ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრიგოლ კობახიძე (შეცვლილი სახელი ჯორჯ კობი; დ. 1883, თხმორი, ამბროლაურის რაიონი — გ. 30 ოქტომბერი, 1967, აშშ) — ქართველი ბიზნესმენი და გამომგონებელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1883 წლის ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ — სოფლის მღვდელთან. დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა, თუმცა სწავლის გაგრძელების ნაცვლად 10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებრად სახლიდან გაიპარა. კითხვა–კითხვით ჩავიდა ჯერ ოკრიბასა და ქუთაისში, შემდეგ – ბორჯომში, სადაც ახლდგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა. ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო და თავისი შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი გამანი ხელმძღვანელობდა. გამანმა გადაარჩინა, როგორც საუკეთესო სპეციალისტი 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, როცა რევოლუციური განწყობის გამო დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. გამანის ყურადღება გრიგოლის ფიზიკურმა ძალამაც მიიქცია და ჭიდაობის შესასწავლად მწვრთნელთან მიიყვანა. გიგომ აქაც წარმატებას მიაღწია, მალე გამანის ფალავნად დ იქცა და გამარჯვებისთვის აღებული ფულადი ჯილდოები მისი შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. ამ პერიოდშივე გაიცნო მომავალი მეუღლე წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში მის პარტნიორს ამერიკაში.

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ნაწილს ჩვეული ხელობისათვის, მეპურეობისათვის მოეკიდა ხელი. მათი დახმარებით გიგო ნიუ–იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ–კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც.

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ „The Cobi Glass Produkrs Company“-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვ.) სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

მიუხედავად იმისა რომ გრიგოლ კობახიძე მთელ დროს ბიზნესს უთმობდა, არასდროს ჩამოშორებია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი აღტაცებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ 1918-1921 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება. მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე სასწრაფოდ გაეცალა სამშობლოს.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის „Prince Matchabeli“.[1] მიუხედავად ბიზნესის წინსვილისა, იგი უფრო დიდ სიმძლავრეებზე და სახელმწიფო შეკვეთებზე ოცნებობდა. 1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და სხვ.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps“, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა“, რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა, წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2023 წელს რაჭაში, ჯორჯ კობის მშობლიურ სოფელ თხმორში, მისი დაბადებიდან 140 წლის პატივსაცემად, მემორიალური ფოტომუზეუმი გაიხსნა, სადაც ფოტოებითა და საარქივო მასალებით ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი ჯორჯ კობის მიღწევებზე.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება