არბაჩხანის მთავარანგელოზის სალოცავი
არბაჩხანის მთავარანგელოზის სალოცავი, თამარის ნიში — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი არბაჩხანის განაპირას ჭალაში, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. 1987 წელს გაითხარა მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციით.
გათხრებისას გამოვლენილი ნაცრის სქელი ფენა, სიმხურვალისგან გაწითლებული და დახეთქილი კედლები ადასტურებს, რომ სამლოცველო საგანგებოდ ხანძრით არის განადგურებული.
აღწერა
რედაქტირებანაგებობა გეგმით კვადრატთან მიახლოებული სწოკუთხედია. ნაგებია მოზრდილი ზომის კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია. კედლები 1 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაშია. შიგნით, აღმოსავლეთ კუთხეებში, ქვით ნაშენი თითო მართკუთხა ტრაპეზი დგას. ჩრდილოეთ კუთხესთან მდგარი ტრაპეზიდან 0,5 მეტრის სიმაღლეზე, მცირე კვადრატული ნიშია. აღმოსავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაბალი საფეხური. იატაკი მიწატკეპნილია, მოფენილი ქვის თხელი ფილებით. გათხრებისას აღმოჩენილია სამლოცველოს ფიქლის სახურების ნაწილები. ინტერიერში გამოვლინდა დამწვარ-დანაცრებული 0,5 მეტრი სისქის ფენა, რომელიც შეიცავდა მოუჭიქავი უხეში კერამიკის ფრაგმენტებს და ოსტეოლოგიურ მასალას.
ნაგებობას გარს ევლება თითქმის კვადრატული მოხაზულობის დაბალი გალავანი, რომელსაც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კუთხეები მომრგვალებული აქვს. გალავანის წყობა ორპირია. გამოყენებულია შვეულად დაყენებული კლდის დიდი ლოდები, შუაში შევსებული წვრილი ქვითა და მიწით. ერთადერთი შესასვლელი გალავნის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. ნანგრევებში აღმოჩნდა შარიმის რამდენიმე კვადრატი და მარტივპროფილიანი ლავგარდნის ორი ქვა.
გარედან, გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე, მიშენებულია ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები, სწორკუთხა გეგმის სადგომი. მინაშენი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მთელ სიგანეზე გახსნილია. თხრისას დადასტურდა 20-30 სანტიმეტრი სისქის ნაცრიანი ფენა. აღმოჩნდა თიხის ხელადის, ქოთნის, ქილის, ქვევრის ნატეხები, დამახასიათებელი XIV-XV საუკუნეებისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 218.