ალექსი კომნენოსი (ანდონიკე I-ის ვაჟი)

ალექსი კომნენოსი (ბერძ. Ἀλέξιος Κομνηνός; დ. 1170, ალეპო1199, კახეთი, საქართველოს სამეფო) — ბიზანტიელი იმპერატორის ანდრონიკე I-ისა და იერუსალიმის დედოფლის თეოდორა კომნენოსის[1] უკანონო შვილი, მიიჩნევა კომნენოსთა დინასტიის ქართული შტოს — ანდრონიკაშვილების დამაარსებლად.

ალექსი კომნენოსი
მშობლიური სახელი Ἀλέξιος Κομνηνός
დაბადების თარიღი 1170
გარდაცვალების თარიღი 1199
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
საქართველოს სამეფო
მშობლები მამა: ანდრონიკე I
დედა: თეოდორა კომნენოსი
ნათესავები ძმისშვილები: ალექსი I, დავითი

ალექსი კომნენოსი საქართველოში

რედაქტირება

ბიზანტიელი იმპერატორის მანუელ I კომნენოსის ზეობის დროს (1143-1180 წწ.), მომავალი იმპერატორი ანდრონიკე ვაჟებთან ერთად ხშირად სტუმრობდა საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ანდრონიკე ენათესავებოდა ქართველ მეფეებს, კერძოდ კი დედამისი იყო დავით აღმაშენებლის ასული კატაჲ, რომელიც დაახლოებით XII საუკუნის 10-იან წლებში ბიზანტიელი იმპერატორის ალექსი I-ის უმცროსს ვაჟზე — ისააკ კომნენოსზე იქორწინა. შესაბამისად, ანდრონიკე I საქართველოს მეფის გიორგი III-ის მამიდაშვილი იყო. საქართველოს მეფემ თავის ნათესავს კახეთში სამფლობელოები აჩუქა. 1180 წლის შემდეგ ანდრონიკე ბრუნდება კონსტანტინეპოლში და 1183 წელს იმპერატორის ტახტს იკავებს, ხოლო მისი უკანანო შვილი ალექსი რჩება საქართველოში, კერძოდ კი მამის ქართულ სამფლობელოებში. კირილ თუმანოვი მიიჩნევს, რომ ქართველ დიდგვაროვანთა შორის არსებობდა ალექსისა და თამარის დაქორწინების სურვილი[2]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანდრონიკეს უფროსი ვაჟი მანუელი უკვე დაქორწინებული იყო თამარის უმცროს დაზე რუსუდანზე.

კირილ თუმანოვი ასევე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ალექსი დამკვიდრდა კახეთში, მან საფუძველი ჩაუყარა ანდრონიკაშვილების საგვარეულოს — კომნენოსთა დინასტიის ქართულ შტოს[3][4]. იმავე აზრის იყო იოანე ბატონიშვილი, ანდრონიკაშვილებზე ის წერდა:

 
„ესენი არიან გვარით მანოელ კეისრისა ძმის წულნი, რომელნიცა გამოძევებულ იქმნენ საბერძნეთიდგან და მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, ხოლო მეფემან დიდად მიიღო ესე ანდრონიკე სახლეულობითურთ თვისით და უბოძა კახეთსა შინა მამულნი სოფლებითურთ და დაეშენნენ მუნ, რომელსაცა ადგილსა მას ეწოდების აწ საანდრონიკო და სცხოვრებენ მუნიდგან წოდებით თავადათ ანდრონიკე შვილებად, რომელნიცა არიან აწ განყოფით მოსახლენი: 1) პაპუას შვილები, 2) თამაზის შვილები, 3) სოლომონის შვილები, 4) მდივან ბეგის შვილები ანუ ქაიხოსროსნი, 5) მზეჭაბუკის შვილები, 6) ზურაბის შვილები, აწ ზაალის შვილებად წოდებულნი, 7) ერასტის შვილები, ესენი არიან მოსახლედ დავითის შვილებად: 1) დიმიტრის შვილები, 2) ივანეს შვილები, 3) პეტრეს შვილები, ამათ სახლის კაცნი და სხვანი.[5]
  1. თეოდორა კომნენოსი (ხშირად, თეოდორა კომნენე) იყო ბალდუინ III იერუსალიმელის მეუღლე, იერუსალიმის დედოფალი 1143-1163 წლებში.
  2. კირილ თუმანოვი (ივლისი, 1940), "On the Relationship between the Founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar", Speculum, Vol. 15, No. 3: pp. 299–312
  3. Williams, Kelsey Jackson (2006). „A Genealogy of the Grand Komnenoi of Trebizond“. Foundations – the Journal of the Foundation for Medieval Genealogy. 2 (3). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2017-03-13..
  4. (ფრანგული) Ferrand, Jacques (1983), Familles princières de Géorgie: essai de reconstitution généalogique (1880–1983) de 21 familles reconnues princières par l'Empire de Russie, pp. 77–79. Montreuil, France: J. Ferrand
  5. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997