დავით გამრეკელი
დავით ალექსანდრეს ძე გამრეკელი (დ. 27 ივლისი, 1911, ჭიათურა — გ. 29 ნოემბერი, 1977, მოსკოვი) — ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დავით გამრეკელი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი 1911 |
დაბ. ადგილი | ჭიათურა |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 29 ნოემბერი 1977 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მომღერალი |
აქტიური | 1937-1965 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. იმავე წელს ახალგაზრდა ქართველმა ბარიტონმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაში „პიკის ქალი“. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ზაქარია ფალიაშვილის „დაისიდან“. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მომღერალს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სულ მალე გამრეკელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა — ის მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 52-მდე, გაატარა.
თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დავით გამრეკელმა ოცდაათამდე საოპერო პარტია შეასრულა. შთამბეჭდავია მათი ჩამონათვალი: ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ჯუზეპე ვერდის რიგოლეტო, ჟერმონი და რენატო, ჟორჟ ბიზეს ესკამილიო და სხვ. გრამფირფიტაზე ჩაწერილია ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „სადკო“, სადაც გამრეკელს პარტნიორობას უწევდნენ სახელგანთქმული საბჭოთა მომღერლები ბარსოვა, ხანაევი, რეიზენი, პეტროვი. განუმეორებელი იყო გამრეკელის მიერ მშობლიურ თბილისში შესრულებული პარტიები ქართულ ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1944 წელს მან, კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალ დავიდ ბადრიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში „ჯურღაის ფარი“, რომელმაც მოგვიანებით სტალინური პრემია დაიმსახურა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 95, თბ., 1994