არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (მალტა)
არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of Archaeology, მალტ. Il-Mużew Nazzjonali tal-Arkeoloġija) — ეროვნული მუზეუმი ვალეტაში, მალტა. მუზეუმი მოიცავს პრეისტორიისა და ფინიკიის პერიოდის ნიმუშებს, ასევე მონეტების დიდ კოლექციას. დაწესებულებას ხელმძღვანელობს მალტის მემკვიდრეობა.
არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
მალტ. Mużew Nazzjonali tal-Arkeoloġija | |
35°53′51″ ჩ. გ. 14°20′40″ ა. გ. / 35.89750° ჩ. გ. 14.344583° ა. გ. | |
დაარსდა | 1958 წლის იანვარი |
ქვეყანა | მალტა |
მდებარეობა | ვალეტა |
კლასიფიკაცია | არქეოლოგიის მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | heritagemalta.org |
ისტორია
რედაქტირებანაგებობა ობერჟ დე პროვენსი, როგორც ეროვნული მუზეუმი გაიხსნა 1958 წელს, აგათა ბარბარას, განათლების მინისტრის მიერ. მუზეუმი თავდაპირველად მოიცავდა არქეოლოგიურ კოლექციას პირველ სართულზე, მეორე სართულზე კი სახვითი ხელოვნების განყოფილება იყო განთავსებული. მუზეუმის პირველი კურატორი იყო კაპიტანი ჩარლზ ზამიტი, გამოჩენილი მალტელი არქეოლოგის, სერ თემისტოკლე ზამიტის ვაჟი.
1974 წელს, სახვითი ხელოვნების კოლექცია მალტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში (MUŻA) გადაიტანეს, რომელიც ადმინისტრაციის სახლში, სამხრეთის ქუჩაზე, ვალეტაში მდებარეობდა. ამის შემდეგ ეროვნულ მუზეუმს სახელი გადაერქვა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი გახდა.[1]
მუზეუმი განახლდა 1998 წელს. არტეფაქტები მოთავსებულია მუდმივი ტემპერატურის მქონე ვიტრინებში, ისე რომ გამოფენა ამჟამინდელ კონსერვატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.[2]
ნაგებობა
რედაქტირებაობერჟ დე პროვენსი არის ბაროკოს არქიტექტურის ნიმუში რესპუბლიკის ქუჩაზე, ვალეტაში. ნაგებობა წმ. იოანე ნათლისმცემელის ორდენისათვის ააშენეს 1571 წელს. იგი დაპროექტებულია მალტელი არქიტექტორის, ჯიროლამო კასარის მიერ, რომელმაც ასევე დააპროექტა ვალეტის სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები. ნაგებობა არსებობის მანძილზე რამდენჯერმე განახლდა. მათ შორის ნაგებობის ფასადს ფართო რეკონსტრუქცია XVII საუკუნეში დასაწყისში ჩაუტარდა, პირველ სართულზე მდებარე მაღაზიების ინტეგრირების მიზნით. ჰოსპიტალიერები ნაგებობას საქმიანი დისკუსიებისთვის, ასევე სატრაპეზოდ და სადღესასწაულოდ იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონ ბონაპარტმა მალტიდან 1798 წელს რაინდები გააძევა, ობერჟი მალტის საკავშირო კლუბად გადაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა 2002 წლამდე იჯარით მალტის საკავშირო კლუბს ეკუთვნოდა, 1955 წლის 12 აგვისტოს შენობაში მალტის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი მაინც განთავსდა.
კოლექციები
რედაქტირებამუზეუმის ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებულია მალტის კუნძულების პრეისტორიული არტეფაქტები, კონკრეტულად გჰარ დალამის პერიოდიდან (ძვ. წ. 5200). კუნძულზე უძველესი დასახლება ტარხიენის პერიოდში (ძვ. წ. 2500) შეინიშნება.
ადრეული ნეოლითის პერიოდის ოთახი (ძვ.წ. 5200–3800)
რედაქტირებაადრეული ნეოლითის პერიოდის დარბაში განთავსებულია ნეოლითის პერიოდის არტეფაქტები. მათ შორისაა: მოხატული ჭურჭელი გჰარ დალამის, ნაცრისფერი სკორბის, წითელი სკორბისა და ჟებიჯის პერიოდებიდან (ფაზები).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი სკორბას ფიგურები, ადამიანის ადგილობრივი გამოსახულებები და ადრეული ტაძრის პერიოდის ქანდაკებები.[1]
გამოფენაზე წარმოდგენილია კლდეში ნაკვეთი სამარხების რეკონსტრუქცია, რომელიც ადრეული ნეოლითის პერიოდით თარიღდება. კლდეში ნაკვეთი სამარხები აღმოჩენილია ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ჰალ-საფლიენი და ხაღჰრა.[3] მუზეუმში ორივე აღნიშნული არქეოლოგიური ობიექტის ფოტოა განთავსებული.[1]
ტაძრის პერიოდის ოთახი (ძვ.წ. 3800–2500)
რედაქტირებაამ ოთახებში ნაჩვენებია არქიტექტურის ნიმუშები და სხვა ნივთები, რომლებიც მალტის პრეისტორიის მჯარის, ჯგანტიას, საფლიენისა და ტარხიენის პერიოდით თარიღდება. ამ დროს აშენებული ტაძრები ითვლება მსოფლიოში პირველ თავისუფალ ძეგლებად და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაშია შეტანილი.[2]
ბრინჯაოს ხანის ოთახი (ძვ.წ. 2400–700)
რედაქტირებაბრინჯაოს ხანის დარბაზში ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას იმ კულტურისა და რიტუალების შესახებ, რომლებიც ეკუთვნოდა იმ ხალხს, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2 400 წელს დასახლდა მალტის კუნძულებზე.
ბრინჯაოს ხანაში, წინა კულტურისათვის დამახასიათებელი ძლიერად გაფორმებული ტაძრები გამაგრებულმა ნაგებობებმა ჩაანაცვლა, რომლებიც თავდაცვის მიზნით კლდიან ადგილებზე იყვნენ აშენებული. მალტის კუნძულებზე ლითონების საბადოები არ არსებობს. სწორედ ამიტომ ისეთი ნივთების დასამზადებლად, როგორებიცაა სპილენძისა და ბრინჯაოს დანა და ცულის თავი საჭირო იყო მასალის იმპორტი.
ბრინჯაოს ხანაში აღსანიშნავია სხეულის წარმოდგენის ახალი უაღრესად სტილიზებული ფორმა, რომელიც ტაძრის პერიოდისაგან მკვეთრად განსხვავდება.[4]
ფინიკიური დარბაზი
რედაქტირებაფინიკიური დარბაზის კოლექცია მოიცავს ჭურჭელს, ძვირფასეულობასა და შუშის ნაკეთობებს, რომლებსაც ფინიკიელები ამზადებდნენ. ამ დარბაზში დაცულ მნიშვნელოვან არტეფაქტებს შორისაა: მდინა სტელის წარწერები, ასევე ოქროსაგან დამზადებული თილისმები ჰოროსისა და ანუბისის გამოსახულებებით. ორივე თილისმა სამარხებშია აღმოჩენილი და ფინიკიურ რწმენებსა და რიტუალებში ძველ ეგვიპტურ გავლენას მოწმობს.[5]
ეროვნული ნუმიზმატიკის კოლექცია
რედაქტირებამუზეუმის ზედა სართულზე განთავსებულია ეროვნული ნუმიზმატიკური კოლექცია. მუზეუმს კოლექცია პროფესორმა სალვატორე ლუიჯი პისანიმ (1828-1908) უანდერძა 1899 წელს. ამის შემდეგ მუზეუმის კოლექცია თანდათან იზრდება და დღესდღეობით 16 000-მდე მონეტასა და მედალიონს მოიცავს.
მონეტები მალტის კუნძულებზე სხვადასხვა ერების მმართველობას მოწმობს. მონეტები თარიღდება: პუნების, რომის იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის, ხალიფატის, ნორმანების, არაგონის, ჰოსპიტალიერებისა და ბრიტანეთის იმპერიის პერიოდით. არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმის აღნიშნული კოლექცია ჰოსპიტალიერების მონეტების ყველაზე სრულყოფილ კოლექციად ითვლება, რომელიც ასევე მოცავს იშვიათ ნიმუშებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Heritage Malta Brochure, The National Museum of Archaeology: a brief guide, Midsea Books Ltd.
- ↑ 2.0 2.1 Sultana, Sharon (2006) The National Museum of Archaeology. Santa Venera: Heritage Books (subsidiary of Midsea Books Ltd). ISBN 9993270768.
- ↑ Trump, D. (2002), Malta Prehistory and Temples, Midsea Books Ltd.
- ↑ Trump, David H. (2020). Malta’s Prehistoric Treasures. Heritage Malta.
- ↑ Bonanno, A (2005). Malta: Phoenician, Punic and Roman (Malta's Living Heritage). Midsea Books.