ახალციხის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ახალციხის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ახალციხის რაიონში. მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო სანადირო სავარგული 44 000 ჰექტარის ფართობით. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ასპინძისა და ბორჯომის რაიონები, დასავლეთით — ადიგენის რაიონი, ჩრდილოეთით — მაიაკოვსკისა და ორჯონიკიძის რაიონები, სამხრეთით — თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული რაიონის რელიეფი ძირითადად მთაგორიანია და ნაწილობრივ სუბალპურ ზონასაც შეიცავს. მის ტყეებში, რომელთა დიდი რაოდენობა მიწერილ სანადირო მეურნეობად იყო გამოცხადებული, ბინადრობდნენ ფაუნის ძვირფასი წარმომადგენლები — ირემი და შველი.
ახალციხის რაიონის ფერდობებზე მრავლად იყო კაკაბი, ხოლო გნოლი, როჭო, შურთხი — მცირე რაოდენობით. გარდა ამისა, გვხვდებოდა კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, მგელი, მელა, გარეული კატა და ფოცხვერი.
ახალციხის რაიონში დიდი ყურადღება ექცეოდა სანადირო ფაუნის დაცვა-გამრავლების საქმეს. მაგალითად, ვარძიის მიდამოებში შექმნილი სანადირო მეურნეობა 5 000 ჰექტარ ფართობს მოიცავდა. აგებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი. მეურნეობის გარშემო გაკრული იყო სათანადო წარწერები, გაძლიერებული იყო დაცვა, ზამთრის პერიოდში გარეულ სანადირო ფრინველებს ხელოვნურ საკვებს აწვდიდნენ. ტარდებოდა სხვადასხვა სახის ბიოტექნიკური ღონისძიება, რომელიც სანადირო ფაუნის გამრავლების წინაპირობას წარმოადგენდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 181–182, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.