დუშეთის მაზრის აჯანყება

დუშეთის მაზრის აჯანყება 1918 — ბოლშევიკების ხელმძღვანელობით მოწყობილი შეიარაღებული გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. მონაწილეობდა დუშეთის მაზრის გლეხებისა და ჯარისკაცების ერთი ნაწილი.

აჯანყების მომზადება

რედაქტირება

1918 წლის ივნის-ივლისში რსფსრ-ს ხელმძღვანელობის მითითებებით და რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო და თბილისის კომიტეტების ორგანიზებით დუშეთის მაზრაში დაიწყო ბოლშევიკების ამბოხება. ამბოხების მიზანს წარმოადგენდა დუშეთის მაზრაზე კონტროლის დამყარება და საქართველოს სამხედრო გზის გახსნა ჩრდილო კავკასიაში განლაგებული წითელი არმიის ნაწილებისთვის. აჯანყებას ხელს უწყობდნენ პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ბოლშევიკი ჯარისკაცები, პროპაგანდისტები და რუსი სამხედრო ინსტრუქტორები. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გლეხობის განიარაღება. ეს გარემოება გახდა აჯანყების დაწყების საბაბი.

აჯანყების მიმდინარეობა

რედაქტირება

17 ივნისს აჯანყება დაიწყო სოფელ წილკანში. აჯანყებულებს შეუერთდა სადგურ მცხეთასთან მდგარი „საეტაპო ასეულის“ ჯარისკაცთა უმრავლესობა. შეიქმნა აჯანყებულ გლეხთა სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თ. შუშუაშვილი, მ. პაპუნაშვილი, გ. მწითური, ვ. ცინცაძე, თ. ჩუბინიძე, გ. ლაფანაშვილი, ს. დიაკვნიშვილი, ვ. ტოპრაკაშვილი და სხვები. 19 ივნისს აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი დუშეთი. კავშირი დაამყარეს ბოლშევიკთა დაქვემდებარებაში მყოფ თერგის საბჭოთა რესპუბლიკასთან. 21 ივნისს აჯანყებულებმა დაიკავეს სადგური ქსანი და მცხეთის დიდი ნაწილი. აჯანყებულებთან შესაერთებლად რკპ კავკასიის ბიურომ გაგზავნა საშა გეგეჭკორის რაზმი. გეგეჭკორის რაზმს ჩრდილოეთიდან უნდა გაევლო დარიალის ხეობა და ხევი. ხევის მოსახლეობა ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ჩრდილოეთიდან მას მიადგა გეგეჭკორის რაზმი, ხოლო სამხრეთიდან — მთიულეთიდან და კობიდან აჯანყებულები. 24 ივნისს დაიწყო შეტაკებები ხევში. 25 ივნისს დუშეთის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ყრილობამ მაზრაში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს იარაღის საწყობები. 29 ივნისს დაიკავეს დარიალის ხეობა.

28 ივნისიდან აჯანყების დასამარცხებლად საქართველოს მთავრობამ გაგზავნა სახალხო გვარდია. გვარდიის დანაყოფები სამი კოლონით (სარდლები ა. ფურცელაძე, ალექსანდრე კონიაშვილი, ვალიკო ჯუღელი) დაიძრნენ დუშეთის მაზრაში აჯანყებული კომუნისტების წინააღმდეგ. ძლიერი საარტილერიო ცეცხლის დახმარებით გვარდიამ გაათავისუფლა ბებრისციხე და მცხეთის მიმდებარე ტერიტორია. შეტევამ აჯანყებულები აიძულა დაეხიათ ჟინვალისა და ანანურისაკენ. 4 ივლისს გვარდიამ აიღო ქალაქი დუშეთი, ხოლო 8 ივლისს შემოვლითი მანევრით — ფასანაური. ფასანაურში გვარდიას შეუერთდნენ შეიარაღებული ხევსურები და მოხევეები. ფასანაურთან გვარდიის ძალები გაიყო ორ კოლონად. ერთი კოლონა ალექსანდრე კონიაშვილის მეთაურობით სამხედრო გზის გავლით დაიძრა სტეფანწმინდისკენ. მეორე კოლონა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით გუდამაყრის ხეობის და გუდამაყრის უღელტეხილის გავლით გადავიდა ხევში.

13 ივლისს ალყაშემორტყმული კომუნისტები მთლიანად განადგურდნენ სოფელ ცდოსთან, პირველივე შეტაკებაში მოკლეს აჯანყებულების მთავარსარდალი კ. ჭავჭანიძე, რამაც მტერი საბოლოოდ არია. 15 ივლისის შეტაკების შემდეგ კომუნისტების ბოლო რაზმიც გაიქცა რუსეთში და საღამოს 9 საათზე გვარდიის დანაყოფები სოსო გედევანიშვილის მეთაურობით გავიდნენ ლარსთან. აჯანყებულთა რაზმმა გეგეჭკორის რაზმთან ერთად დაიხია თერგის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. გვარდიამ ალაფის სახით ჩაიგდო 2 ქვემეხი, 4 ნაღმმტყორცნი, ტყვიამფრქვევები, ასეულობით კარაბინი და 200 ტყვე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაქაძე, დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 131-132.
  • ბედუკაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660.
  • წიკლაური, ჯ. „დარიალის დამცველნი“, ყაზბეგი, 2012
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;
  • ლაფანაშვილი, გ. დუშეთის აჯანყება, თბილისი, 1927

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება