ბაღის სატაცური,[1] სამკურნალო სატაცური[2] (ლათ. Asparagus officinalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს სწორი, მაგარი, გლუვი, 150 სმ-მდე სიმაღლის, გაფარჩხულ-დატოტვილი ღერო; ძალიან წვრილი, ძაფისებური კლადოდიუმები. ქერქლისებური ფოთლები. იღლიური ყვავილები, ნარინჯისფერი ნაყოფი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე — ბუჩქანებში, ველებზე, ტყისპირა ადგილებში, ქვიან ადგილებში.[3] აქვს სამეურნეო მნიშვნელობა. მოჰყავთ როგორც ბოსტნის კულტურა (var. altiltis). საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან ყლორტებს. ფესვი და ყლორტები სამკურნალო საშუალებაა (შეიცავს ალკალოიდ ასპარაგინს).[2]

ბაღის სატაცური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  სატაცური
სახეობა:  ბაღის სატაცური
ლათინური სახელი
Asparagus officinalis L., 1753
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 176377
  1. მაყაშვილი ა., ბაღის სატაცური // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 134.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 58.