გაერთიანებული დემოკრატები

გაერთიანებული დემოკრატებიპოლიტიკური პარტია საქართველოში 2002-2004 წლებში.

გაერთიანებული დემოკრატები
ხელმძღვანელობა
ლიდერი ზურაბ ჟვანია
ისტორია
დაფუძნდა 17 ივნისი, 2002
შეერწყა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შერწყმის თარიღი 22 ნოემბერი, 2004
შტაბ-ბინა ქ. თბილისი, დ. უზნაძის №6

2001 წლის 1 ნოემბერს ზურაბ ჟვანია თბილისში დაწყებული სახალხო მღელვარების გამო პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. 2002 წლის 8 მაისის ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეები არჩევნებში „ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიის სახელით მიიღებდნენ მონაწილეობას.[1] 2002 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ თბილისის საკრებულოში მოიპოვა 4 მანდატი.[2]

2002 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერმა დეპუტატებმა შექმნეს ფრაქცია „დემოკრატები“. ფრაქციაში გაერთიანდნენ მოქალაქეთა კავშირის ყოფილი დეპუტატები. ფრაქციას ხელმძღვანელობდა გიორგი ბარამიძე, ხოლო მისი მოადგილეები იყვნენ ზურაბ ცქიტიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ფრაქციის მდივანი იყო მარინა მოლოდინი. ფრაქციის წევრები იყვნენ: დავით ტყეშელაშვილი, ელდარ შენგელაია, რევაზ ადამია ედვარდ სურმანიძე, ელენე თევდორაძე, რომან კუსიანი, ხათუნა ხოფერია და ა.შ.[3] 2002 წლის 17 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაფუძნდა პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია.[4]

2003 წლის 21 აგვისტოს სასტუმრო მეტეხში საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე-დემოკრატები“ პრეზენტაცია გაიმართა. საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ჯგუფი და ზურაბ ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატები“.[5] 2003 წლის სექტემბერში ბლოკს „ბურჯანაძე-დემოკრატები“ ტრადიციონალისტთა კავშირი შეუერთდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ გავიდა მეხუთე ადგილზე. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომითა და ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „გაერთიანებული დემოკრატები“ და ნაციონალური მოძრაობა გაერთიანდნენ ბლოკში სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“. საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ 135 მანდატი მოიპოვა. 2004 წლის 22 ნოემბერს გაიმართა გრანდიოზული ყრილობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ წლისთავს ეძღვნებოდა. ყრილობაზე პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ ოფიციალურად შეუერთდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.[6]