ანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში (პორტ. António Manuel de Oliveira Guterres; დ. 30 აპრილი 1949, ლისაბონი) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 2017 წლის 1 იანვრიდან გაეროს რიგით მეცხრე გენერალური მდივანი. 1992-2002 წლებში პორტუგალიის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი. 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი. 2001 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოციალისტების სერიოზული მარცხის შემდგომ გუტერეშმა თანამდებობა დატოვა.
ანტონიუ გუტერეში | |
გაეროს გენერალური მდივანი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 იანვარი, 2017 |
წინამორბედი | პან გი მუნი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ოქტომბერი, 1995 – 6 აპრილი, 2002 | |
პრეზიდენტი | მარიუ სუარიში, ჟორჟი სამპაიუ |
წინამორბედი | ანიბალ კავაკუ სილვა |
მემკვიდრე | ჟოზე მანუელ ბაროზუ |
დაბადებული | 30 აპრილი, 1949 ლისაბონი, პორტუგალია |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია |
მეუღლე | ლუისა გიმარაეშ ე მელო (1972-1998) კატარინა ვას პინტუ (2001-დღემდე) |
შვილები | პედრო, მარიანა |
განათლება | ლისაბონის უნივერსიტეტი |
რელიგია | კათოლიციზმი |
1999-2002 წლებში სოცინტერნის თავმჯდომარე. 2005 წლიდან 2015 წლამდე გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში.[1] 2016 წლის 7 აპრილიდან პოტუგალიის სახელმწიფო მრჩეველი. 2016 წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადეს გამარჯვებულად გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებში.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონიუ გუტერეში დაიბადა 1949 წლის 30 აპრილს, ლისაბონში, პორტუგალია. 1971 წელს დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტის უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტი, სადაც იგი სწავლობდა ფიზიკასა და ელექტრულ ინჟინერიას. მისი სტუდენტობის პერიოდი ხასიათდებოდა ანტონიო დი ოლივერა სალაზარის დიქტატორული რეჟიმის შესუსტებით, გუტერეში კი იყო აქტიური მონაწილე საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც სალაზარის მემკვიდრის მარსელუ კაეტანუს წინააღმდეგ იყო მიმართული. 1974 წელს პორტუგალიაში განხორციელდა უსისხლო სამხედრო გადატრიალება, რომელიც „მიხაკების რევოლუციის“ სახელწოდებითაა ცნობილი. სწავლის დასრულების შემდგომ გუტერეშმა აკადემიური კარიერა განაგრძო და მუშაობდა ასისტენტ-პროფესორად, მაგრამ როგორც კი პორტუგალიაში დემოკრატიული ტრანზიცია დაიწყო, იგი უფრო აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.[3]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1974 წელს პორტუგალიაში განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ — „მიხაკების რევოლუცია“, ქვეყანაში აღადგინა დემოკრატია. რევოლუციის შემდგომ, 1974 წელსვე ანტონიუ გუტერეში შეუერთდა სოციალისტურ პარტიას. 1976 წელს იგი აირჩიეს პორტუგალიის პარლამენტის წევრად, სადაც იგი მსახურობდა 17 წლის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის მანძილზე გუტერეში ხელმძღვანელობდა ეკონომიკის, ფინანსებისა და დაგეგმარების საპარლამენტო კომიტეტს, მოგვიანებით ტერიტორიული ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების და გარემოს კომიტეტს. 1981 წლიდან 1983 წლამდე გუტერეში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ამავე პერიოდში იგი აირჩიეს დემოგრაფიის, მიგრაციისა და ლტოლვილების კომიტეტის ხელმძღვანელად.[4]
1992 წელს ანტონიუ გუტერეში გახდა სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი,[5] საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტების მესამე თანმიმდევრული მარცხის შემდეგ (1985 წელი, 1987 წელი და 1991 წელი).[6] 1995 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტების გამარჯვების შემდეგ, 1995 წლიდან 2002 წლამდე გუტერეში იკავებდა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. მის ძირითად პოლიტიკური მიზნებსა და პრიორიტეტებს წარმოადგენდა განათლება, სოციალური კეთილდღეობა და ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია.[7]
მმართველობის პერიოდში გუტერეში ზედამხედველობას უწევდა პორტუგალიაში ევროს ოფიციალურ ვალუტად დამკვიდრების პროცესს. გუტერეშმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პორტუგალიის ყოფილი კოლონიის, აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, რომელიც ოკუპირებული იყო ინდონეზიის მიერ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რანგში, იგი ხელმძღვანელობდა „ლისაბონის დღის წესრიგის“ მიღებას (10 წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას) და ასევე იყო თანათავმჯდომარე პირველი ევროკავშირი-აფრიკის სამიტისა. მისი პრემიერობის დროს პორტუგალიამ წარმატებიით დაამკვიდრა ევრო ოფიციალურ ვალუტად, რასაც თან ახლდა ეკონომიკური ექსპანსია, რომელმაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ლისაბონში გამართულ მსოფლიო გამოფენა ექსპო 98-ში.[8]
ანტონიუ გუტერეშის მოლაპარაკების უნარები პირველად შესამჩნევი გახდა 1995 წელს, როდესაც იგი აირჩიეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრად. 2001 წლის დეკემბერში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჟოზე მანუელ ბაროზოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დამარცხების შემდეგ, გუტერეში თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზანი იყო პორტუგალია არ ჩაძირულიყო პოლიტიკურ ჭაობში.
გუტერში მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო სოციალისტურ ინტერნაციონალში, მსოფლიო მასშტაბის სოციალურ-დემოკრატიული პარტიების ორგანიზაციაში, პირველად როგორც ვიცე პრეზიდენტი 1992-1999 წლებში, შემდგომ კი როგორც პრეზიდენტი 1999 წლიდან 2005 წლის შუა პერიოდამდე. ამასთანავე, მან დააფუძნა პორტუგალიის ლტოვლითა საბჭო, ისევე როგორც პორტუგალიის მომხმარებელთა ასოციაცია DECO. ადრეულ 1970-იან წლებში იგი ასევე იყო ორგანიზაციის „Centro de Acção Social Universitário“ პრეზიდენტი, რომელიც ახორციელებდა სოციალური განვითარების პროექტებს ლისაბონის ღარიბ უბნებში.[9]
დიპლომატიური კარიერა
რედაქტირებაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი
რედაქტირება2005 წლიდან 2015 წლამდე ანტონიუ გუტერეში იკავებდა გაეროს ლტოლვილეთა უმაღლესი კომისარის თანამდებობას. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით გატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ძირითადი სტრუქტურული რეფორმა, ჟენევის შტაბ-ბინაში შემცირდა დასაქმებული პერონალის რაოდენობა და დანახარჯები, შედეგად გაიზარდა გაეროს ეფექტურობა და საგანგებო მდგომარეობებზე პასუხების შესაძლებლობა. მსგავსი ნაბიჯები საჭირო იყო, რადგან აღნიშნულ პერიოდში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული კონფლიქტები წარმოშობდა იძულებით გადაადგილებულ მოსახლოებას.[10][11] ანტონიუ გუტერეში მოლაპარაკებებზე გამუდებით იწვევდა დასავლეთის სახელმწიფოებს, რათა მათ უფრო მეტი დახმარება გამოეყოთ მსოფლიოს ლტოლვილებისათვის, რომლებიც კონფლიქტების გამო იძულებით ტოვებდნენ საკუთარ სახლებს.
გუტერეშის მმართველობის დროს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მოქმედებები გასამმაგდა, რაც გამოწვეული იყო როგორც ახალი ბიუჯეტის შედგენით, ისე კონფლიქტებისა და დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების გაზრდილი რაოდენობით. გუტერეშის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ხასიათდება გადაადგილების უდიდესი კრიზისებით, განსაკუთრებით სირიისა და ერაყის კონფლიქტების შედეგად, ასევე კრიზისებით სამხრეთ სუდანში, ცნეტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და იემენში. იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობა 2005 წელს 38 მილიონი იყო, 2015 წლისათვის კი მათი რიცხვი 60 მილიონამდე გაიზარდა.
ანტონიუ გუტერეშის სახელს უკავშირდება ანჯელინა ჯოლის უმაღლესი კომისრის სპეციალურ დესპანად დანიშვნა, რითაც გაიზარდა მსახიობის როლი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში. ანჯელინას მოვალეობას წარმოადგენდა ფარტომასშტაბიან კრიზისებზე ფოკუსირება, რომლებიც ხალხის მასობრივ გადაადგილებებს იწვევდა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გუტერეშის წარმოჩენა დიპლომატიურ დონეზე. გუტერეშის მოსაზრებით, ჯოლის მიერ აღნიშნული საქმიანობაზე თანხმობა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა გლობალური გადაადგილებების კრიტიკულ პერიოდში.[12]
გაეროს გენერალური მდივანი
რედაქტირება2016 წლის 13 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩია.[13] გუტერეშმა შეცვალა სამხრეთ კორეელი პან გი მუნი, რომელიც ორჯერ იყო არჩეული გენერალური მდივნის თანამდებობაზე. თავად პან გი მუნმა რომში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მის მემკვიდრედ გუტერეშის კანდიდატურა „საუკეთესო არჩევანი“ იყო.
გაეროს უშიშროების საბჭომ გუტერეში 13 კანდიდატიდან შეარჩია, რომელთა შორის 7 ქალი იყო.[14][15] ბევრს სწამდა, რომ უშიშროების საბჭო ახალ ისტორიას შექმნიდა პირველი ქალი გენერალური მდივნის დასახელებით, თუმცა მიუხედავად ამისა, გუტერეში იყო აშკარა ლიდერი. შერჩვის პროცესი 10 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოო ხმის მიცემის პროცესში კი უშიშროების საბჭომ მიაღწია იშვიათ კონსენსუსს: 13 ხმა გუტერეშის სასარგებლოდ, 2 წევრმა თავი შეიკავა და არც ერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი. გუტერეშის არჩევა წარმოადგენდა გაეროს ისტორიული პროცესების კულმინაციას, რადგან როგორც წესი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა ტრადიციულად დახურულ კარებებს მიღმა, გავლენიანი ქვეყნების მცირე ჯგუფის მიერ წყდებოდა. ამჯერად კი პირველად ისტორიაში, არჩევანის პროცესს თან ახლდა სახალხო დისკუსიები, სადაც თითოეული კანდიდატი მეტოქეობას უწევდა დანარჩენებს გენერალური მდივნის პოზიციის დასაკავებლად.
2016 წლის 12 დეკემბერს ანტონიუ გუტერეშმა წარმოთქვა თანამდებობრივი ფიცი, რის შედეგაც გახდა გაერთიანებული ერების ისტორიაში რიგით მეცხრე გენერალური მდივანი. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად დაიწყო 2017 წლის 1 იანვარს. გუტერეში მოწმე გახდა დედამიწის ყველაზე მოწყვლადი ადამინების ტანჯვისა ლტოლვილთა ბანაკებსა და ომის ზონებში. მან მიზნად დაისახა ადამინის ღირსება გამხდარიყო მისი საქმიანობის ბირთვი და ემსახურა მშვიდობის აგენტად, ხიდების აღმშენებლად და რეფორმებისა და ინოვაციების ხელმშემწყობად.
ფიცის დადების ცერემონიალზე მან ასევე პირობა დადო, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნებოდა მშვიდობის დამყარებისკენ. განაცხადა, რომ გაეროს ცენტრალური საქმიანობა იქნებოდა განვითარებისაკენ სწრაფვა, რის შედეგადაც გაერო შეძლებდა ეფექტურად შეხვედროდა იმ უთვალავ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იდგა:
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საჭიროა იყოს მოქნილი, ქმედითი და ეფექტური. ის უნდა ფოკუსირდეს მიწოდებაზე და ნაკლებად პროცესზე; უფრო მეტად ადამიანებზე და ნაკლებად ბიუროკრატიაზე.“
|
ანტონიუ გუტერეშმა ხაზგასმით გამოყო ორგანიზაციის სამი სტრატეგიული პრიორიტეტი: მშვიდობის საკითხებზე მუშაობა; მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შიდა მმართველობის რეფორმირება.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1972 წელს გუტერეში დაქორწინდა ბავშვთა ფსიქიატრ ლუისა ამელია გიმარაეშ ე მელოზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი პედრო (1977 წ.) და მარიანა (1985 წ.). მისი მეუღლე გარდაიცვალა სიმსივნით ლონდონში 1998 წელს 51 წლის ასაკში.[5][16][17]
2001 წელს დაქორწინდა კატალინა მარკეს დე ალმეიდა ვაზ პინტუზე.[18][19]
მშობლიური პორტუგალიურის გარდა ფლობს ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.[20]
გუტერეში კათოლიკეა.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ New UN chief Guterres pledges to make 2017 'a year for peace'. UN News Centre. United Nations (1 January 2017). ციტირების თარიღი: 2 January 2017
- ↑ David Santiago. (5 октября 2016) António Guterres é o novo secretário-geral da ONU. Negócios. ციტირების თარიღი: 2016-10-06.
- ↑ SAPO. António Guterres: católico, socialista e político por acréscimo - Atualidade - SAPO 24 pt. sapo.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Hoge, Warren (25 May 2005). „Former Portuguese Premier Chosen to Lead U.N. Refugee Agency“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2018. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
- ↑ 5.0 5.1 Who is Antonio Guterres? Meet the UN's next secretary-general. BBC (6 October 2016). ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Costa Lobo, Marina; Magalhães, Pedro C. (2001). „The Portuguese Socialists and the Third Way“ (PDF). European Consortium for Political Research. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 8 November 2016. ციტირების თარიღი: 7 November 2016. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „António Guterres | Biography“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 November 2018. ციტირების თარიღი: 20 November 2018.
- ↑ Wise, Peter (6 October 2016). „5 things to know: Portuguese who said no to EU but yes to UN“. Financial Times. London, England: Nikkei, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2017. ციტირების თარიღი: 18 October 2016.
- ↑ SI Presidium thanks António Guterres and sets in motion procedure to elect new President. socialistinternational.org. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Refugees, United Nations High Commissioner for. António Guterres (Portugal): 2005-2015. unhcr.org. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Who is Antonio Guterres? Meet the UN's next secretary-general დაარქივებული 30 May 2018 საიტზე Wayback Machine. BBC News, 6 October 2016.
- ↑ Angelina Jolie appointed as Special Envoy of High Commissioner Guterres დაარქივებული 4 May 2018 საიტზე Wayback Machine. UNHCR, press release of 17 April 2012.
- ↑ UN News - António Guterres appointed next UN Secretary-General by acclamation. United Nations Centre (13 October 2016). ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ „Portugal's Antonio Guterres set to be UN secretary general“. BBC. 5 October 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2016. ციტირების თარიღი: 5 October 2016.
- ↑ António Guterres to be next UN secretary general. The Guardian (5 October 2016). ციტირების თარიღი: 5 October 2016
- ↑ Portuguese honor Guterres. ციტირების თარიღი: 10 May 2017
- ↑ 17.0 17.1 Hume, Tim. Portugal's Antonio Guterres poised to become next UN secretary-general. cnn.com. ციტირების თარიღი: 13 March 2018
- ↑ Catarina Vaz Pinto - UNESCO - World Forum On Culture and Cultural Industries - Florence 2 - 4 October 2014. focus2014.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ teixeira, patricia. Catarina Vaz Pinto. artemrede.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Portugal's Guterres poised to be next UN secretary-general. sbs.com.au. ციტირების თარიღი: 15 October 2016