ბაგრატ მუხრანბატონი

ბაგრატ მუხრანბატონიკონსტანტინე II-ის ძე. ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის I ნახევარში, მწერალი, მეფე დავით X-ის ძმა, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი, ქართლის სამეფოს მემარცხენე სადროშოს სარდალი.

ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის ავგიორგის (გიორგი II-ის) ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა; 1512 მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბაგრატ მუხრანბატონი სოფ. ციხისძირის თავს, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. 1513 ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა (ახლანდელი მცხეთის რაიონი) ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და ციხეში დაამწყვდია, სადაც იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით — მიაშთვეს). ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბეს სახელით ბერად შედგა.

ბაგრატ მუხრანბატონს ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები, ანტიმაჰმადიანური თხზულება „მოთხრობაჲ სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაჲ“. ავტორი განიხილავს მაჰმადიანური სარწმუნოების ისტორიას და ქრისტიანობის აპოლოგეტის პოზიციიდან განაქიქებს ამ რელიგიას. თხზულება აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძველ ქართველ მთარგმნელთა შესახებ. მასში პირველად არის მოხსენებული ქართველი საერო მწერლობის ცნობილი ძეგლი „ამირანდარეჯანიანი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
დაფუძნება
მუხრანბატონი
1512–1539
შემდეგი:
აშოთან მუხრანბატონი
ვახტანგ მუხრანბატონი