დევენაანთხევი
დევენაანთხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ხევსურთსოფელი).[1]
სოფელი | |
---|---|
დევენაანთხევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევსურთსოფელი |
კოორდინატები | 41°58′49″ ჩ. გ. 44°56′59″ ა. გ. / 41.98028° ჩ. გ. 44.94972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1080 მ |
მოსახლეობა | 132[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % სომხები 1,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ერწოს ქვაბულში, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებასოფელი ზოგიერთ წყაროში დევენაანთკარადაც იხსენიება. მან ეს სახელწოდება აქ მოსახლე გვარის მიხედვით მიიღო (დევნაშვილები მოიხსენიებიან XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ერწოს მოსახლეობის აღწერაში). მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობამ ადრევე შეუწყო ხელი ამ ტერიტორიაზე ადამიანთა სამოსახლოს გაჩენას, რასაც ჟალეთის მხარის დაწინაურებასთან ერთად უნდა ჩაჰყროდა საფუძველი. ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში ერწოს ქვაბულის რიგ დასახლებულ პუნქტებთან ერთად ეს სოფელიც ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის საყრდენად იქცა როგორც საქართველოს მთიანეთში, ისე კახეთის სიღრმეში შესაღწევად. ამაზე მიგვანიშნებს სოფელში შემორჩენილი ძველი ეკლესია-სალოცავები.
დევენაანთხევის მარცხენა ფერდობზე მდებარეობს ძველი ეკლესია. მისი საკურთხეველი სწორკუთხაა, შემორჩენილია რიყის ქვით და დუღაბით ნაგები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები. აღმოსავლეთ კედელში დატანებულია სარკმელი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის კუთხეებში თითო ნიშია. XI–XVI საუკუნეებში დევენაანთხევის ადგილმამული, ერწოს დიდ ნაწილთან ერთად სვეტიცხოვლის საკუთრებად განიხილებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან იგი უფრო კახეთის მეფეთა სახასო საკუთრებად გადაიქცა და მას მეფის მოხელეები მართავდნენ. ამავე დროიდან უნდა ხდებოდეს სოფლის მოსახლეობის შევსება ქართველი მთიელებით, თუმცა ეს პროცესი XVIII–XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა. XVIII საუკუნიდან სახასო საკუთრებასთან ერთად ჩნდება სათავადო საკუთრებაც. იმდროინდელი სამხედრო-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი რუსთაველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, როგორც „სხვა ერწონი სრულად კომლნი და სახლისა შემძლე მეომარნი“. XIX საუკუნიდან დევენაანთხევში აქტიურად სახლდებოდნენ ხევსურები. სოფელში მისდევდნენ მესაქონლეობასა და მემინდვრეობას. საბჭოთა პერიოდში სოფელი ერწოს მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობაში იყო გაერთიანებული. ამჟამად მცირე, ინდივიდუალური მეურნეობებია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 177[2] |
2014 | 132 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 435.
- კახაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.