ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი
ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი (გერმ. Augusta von Sachsen-Weimar-Eisenach; დ. 30 სექტემბერი, 1811, ვაიმარი, გერმანია — გ. 7 იანვარი, 1890, ბერლინი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. პრუსიის დედოფალი 1861-1888 წლებში და გაერთიანებული გერმანიის იმპერიის პირველი დედოფალი 1871-1888 წლებში. იმპერატორ ვილჰელმ I-ის მეუღლე. გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დედა.
ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი | |
---|---|
პრუსიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 იანვარი, 1861 |
მმართ. დასასრული: | 9 მარტი, 1888 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ლუდოვიკა ბავარიელი |
მემკვიდრე: | ვიქტორია ბრიტანელი |
გერმანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი, 1871 |
მმართ. დასასრული: | 9 მარტი, 1888 |
წინამორბედი: | მარია ტერეზა სიცილიელი |
მემკვიდრე: | ვიქტორია ბრიტანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 სექტემბერი, 1811 |
დაბ. ადგილი: | ვაიმარი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1890, (78 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბერლინი, გერმანია |
მეუღლე: | ვილჰელმ I, გერმანიის იმპერატორი |
შვილები: |
ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი ლუიზა, ბადენის ჰერცოგინია |
სრული სახელი: | ავგუსტა მარია ლუიზა კათარინა |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | კარლ ფრიდრიხი, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდი ჰერცოგი |
დედა: | მარია პავლოვნა რომანოვა |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტა დაიბადა 1811 წლის 30 სექტემბერს ვაიმარში. იგი იყო საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდ ჰერცოგ კარლ ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, მარია პავლეს ასულ რომანოვას ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან იგი რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის შვილიშვილი, იმპერატორ ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის ბიძაშვილი და იმპერატრიცა ეკატერინე II-ის შვილთაშვილი იყო.
მშობლების ხელშეწყობით მან უმაღლესი განათლება მიიღო, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყო მისი საქორწინო მოლაპარაკებები. 1826 წელს იგი წარუდგინეს პრინც ვილჰელმ პრუსიელს, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის უმცროს ვაჟს. მართალია ვილჰელმი კრონპრინცი არ იყო, მაგრამ მისი უფროსი ძმა უშვილო იყო, რაც მას სამომავლოდ მეფობას უქადდა. სწორედ ამიტომ, ვილჰელმის მშობლები მის დაქორწინებას ჩქარობდნენ, რათა მას მაინც ჰქოლოდა შვილები და მემკვიდრე დაბადებულიყო.
თავდაპირველად ვილჰელმს პოლონელ დიდებულზე, ელიზავეტა რაძივილზე დაქორწინებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამაზე მან უარი განაცხადა. ამას ისიც დაერთო, რომ ელიზავეტას ოჯახს XV საუკუნის შემდეგ მთავრების წოდება ჩამორთმეული ჰქონდათ, რაც შეუძლებელს ხდიდა მის პრინცზე ქორწინებას, თუმცა მეფე ფრიდრიხ ვილჰელმი თანახმა იყო გამონაკლისის დაშვებაზე, თუ მისი ვაჟი დასთანხმდებოდა. ამის გამო, 1828 წელს ვილჰელმი ავგუსტაზე დაინიშნა, რომელზეც 1829 წლის 11 ივნისს დაქორწინდა.
ავგუსტას ვილჰელმი მალევე შეუყვარდა, მაგრამ საპასუხო გრძონას ვერ იღებდა. პრუსიის მკაცრ სამეფო კარზე მარტო დარჩენილი ავგუსტა თავს არაკომფორტულად გრძნობდა და ვინაიდან მისი ქმარი მემკვიდრეც კი არ იყო, მას არანაირი მოვალეობა არ ჰქონდა, რის გამოც ხშირად უსაქმოდ იყო. 1840 წლიდან იგი მანიაკალურ დეპრესიაში ჩავარდა.
1840 წელს გარდაიცვალა მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III, რის შემდეგაც ტახტი ავგუსტას მაზლმა, ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ დაიკავა, რითაც მისი ქმარი კრონპრინცი, ხოლო ავგუსტა პრუსიის კრონპრინცესა გახდა. ავგუსტას ლიბერალური შეხედულებები ჰქონდა და ასეთ საზოგადოებაშიც ტრიალებდა, თუმცა მისი ქმრის კონსერვატიული პოლიტიკის გამო ხშირად აწყდებოდა წინააღმდეგობას. 1848 წლის რევოლუციის დროს ავგუსტა პოტსდამში დარჩა. როგორც ცნობილია, ლიბერალი რევოლუციონერები აპირებდნენ, რომ რეგენტად ავგუსტა გამოეცხადებინათ, თუმცა მათი გეგმები ჩაიშალა.
1850-1858 წლებში ავგუსტა და ვილჰელმი კობლენცში ცხოვრობდნენ, სადაც მისი კონსერვატორი მეუღლე სპეციალურად დანიშნეს მმართველად, რადგან ეს ქალაქი პრუსიული ლიბერალიზმის ცენტრს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ავგუსტას ძალიან აკრიტიკებდნენ კათოლიკეების მიმართ გამოჩენილი ტოლერანტობის გამო. იგი მიესალმებოდა თავისი ვაჟის პრინცესა ვიქტორია ბრიტანელზე, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უფროს ქალიშვილზე ქორწინებას, რადგან თვლიდა, რომ იგი სამეფო კარს უფრო ლიბერალურს გახდიდა. 1858 წელს ვილჰელმი რეგენტი გახდა, რასაც ამავე წლის აგვისტოში მოჰყვა მრავალი ლიბერალი მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა.
1861 წლის 2 იანვარს მაზლის, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ვილჰელმ I ავიდა, რითაც ავგუსტა პრუსიის დედოფალი გახდა. მისი და ვილჰელმის კორონაცია კოინინგსბერგში შედგა.
1862 წელს, ავგუსტას ნების საწინააღმდეგოდ, ვილჰელმმა პრემიერ-მინისტრად ოტო ფონ ბისმარკი დანიშნა. ამის საპასუხოდ ავგუსტამ შეურაცხყოფა მიაყენა ოტოს და მის წინააღმდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ბისმარკის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ავსტრიასთან წამოწყებულ ომს. ეს ომი იმდენად განიცადა დედოფალმა, რომ დეპრესიაში ჩავარდა და 1864 წელს ქალთა ეროვნული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც ომში დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვისაკენ იყო მიმართული.
1871 წელს ვილჰელმ I-მა დაშლილი გერმანული სამთავროები ერთიან იმპერიად გააერთიანა თავის გვირგვინქვეშ, რითაც ავგუსტა გერმანიის იმპერიის პირველი დედოფალი გახდა. ეს გაერთიანება შედარებით მშვიდობიანი გზით მოხდა, რის გამოც დედოფალს პრეტენზია არ გამოუთქვამს. 1872 წელს დედოფალმა ავგუსტამ კიდევ ერთი ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც საფრანგეთთან ომისას დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვისაკენ იყო მიმართული.
ხანში შესვლასთან ერთად ავგუსტა რევმატიზმით დაავადდა, რის გამოც 1881 წლიდან იგი ხელჯოხებითა და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა, თუმცა თავის მოღვაწეობას კვლავ აქტიურად განაგრძობდა. უკანასკნელ წლებში იგი ვილჰელმსა და ბისმარკსაც შეურიგდა. 1888 წლის 9 მარტს ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას ლიბერალმა ვაჟმა, ფრიდრიხ III-მ დაიკავა, რითაც ბისმარკის მმართველობა დასრულდა. თუმცა, ფრიდრიხის მმართველობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან იგი ამავე წლის 15 ივნისს ხორხის კიბოთი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ასევე კონსერვატორი ვაჟი, ვილჰელმ II ავიდა. დედოფალი ავგუსტა1890 წლის 7 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერლინში.
შვილები
რედაქტირება- ფრიდრიხ III (1831-1888), გერმანიის იმპერატორი 1888 წლის 9 მარტიდან 15 ივნისამდე. ცოლად შეირთო ვიქტორია ბრიტანელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორი ვილჰელმ II, ასევე საბერძნეთის დედოფალი სოფია პრუსიელი და ფინეთის დედოფალი მარგარეტ პრუსიელი;
- ლუიზა (1838-1923), ცოლად გაჰყვა ბადენის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომდევნო დიდი ჰერცოგი ფრიდრიხ II და შვედეთის დედოფალი ფრედერიკა ბადენელი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Karin Feuerstein-Praßer; Die deutschen Kaiserinnen 1871–1918, Regensburg 1997, ISBN 3-492-23641-3
- Wilhelm Treue (Hsg); Drei Deutsche Kaiser – Ihr Leben und Ihre Zeit 1858–1918, Verlag Ploetz, Würzburg 1987, ISBN 3-87640-192-5
- Walter Goetz: Augusta. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 451 f. (Digitalisat).
- Manfred Berger: Augusta Marie Luise Katharine, Königin von Preußen und erste deutsche Kaiserin. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 24, Bautz, Nordhausen 2005, ISBN 3-88309-247-9, Sp. 143–151.
- Christine von Brühl: Anmut im märkischen Sand. Die Frauen der Hohenzollern. Aufbau, Berlin 2015, ISBN 978-3-351-03597-6, S. 320–354.