იაკობ შემოქმედელი

(გადამისამართდა გვერდიდან დუმბაძე, იაკობ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაკობ.

იაკობ შემოქმედელი, იაკობ სამებელი, იაკობ დუმბაძე (გ. 1713, იერუსალიმი) — XVII-XVIII სს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, შემოქმედელი მიტროპოლიტი 1647-1658 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იაკობ დუმბაძემ განათლება ტრაპიზონში მიიღო. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647-იდან. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ ის 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყოლეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული. 1696 წელს იმყოფებოდა რუსეთში, დონის მონასტერში. უკვე ღრმად მოხუცებულმა დატოვა გურიის კათედრა და წავიდა იერუსალიმში და იქვე აღესრულა. იაკობ შემოქმედელის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა ოზურგეთში.

ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმუსლიმური თხზულება, რომელსაც იაკობის ვერსიით ჰქვია „უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული „აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავით სოსლანის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები.

სიბრძნემ თავისა-თჳსისა, სახლი იშენა გებული,

მას შვიდნი სუჱტნი შეუდგნა, შვიდნივე წმიდა გებული,
სიკუდილით მოკლა სიკუდილი, დაიხსნა ცოდჳლთ კრებული,

ამისი ახსნა თქუჱნგან მწადს, ვიცი კაცი ხარ მცნებული.

  • პასუხი იგავის განმარტებაზე მიწერილი იაკობ შემოქმედელისაგან:

სიბრძნე ქრისტეა და სახლი, უბიწო მისი მშობელი,

მუნ შვიდნი საიდუმლონი, ჰყო მტერთა დასამხობელი,
სიკუდილი ჯუარ-ცმა ქრისტესი, ლახუართა დასასობელი,

თჳთ მცნობსა ცნობა გებრძანა, რას გკადრებ მე უცნობელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება