ამიძანტარი (ბერძ. Aμυτζαντάριοι), ასევე ცნობილი როგორც ამიძანტარანტი (ბერძ. Αμυτζανταράνται) — სამხედრი ჩინი, არისტოკრატიული საგვარეულო და/ან პოლიტიკური პარტია ტრაპიზონის იმპერიაში.

აზრთა სხვადასხვაობა

რედაქტირება

ა. სავიდესის (Α. Σαββίδης) და თ. გეორგიადესის (Θ. Γεωργιάδης), ასევე „Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit“-ის ავტორების მოსაზრებით ამიძანტარები ტრაპიზონის იმპერიის ერთ-ერთი გავლენიანი არისტოკრატიული საგვარეულო იყო. მკვეთრად განსხვავებული შეხედულება გამოთქვა ე. ბრაიერმა, რომელიც არ თვლიდა მათ საგვარეულოდ, არამედ მიიჩნევდა, რომ ტერმინი „ამიძანტარი“ აღნიშნავს ცალკეულ ინდივიდებს ან საერთო წარმომავლობის მქონე ოჯახებს, ან სავსებით შესაძლებელია, რომ ტერმინი აღნიშნავდეს ხალხის ნაზავს აღმოსავლეთ პონტოს სამეფოდან, რომლის წარმომავლობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოსთან, სომხეთთან, ლაზეთთან, საბერძნეთთან ან თუნდაც თურქეთთან. ასევე შესაძლებელია, რომ ტერმინი დაკავშირებული იყოს სამხედრო ჩინთან, რომელიც ექვივალენტური უნდა ყოფილიყო პროტოსპათარიოსის ტიტულის და მომდინარეობს თურქი ამირა ჯადარიდან. ტრაპიზონის მიტროპოლიტი იოანე ლაზაროპულოსი ახსენებს ტერმინ „ამიძანტარანტას“, ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კოდინე გვამცნობს, რომ „ამი(რ)ძანტარიოსი“ იყო მაღალი რანგის მოხელე. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონის მოხელეები ერთდროულად რამდენიმე ტიტულს ატარებდნენ. მაგალითად, ტრაპიზონის იმპერიის მემატიანე, მიქაელ პანარეტოსის თანახმად, 1344 წლისთვის ამირძანტარიოსის თანამდებობა მიქაელ მიზომატს ეკუთვნოდა.

პირველი ცნობა ამ საგვარეულოს/სოციალური ჯგუფის შესახებ ირინა პალეოლოგოსის (მმართ. 1340–1341) მმართველობის პერიოდში გვხვდება. ისინი წამყვან როლს თამაშობენ ტრაპიზონის იმპერიის პოლიტიკურ სცენაზე ანა ანახუტლუს (მმართ. 1341–1342) მმართველობის პერიოდშიც, ამ უკანასკნელმა წარმატებით დაამხო ირინას მმართველობა. უფრო კონკრეტლად კი, ანას აქტივობა დაკავშირებული იყო იმპერიაში არსებულ სამოქალაქო ომებთან, რომელიც ირინა პალეოლოგინას მმართველობის პერიოდში დაიწყო და გაგრძელთა იქამდე, სანამ ტახტზე ალექსი III (მმართ. 1349–1390) ავიდა.

სამოქალაქო ომები

რედაქტირება

პოლიტიკური ვაკუუმი, რაც ბასილი დიდი კომნენოსის (მმართ. 1332–1340) გარდაცვალებას მოჰყვა, ტახტის მემკვიდრის არარსებობამ და დედოფალი ირინა პალეოლოგოსის უუნარო მმართველობამ გამოიწვია. ასეთ ვითარებაში ფეოდალთა მღელვარებამ, ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი წარმოშვა, რომელთა მიზანი საკუთარი სოციო-პოლიტიკური ხედვების განხორციელება იყო. კონსტანტინოპოლური მმართველობის ფორმა, რაც სქოლარების ჯგუფს კარგად ჰქონდათ გათავისებული, მიუღებელი აღმოჩნდა ამიძანტარებისთვის, რომლებიც ადგილობრივი და ანტი-კონსტანტინოპოლური ორიენტაციის არისტოკრატიათა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

სქოლარები, რომლებსაც მხარს მიზომატები, ჭანიხიტები, დორანიტები, კავასიტები და კომახიტების საგვარეულო უჭერს, აუჯანყდა იმპერატორს, ამ ვითარებაში ამიძანტარებ მხარს უჭერენ დედოფალს და მას წესრიგის დამყარებაში ეხმარებიან. აჯანყებულები სებასტოს და მეგას სტრატოპედარხის, ჭანიხიტის მეთაურობით წმ. ევგენიოსის მონასტერში გამაგრდნენ. იმპერატორმა ამირძანტარების მეშვეობით კონტროლი ნავსადგურსა და ქალაქის ციტადელზე დაამყარა. აჯანყება საბოლოოდ 1340 წლის 2 ივლისს დასრულდა, როდესაც ლიმნიის მეგადუქსი იოანე ევნუხი იმპერატორის დასახმარებლად კონსტანტინოპოლიდან ტრაპზონში ჩამოვიდა. გაერთიანებულმა არმიამ ცეცხლითა და მახვილით აიღო მეამბოხეების გამაგრება და ისინი ლიმნიის ციხეში დაატყვევეს. მიუხედავად ამისა, ირინას მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ამიძანტარებების და ლაზური არისტოკრატიის მეშვეობით ტახტზე ანა ანახუტლუ (მმართ. 1341–1342) ავიდა.

ამიძანტარების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციამ, სქოლარები და სხვა მისი მოწინააღმდეგე საგვარეულოები ძლიერ შეაშფოთა და ისინი უკვე ახალი იმპერატორის წინააღმდეგ გამოდიან. რამდენიმე აჯანყების შემდეგ, მათ საბოლოოდ მოახერხეს ტახტზე იოანე III კომნენოსის (მმართ. 1342-1344) დასმა, რის შედეგაც სქოლარების ჯგუფი ძალზედ დაწინაურდა. იმპერატორის ხელშეწყობით მათ სასტიკად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგე ფეოდალთა ჯგუფს, მათ შორის ლაზურ არისტოკრატიას და ამიძანტარებს. სქოლარების გაძლიერება ნიშანი იყო ტრაპიზონში პრო-კონსტანტინოპოლური პოლიტიკის გამტარებელი პარტიის გამარჯვების. ამ მოვლენის შემდეგ ამიძანტარების საგვარეულოს თუ სოციალური ჯგუფის შესახებ არ გვხვდება არანაირი ცნობები.

ლიტერატურა

რედაქტირება