbau, Berlin 2015, ISBN 978-3-351-03597-6, S. 296–319.
  • Dorothea Minkels (KEG e.V., Hrsg.): Briefwechsel des Königspaares Friedrich Wilhelm IV. & Elisabeth von Preussen. Band 1 (1840–1842), 2014, ISBN 978-3-7322-9492-3), Band 2 (1840–1843): Preussens erster moderner König, 2016, ISBN 978-3-7392-5467-8; Band 3 (1844–1845): Der Industrie- und Kunstförderer & die Protektorin sozialer Einrichtungen. Königin Elisabeth von Preussen Gesellschaft e.V. Berlin (Hrsg.), BoD Norderstedt 2020, ISBN 978-3-7494-0294-6.