ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიდი ჭრელი კოდალა (ლათ. Dendrocopos major) — კოდალასნაირთა რიგის, კოდალასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფრინველი ჭრელი კოდალების გვარიდან. საქართველოში ფართოდ გავრცელებული, მობინადრე სახეობაა. ზედა მხარე შავია, ლოყები, კისრის ლაქები, ყელი და ოვალური ლაქები ფრთებზე თეთრია. მკერდი და მუცელი მოწითალო, თეთრი. კუდქვეშა მფარავები წითელია. ნისკარტი მუქი ნაცრისფერია ხოლო ფეხები შედარებით ღია ფერის ნაცრისფერი. ზრდასრულ მამალს თავის უკანა ნაწილზე წითელი ლაქა აქვს, რაც დედალი ინდივიდებისგან გამოარჩევს. ახალგაზრდა დიდ ჭრელ კოდალებს თავი მოწითალო ფერის აქვთ, დედლებს ნაკლებად შეფერილი, ვიდრე მამლებს. ზრდასრული დიდი ჭრელი კოდალა 20-24 სანტიმეტრი სიგრძისაა და დაახლოებით 70-95 გრამს იწონის. მისი გაშლილი ფრთების სიგანე კი 34–39 სანტიმეტრია.

დიდი ჭრელი კოდალა


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  ჭრელი კოდალა
სახეობა:  დიდი ჭრელი კოდალა
ლათინური სახელი
Dendrocopos major
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22681124

გავრცელება

რედაქტირება

დიდი ჭრელი კოდალა გავრცელებულია ევრაზიაში კუნძულ დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან აზიის აღმოსავლეთით კამჩატკამდე. ის აგრეთვე გვხვდება ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებში მაროკოში, ალჟირში და ესპანეთის მფლობელობაში მყოფ კანარის კუნძულებზე.

დედალი

დიდი ჭრელი კოდალა ძირითადად ბინადრობს სხვადასხვა ტიპის ტყეებში, ის გვხვდება, როგორც ფართოფლოთლოვან, აგრეთვე წიწვოვან და შერეულ ტყეებში. აღნიშნული სახეობა ერიდება ძალიან ცივ, ცხელ ან მშრალ კლიმატს, რაც ტყის სრულყოფილად გაზრდის საშუალებას არ იძლევა. მისი საბინადრო არეალის სიმაღლე განსხვავებულია კონტინენტთა მიხედვით, ევროპაში დიდი ჭრელი კოდალა ზღვის დონიდან 2 100 მეტრ სიმაღლემდე გვხვდება, ხოლო მაროკოში მისი საბინადრო არეალი 2 200 მეტრამდე აღწევს, აზიაში კი 2 500 მეტრამდეა ზღვის დონიდან. დიდი ჭრელი კოდალა ძირითადად მობინადრე სახეობაა, თუმცა როდესაც ნაძვისა და ფიჭვის გირჩის ნაკლებობაა ის საცხოვრებელ ადგილსაც იცვლის, ხოლო ზამთარში ჰაბიტატი მთიდან ბარისკენ ინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ დიდი ჭრელი კოდალა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ზრდასრულ ასაკში არჩევს და ახალგაზრდა ასაკში ძირითადად მოგზაურობითაა დაკავებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინდივიდები მათი გამოჩეკვის ადგილიდან 100 და 600 კილომეტრ მანძილზე, იშვიათად კი 3000 კილომეტრზეც გაფრენილან. დიდი ჭრელი კოდალა ტყეების გაჩეხვის გამო XVII საუკუნეში ირლანდიაში გადაშენდა, თუმცა ის კუნძულზე ბუნებრივად აღდგა, მათი პირველი აღწერილი ბუდობა 2007 წლითაა დათარიღებული.

ცხოვრების წესი

რედაქტირება

დიდი ჭრელი კოდალა მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეებზე ატარებს და სხვა კოდალათა სახეობების მსგავსი ცხოვრების წესი აქვს. აგრეთვე ხეებზე მცოცავი სხვა ფრინველთა სახეობების მსგავსია მისი მტევნების ზიგოდაქტილური განლაგება, რაც ფეხის მტევანზე ორი თითის წინა მიმართულებით, ხოლო ორი თითის უკანა მიმართულებით განლაგებას გულისხმობს. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს დიდი ჭრელი კოდალას კუდის ბუმბულთა სიძლიერე, რასაც ის ხეზე კაკუნის დროს იყენებს, რომ არა მსგავსი აღნაგობა, საკვების მოპოვების კოდალისეული პრაქტიკა მის სხეულს დააზიანებდა. დიდი ჭრელი კოდალები მკაცრად ტერიტორიული ფრინველები არიან და თითოეული მამრი ინდივიდი წლის მანძილზე დაახლოებით 5ჰა ფართობს "აკონტროლებს" და დედალი დიდი ჭრელი კოდალების მოხიბვლას ცდილობს. წყვილები გამრავლების პერიოდში მონოგამიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, თუმცა ხშირად იცვლიან პარტნიორებს სხვა სეზონებზე. დიდი ჭრელი კოდალები ზრდასრულ ასაკს დაახლოებით 1 წლის ასაკში აღწევენ. ახალი ბინის დასადებად წყვილები თავად თხრიან დაახლოებით 30სმ. სიღრმის ფუღუროს ხეში, აგრეთვე იშვიათად იყენებენ უკვე არსებულ ფუღუროებს ან ადამიანთა მიერ ფრინველთათვის სპეციალურად მოწყობილ ბუდეებს. ბუდის მოწყობაში ორივე მონაწილეობს, თუმცა ბურღვით სამუშაოებს ძირითადად მამალი დიდი ჭრელი კოდალა ანხორციელებს. ჩვეულებრივ დედალი 4-6 ცალ გლუვი შეფერილობის კვერცხს დებს, 10-12 დღის მანძილზე კვერცხებზე დღის განმავლობაში ძირითადად დედალი ზის ხოლო ღამით მამალი დიდი ჭრელი კოდალა. გამოჩეკვის შემდეგ ორივე კვებავს შეუბუბმლავი და უსუსურ ბარტყებს. ბარტყები ფრენას დაბადებიდან 20-23 დღის გასვლის შემდეგ სწავლობენ, თუმცა მომდევნო 10 დღე მათ მშობლები კვლავ კვებავენ, რადგან ბარტყები დროს ბუდის სიახლოვეს ატარებენ. დიდი ჭრელი კოდალას ცნობილი მაქსიმალური ასაკი 11 წელია.

დიდი ჭრელი კოდალა ერთნაირად იკვებება, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვებით. ის ხიდან ხის ხოჭოთა ლარვებს თხრის, აგრეთვე იკვებება სხვა მწერებით, როგორებიცაა ჭიანჭველები და ობობები. დიდი ჭრელი კოდალა უარს არ ამბობს არც მცირე კიბოსნაირებსა და მოლუსკებზე. დიდი ჭრელი კოდალები ზოგჯერ თავს ესხმიან წივწივების ან მერცხლის ბუდეებს, მათი კვერცხის ან ბარტყების მოსატაცებლად. თავისმხრივ დიდი ჭრელი კოდალები მიმინოების, ქორების და სხვა მტაცებელი ფრინველთა ნადავლი ხშირად ხდებიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბულაძე ა., ბუხვიკაშვილი ა., თარხნიშვილი დ., ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხერხემლიან ცხოველთა საველე ცნობარი, თბ., 2001, გვ. 128
  • Shakya, Subir B; Fuchs, Jérôme; Pons, Jean-Marc; Sheldon, Frederick H "Tapping the woodpecker tree for evolutionary insight". (2017).