აფაქიძეები

ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი

აფაქიძეებითავადური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში.

აფაქიძეები
გერბი
პერიოდი Xll საუკუნიდან
ტიტული თავადი
ქვეშევრდომობა აფხაზეთის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო

გვარსახელი აფაქიძე (აფაქია, აფაქიანი) პირის სახელი „აფაქიდან“ უნდა იყოს ნაწარმოები. სახელი „აფაქ“ დადასტურებულია სვანეთის XII საუკუნის II ნახევრის საისტორიო ძეგლებში. ვახუშტის ნაშრომში „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ დაცულია ლეგენდარული გადმოცემა აფაქიძეების წარმომავლობის შესახებ: „...არაფხან იყო თათრის ჩანგის ყაენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთ და დაშთა აფხაზეთსა და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშთნენ ოდიშში დროს მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად მუნითგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებად“.

აფაქიძეთა ყველაზე ადრინდელი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელია ცოტნე ჩხაგუს ძე აფაქიძე, რომელიც მარუშიან და მიქალელ აფაქიძეებთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებშია მოხსენიებული (XI–XIII საუკუნეები). ამავე აღაპებში XIV საუკუნეში მოიხსენიებიან ჯავახ, ტაიბუღა და ჩარგაზ აფაქიძეები. 1432 წელს ერთ-ერთი აფაქიძე იმერეთის მეფის კარზე არის „ამირეჯიბი... ციხისთავი და ერისთავი... ციხე-ქალაქთა მოაბჯრე, მოლარეთუხუცესი და პურისა ხარჯის მომკრეფელი“. XV საუკუნეში, ეჯიბ აფაქიძის დროს, საგვარეულო სათავადოდ ჩამოყალიბდა. მათ ეკუთვნოდათ სოფლები სამეგრელოში: სააფაქიო ზანა, უშაფათი, ფოცხო, ეკი, საჩინო, ჯვარი, კუხეში, ნაგარუ, სააფაქიო ეწერი, მუჟავა, ფახულანი, წალენჯიხა და სხვ. აფაქიძეები ციხესიმაგრეებს ფლობდნენ მუჟავაში, ფახულანში, საჩინო-ჯვრის საზღვარზე, კუხეშში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ ოდიშის სამთავროში XVII საუკუნეში ლევან II დადიანის მთავრობის დროს. მათ ეკავათ სახლთუხუცესის (ქაიხოსრო აფაქიძე, 1611–16), ჭყონდიდელ-ეპისკოპოსის (ევდემონ აფაქიძე, 1616–44) და სხვა სახელოები. ამ მღვდელმთავარმა 1644 წელს მოაჭედვინა და შეამკო მარტვილის ხატი. ასევე მოაჭედვინა და მარტვილის მონასტერს შესწირა სახარება. ევდემონი გამოსახულია მარტვილის ტაძრის კედელზე, სამხრეთ კარის მარჯვენა მხარეს წარწერით: „მამა ჭყონდიდელი ევდემონ აფაქიძე“.

შემდგომ წარჩინებულთა შორის ცნობილია: ბუჯუ აფაქიძე (1696–1706), ლეჩხუმის საირმის „უდაბნოს“ არქიმანდრიტი ლაზარე აფაქიძე (1780), როსტომ აფაქიძე (1805), ვახუ აფაქიძე (1827), მამუკა აფაქიძე (1833), ბეჟან აფაქიძე — ოდიშის მთავრის წარმომადგენელი „თბილისში და კასპიის მხარეში“ (1840–53), ვარადებელ აფაქიძე — ზუგდიდის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი („მარშალი“, 1909), იასონ აფაქიძე — ქ. ტობოლსკის ვიცე-გუბერნატორი (1902–06), კავკასიაში მეფისნაცვლის კანცელარიის საგანგებო ნაწილის სასამართლოს განყოფილების საქმეთა მმართველი (1916–17).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 3, თბ., 1990;
  • სოსელია, ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.;
  • კოროტკოვა, ვ., „აფაქიძეები“ / საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია. ტ. 1, აბაათა-ბურნაშეთი / მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე. თბილისი : საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი, 2015.