გაუა (ინგლ. Gaua) — კუნძული ბანქსის კუნძულებში (არქიპელაგი ახალი ჰებრიდები), წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას და შედის ტორბას პროვინციაში.

გაუა
მშობ. სახელი: ინგლ. Gaua

კუნძულ გაუას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 14°15′54″ ს. გ. 167°31′12″ ა. გ. / 14.26500° ს. გ. 167.52000° ა. გ. / -14.26500; 167.52000
ფართობი 328,2 კმ²
უმაღლესი წერტილი 797 მ
მთა გარატი
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტორბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2491 (2009)
სიმჭიდროვე 7,59 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული გაუა მდებარეობს არქიპელაგ ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბანქსის კუნძულებს. გარს აკრავს წყნარი ოკეანისა და მარჯნის ზღვის წყლები. სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული მერე-ლავა, ჩრდილოეთით — კუნძული ვანუა-ლავა. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1300 კმ-ში[1].

კუნძული გაუას, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[1]. ის შედგება ბაზალტურ-ანდეზიტური სტრატოვულკანისგან, რომლის კალდერის სიგანე შეადგენს 6 × 9 კმ-ს[2]. ისტორიულად აქტიური კონუსის გარატის მთების და კალდერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სხვა მცირე ტუფის კონუსების ჩამოყალიბებასთან ერთად ხდებოდა კალდერული ლეტასის ტბის ფორმირება[2], რომელსაც აქვს ნახევარმთვარის ფორმა. ეს ტბა ვანუატუში და წყნარ ოკეანეში (პაპუა-ახალი გვინეის ფარგლებს გარეთ) ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბაა[3][4]. ლეტასის ტბის ფართობი შეადგენს 1900 ჰექტარს, ხოლო სიღრმე ზოგიერთ ადგილებში აღწევს 360 მეტრს[4]. ტბა მდებარეობს 418 მეტრ სიმაღლეზე. კუნძულის ყველაზე უმაღლესი წერტილია, მთა გარატი, რომელიც აღწევს 797 მეტრს[1]. გაუას ფართობი შეადგენს 328,2 კმ²-ს.

კლიმატი კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია[1]. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა აჭარბებს 3500 მმ-ს. გაუაზე ხშირია მიწისძვრები და ციკლონები.

კუნძულ გაუას პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი წარმოშობით პორტუგალიიდან პედრო ფერნანდეს კიროსი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1606 წელს და მას სახელად დაარქვა «სანტა-მარია».

1906 წლის მარტში გაუა, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[5].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული გაუა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წელს კუნძულ გაუას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2491 ადამიანს[6]. კუნძულელები ლაპარაკობენ რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:

  • დორიგი (157 მოლაპარაკე 2000 წელს; გამოიყენება სოფლებში დორიგი და კვეტეონი);
  • კორო (105 მოლაპარაკე 1983 წელს; გამოიყენება სოფლებში კორო და მეკეონი);
  • ლაკონი (300 მოლაპარაკე 1983 წელს);
  • ნუმე (450 მოლაპარაკე 1983 წელს)[7].

მოსახლეობა ცხოვრობს რამდენიმე სანაპირო სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ გაუას დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტებია სოფლები — ონეტარი და ბევეტო.

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კაკაოს მოყვანა და კოპრის დამუშავება). კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  2. 2.0 2.1 Global Volcanism Program. ვულკანი გაუა. (ინგლისური)
  3. 3.0 3.1 Positive Earth. კუნძული გაუა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  4. 4.0 4.1 [Ernest Bani and David Esrom. Republic of Vanuatu. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-17. ციტირების თარიღი: 2014-11-06. Ernest Bani and David Esrom. Republic of Vanuatu. (ინგლისური)]
  5. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  6. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  7. Ethnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური); ბანქსის კუნძულების ენები. (ინგლისური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გაუა&oldid=4535397“-დან