ეთერ თათარაიძე

პოეტი, ფოლკლორისტი

ეთერ თათარაიძე (დ. 15 მარტი, 1956, ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

ეთერ თათარაიძე
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1956(1956-03-15) (68 წლის)
დაბადების ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ფოლკლორისტი და ნოველისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და ესე
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეთერ თათარაიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დემონოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“.

მუშაობდა პედაგოგად, თბილისის მე-6 და 53-ე სკოლებში (1984-1999).

1985-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა ლექციების კურსს ზოგად ფოლკლორისტიკაში.

2004 წლიდან, ხელმძღვანელობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულებას.

ეთერ თათარაიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ[1] და იტალიურ[2] ენებზე.

  • ორი, სამი, ოთხი (პოეტური მინიატურები), გამომცემლობა „მერიდიანი“, 2018
  • დემონოლოგიური თქმულებები (მონოგრაფია), თბილისი, ინტელექტი, 2016
  • დევიღუპეთ![3] (პროზაული კრებული), რედაქტორი ამირან არაბული, ნახატი გარეკანზე თენგიზ მირზაშვილის, გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი, თბილისი, ინტელექტი, 2016
  • ჩიტ რო იძახს, წიავ (ლექსები), თბილისი, საუნჯე, 2012
  • 100 ლექსი[4], თბილისი, ინტელექტი, 2011
  • ავაგე ეკლესიები (თანაავტორი), თბილისი, 2010
  • აღათო = Agato, თუში ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია, თბილისი, უნივერსალი, 2009
  • მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი, გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი, თბილისი, ეროვნული მწერლობის გამომცემლობა, 2008
  • ჩამომიარ საწუთრომ... (ლექსები), თბილისი, ლომისი, 1998
  • მოთხრობები, ავტორები: ზაზა ენუქიძე, ეთერ თათარაიძე, ირაკლი (შმაგი) დოლიძე; თბილისი, ივერია, 1990
  • მთვარის ნალი (ლექსები), თბილისი, მერანი, 1988
  • იმედის გვირილა'ო (ლექსები), წინასიტყვაობის ავტორი ვახუშტი კოტეტიშვილი, თბილისი, ნაკადული, 1979

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • წიგნისთვის „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი” (ვაჟა-ფშაველას შესახებ) მიენიჭა პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (1991)
  • კრებულისთვის „შენდობით მომიხსენიეთ” (ამირან არაბულის თანაავტორობით) — ლიტერატურული პრემია „საბა” (2008).

შეფასება

რედაქტირება

ეთერ თათარაიძის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) ასე პასუხობდა მიხო მოსულიშვილს:

 
„ვაჟას პატრონი ეთერმაც გამაკვირვა ჩვენს დროში... დიდოეთის საზღვართან მიკუნჭულ თითქმის მიწის პირიდან წაშლილ სოფელში, საწყალი მეცხვარის ოჯახში ჩნდება ასეთი... ასეთი თვითნაბადი ნიჭის ადამიანი...

მისი ლექსების გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდი. როგორც თავიდან დავინახე, ისევე ვხედავ; არც შემნელებია ინტერესი, არც მომმატებია. და ეთერიც ისევე აგრძელებს, როგორც დაიწყო. ძნელი გასარჩევია, დროის მიხედვით რომელი ლექსი რომელს უსწრებს, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ ერთ ადგილზე დგას...

ეს არის სრულიად ჩამოყალიბებული თვალთახედვის, აზრის, მრწმასის პოეტი. საერთოდ, ეს უნიკალური მოვლენაა, საიდან მოდის, ვინა ჰყავს წინამორბედი - „უძვირფასესი პაპა“ , ვერ ვიტყვი. არავის ჰგავს, არავისგან არაფერს სესხულობს, ლექსის ენაც და სახეც მხოლოდ მისია, მისეულია. იქნებ ამიტომაც, უჭირს ტრადიციულ აზროვნებას მის ლექსში შეღწევა. ეგ ისეთი რა, არის... აი, როგორც... როგორც ფიროსმანი. განა ასევე არ გაუჭირდა ტრადიციულ აზროვნებას მისი აღქმა? ისინი თუნდაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ძალიან კონკრეტული რეალიები აქვთ - ფიროსმანსაც და ეთერსაც.[5]

.

ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს:

 
„კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა.[6]

.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მწერლობა, გვ. 112, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართველი პოეტი ქალები: ორენოვანი ანთოლოგია, გვერდი 47
  2. „როცა ქვეყნებს სძინავთ“, 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის (იტალიურ ენაზე Quando i paesi dormono, 2019)
  3. დევიღუპეთ!
  4. 100 ლექსი
  5. მიხო მოსულიშვილი — „მცნობი და მჭვრინავი, ანუ როგორ ხატავენ ეთერ თათარაიძე და თენგიზ მირზაშვილი ერთმანეთის პორტრეტს თუშეთის ფონზე“. ჟურნალი „ცისკარი“, N1, 1999 წელი, გვ. 107-115
  6. ეთერ და ლელა თათარაიძეების ვარსკვლავი, 15.04.2019