გიორგი ჭანტურია
გიორგი (გია) ჭანტურია (დ. 19 აგვისტო, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 დეკემბერი, 1994, თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა) — ქართველი პოლიტიკოსი, დისიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ლიდერი 1981-1994 წლებში. მოკლეს თბილისში 1994 წელს. ავტორია ლექსების, რომანების და პუბლიცისტური წერილებისა.
გიორგი ჭანტურია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო, 1959 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 3 დეკემბერი, 1994 (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადისიდენტობა
რედაქტირებადისიდენტური საქმიანობისათვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს. 1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა. 1983 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისათვის. გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო. 1989 წელს გაზეთ „ქართულ ქრონიკაში“ გამოაქვეყნა წერილი „რას უპირებს კრემლი საქართველოს?“.
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირება1990 წლიდან გამწვავდა ჭანტურიას ურთიერთობა ზვიად გამსახურდიასთან. პირველი დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოხდა. ჭანტურია აკრიტიკებდა გამსახურდიას მიდგომას ეთნიკური პრობლემებისადმი და ამტკიცებდა, რომ ეროვნული მოძრაობის პირველადი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. დისიდენტური მოძრაობების კონფერენციაზე საბოლოოდ გაიყო მათი პოლიტიკური გზები. ჭანტურიამ, გამსახურდიასგან განსხვავებით, არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის არჩევნებში და სცადა პარალელური საკანონმდებლო ორგანოს — ეროვნული კონგრესის ორგანიზება, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ერთი მხრივ კონგრესის არაპოპულარობისა და მეორე მხრივ მის ლიდერთა შორის მზარდი კონფრონტაციის გამო.
1991 წელს გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჭანტურიას პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. ედპ აქტიურად ჩაება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადადგომა თავის ლოზუნგად აქცია. 1991 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში გასაფრენად გამზადებული ჭანტურია პოლიციამ დააკავა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა. 27 დეკემბერს ჭანტურია ჯაბა იოსელიანთან ერთად ციხიდან გაიქცა და მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდებით დასრულდა.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 1992-1994 წლებში ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წელს ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე და თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი.
მკვლელობა
რედაქტირება1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ თავდასხმა ბრალდებოდა კვირაიას ან გიორგაძეს. ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ ედპ-ის ლიდერი მისი ქვრივი გახდა, მაგრამ პარტია მნიშვნელოვნად დასუსტდა. გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- (ინგლისური) Wheatley, Jonathan. Georgia from National Awakening to Rose Revolution. Published by Ashgate Publishing, Ltd., 2005. ISBN 0754645037, 9780754645030
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიორგი ჭანტურია“ ვიკისაწყობში.
- გიორგი ჭანტურია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი