ანტონიო გრამში
ანტონიო გრამში (იტალ. Antonio Gramsci; დ. 22 იანვარი, 1891, ალესი, იტალიის სამეფო — გ. 27 აპრილი, 1937, რომი, იტალიის სამეფო) — იტალიელი მარქსისტი ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, ენათმეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი. წერდა ფილოსოფიაზე, პოლიტიკურ თეორიაზე, სოციოლოგიაზე, ისტორიასა და ენათმეცნიერებაზე. იტალიის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი წევრი და ლიდერი, რომელიც ბენიტო მუსოლინის ფაშისტურმა რეჟიმმა ციხეში ჩასვა.
ანტონიო გრამში | |
---|---|
იტალ. Antonio Gramsci | |
დაბადების თარიღი | 22 იანვარი, 1891[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ალესი[2] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 27 აპრილი, 1937[7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [2] [3] [4] [5] (46 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი[7] [2] [5] |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
განათლება | ტურინის უნივერსიტეტი[5] და Lc G.M.Dettori-Cagliari[5] |
მეუღლე/ები | იულია შუხტი[5] |
ჯილდოები | ვიარეჯოს პრემია |
პატიმრობის დროს გრამშიმ დაწერა 30-ზე მეტი რვეული და 3000 გვერდი. „საპყრობილის ჩანაწერებით“ (Lettere dal carcere) მან ძალზე მიშვნელოვანი და ორიგინალური წვლილი შეიტანა XX საუკუნის პოლიტიკურ თეორიაში. ის არის „კულტურული ჰეგემონიის“, „მოლეკულური ომის“, „პასიური რევოლუციის“ და სხვა ცნებების ავტორი.
გრამშის შეხედულებები სხვადასხვა წყაროს ემყარებოდა და არა მხოლოდ მარქსისტებს, მათ შორის ისეთ მოაზროვნეებს, როგორიცაა ნიკოლო მაკიაველი, ვილფრედო პარეტო, ჟორჟ სორელი და ბენედეტო კროჩე. მისი ნაწერები მოიცავს ფართო სპექტრის თემებს, მათ შორის იტალიის ისტორიასა და ნაციონალიზმს, საფრანგეთის რევოლუციას, ფაშიზმს, ტეილორიზმს და ფორდიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას, ფოლკლორს, რელიგიას, მაღალი და პოპულარული კულტურის სფეროებს.
გრამში ცნობილია კულტურული ჰეგემონიის თეორიით, სადაც ის აღწერს, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო და მმართველი კაპიტალისტური კლასი — ბურჟუაზია — კულტურულ ინსტიტუტებს კაპიტალისტურ საზოგადოებაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კულტურულ ჰეგემონიას ამყარებს დომინანტური კლასი იმ ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან ზედნაშენს.
გრამში ცდილობდა თავი დაეღწია ტრადიციული მარქსისტული აზროვნების ეკონომიკური დეტერმინიზმისგან. ზოგჯერ ამას აღწერენ, როგორც ნეომარქსისტულს. გრამშის ჰქონდა მარქსიზმის ჰუმანისტური გაგება, ხედავდა მას, როგორც „პრაქსისის ფილოსოფიას“ და „აბსოლუტურ ისტორიციზმს“, რომელიც სცილდება ტრადიციულ მატერიალიზმსა და ტრადიციულ იდეალიზმს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგრამში დაიბადა ალესში, კუნძულ სარდინიაზე, ორისტანოს პროვინციაში, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში. იყო ფრანჩესკო გრამშის (1860–1937) და ჯუზეპინა მარკიას (1861–1932) შვიდი შვილიდან მეოთხე. მისი ახალგაზრდობა, სიღარიბით და ჯანმრთელობის პრობლემებით იყო სავსე. მამა, დაბალი რანგის ჩინოვნიკი, დაიბადა შეძლებულ ოჯახში, დაბა გაეტაში, ლატინის პროვინციაში (შუა იტალიის რეგიონში, ლაციო). თვითონ ანტონიოს აზრით, მამის ოჯახმა ალბანეთი ჯერ კიდევ 1821 წელს დატოვა. მამის ოჯახის ალბანური წარმოშობაზე მიანიშნებს პატარა ქალაქის სახელი ალბანეთში — გრამში. ანტონიო გრამშის დედა სარდინიელი მემამულეების ოჯახიდან იყო, სორგონოდან (ნუოროს პროვინცია). უფროსი გრამშის ფინანსურმა სირთულეებმა და პოლიციასთან პრობლემებმა, ოჯახი აიძულა გადასახლებულიყვნენ და სოფლიდან სოფელში ევლოთ სარდინიაში, სანამ ისინი საბოლოოდ დამკვიდრდებოდნენ გილარცაში.
1898 წელს ფრანჩესკო გაფლანგვისთვის გაასამართლეს და დააპატიმრეს, რამაც ოჯახი უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა. ახალგაზრდა ანტონიომ მიატოვა სკოლა და მას მამას გაათავისუფლებამდე (1904 წლამდე) სხვადასხვა სამუშაოს შესრულება უწევდა. ბავშვობაში გრამშის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ხერხემლის არეში, რამაც შეაჩერა მისი ზრდა (ზრდასრული გრამშის სიმაღლე 5 ფუტზე ნაკლები იყო) და მოხრილი დატოვა. გავრცელებული აზრით, მისი მდგომარეობა ბავშვობაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, იგი ძიძას გაუვარდა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, მიზეზი იყო პოტის დაავადება, ტუბერკულოზის ფორმა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაცია. მთელი ცხოვრების განმავლობაში გრამშის სხვადასხვა შინაგანი დარღვევა აწუხებდა.
გრამშიმ საშუალო სკოლა დაამთავრა კალიარიში, სადაც იგი თავის უფროს ძმასთან ჯენაროსთან, ყოფილ ჯარისკაცთან ერთად დასახლდა, მისი ხედვები სწორედ მან განაპირობა — სოციალისტ–აქტივისტმა და იტალიის სოციალური პარტიის წევრმა. იმ დროს ჯერ კიდევ გრამშის არ ჰქონდა განსაკუთრებული სიმპათია სოციალიზმის მიმართ. იგი ღარიბი სარდინიელი გლეხებისა და მაღაროელთა უკმაყოფილების მომსწრე გადახდა, რომლებმაც თავი უგულებელყოფილებად აღიქვეს ინდუსტრიულად სწრაფად განვითარებად ჩრდილოეთთან შედარებით. მათი სარდინიული ნაციონალიზმი სასტიკად ჩაახშო იტალიის ჯარებმა.
ტურინი
რედაქტირება1911 წელს, გრამში, დეტორის ლიცეუმს ამთავრებს და ხდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელი, რომლის მეშვეობითაც ტურინის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. აქ იგი ინტერესდება ლინგვისტიკით, (რომელსაც მატეო ბარტოლი ასწავლიდა), ლიტერატურით, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებით. უნივერსიტეტში იგი დაუკავშირდა ანტონიო ლაბრიოლას, როდოლფო მონდოლფოს, ჯოვანი ჯენტილეს და, რაც მთავარია, ბენედეტო კროჩეს, შესაძლოა თავის დროზე ყველაზე პოპულარულ იტალიელ ინტელექტუალს. ეცნობა მათ ფილოსოფიურ ნაშრომებს, რის შედეგადაც ინტერესდება რადიკალური პოლიტიკით და კომუნისტური თეორიით. აქვე გაიცნო ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი პალმირო ტოლიატი.
ტურინში ინდუსტრიალიზაცია ვითარდებოდა. Fiat-ისა და Lancia-ს ქარხნებს მუშახელი ღარიბი რეგიონებიდან აჰყავდა. უკვე დაარსდა პროფკავშირები და წარმოიქმნა პირველი ინდუსტრიული სოციალური კონფლიქტები. გრამში ხშირად დადიოდა სოციალისტურ წრეებში, 1913 წლის ბოლო სგაწევრიანდა იტალიის სოციალისტურ პარტიაში, სადაც მოგვიანებით იგი იკავებს მთავარ თანამდებობას და ტურინიდან აკვირდება რუსეთის რევოლუციას. 1917 წლის დეკემბერში ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებით, იგი „ავანტიში“ აქვეყნებს პროვოკაციული სათაურით ტექსტს „რევოლუცია „კაპიტალის“ წინააღმდეგ.“
გრამშის ფინანსური პრობლემები ჰქონდა და არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს, რამაც, მზარდ პოლიტიკურ ვალდებულებასთან ერთად, განაპირობა ის, რომ მან 1915 წლის დასაწყისში, 24 წლის ასაკში მიატოვა უნივერსიტეტი, თუმცა ამ დროისთვის ფართო ცოდნა დააგროვა ისტორიასა და ფილოსოფიაში. 1914 წლის შემდეგ, ნაშრომებმა სოციალისტური გაზეთებისთვის, მათ შორის, Il Grido del Popolo (ხალხის ძახილი) გრამშის მოუპოვა ცნობილი ჟურნალისტის რეპუტაცია. 1916 წელს იგი გახდა სოციალისტური პარტიის ოფიციალური ორგანოს Avanti!-ს პიემონტის გამოცემის თანაავტორი. გრამში შესანიშნავი კომენტატორი აღმოჩნდა, რომელიც წერდა ტურინის სოციალური და პოლიტიკური მოვლენების ყველა ასპექტის შესახებ.
გრამში 1916 წლიდან განათლების მუშაკებთან საჯარო საუბრებს ატარებდა ისეთ თემებზე, როგორიცაა რომენ როლანი, საფრანგეთის რევოლუცია, პარიზის კომუნა და ქალთა ემანსიპაცია. 1917 წლის აგვისტოს რევოლუციური არეულობებისა და სოციალისტური პარტიის ლიდერების დაპატიმრების შემდეგ, გრამში გახდა ტურინის ერთ-ერთი წამყვანი სოციალისტი; აირჩიეს პარტიის დროებით კომიტეტში და ასევე Il Grido del Popolo-ს რედაქტორად.
1919 წლის აპრილში, გრამშიმ, ტოლიატისთან, ანჯელო ტასკასა და უმბერტო ტერაჩინისთან ერთად, დააარსა ყოველკვირეული გაზეთი L'Ordine Nuovo (ახალი წესრიგი). იმავე წლის ოქტომბერში, მიუხედავად სხვადასხვა მტრულ ფრაქციებად დაყოფისა, სოციალისტური პარტია დიდი უმრავლესობით შეუერთდა მესამე ინტერნაციონალს. ვლადიმერ ლენინმა L'Ordine Nuovo-ს ჯგუფი მიიჩნია იდეურად ბოლშევიკებთან ყველაზე ახლოს მდგომად და მხარი დაუჭირა ამადეო ბორდიგას ანტი-საპარლამენტო პროგრამის წინააღმდეგ.
პარტიის ტაქტიკური დებატების დროს, გრამშის ჯგუფი ძირითადად გამოირჩეოდა მშრომელთა საბჭოების მხარდაჭერით, რომლებიც ტურინში სპონტანურად იქმნებოდა 1919-1920 წლების დიდი გაფიცვების დროს. გრამშის ზრით, ეს საბჭოები სათანადო საშუალებას აძლევდა მუშებს, გაეკონტროლებინათ წარმოების ორგანიზება. ლენინის პოლიტიკასთან „მთელი ძალაუფლება საბჭოებს“) მათი შესატყვისობის მიუხედავად, ბორდიგამ გააკრიტიკა გრამშის პოზიცია იმის შესახებ, რომ იტალიის საბჭოები კომუნისტური იყო და არა მხოლოდ ბურჟუაზიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ორგანო და ის სინდიკალისტურ ღალატში დაადანაშაულა. 1920 წლის გაზაფხულზე, გრამში თითქმის ერთადაერთი იყო, ვინც საბჭოებს იცავდა.
იტალიის კომპარტიაში
რედაქტირებამუშათა საბჭოების მარცხმა, ნაციონალურ მოძრაობად ქცეულიყო, დაარწმუნა გრამში, რომ საჭირო იყო კომუნისტური პარტიის არსებობა ლენინური გაგებით. L'Ordine Nuovo-ს ჯგუფი გამოვიდა იტალიის სოციალისტური პარტიის ცენტრისტული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და საბოლოოდ დაუკავშირდა ბორდიგას ბევრად უფრო დიდ, „აბსტენდაციონისტ“ ჯგუფს. 1921 წლის 21 იანვარს, ქალაქ ლივორნოში დაარსდა იტალიის კომუნისტური პარტია. ბორდიგას საწინააღმდეგოდ, გრამშიმ მხარი დაუჭირა არდიტი დელ პოპოლოს, მებრძოლ ანტიფაშისტურ ჯგუფს, რომელიც იბრძოდა შავი პერანგების წინააღმდეგ. გრამშის შეეძლო, პარტიის ლიდერი მისი შექმნის დღიდანვე გამხდარიყო, მაგრამ ის ბორდიგას ექვემდებარებოდა.
1922 წელს გრამში გაემგზავრა რუსეთში, როგორც პარტიის წარმომადგენელი მესამე ინტერნაციონალის ყრილობაზე. აქ მან გაიცნო იულია შუხტი, ახალგაზრდა მევიოლინე, რომელზეც დაქორწინდა 1923 წელს და რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, დელიო (დაიბადა 1924 წ.) და ჯულიანო (დაიბადა 1926 წ.). გრამშის არასოდეს უნახავს მისი მეორე ვაჟი.
გრამშის მისია რუსეთში დაემთხვა ფაშიზმის შემოსვლას იტალიაში და გრამში დაბრუნდა მითითებებით, რომ ხელი შეეწყო მემარცხენე პარტიების გაერთიანებულ ფრონტისთვის ფაშიზმის წინააღმდეგ, სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობის სურვილის საწინააღმდეგოდ. მოსკოვი გააკონტროლებდა მემარცხენე ძალებს, რასაც არ ეთანხმებოდნენ პარტიის სხვა წევრები. სოციალისტებს გარკვეული ტრადიცია ჰქონდათ იტალიაში, ხოლო კომუნისტური პარტია შედარებით ახალგაზრდა და ძალიან რადიკალური იყო. ბევრის აზრით, საბოლოოდ, კოალიცია, რომელსაც კომუნისტები ხელმძღვანელობდნენ, ძალიან დისტანციური იქნებოდა პოლიტიკური დებატებისგან და ამით იზოლირების საფრთხე იქმნებოდა. იტალიის კომუნისტური პარტია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თავად ბენიტო მუსოლინიმ გამოაცხადა კანონგარეშე დაჯგუფებად.
1922 წლის ბოლოს და 1923 წლის დასაწყისში ბენიტო მუსოლინის მთავრობამ წამოიწყო რეპრესიების კამპანია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, დააპატიმრა სოციალისტების ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ბორდიგა. 1923 წლის ბოლოს გრამში მოსკოვიდან გაემგზავრა ვენაში, სადაც ცდილობდა გაეცოცხლებინა პარტია, რომელიც ფრაქციულმა დაპირისპირებამ ჩამოიშორა. გრამში ვენაში შეხვდა გეორგ ლუკაჩს, უნგრელ მარქსისტულ მოაზროვნეს, და სხვა მარქსისტ და კომუნისტ ინტელექტუალებსა და აქტივისტებს. 1924 წელს გრამში, რომელიც უკვე სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელი გახდა, ვენეტოს დეპუტატად აირჩიეს. მან დაიწყო პარტიის ოფიციალური გაზეთის – L'Unità (ერთობა) გამოშვება, ცხოვრობდა რომში, ხოლო მისი ოჯახი მოსკოვში დარჩა. ლიონის კონგრესზე, 1926 წლის იანვარში, პარტიამ მიიღო გრამშის თეზისები გაერთიანებული ფრონტის შექმნისკენ, რომელიც იტალიაში დემოკრატიის აღდგენას ითვალისწინებდა.
1926 წელს იოსებ სტალინის მანევრებმა ბოლშევიკური პარტიის შემადგენლობაში აიძულა გრამში დაეწერა წერილი კომინტერნში, რომელშიც იგი მწუხარებას გამოხატავდა ლევ ტროცკისთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ხაზს უსვამდა ლიდერის ზოგიერთ სავარაუდო შეცდომას. ტოლიატიმ, როგორც პარტიის წარმომადგენელმა მოსკოვში, მიიღო წერილი, გახსნა, წაიკითხა და გადაწყვიტა, რომ არ გადაეცა. ამან გამოიწვია რთული კონფლიქტი გრამშისა და ტოლიატის შორის, რომელიც მათ არასდროს მოუგვარებიათ.
პატიმრობა და სიკვდილი
რედაქტირება1926 წლის 9 ნოემბერს ფაშისტურმა მთავრობამ მიიღო საგანგებო კანონების ახალი ტალღა, რომლის საბაბი გახდა რამდენიმე დღით ადრე მუსოლინის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო მცდელობა. ფაშისტურმა პოლიციამ გრამში დააპატიმრა, მიუხედავად მისი საპარლამენტო იმუნიტეტისა, და მიიყვანა რომის ციხეში — რეჯინა კოელიში.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა გრამშის შესახებ განაცხადა:
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამ ტვინის ფუნქციონირება ოცი წლის განმავლობაში.“
|
გრამშის დაუყოვნებლად მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა კუნძულ უსტიკაზე, ხოლო შემდეგ წელს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ტურიში, ბარის მახლობლად.
11 წელზე მეტი ხნის პატიმრობაში მისი ჯანმრთელობა გაუარესდა: კბილები ჩამოუვარდა, საჭმლის მომნელებელი სისტემა დაინგრა ისე, რომ არ შეეძლო მყარი საჭმლის ჭამა... ჰქონდა კრუნჩხვები, და სისხლს აღებინებდა და ისე ტკიოდა თავი, რომ თავს საკნის კედლებს ურტყამდა. პიერო სრაფამ კემბრიჯის უნივერსიტეტში და გრამშის ცოლის დამ, ტატიანამ დაიწყეს საერთაშორისო კამპანია გრამშის გათავისუფლების მოთხოვნით. 1933 წელს იგი ტურის ციხიდან გადაიყვანეს ფორმიას კლინიკაში, მაგრამ მას კვლავ უარი ეთქვა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე. ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს რომის კვისისანას კლინიკაში. გრამში გაათავისუფლეს 1937 წლის 21 აპრილს. ის აპირებდა სარდინიაში სამკურნალოდ წასვლას, მაგრამ არაერთიდაავადების გამო გადაადგილება ვერ შეძლო. გრამში გარდაიცვალა 1937 წლის 27 აპრილს, 46 წლის ასაკში. მისი ფერფლი დაკრძალულია რომში, კარაკათოლიკურ სასაფლაოზე.
ფილოსოფიური შრომები
რედაქტირებაჰეგემონია
რედაქტირებატერმინი „ჰეგემონია“ თავდაპირველად რუსმა მარქსისტებმა გამოიყენეს. ჰეგემონია ცენტრალური პოლიტიკური სლოგანია რუს სოციალ-დემოკრატებში 1890-იანი წლების ბოლოდან 1917 წლამდე. მათი პოზიციით, დემოკრატიული რევოლუციის დროს, მუშათა კლასი და მისი ავანგარდი ჰეგემონები უნდა გამხდარიყვნენ. 1901 წელს აქსელროდი სტრუვესთან წერილში აღნიშნავდა, რომ რუს სოციალ-დემოკრატებს პროლეტარიატის ისტორიული პოზიციების გათვალისწინებით, შეეძლო მოეპოვებინა ჰეგემონია აბსოლუტიზმის წინააღმდეგ. თუმცა ამ ტერმინმა მნიშვნელობა დაკარგა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.
გრამშიმ ეს ცნება მის ორიგინალური გამოყენებას დააშორა და ამასთან, გააფართოვა კიდეც. ფეოდალური წყობის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში მუშათა კლასის პერსპექტივების მიდგომიდან განსხვავებით, გრამში შეეცადა, ეჩვენებინა ბურჟუაზიული წესრიგის და მუშათა კლასზე ბატონობის მექანიზმები სტაბილურ კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოებაც ჩამოყალიბებულია. გრამშის ვარაუდით, კაპიტალიზმი ინარჩუნებს კონტროლს არა მხოლოდ ძალადობისა და პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების გზით, არამედ იდეოლოგიის საშუალებით. ბურჟუაზიამ ჩამოაყალიბა ჰეგემონიური კულტურა, რომელიც პროპაგანდას უწევს საკუთარ ღირებულებებსა და ნორმებს ისე, რომ ისინი გახდეს ყველას „საღი აზრი“. მშრომელთა კლასის (და სხვა კლასების) წარმომადგენლებმა საკუთარი სიკეთე გააიგივეს ბურჟუაზიის სიკეთესთან და ხელი შეუწყეს სტატუს კვოს შენარჩუნებას, აჯანყების სანაცვლოდ.
იმ მტკიცებულების უარსაყოფად, რომ ბურჟუაზიული ღირებულებები წარმოადგენს ბუნებრივ ან ნორმალურ ღირებულებებს საზოგადოებისთვის, მუშათა კლასს სჭირდებოდა საკუთარი კულტურის განვითარება. ლენინი მიიჩნევდა, რომ კულტურა დამხმარე იყო პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ გრამშისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლების მისაღწევად, პირველ რიგში, კულტურული ჰეგემონია მიღწეულიყო. გრამშის აზრით, კლასს არ შეუძლია დომინირება თანამედროვე პირობებში მხოლოდ საკუთარი ვიწრო ეკონომიკური ინტერესების განვითარებით; მას არ შეუძლია დომინირება მოახდინოს ძალდატანებით და იძულებით. პირიქით, იგი უნდა ახორციელებდეს ინტელექტუალურ და ზნეობრივ ხელმძღვანელობას და უკავშირდებოდეს და კომპრომისებზე წავიდეს სხვადასხვა ძალასთან. გრამში სოციალური ძალების ამ გაერთიანებას „ისტორიულ ბლოკს“ უწოდებს და ტერმინს ჯორჯ სორელისგან სესხულობს. ეს ბლოკი ქმნის გარკვეულ სოციალურ წესრიგზე თანხმობის საფუძველს, რომელიც აწარმოებს და კვლავ აწარმოებს დომინანტი კლასის ჰეგემონიას ინსტიტუტების, სოციალური ურთიერთობებისა და იდეების კავშირის საშუალებით. ამ გზით, გრამშის თეორია ხაზს უსვამდა პოლიტიკური და იდეოლოგიური ზედნაშენის მნიშვნელობას.
გრამშიმ განაცხადა, რომ ბურჟუაზიული კულტურული ღირებულებები ფოლკლორს, პოპულარულ კულტურასა და რელიგიას უკავშირდებოდა. გრამშიმ მარქსიზმი დაინახა, როგორც რელიგიის წმინდა ინტელექტუალური კრიტიკის ქორწინება, რომელიც ნაპოვნია რენესანსის ჰუმანიზმში, რეფორმაციის იმ ელემენტებთან, რომლებიც მასების მოწონებით სარგებლობდა. გრამშისთვის მარქსიზმს შეეძლო დაეცვა რელიგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებდა ხალხის სულიერ მოთხოვნილებებს.
ინტელექტუალები და განათლება
რედაქტირებაამ მსჯელობაზე დაყრდნობით, გრამში გვეუბნება, რომ მემარცხენე მოაზროვნეებს შეუძლიათ დაანახონ მუშათა კლასს ის ფაქტი, თუ როგორ ამყარებს ელიტა (მმართველი კლასი) მათზე ჰეგემონიას. გრამშის სწამდა, რომ მუშათა კლასის განათლება და წახალისება, გამოიწვევს „ჰეგემონიის კრიზისს“ –მდგომარეობას, როდესაც მმართველი კლასი ვეღარ ინარჩუნებს ავტორიტეტს საზოგადოებაში. მას ასევე იმედი ჰქონდა, რომ განათლება ჩამოაყალიბებდა მუშათა ალიანსებს, მაგალითად, ინდუსტრიული და აგრარული მუშების გაერთიანებას. მისი აზრით, ასეთი ალიანსები მნიშვნელოვანი იყო კაპიტალისტური წყობის შესაცვლელად. გრამში ბევრს ფიქრობდა საზოგადოებაში ინტელექტუალების როლზე. მან აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი ინტელექტუალია, რომ ყველას აქვს ინტელექტუალური და რაციონალური შესაძლებლობები, მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ინტელექტუალის სოციალური ფუნქცია. ის თანამედროვე ინტელექტუალებში ხედავდა არა მხოლოდ მოლაპარაკეებს, არამედ პრაქტიკულად მოაზროვნე რეჟისორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც ჰეგემონიას ამყარებდნენ ისეთი იდეოლოგიური აპარატების საშუალებით, როგორიცაა განათლება და მედია. გარდა ამისა, მან განასხვავა ტრადიციული ინტელიგენცია, რომელიც საკუთარ თავს (არასწორად) ხედავს, როგორც კლასს საზოგადოებისაგან მოწყვეტილს, ცალკე მდგომს, და მოაზროვნე ჯგუფებს, რომლებსაც ყველა კლასი საკუთარი რიგებიდან „ორგანულად“ აწარმოებს . ასეთი „ორგანული“ ინტელექტუალები უბრალოდ არ აღწერენ სოციალურ ცხოვრებას სამეცნიერო წესების შესაბამისად, არამედ გამოხატავენ კულტურის ენით იმ გრძნობებსა და გამოცდილებას, რაც მასებს არ ძლუძთ. გრამშისთვის, ორგანული ინტელექტუალების მოვალეობა იყო, ესაუბრათ თავიანთი პოლიტიკური სფეროების ხალხური სიბრძნის ან საღი აზრის ბუნდოვან მცნებებზე. ეს ინტელექტუალები წარმოადგენენ საზოგადოების გარიყულ სოციალურ ჯგუფებს, რასაც გრამში უწოდებდა სუბალტერნს.
გრამში, ჰეგემონური ძალაუფლების თეორიების შესაბამისად, ამტკიცებდა, რომ საჭიროა კაპიტალისტური ძალაუფლების გამოწვევა კონტრჰეგემონიის აგებით. ამით ის გულისხმობდა, რომ პოზიციური ომის ფარგლებში, ორგანულ ინტელექტუალებსა და მშრომელთა კლასის სხვა წევრებს, ბურჟუაზიული იდეოლოგიისგან განსხვავებით, ალტერნატიული ღირებულებების და ალტერნატიული იდეოლოგიის შემუშავება სჭირდებათ. ის ამტკიცებდა, რომ რუსეთში ამის საჭიროება არ არსებობდა იმიტომ რომ რუსეთის მმართველ კლასს არ ჰქონდა ნამდვილი ჰეგემონიური ძალა. ასე რომ, ბოლშევიკებს შეეძლოთ მანევრის ომის (1917 წლის რევოლუცია) შედარებით მარტივად დანახვა, რადგან მმართველი კლასის ჰეგემონია სრულად ვერ შედგა. მას სჯეროდა, რომ საბოლოო მანევრის ომი მხოლოდ განვითარებულ და მოწინავე კაპიტალისტურ საზოგადოებებში იყო შესაძლებელი, როცა პოზიციურ ომს მოიგებენ ორგანული ინტელექტუალები და მშრომელთა კლასი შექმნის კონტრჰეგემონიას.
გრამშიმ საგანმანათლებლო დაწესებულება განიხილა, როგორც თანამედროვე დასავლური საზოგადოების კულტურული ჰეგემონიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი. ამის შესახებ მან ისაუბრა ნარკვევებში „ინტელექტუალები“ და „განათლება“. მიუხედავად იმისა, რომ მარქსისტული აზროვნების გავლენის ქვეშ მოექცა, გრამშის საქმიანობა მხარს უჭერდა მრავალმხრივ და უფრო გრძელვადიან რევოლუციას, ვიდრე ამას მარქსი ითვალისწინებდა. იგი მხარს უჭერდა ყველა ფენისა და ფენის წარმომადგენლებისგან წამოსულ „ორგანული ინტელიგენციას“. მან გააკრიტიკა „ტრადიციული ინტელექტუალების“ როლი, რომელთა საქმიანობაში აისახა მმართველი კლასის მსოფლმხედველობა და ამით ხელი შეუწყო კულტურულ ჰეგემონიას. მუშათა კლასის კულტურისა და კონტრჰეგემონიის შექმნის აუცილებლობა უკავშირდება გრამშის მოწოდებას განათლების მიღებისაკენ, მშრომელთა ინტელექტუალების გასავითარებლად, რომელთა ამოცანა იყო მასების არსებული ინტელექტუალური საქმიანობის განახლება და სტატუს კვოს კრიტიკა. ამ მხრივ, მისი იდეები განათლების სისტემის შესახებ შეესაბამება კრიტიკული პედაგოგიკისა და პოპულარული განათლების ცნებას, რომელიც გამოიყენა პაულო ფრეიერმა ბრაზილიაში და მას ბევრი საერთო აქვს ფრანც ფანონის მოსაზრებებთან.
სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება
რედაქტირებაგრამშის ჰეგემონიის თეორია უკავშირდება მის კონცეფციას კაპიტალისტური სახელმწიფოს შესახებ. გრამშის არ ესმის სახელმწიფო „მთავრობის“ ვიწრო გაგებით. ამის ნაცვლად, იგი ანაწილებს მას პოლიტიკურ საზოგადოებას (პოლიციას, ჯარს, იურიდიულ სისტემას და ა. შ.) — პოლიტიკური ინსტიტუტების ასპარეზსა და კონსტიტუციური კონტროლის ასპარეზს — და სამოქალაქო საზოგადოებას (ოჯახი, განათლების სისტემა, პროფკავშირები და ა.შ.) — შორის. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ განიხილება, როგორც კერძო ან არასახელმწიფო სფერო, რომელიც შუამავლობს სახელმწიფოსა და ეკონომიკას შორის. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ დაყოფა მხოლოდ კონცეპტუალურია და რომ ისინი ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. გრამში ირწმუნება, რომ კაპიტალისტური სახელმწიფო მართავს იძულებითა და თანხმობით: პოლიტიკური საზოგადოება არის ძალის სფერო და სამოქალაქო საზოგადოება – თანხმობის.
მაკიაველიდან გამომდინარე, ის ამტკიცებს, რომ თანამედროვე პრინცი — რევოლუციური პარტია — არის ძალა, რომელიც მუშათა კლასს საშუალებას მისცემს, განავითაროს ორგანული ინტელექტუალები და ალტერნატიული ჰეგემონია სამოქალაქო საზოგადოებაში. გრამშისთვის თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების რთული ხასიათი ნიშნავს, რომ მანევრის ომის პარალელურად, რევოლუციონერების მიერ პოლიტიკური აგიტაციის, პროფკავშირების, პროლეტარული კულტურის განვითარებისა და დაპირისპირებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნის სხვა გზების საშუალებით, განმახორციელებული პოზიციების როლი აუცილებელი იყო.
მიუხედავად მისი მტკიცებისა, გრამში უარყოფს სახელმწიფოს თაყვანისცემას, რაც პოლიტიკური საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოებასთან გათანაბრების შედეგია, როგორც ეს იაკობინელებმა და ფაშისტებმა გააკეთეს. იგი მიიჩნევს, რომ პროლეტარიატის ისტორიული ამოცანაა „რეგულირებული საზოგადოების“ შექმნა, სადაც შემცირდება პოლიტიკური საზოგადოება და ფართოვდება სამოქალაქო საზოგადოება. იგი განმარტავს „სახელმწიფოს გაქრობას“, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თვითრეგულირების შესაძლებლობის სრულ განვითარებას.
ისტორიციზმი
რედაქტირებაადრეული მარქსის მსგავსად, გრამშიც ისტორიციზმის ხაზგასმული მომხრე იყო. გრამშის აზრით, ყველა მნიშვნელობა გამომდინარეობს ურთიერთობიდან ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას და იმ ობიექტურ ისტორიულ და სოციალურ პროცესებს შორის, რომელთა ნაწილიც ის არის. იდეების გაგება არ შეიძლება მათი სოციალური და ისტორიული კონტექსტის მიღმა, გარდა მათი ფუნქციისა და წარმოშობისა. ცნებები, რომლითაც ვაგებთ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ, ძირითადად გამომდინარეობს არა ჩვენი ობიექტისადმი მიმართებიდან, არამედ ამ კონცეფციის მომხმარებლებს შორის არსებული სოციალური ურთიერთობიდან. შედეგად, არ არსებობს ადამიანის უცვლელი ბუნება, არამედ მხოლოდ ისტორიულად ცვალებადი სოციალური ურთიერთობები. გარდა ამისა, ფილოსოფია და მეცნიერება არ ასახავს ადამიანისგან დამოუკიდებელ რეალობას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თეორია სიმართლეა, როდესაც მოცემულ ისტორიულ სიტუაციაში იგი გამოხატავს ამ მოცეულობის განვითარების რეალურ ტენდენციას.
მარქსისტების უმრავლესობისთვის ჭეშარიტება იყო ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, თუ როდის და სად გახდა შეიმეცნეს ის, ხოლო სამეცნიერო ცოდნა (მათ შორის, მარქსიზმი) ისტორიულად დაგროვდა, როგორც ჭეშმარიტების განვითარება მისი ყოველდღიური გაგებით. ამ თვალსაზრისით, მარქსიზმი (ან მარქსისტული ისტორიისა და ეკონომიკის თეორია) არ მიეკუთვნება ზედნაშენის მოჩვენებით სფეროს, რადგან ის მეცნიერებაა. ამისდა საპირისპიროდ, გრამშის სწამდა, რომ მარქსიზმი იყო ჭეშმარიტი სოციალურად პრაგმატული გაგებით: პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერების ჩამოყლიბებით, მარქსიზმმა გამოხატა თავისი დროის ჭეშმარიტება, ვიდრე სხვა რომელიმე თეორიამ. გრამშის აბსოლუტურმა ისტორიულობამ დაარღვია კროჩეს ტენდენცია, უზრუნველყოს მეტაფიზიკური სინთეზი ისტორიულ ბედისწერაში. მიუხედავად იმისა, რომ გრამში უარყოფს ბრალდებას, მისი ისტორიული დამოკიდებულება ჭეშმარიტების შესახებ გააკრიტიკეს, როგორც რელატივიზმის ფორმა.
ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთში შეცვალა წარმოდგენა, რომ სოციალისტური რევოლუცია უნდა დალოდებოდა კაპიტალისტური საწარმოო ძალების სრულ განვითარებას. ეს ასახავდა მის მოსაზრებას, რომ მარქსიზმი არ იყო დეტერმინისტული ფილოსოფია. საწარმოო ძალების მიზეზობრივი პრიმატის პრინციპი იყო მარქსიზმის მცდარი წარმოდგენა. ეკონომიკური ცვლილებებიც და კულტურული ცვლილებებიც ძირითადი ისტორიული პროცესის გამოხატულებაა და ძნელი სათქმელია, რომელ სფეროს აქვს უპირატესობა.
მუშათა მოძრაობის ადრეული წლებიდან რწმენა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებდა „ისტორიული კანონების“ გამო, იყო დაჩაგრული კლასის ისტორიული ვითარების პროდუქტი, რომელიც ძირითადად თავდაცვითი მოქმედებებით შემოიფარგლებოდა. ამ ფატალისტური დოქტრინის თავიდან აცილება უნდა მოხდეს, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორისა მას შემდეგ, რაც მუშათა კლასს შეეძლება ხელში აიღოს ინიციატივა. იმის გამო, რომ მარქსიზმი პრაქტიკის ფილოსოფიაა, მას არ შეუძლია დაეყრდნოს აბსტრაქტულ ისტორიულ კანონებს, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტებს. ისტორია განისაზღვრება ადამიანის პრაქსისით და, შესაბამისად, მოიცავს ადამიანის ნებას. ამის მიუხედავად, ნებისყოფა ვერ მიაღწევს იმას, რაც მას მოსწონს მოცემულ სიტუაციაში: როდესაც მშრომელთა კლასის ცნობიერება მიაღწევს განვითარების ეტაპს, იგი აღმოჩნდება ისტორიულ გარემოებებში, რომელთა თვითნებურად შეცვლა შეუძლებელია. ისტორიულად გარდაუვალი არ განსაზღვრავს მოვლენების მიზეზ–შედეგობრიობას. გრამშის მიაჩნია, რომ რამდენადაც მმართველ კლასს შეუძლია გადახედოს საკუთარ უშუალო ეკონომიკურ ინტერესებს საკუთარი ჰეგემონიის ფორმების რეორგანიზაციისთვის, ასევე მუშათა კლასმაც უნდა წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საზოგადოების უნივერსალური წინსვლასთან თანხვედრაში. მიუხედავად იმისა, რომ გრამში თვლიდა პროფკავშირებს, როგორც კაპიტალისტურ საზოგადოებაში კონტრჰეგემონური ძალის ერთ-ერთ ორგანოს, პროფკავშირების ლიდერებმა ეს ორგანიზაციები განიხილეს, როგორც არსებული სტრუქტურის პირობების გაუმჯობესების საშუალება. გრამში ამ პროფკავშირელთა შეხედულებებს ვულგარულ ეკონომიზმად მოიხსენიებს, რაც მან ფარულ რეფორმიზმს და ლიბერალიზმს გაუტოლა.
პასიური რევოლუცია
რედაქტირებაგრამში „პასიური რევოლუციაში“ გულისხმობდა ნელ და განვითარებად მეტამორფოზას, რომელიც განსახორციელებლად წლებს ან თაობებს საჭიროებდა. პასიური რევოლუცია არის პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების ტრანსფორმაცია მძლავრი სოციალური პროცესების გარეშე, მაგალითად, როგორიც იყო საფრანგეთის რევოლუცია. ტრანსფორმაციები ხორციელდება მმართველი კლასის მხრიდან საკუთარი თავის შენარჩუნების მიზნით. გრამშის ამ ცნებასთან დაკავშირებით მოჰყავდა ის მოვლენები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამრეწველო სისტემაში ხორცილედებოდა 1920-იან 30-იან წლებში. ასევე პასიური რევოლუცია ხორციელდებოდა XIX საუკუნის იტალიაში, ბურჟუაზიული საზოგადოების ნელი გაჩენით.
მატერიალიზმის კრიტიკა
რედაქტირებაგრამშის აზრით, კაცობრიობის ისტორია და კოლექტიური პრაქტიკა განსაზღვრავს რაიმე ფილოსოფიური კითხვა არსებითია თუ არა, გრამში ეწინააღმდეგება მეტაფიზიკურ მატერიალიზმს და იზიარებს ფრიდრიხ ენგელსისა და ლენინის იდეებს აღქმის შესახებ, თუმცა ამას პირდაპირ არ აცხადებს. გრამშისთვის მარქსიზმი არ ეხება კაცობრიობისგან დამოუკიდებელ რეალობას, რომელიც თავისთავად არსებობს. კაცობრიობის ისტორიისა და ადამიანის პრაქტიკის მიღმა ობიექტური სამყაროს ცნება ღმერთის რწმენის ანალოგი ხდებოდა. გრამშიმ ობიექტურობა განსაზღვრა უნივერსალური ინტერსუბიექტურობის პირობებში, რომელიც მომავალ კომუნისტურ საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს. ბუნების ისტორიას, ამრიგად, მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ კაცობრიობის ისტორიასთან მიმართებაში. მისი აზრით, ფილოსოფიური მატერიალიზმი გამოწვეულია კრიტიკული აზროვნების ნაკლებობით, და არ შეიძლება ითქვას, რომ ის ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ დოგმას და ცრურწმენას. მარქსიზმი იყო ფილოსოფია პროლეტარიატისთვის, სუბალტერნული კლასისთვის და, შესაბამისად, იგი მხოლოდ ხალხური რწმენისა და საღი აზრის სახით შეიძლება გამოხატულიყო. ამის მიუხედავად, საჭირო იყო განათლებული კლასების იდეოლოგიის ეფექტურად გამოწვევა , რისთვისაც მარქსისტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ფილოსოფია უფრო დახვეწილი ხედვით და შეეცადონ, ჭეშმარიტად გააცნობიერონ თავიანთი ოპონენტების მოსაზრებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Althusser, Louis (1971), Lenin and Philosophy, London: Monthly Review Press, ISBN 978-1583670392, https://www.marxists.org/reference/archive/althusser/1970/ideology.htm.
- Anderson, Perry (November–December 1976). „The Antinomies of Antonio Gramsci“. New Left Review. New Left Review. I (100): 5–78.
- Ebner, Michael (2011). Ordinary Violence in Mussolini's Italy. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 76, 105, 144, 150.
- Frétigné, Jean-Yves (2021). To Live is To Resist: The Life of Antonio Gramsci. Chicago: University of Chicago Press, გვ. 156-159; 182-183.
- Gramsci (1971). Selections from the Prison Notebooks. International Publishers. ISBN 0-7178-0397-X.
- Haralambos, Michael; Holborn, Martin (2013), Sociology Themes and Perspectives (8th რედ.), New York City: HarperCollins, ISBN 978-0-00-749882-6
- Gramsci, Antonio (1971), „Introduction“, Selections from the Prison Notebooks, New York: International Publishers, pp. xvii–xcvi, ISBN 0-7178-0397-X
- Jones, Steven (2006), Antonio Gramsci, Routledge Critical Thinkers, Routledge, ISBN 0-415-31947-1.
- Kiernan, V. G. (1991). „Intellectuals“. In Bottomore, Tom; Harris, Laurence; Kiernan, V.G; Miliband, Ralph (eds.). The Dictionary of Marxist Thought (Second ed.). Blackwell Publishers Ltd. p. 259. ISBN 0-631-16481-2.
- Kołakowski, Leszek (2005). Main Currents of Marxism. London: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32943-8.
- Sassoon, Anne Showstack (1991a). „Antonio Gramsci“. In Bottomore, Tom; Harris, Laurence; Kiernan, V.G; Miliband, Ralph (eds.). The Dictionary of Marxist Thought (Second ed.). Blackwell Publishers Ltd. pp. 221–223. ISBN 0-631-16481-2.
- Sassoon, Anne Showstack (1991b). „Civil Society“. In Bottomore, Tom; Harris, Laurence; Kiernan, V.G; Miliband, Ralph (eds.). The Dictionary of Marxist Thought (Second ed.). Blackwell Publishers Ltd. pp. 83–85. ISBN 0-631-16481-2.
- Sassoon, Anne Showstack (1991c). „Hegemony“. In Bottomore, Tom; Harris, Laurence; Kiernan, V.G.; Miliband, Ralph (eds.). The Dictionary of Marxist Thought (Second ed.). Blackwell Publishers Ltd. pp. 229–231. ISBN 0-631-16481-2.
- Santangelo, Federico (2021). „Between Ceasarism and Cosmopolitanism: Julius Ceasar as an Historical Problem in Gramsci“, Antonio Gramsci and the Ancient World. Taylor & Francis, გვ. 201–221. ISBN 9780429510359.
- Sassoon, Anne Showstack (1991d), Bottomore, Tom; Harris, Laurence; Kiernan, V.G. და სხვები., რედრედ., Prison Notebooks (Second რედ.), Blackwell Publishers Ltd., pp. 446–447, ISBN 0-631-16481-2
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.antoniogramsci.com/ag_biografia01.htm
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 3.0 3.1 BeWeB
- ↑ 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Vacca G. Dizionario Biografico degli Italiani — 2002. — Vol. 58.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 Грамши Антонио // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.