გიორგი ჟუჟუნაშვილი

რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, მოგვიანებით კი დოცენტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი (გოგიტა) ჟუჟუნაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1966 — გ. 26 სექტემბერი, 2015)[1]ქართველი ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი.[2]

გიორგი ჟუჟუნაშვილი
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1966
გარდაცვალების თარიღი 26 სექტემბერი, 2015 (48 წლის)
მოქალაქეობა სსრკ
საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი

ადრეული წლები

რედაქტირება

გიორგი ჟუჟუნაშვილი დაიბადა 1966 წლის 20 დეკემბერს. 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1994-1997 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით. ასპირანტურის კურსის დასრულების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მე-15-მე-18 საუკუნეების რუსეთის საარქივო მასალები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“. ჟუჟუნაშვილი სამეცნიერო ნაშრომებს ჰქმნიდა კავკასიის, რუსეთისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.[3]

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

გიორგი ჟუჟუნაშვილმა თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა 1995 წელს დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად ის იყო რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, მოგვიანებით კი დოცენტი. 1999 - 2003 ის მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგიც იყო. 2006 წლიდან ჟუჟუნაშვილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯერ ასისტენტ-პროფესორი, შემდგომ კი ასოცირებული პროფესორი გახდა. ამასთან ერთად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გიორგი მუშაობდა რესურსების მართვის უფროსის თანამდებობაზე.[2]

ქართულ საისტორიო მეცნიერებას გიორგის 60-ზე მეტი ნამუშევარი შემორჩა, რომელთაგან რამდენიმე მონოგრაფიული სახისაა. მისი კვლევის სფერო და არეალი ფართო იყო. მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკას ეხება. ეს საკითხი, ძირითადად, მონოგრაფიებში იკვეთება. 2012 წელს დაისტამბა გიორგი ჟუჟუნაშვილის მონოგრაფია „საისტორიო ეტიუდები“, სადაც ისტორიკოსმა თავი მოუყარა სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემებში გაბნეულ ნაშრომებს. 2006 და 2009 წლებში გამოიცა მონოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. გიორგი ჟუჟუნაშვილი ასევე არის 2005 წელს გამოცემული რუსეთს ისტორიის ქრესტომათიის თანაავტორი.[2][3]

 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა

გიორგის მეუღლის, ნანა ბერიძის გერმანული ენიდან ნათარგმნი მიხაკო წერეთელის „კავკასიური რასისა და კულტურის პრობლემები“ ჟუჟუნაშვილმა 2015 წელს გამოსცა. ამავე წელს, პროფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად გიორგიმ იმუშავა პუბლიკაციაზე, სათაურით: „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილის გამო“. მისი გარდაცვალების გამო გამოსაცემი დარჩა მიხეილ წერეთლის ნაწარმოები, ასევე გერმანულიდან ნათარგმნი, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ. პოლიტიკური ისტორიის გარდა ჟუჟუნაშვილის ინტერესის სფეროს მოიცავდა: მონღოლების დროინდელი საქართველოს სახელმწიფოს დიპლომატიური ეტიკეტი, ეკლესიის ისტორია და ელჩთა მიღების წესი შუა საუკუნეების საქართველოში. მისი სამეცნიერო ნამუშევრები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ასევე რუსულ და პოლონურ ენებზე. ჟუჟუნაშვილმა ასევე გამოსცა მისი მასწავლებლის, პროფესორ ვალერიან მაჭარაძის ხელნაწერები. ის მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო კონფერენციებში, რომლებიც იმართებოდა მოსკოვში, ყაზანში, ყარსში, კიშინიოვში, სანქტ- პეტერბურგში, ტიუმენსა და პოზნანში. გიორგი ჟუჟნაშვილს კოლეგებთან ერთად დაწყებული ჰქონდა მუშაობა „კავკასიის ხალხთა ისტორიის“ სახელმძღვანელოზე. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა კავკასიაში ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტების შესახებ. რუსეთის ისტორიის ღრმა ცოდნას გიორგი ჟუჟუნაშვილი საქართველოსა და კავკასიის ისტორიის პრობლემების, რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ურთიერთობების ასახსნელად იყენებდა.[1][3]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი საბაკალავრო და სამაგისტრო სალექციო კურსებს კითხულობდა. მის შექმნილ კურსებს შორისაა: „რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა XV - XX საუკუნეებში“, „რუსეთი, საქართველო და კავკასიის სახანოები XVI - XX საუკუნეებში“, „კავკასიის ხალხის ისტორია და კულტურა“. კოლეგებთან ერთად ჟუჟუნაშვილი მუშაობდა სახელმძღვანელოზე, სახელწოდებით „კავკასიის ხალხთა ისტორია“, რაც გიორგის გარდაცვალებამ შეაჩერა.

გიორგი ჟუჟუნაშვილი გარდაიცვალა 2015 წლის 26 სექტემბერს.[2]

კავკასიოლოგთა კონკურსი

რედაქტირება

ცირა ბარამიძის განცხადებით 2012 წელს სრული კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ორჯერ ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სრული პროფესორი ჯონი კვიციანი და რუსეთის ისტორიის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჟუჟუნაშვილი. ბარამიძის განცხადებით კონკურსის შედეგად გაიმარჯვა გიორგი ჟუჟუნაშვილმა, რამაც კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორების პროტესტი გამოიწვია. პროფესორებმა შედეგები რექტორთან გაასაჩივრეს დ აგვისტოში ჩატარებული კონკურსის შედეგები გაუქმდა. შედეგად დეკემბერში კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა, სადაც გამარჯვებული კვლავ გიორგი ჟუჟუნაშვილი გახდა. ცირა ბარამიძის აცხადებს, რომ ჟუჟუნაშვილი არ არის სრული პროფესორი და არ შეესაბამება სპეციალობას - იგი რუსეთის ისტორიის მიმართულების პროფესორია.[4][1]

ამ ფაქტზე განცხადება გააკეთა გიორგი ჟუჟუნაშვილმაც, სადაც მან აღნიშნა: „ვარ 114 ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 70-ზე მეტი კავკასიური თემატიკისაა. ნებისმიერი ექსპერტი ამას დაადასტურებს. თუმცა, რა საჭიროა ექსპერტი, როდესაც ისტორიკოსების მიერ შედგენილმა კომისიამ ორჯერ დაადასტურა, რომ ჩემი ნაშრომების თემატიკა კავკასიის ისტორიის თემატიკას შეესაბამება. მეორე კომისიამაც იგივე დაადასტურა. 93 წლიდან მის სალექციო კურსებში კავკასიოლოგიის თემატიკა ფიგურირებს. წინააღმდეგი არ ვარ მიმართონ სასამართლოს“..[4]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ჟუჟუნაშვილის შექმნილ ნაწარმოებებს შორისაა:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №11 (59), 11.2015 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება