ბიბერშტეინის ტიტა

(გადამისამართდა გვერდიდან ბიბერშტენის ტიტა)

ბიბერშტეინის ტიტა (ლათ. Tulipa biebersteiniana) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ბოლქვი. ღერო შეფოთლილია, სიმაღლე 15–30 სმ-ია. ფესვთანური ფოთოლი უფრო ხშირად ორია, იშვიათად სამი, ვიწრო ხაზური ან ლანცეტა, ლეგა შეფერილობის, სიგრძით 15–25 სმ. ყვავილი ჩვეულებრივ მარტოული, ორსქესიანი, ყვითელი, 3–3,5 სმ სიგრძისაა; ყვავილსაფრის ფოთლები 2–3 სმ სიგრძისაა, კვერცხისებრ-ლანცეტა, თავწაწვეტებული, ძირში წამწამაკიდეებიანი. ნაყოფი სამწახნაგოვანი კოლოფია. თესლი ბრტყელია, მუქი ყავისფერი.[1]

ბიბერშტეინის ტიტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ტიტა
სახეობა:  ბიბერშტეინის ტიტა
ლათინური სახელი
Tulipa biebersteiniana Schult. & Schult. f.

ბიბერშტეინის ტიტა სამხრეთპალეარქტიკული სახეობაა. აწერილია ჩრდილოეთ კავკასიიდან. გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, მცირე, ჩრდილოეთ და შუა აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი). საქართველოში მხოლოდ ქართლშია ცნობილი, კერძოდ, თბილისის მიდამოებში (თელეთის ქედი) და მცხეთის შემოგარენში (არმაზის ხეობა).[1]

მეზოფიტია, სინათლის მოყვარული გეოფიტი, გაზაფხულის ეფემეროიდი. თავის მთლიანი არეალში რიგ ადგილებში საკმაოდ ჩვეულებრივი მცენარეა, თუმცა საქართველოში, სადაც მხოლოდ თბილისის მიდამოებში გვხვდება, იშვიათ მცენარეებს მიეკუთვნება. იზრდება სხვადასხვა დახრილობის ფერდობებზე, ქვა-ღორღიან, მწირ ნიადაგებზე, გაფანტულად, ბუჩქნართა შორის, გამეჩხერებული ანთროპოგენური ტყის მონაკვეთებზე, მშრალ ხევებში, ზღვის დონიდან 450–600 მეტრის ფარგლებში.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ბიძინაშვილი როზა, საქართველოში გავრცელებული გადაშენების ზღვარზე მყოფი ტიტას სახეობები // საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე №2 (42), თბ.: აგრო, 2018. — გვ. 109–111.