ბაზი (ფრინველი)
ბაზი (სპარს. ბაზ — მიმინო, ქორი) — მონადირე დამჭერ ფრინველთა ზოგადი სახელი. განეკუთვნება მთის არწივი, სონღული, გავაზი, შავარდენი, ქორი, მიმინო და ნაწილობრივ მარჯანი. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მთის არწივით (ბერკუტი) ნადირობენ მელაზე, კურდღელზე, ზოგჯერ მელაზე; ქორით — იხვზე, ბატზე, ხოხობზე, გნოლზე; თურქმენეთში გავაზი სანადიროდ შემოდგომასა და ზამთარში გაჰყავთ. ბაზს იჭერენ ბადით, ხაფანგით ანდა ნახევრადშებუმბვლილი ბარტყი ამოჰყავთ ბუდიდან, შებუმბვლის შემდეგ მართვეს წვრთნიან ნადირ-ფრინველზე სანადიროდ, ზრდასრულს კი აჩვევენ ადამიანს და გარემო პირობებს. ბაზს კვებავენ ხორცით. სათანადო მოვლით მთის არწივს სანადიროდ იყენებენ 20 წლის ასაკამდე, გავაზსა და ქორს 5-7 წლამდე.
ბაზით ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ქორით ნადირობდნენ ხოხობსა და ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე, მიმინოთი — მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე ქორსა და მიმინოს ახლაც წვრთნიან (მართავენ). ბაზს იჭერენ სამკუთხედი ფორმის ჩიტბადით გორაკზე (საირაო), სადაც შემოდგომაზე თავს იყრიან გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ქ. ოზურგეთში სექტემბრის თვეში დაწესებული იყო ბაზიერის დღე. 1969 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ტარდებოდა გამოფენა-შეჯიბრი, სადაც შეფასება ეძლეოდა ბაზის გარეგნობასა და გაწვრთილობას. დასავლეთ საქართველოში მიმინოთი მწყერზე ნადირობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 144.