ალექსანდროსი (საბერძნეთი)

ალექსანდროსი (ბერძ. Αλέξανδρος; დ. 1 აგვისტო, 1893 — გ. 25 ოქტომბერი, 1920)[]საბერძნეთის მეფე 1917 წლის 11 ივნისიდან 1920 წლის 25 ოქტომბრამდე. გარდაიცვალა 27 წლის ასაკში მაიმუნის ნაკბენით.

ალექსანდროსი
Αλέξανδρος
საბერძნეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 1917
მმართ. დასასრული: 25 ოქტომბერი, 1920
პრემიერ-მინისტრი: ალექსანდროს ძაიმისი
ელეფთერიოს ვენიზელოსი
წინამორბედი: კონსტანტინოს I
მემკვიდრე: კონსტანტინოს I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 აგვისტო, 1893
დაბ. ადგილი: ტატოის სასახლე, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1920[] (27 წლის)
გარდ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
მეუღლე: ასპასია მანოსი
შვილები: ალექსანდრა
დინასტია: გლიუქსბურგები
მამა: კონსტანტინოს I
დედა: სოფია პრუსიელი

ალექსანდროსი, მეფე კონსტანტინოს I-ის მეორე ვაჟი, ათენის გარეუბანში მდებარე ტატოის საზაფხულო სასახლეში დაიბადა. იგი სამეფო ტახტზე 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას ავიდა, მას შემდეგ, რაც ანტანტის ძალებმა და ელეფთერიოს ვენიზელოსის მომხრეებმა მამამისი, კონსტანტინოს I და ამ უკანასკნელის უფროსი ვაჟი, გეორგიოსი ქვეყნიდან განდევნეს. ახალ მეფეს, რომელსაც არავითარი რეალური პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, ვენიზელოსმა ძალაუფლება წაართვა და ფაქტობრივად, საკუთარ სასახლეში დაატუსაღა. ვენიზელოსი, როგორც ანტანტის მხარდაჭერით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მარიონეტი მონარქიღა იყო, ალექსანდროსი მხარს უჭერდა ბერძნულ ძალებს ოსმალეთის იმპერიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ომში. პირველ მსოფლიო ომში ანტანტისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებისა და 1919-1922 წლების ბერძნულ-თურქული ომის შედეგად, ალექსანდროსის მმართველობისას საბერძნეთის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

1919 წელს ალექსანდროსი დაქორწინდა უბრალო წარმომავლობის ასპასია მანოსზე, რამაც იმდენად სერიოზული სკანდალი გამოიწვია, რომ წყვილი იძულებული გახდა რამდენიმე თვით საბერძნეთი დაეტოვებინა. თავის ცოლთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ალექსანდროსი მოშინაურებულმა მაგოტმა დაკბინა და იგი სეფსისით გარდაიცვალა. მეფის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გააჩინა კითხვები ქვეყანაში მონარქიის მომავალთან დაკავშირებით და თავისი წვლილი შეიტანა ვენიზელოსის მმართველობის დამხობაში. 1920 წლის საყოველთაო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგად ტახტზე კონსტანტინოს I აღადგინეს.

ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

ალექსანდროსი 1893 წლის 1 აგვისტოს (იულიუსის კალენდრით — 20 ივლისი) ტატოის სასახლეში დაიბადა საბერძნეთის ტახტის მემკვიდრის, გლიუქსბურგების დინასტიის წარმომადგენლის, კონსტანტინოსისა და მისი ცოლის, პრინცესა სოფიას ოჯახში. ალექსანდროსი ევროპის მრავალი სამეფო დინასტიის წარმომადგენელს ენათესავებოდა. ალექსანდროსის მამა, კონსტანტინოსი იყო საბრძნეთის მეფის, გეორგიოს I-სა და ოლღა კონსტანტინეს ასულის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე; დედამისი კი — გერმანიის იმპერატორის, ფრიდრიხ III-ისა და მისი ცოლის — ვიქტორიას, გაერთიანებული სამეფოს პრინცესას ქალიშვილი.[1] კონსტანტინოსი იყო დანიის მეფე კრისტიან IX-ის შვილიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჯორჯ V-ისა და რუსეთის მეფის, ნიკოლოზ II-ის ახლო ნათესავი. დედამისი, სოფია, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის და და ჯორჯ V-ის დისშვილი იყო.[2]

 
ალექსანდროსი თავის და-ძმებთან ერთად 1905 წელს. მარცხნიდან საათის ისრის მიმართულებით: ჰელენი, გეორგიოსი, ალექსანდროსი, პავლოსი და ირენე. პრინცესა ეკატერინა ამ ფოტოს გადაღების შემდეგ დაიბადა.

ალექსანდროსმა სიცოცხლის ადრეული წლები სამეფო სასახლესა და ათენის გარეუბანში მდებარე ტატოის სასახელში გაატარა. იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარგარეთ მშობლებთან ერთად და რეგულარულად სტუმრობდა ბებიას ჰესენში, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა შვილიშვილი.[3]

ალექსანდროსს ახლო ურთიერთობა ჰქონდა უმცროს დასთან, ჰელენასთან, თუმცა ნაკლებად ახლოს იყო უფროს ძმასთან, გეორგიოსთან, რომელთანაც ძალიან ცოტა ჰქონდა საერთო.[4] გეორგიოსი სერიოზული და ჩაფიქრებული ბავშვი იყო, ალექსანდროსი კი — ანცი და ექსტროვერტი. იგი საშრობი ქაღალდისაგან გაკეთებულ სიგარეტებს ეწეოდა, ცეცხლი წაუკიდა სათამაშო ოთახს სასახლეში და დაუდევრობის გამო კონტროლი დაკარგა სათამაშო ეტლზე, რომელშიც ის და თავისი უმცროსი ძმა, პავლოსი ისხდნენ. შედეგად, ალექსანდროსის ახლადფეხადგმული ძმა მაყვლებში ჩავარდა.[3]

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

როგორც მამამისის მეორე ვაჟი, ალექსანდროსი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მესამე იყო მამამისისა და უფროსი ძმის, გეორგიოსის შემდეგ. ალექსანდროსმა ძვირადღირებული და ყურადღებით დაგეგმილი განათლება მიიღო, თუმცა მაშინ, როდესაც გეორგიოსმა სამხედრო წვრთნების ნაწილი გერმანიაში გაიარა,[5] ალექსანდროსი საბერძნეთში რჩებოდა. იგი პრესტიჟულ ელინურ სამხედრო აკადემიას შეუერთდა, სადაც მანამდე მისი რამდენიმე ბიძა სწავლობდა და სადაც თავი გამოიჩინა არა იმდენად ინტელექტუალური უნარებით, რამდენადაც მექანიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებული შესაძლებლობებით.[4] იგი დიდ ინტერესს იჩენდა მანქანებისა და ძრავების მიმართ და ერთ-ერთი პირველი ბერძენი იყო, ვინც ავტომანქანა შეიძინა.[6]

1912-1913 წლების ბალკანეთის ომებში ალექსანდროსმა თავი გამოიჩინა.[4] როგორც ახალგაზრდა ოფიცერი, იგი უფროს ძმასთან ერთად მამამისის საველე შტაბში იყო გამწესებული და 1912 წელს თესალონიკის აღებისას თან ახლდა ამ უკანასკნელს.[7] ამის შემდეგ მალევე გეორგიოსი მოკლეს და ალექსანდროსის მამა ტახტზე ავიდა კონსტანტინოს I-ის სახელით.[8]

რომანი ასპასია მანოსთან

რედაქტირება

1915 წელს მარშალ თეოდორე იპსილანტისის მიერ ათენში გამართულ წვეულებაზე ალექსანდროსმა ხელახლა გაიცნო ბავშვობის მეგობარი ასპასია მანოსი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო ევროპიდან, სადაც იგი სასწავლებლად იმყოფებოდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ნაცნობების შეფასებით, ასპასია ძალიან ლამაზი იყო.[9] ასპასია კონსტანტინოსის კავალერიის მეთაურის,[10] პოლკოვნიკ პეტროს მანოსისა და მისი ცოლის, მარია არგიროპულოსის ქალიშვილი. 21 წლის ალექსანდროსი იმდენად მოხიბლული დარჩა[9] და იმდენად სურდა მასთან დაახლოება, რომ იგი უკან გაჰყვა აპსასიას კუნძულ სპეტსესზე, სადაც ეს უკანასკნელი იმ წელს ისვენებდა. გარეგნული მომხიბვლელობის მიუხედავად, თავდაპირველად ალექსანდროსმა წარმატება ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ წარსული სამიჯნურო ურთიერთობებიდან პრინცს ქალების მოყვარულის სახელი ჰქონდა გავარდნილი.[9] მიუხედავად ამისა, ალექსანდროსმა მაინც შეძლო თავი შეეყვარებინა ასპასიასათვის და წყვილი საიდუმლოდ დაინიშნა. მეფე კონსტანტინოსისათვის, დედოფალ სოფიასათვის და იმდროინდელი ევროპული საზოგადოების უმეტესობისათვის წარმოუდგენელი იყო, რომ სამეფო სისხლის პრინცი განსხვავებული სოციალური კლასის წარმომადგენელზე დაქორწინებულიყო.[11]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ალექსანდროსის მამა, მეფე კონსტანტინოს I გერმანელი მარშლის უნიფორმაში, დაახლ. 1913 წ.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ალექსანდროსი ფორმალურად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა ღიად გამოხატავდა მტრულ განწყობას გერმანიის მიმართ, რომელიც ავსტრია-უნგრეთთან, ბულგარეთსა და ოსმალეთთან ერთად იბრძოდა რუსეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ. მეფე კონსტანტინოსი კაიზერ ვილჰელმ II-ის სიძე იყო და პრუსიაში გავლილი სამხედრო წვრთნების შემდეგ გარკვეულწილად გერმანოფილად ჩამოყალიბდა. მონარქის პრო-გერმანულმა განწყობამ გამოიწვია დაპირისპირება მასა და პრემიერ-მინისტრს, ელეფთერიოს ვენიზელოსს შორის, რომელსაც სურდა საბერძნეთს მხარი დაეჭირა ანტანტისათვის, რის წყალობითაც იგი იმედოვნებდა საბერძნეთის საზღვრების გაფართოებასა ოსმალეთის იმპერიასა და ბალკანეთში არსებული ბერძნული უმცირესობების შემოერთების გზით. ვენიზელოსმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ანტანტის ქვეყნები (განსაკუთრებით კი საფრგანგეთი), 1916 წელს მეფის საპირისპიროდ ალტერნატიული მთავრობა შექმნა.[12]

ანტანტის ძალებმა დაიკავეს საბერძნეთის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილი, თუმცა კონსტანტინოს I კვლავ უარს აცხადებდა პოლიტიკის შეცვლაზე, რამაც გამოიწვია მზარდი და ღია ოპოზიცია ანტანტისა და ელეფთერიოს ვენიზელოსისაგან. 1916 წლის ივლისში თავდასხმისას გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ტატოის სასახლე და სამეფო ოჯახმა ძლივს დააღწია თავი ხანძარს. ალექსანდროსი არ დაშავებულა, თუმცა დედამისმა გაჭირვებით მოახერხა პრინცესა ეკატერინას გადარჩენა და ეს უკანასკნელი ტყეში ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე ზურგზე აკიდებული ატარა. სასახლის პერსონალიდან და ხანძრის ჩასაქრობად მოსული მეხანძრეებიდან 16 ადამიანი მოკლეს.[13]

1917 წლის 10 ივნისს შარლ ჟონარმა, საბერძნეთში ანტანტის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მეფე კონსტანტინოსს ძალაუფლების დათმობა უბრძანა.[14] პირეოსში ანტანტის ძალების გადმოსხდომის შიშით მეფე დათმობაზე წავიდა და თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით გადასახლებაში წასულიყო, თუმცა გვირგვინის ოფიციალურად დათმობის გარეშე. მოკავშირეებს, თუმცა კონსტანტინოსის თავიდან მოშორება სურდათ, არ უნდოდათ საბერძნეთის რესპუბლიკის შექმნა, არამედ მიზნად ისახავდნენ უბრალოდ ჩაენაცვლებინათ კონსტანტინოსი სამეფო ოჯახის სხვა წევრით. პრინცი გეორგიოსი, რომელიც მემკვიდრეთა რიგში პირველი იყო, მოკავშირეებმა მამის მსგავსი პრო-გერმანული შეხედულებების გამო გამორიცხეს.[15] მის ნაცვლად განიხილებოდა კონსტანტინოსის ძმისა (და ალექსანდროსის ბიძის) გეორგიოსის კანდიდატურა,[16] თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან იყო დაღლილი იმ სირთულეებით, რაც თან ახლდა მის საჯარო ცხოვრებას 1901-1905 წლებში კრეტის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე ყოფნისას. გარდა ამისა, მას სურდა თავისი ძმის ერთგული დარჩენილიყო და ამიტომ კატეგორიული უარი განაცხადა ტახტზე.[17] შედეგად ახალ მონარქად კონსტანტინოსის მეორე ვაჟი, პრინცი ალექსანდროსი შეირჩა.[15]

ტახტზე ასვლა

რედაქტირება

კონსტანტინოსის გადაყენება ანტანტის ძალების ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუმცა საფრანგეთსა და ბრიტანეთს ჟონარის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ოფიციალურად გააპროტესტა აღნიშნული პარიზთან.[18] პეტროგრადი მოითხოვდა, რომ ალექსანდროსს უნდა მიეღო მეფის ტიტული, თუმცა მხოლოდ იმისათვის, რომ განდევნილი მონარქისა და ტახტის მემკვიდრისათვის უფლებები შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, რუსეთის პროტესტი უგულებელყოფილ იქნა და ალექსანდროსმა საბერძნეთის ტახტი დაიკავა.[19]

 
ელეფთერიოს ვენიზელოსი, ბერძენი რევოლუციონერი და პრემიერ-მინისტრი, დაახლ. 1919 წ.

1917 წლის 11 ივნისს ალექსანდროსმა სამეფო სასახლის სამეჯლისო დარბაზში საბერძნეთის კონსტიტუციაზე ფიცი დადო. ათენის მთავარეპისკოპოსის, თეოქლეტუს I-ის გარდა, რომელიც ფიცის დადების ცერემონიას ხელმძღვანელობდა, დარბაზში მხოლო მეფე კონსტანტინოს I, პრინცი გეორგიოსი და მეფის პრემიერ-მინისტრი ალექსანდროს ძაიმისი იმყოფებოდნენ.[20] არანაირი ზეიმი არ გამართულა.[15] 23 წლის მონარქს საზეიმო სიტყვის წარმოთქმისას ხმა უკანკალებდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.[20] მან იცოდა, რომ რეალური ძალაუფლება ანტანტისა და ვენიზელოსის ხელში იქნებოდა, ამავდროულად, ტახტზე თავიანთი პრეტენზიები კვლავაც ექნებოდათ მამამისსა და უფროს ძმას. კონსტანტინოსმა შვილს განუცხადა, რომ მას საკუთარი თავი რეგენტად უნდა მიეჩნია და არა ნამდვილ მეფედ.[15]

საღამოს, ცერემონიის შემდეგ, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა ათენის სამეფო სასახლიდან ტატოიში გადასულიყო, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს მონარქის გადასახლება და სასახლის ირგვლივ შეჯგუფდნენ, რათა არ დაეშვათ სამეფო ოჯახის წასვლა. 12 ივნისს ყოფილი მეფე და მისი ოჯახი შეუმჩნევლად გაიპარა.[21] ტატოიში კონსტანტინოსმა კიდევ ერთხელ განუცხადა ალექსანდროსს, რომ მას მხოლოდ მინდობილი ჰქონდა ტახტი.[22] ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ალექსანდროსს უშულო კონტაქტი ჰქონდა ოჯახთან.[6] მომდევნო დღეს კონსტანტინოსი ცოლსა და შვილებთან (ალექსანდროსის გამოკლებით) ოროპოსის პატარა პორტში ჩავიდა და ქვეყანა დატოვა.[23]

მეფე-მარიონეტი

რედაქტირება

მშობლებისა და და-ძმების გადასახლებაში წასვლის შემდეგ ალექსანდროსი იზოლაციაში აღმოჩდა. როიალისტები არაპოპულარულნი იყვნენ ვენიზელოსის მხარდამჭერებს შორის და ანტანტის წარმომადგენლები მეფის მამიდებსა და ბიძებს, განსაკუთრებით კი პრინც ნიკოლოზს მოუწოდებდნენ მეფე მიეტოვებინათ. საბოლოოდ, ყველა მათგანი კონსტანტინოსს გაჰყვა გადასახლებაში.[24] სამეფო ოჯახის მსახურები თანდათან ჩაანაცვლეს ყოფილი მეფის მტრებით, ხოლო ალექსანდროსის მხარდამჭერები ან დააპატიმრეს ან მისგან დააშორეს. საჯარო სივრცეებიდან სამეფო ოჯახის პორტრეტები ჩამოხსნეს, ხოლო ალექსანდროსის ყოფილი მინისტრები მას ღიად ეძახდნენ „მოღალატის შვილს.“[25]

 
ალექსანდროსი (ცენტრში) ხელს ართმევს სერბეთის პრინც-რეგენტს, ალექსანდრეს, მაკედონიის ფრონტზე, 1918 წლის მაისი.

1917 წლის 26 ივნისს მეფე იძულებული გახდა ელეფთერიოს ვენიზელოსი მთავრობის მეთაურად გამოეცხადებინა. კონსტანტინოსის გამგზავრებისას ანტანტის მიერ მიცემული დაპირებების მიუხედავად, წინა პრემიერ-მინისტრი, ძაიმისი, იძულებული გახდა გადამდგარიყო როდესაც ვენიზელოსი ათენში დაბრუნდა.[6] ალექსანდროსი დაუყოვნებლივ დაუპირისპირდა ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვებს. ამ უკანასკნელმა, რომელსაც მეფის წინააღმდეგობებმა თავი მოაბეზრა, ალექსანდროსს განუცხადა, რომ საერთოდაც გადააყენებდა მას და მისი ძმის, პრინცი პავლოსის სახელით სარეგენტო საბჭოს შექმნიდა, თუმცა საქმეში ანტანტის ძალები ჩაერივნენ და ვენიზელოსს მოსთხოვეს შეჩერებულიყო, რამაც ალექსანდროსს ტახტი შეუნარჩუნა.[26] პრემიერ-მინისტრის მომხრეები დღე და ღამე უთვალთვალებდნენ ალექსანდროსს, რომელიც სულ მალე პატიმრად იქცა საკუთარ სასახლეში, მის მიერ გაცემულ ბრძანებებს კი ყველა უყურადღებოდ ტოვებდა.[25]

ალექსანდროსს სახელმწიფოს მართვის საქმეებში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა მოწადინებული იყო რთული მდგომარეობებიდან საუკეთესო გამოსავალი მოეძებნა და შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ წარმოედგინა მამა.[25] მთავრობის ინდიფერენტული დამოკიდებულების პირობებში მეფე იშვიათად თუ წაიკითხავდა ოფიციალურ დოკუმენტებს სანამ ბეჭედს დაარტყამდა მათ.[27] მისი ფუნქციები მკვეთრად იყო შეზღუდული და განსაზღვრული იყო მაკედონიის ფრონტზე სტუმრობით, რათა ბერძნები და მოკავშირეთა ძალები მორალურად გაემხნევებინა. ხელისუფლებაში ვენიზელოსის მოსვლის შემდეგ საბერძნეთი ცენტრალურ ძალებთან ომში ჩაება და ბერძენი ჯარისკაცები ჩრდილოეთით ბულგარელებს ებრძოდნენ.[28]

საბერძნეთის ტერიტორიის გაფართოება

რედაქტირება
 
საბერძნეთის საზღვრების გაფართოება 1832-1947 წლებში.
 
ალექსანდროსის შესვლა ადრიანოპოლში, 1920 წ.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულისათვის საბერძნეთის საზღვრები გაფართოვდა 1914 წლის მდგომარეობასთან შედარებით და ნეურ-სურ-სეინისა (1919 წ.) და სევრის ხელშეკრულებებით (1920 წ.) დადასტურდა საბერძნეთის ტერიტორიული შენაძენები. თრაკიის უმეტესი ნაწილი, რომელიც მანამდე ბულგარეთსა და თურქეთს შორის იყო გაყოფილი, ასევე, ეგეოსის კუნძულების ნაწილი (მაგალითად, იმბროსი და თენედოსი) საბერძნეთის შემადგენლობაში მოექცა. იონიაში მდებარე სმირნის რეგიონი კი საბერძნეთის მანდატს დაექვემდებარა.[29] ალექსანდროსის სამეფოს ტერიტორია დაახლოებით მესამედით გაიზარდა. პარიზში ოსმალეთის იმპერიასა და ბულგარეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვენიზელოსი აწარმოებდა. 1920 წელს მისი საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, ვენეზილოსმა მეფისაგან დაფნის გვირგვინი მიიღო პანელინიზმის სასარგებლოდ მისი მოღვაწეობისათვის.[30]

მიუხედავად პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მოპოვებული ტერიტორიებისა, საბერძნეთი კვლავაც იმედოვნებდა, რომ შეძლებდა დიდი იდეის ხორცშესხმას და კონსტანტინოპოლისა და ოსმალეთის კონტროლქვეშ მყოფი მცირე აზიის დიდი ნაწილის დაკავებას. ბერძნები შეიჭრნენ ანატოლიაში სმირნის მიღმა და ანკარის აღება სცადეს იმ მიზნით, რომ გაენადგურებინათ თურქეთის წინააღმდეგობა, რომელსაც მუსტაფა ქემალი (მოგვიანებით ათათურქის სახელით ცნობილი) მეთაურობდა.[31] აღნიშნულს შედეგად მოჰყვა 1919-1922 წლების ბერძნულ-თურქული ომი. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის არმია წარმატებას წარმატებაზე აღწევდა, 1922 წელს საბოლოო გამარჯვება მაინც ათათურქის რევოლუციურმა ძალებმა მოიპოვეს.[]

ქორწინება

რედაქტირება

მითქმა-მოთქმა

რედაქტირება

1917 წლის 12 ივნისს, ტახტზე ასვლიდან მეორე დღეს, ალექსანდროსმა მამამისს გაუმჟღავნა ასპასია მანოსთან თავისი ურთიერთობის შესახებ და დასაქორწინებლად თანხმობა სთხოვა. კონსტანტინოსს არ სურდა შვილისთვის უფლება მიეცა არასამეფო წრის წარმომადგენელზე დაქორწინებულიყო და ალექსანდროსს მოსთხოვა ნიშნობის განხილვა ომის დამთავრებამდე გადაედო, რასაც ალექსანდროსი დაეთანხმა.[33] მომდევნო თვეებში ოჯახისაგან განცალკევებამ ალექსანდროსი ძალიან გაანაწყენა. მშობლებისადმი მიწერილი მისი წერილები მთავრობამ ჩაიგდო ხელში.[6] ასეთ რთულ მდგომარეობაში ალექსანდროსისათვის ნუგეშის ერთადერთი საშუალება ასპასია იყო და ამიტომაც მამის მოთხოვნის მიუხედავად მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.[34]

საბერძნეთის მმართველი დინასტია გერმანულ-დანიური წარმოშობის იყო და ვენიზელოსის მომხრეები კონსტანტინოსსა და სოფიას „ძალიან გერმანელებად“ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, თუმცა მონარქის ბერძენზე დაქორწინების შესაძლებლობა სამეფო ოჯახის ელინიზაციის შანსს აჩენდა, რასაც მისი უცხოური წარმოშობის გამო არსებული კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გაექარწყლებინა, ალექსანდროსის არჩევანი მიუღებელი აღმოჩნდა როგორც კონსტანტინოსის, ასევე ვენიზელოსისათვის. ვენიზელოსი შიშობდა, რომ ეს ქორწინება ალექსანდროსს გაძევებულ ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემდა პოლკოვნიკ მანოსის საშუალებით, ასევე, პოლიტიკურად დაპირისპირებული ორივე მხარისათვის მიუღებელი იყო მეფის უბრალო წარმოშობის ქალზე დაქორწინება.[35] მიუხედავად იმისა, რომ ვენიზელოსი პეტროს მანოსის მეგობარი იყო,[9] პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა მეფე, რომ ეს ქორწინება ხალხის თვალში არაპოპულარული იქნებოდა.[34][]

როდესაც 1918 წელს ათენს ქონაუთისა და სტრეთეარნის ჰერცოგი, პრინცი ართური ეწვია, რათა მეფისათვის ბაზის ორდენი გადაეცა, ალექსანდროსი შიშობდა, რომ მოხდებოდა მისი და პრინცესა მერის ქორწინების, როგორც საბერძნეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების გამყარების საშუალების განხილვა. მისდა სასიხარულოდ, ართურმა სთხოვა მას რომ ასპასიას შეხვედროდა და განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას თავადვე შეეცდებოდა უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო.[34] საგარეო ძალებისათვის და განსაკუთრებით კი ბრიტანეთის ელჩისათვის, ეს ქორწინება დადებითად იყო აღქმული.[11] ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობდა, რომ ასპასიაზე დასაქორწინებლად ალექსანდროსი ტახტიდან გადადგებოდა თუკი მას ქორწინების საშუალებას არ მისცემდნენ, რასაც შესაძლოა გამოეწვია საბერძნეთის რესპუბლიკად გამოცხადება, ამას მოჰყვებოდა არასტაბილურობა და შესაძლოა, საფრანგეთის გავლენის ზრდაც, ბრიტანეთს კი ამის თავიდან არიდება სურდა.[35]

ალექსანდროსის მშობლები შვილის არჩევანით არცთუ ისე ბედნიერები იყვნენ. სოფია უარს აცხადებდა მისი ვაჟის უბრალო ქალზე დაქორწინებაზე, ხოლო კონსტანტინოსს სურდა გადაევადებინა ქორწინება და მზად იყო შვილის მეჯვარეც კი ყოფილიყო, თუკი ალექსანდროსი მოთმინებას გამოიჩენდა.[34] 1918 წლის ბოლოს ალექსანდროსი პარიზს ეწვია, რამაც მის ოჯახს იმედი ჩაუსახა, რომ საბერძნეთის გარეთ ისინი მასთან დაკავშირებას შეძლებდნენ, თუმცა როდესაც დედოფალმა სოფიამ შვილს პარიზის სასტუმროში ტელეფონზე დაურეკა, ზარს მინისტრმა უპასუხა და განუცხადა, რომ „მისი უდიდებულესობა წუხს, თუმცა მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.“[10] მეფეს არც კი უთხრეს, რომ დედამ დაურეკა.[10]

საჯარო სკანდალი

რედაქტირება
 
ლითოგრაფიაზე აღბეჭდილი მანქანაში მსხდომი ასპასია მანოსი და მეფე ალექსანდროსი.

სამი წარუმეტებელი მცდელობის შემდეგ, ასპასიას სიძის, ხრისტო ზალოკოსტასის დახმარებით, საბოლოოდ, წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა სამეფო კარის მღვდლის, არქიმანდრიტ ზაქარისტასის მიერ 1919 წლის 17 ნოემბერს.[11] ცერემონიის შემდეგ არქიმანდრიტმა ფიცი დადო, რომ ქორწინების შესახებ არ გაამხელდა, თუმცა მალევე დაარღვია პირობა, როდესაც ათენის მთავარეპისკოპოსს, მელეტიოს მეტაქსაკისს აღსარებაში გამოუტყდა.[38] კონსტიტუციის თანახმად, სამეფო ოჯახის წევრებს ქორწინებაზე თანხმობა უნდა მიეღოთ როგორც მონარქისაგან, ასევე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისაგან.[39] ასპასიაზე დაქორწინებით მთავარეპისკოპოსის თანხმობის გარეშე ალექსანდროსმა დიდი სკანდალი გამოიწვია.[28]

მიუხედავად იმისა, რომ ვენიზელოსი არ ეთანხმებოდა წყვილის კავშირს, მან ასპასიასა და დედამისს მაინც დართო ნება სამეფო სასახლეში გადასულიყვნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ქორწინება საიდუმლოდ დარჩებოდა.[11] მიუხედავად ამისა, ინფორმაციამ გაჟონა და რათა საჯარო შერცხვენისაგან თავი დაეხსნა, ასპასია იძულებული გახდა საბერძნეთიდან წასულიყო. იგი რომში ჩავიდა, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც ალექსანდროსს ნება მისცეს შეხვედროდა მას ექვსი თვის შემდეგ, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი ოფიციალურ შეხვედრებს ერთად არ დაესწრებოდნენ.[28] თავიანთ პარიზულ თაფლობის თვეში ფონტენებლოსთან მანქანით სეირნობისას წყვილი საშინელ ავტოკატასტროფას შეესწრო, როდესაც გრაფმ დე კერგარის მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა. ალექსანდროსმა გვერდი აუქცია გრაფის მანქანას, რომელიც გადატრიალდა და ხეს შეეჯახა. მეფემ დაშავებულები საკუთარი მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში,[40] ხოლო ასპასიამ, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნის სწავლება ჰქონდა მიღებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინა მათ. გრაფი სერიოზულად იყო დაშავებული და მალევე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს.[41][]

1920 წლის შუა ხანებში მთავრობამ წყვილს საბერძნეთში დაბრუნების უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დაკანონდა, ასპასია დედოფლად არ აღიარეს, არამედ მას „მადამ მანოსს“ უწოდებდნენ.[28] თავდაპირველად, იგი ათენში, დის სახლში რჩებოდა, შემდეგ კი ტატოიში გადავიდა[44] და სწორედ ამ პერიოდში დაორსულდა.[28]

ალექსანდროსი ესტუმრა ახლად შემოერთებულ ტერიტორიებს დასავლეთ თრაკიაში. 1920 წლის 8 ივლისს რეგიონის მთავარ ქალაქს მეფის პატივსაცემად ალექსანდროპოლი (ბერძნულად, ალექსანდროსის ქალაქი) ეწოდა, რამდენადაც მისი პირვანდელი სახლი დედეაგაჩი ძალიან თურქულად ჟღერდა.[45] 7 სექტემბერს ვენიზელოსმა სევრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და ქვეყნის ტერიტორიული გაფართოების პირობებში მხარდაჭერის იმედით ნოემბრის დასაწყისისათვის საყოველთაო არჩევნები გამოაცხადა.[46]

გარდაცვალება

რედაქტირება
 
გეორგიოს იაკობიდესის მიერ შესრულებული ალექსანდროსის დედის, დედოფალ სოფიას პორტრეტი, 1915 წ.

1920 წლის 2 ოქტომბერს ალექსანდროსი ტატოის ბაღში სეირნობისას დაშავდა. სასახლის ვენახის მნეს მოშინაურებულ მაგოტს თავს დაესხა მეფის გერმანული ნაგაზი, ფრიცი.[] ალექსანდროსმა ცხოველების გაშველება სცადა, რა დროსაც მას სხვა მაიმუნი დაესხა თავს და ფეხსა და ტორსოზე ღრმად დაკბინა. საბოლოოდ მაიმუნები მსახურებმა გაყარეს;[47] მეფეს ჭრილობები სასწრაფოდ გაუწმინდეს და შეუხვიეს, თუმცა არ მოუწვავთ. ალექსანდროსმა ჭრილობები სერიოზულად არ ჩათვალა და ითხოვა რომ საჯაროდ არ გაემღჟავნებინათ ეს შემთხვევა.[48]

იმავე საღამოს მეფე ჭრილობებში ინფექცია შეეჭრა. იგი ძლიერი ცხელებითა და სეფსისით იტანჯებოდა. ექიმებმა ფეხის ამპუტაციაზე დაიწყეს მსჯელობა, თუმცა არავის სურდა ასეთ რადიკალურ ზომაზე პასუხისმგებლობა აეღო.[49] 19 ოქტომბერს მეფეს ბოდვა დაეწყო და დედას ეძახდა, თუმცა საბერძნეთის მთავრობამ დედოფალს მისი პროტესტის მიუხედავად ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. საბოლოოდ, გეორგიოს I-ის ქვრივსა და ალექსანდროსისი ბებიას, დედოფალ ოლღას უფლება მისცეს მარტო ჩამოსულიყო ათენში და მეფისათვის მოევლო, თუმცა იგი უამინდობამ შეაფერხა და როდესაც საბერძნეთში ჩავიდა, ალექსანდროსი უკვე გარდაცვლილი იყო სეფსისით მის ჩასვლამდე 12 საათით ადრე, 1920 წლის 25 ოქტომბერს 16 საათზე.[50] სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა ეს ამბავი იმავე ღამეს, ტელეგრამით მიიღეს.[]

ორი დღის შემდეგ ალექსანდროსის ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც 29 ოქტომბერს მის დაკრძალვამდე იმყოფებოდა. სამეფო ოჯახს კვლავაც უარი ეთქვა საბერძნეთში დაბრუნებაზე და დედოფალი ოლღა იყო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც დაკრძალვას დაესწრო.[52] მეფის დაკრძალვას უცხეთიდან ესწრებოდნენ სერბეთის პრინც-რეგენტი დასთან ერთად; შვედეთის ტახტის მემკვიდრე ბიძასთან ერთად, ადმირლები, სერ ჯორჯ ჰოუპი ბრიტანეთიდან და დუმენსილი საფრანგეთიდან, აგრეთვე, ათენში მყოფი დიპლომატიური კორპუსი.[53]

მეფე ალექსანდროსის ცხედარი ტატოის სამეფო მამულში დაკრძალეს.[52] საბერძნეთის სამეფო ოჯახი არასდროს მიიჩნევდა ალექსანდროსის მმართველობას ბოლომდე ლეგიტიმურად. სამეფო სასაფლაოზე როდესაც სხვა მონარქების საფლავებს აწერიათ „ელინთა მეფე, დანიის პრინცი“, ალექსანდროსის საფლავზე წერია „ალექსანდროსი, ელინთა მეფის ძე, დანიის პრინცი. იგი ქვეყანას მამამისის ნაცვლად 1917 წლის 14 ივნისიდან 1920 წლის 25 ოქტომბრამდე მართავდა.“[52] ალექსანდროსის საყვარელი დის, ჰელენას თქმით, არალეგიტიმურობის ამ განცდას ალექსანდროსიც იზიარებდა. მისი ეს განცდა ერთგვარად ხსნის ასპასია მანოსთან მის ქორწინებას.[34]

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ფილიპ ალექსიუს დე ლაზლოს მიერ დახატული ალექსანდროსის ბებიის, ოლღა კონსტანტინეს ასულის პორტრეტი, 1914 წ. ალექსანდროსის გარდაცვალებიდან ტახტზე მამამისის აღდგენამდე იგი რეგენტის მოვალეობას ასრულებდა.

ალექსანდროსის გარდაცვალებამ წამოჭრა საკითხი ტახტზე მის შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე, საბერძნეთის მმართველი რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით. რადგანაც მეფე არათანასწორ ქორწინებაში იმყოფებოდა,[] მისი მემკვიდრეები მემკვიდრეობის რიგში ვერ მოხვდებოდნენ.[] საბერძნეთის პარლამენტმა მოითხოვა, რომ მეფობის კანდიდატურებიდან გამორიცხულიყვნენ კონსტანტინოს I და მისი უფროსი ვაჟი გეორგიოსი, თუმცა პარლამენტს მაინც სურდა მონარქიის შენარჩუნება და საამისოდ სამეფო ოჯახის რომელიმე სხვა წევრის მეფედ გამოცხადებას უჭერდა მხარს. 1920 წლის 29 ოქტომბერს ბერნში მყოფმა საბერძნეთის მინისტრმა თავისი მთავრობის ინსტრუქციების მიხედვით, ტახტი ალექსანდროსის უმცროს ძმას, პავლოსს შესთავაზა.[56] პავლოსმა უარი განაცხადა მეფობაზე, რადგანაც მამამისი და მისი უფროსი ძმა ცოცხლები იყვნენ. იგი ამტკიცებდა, რომ არც ერთ მათგანს ოფიციალურად უარი არ უთქვამს ტახტზე და ამდენად, იგი ვერ შეძლებდა კანონიერი მონარქი გამხდარიყო.[57]

ტახტი კვლავაც ვაკანტური დარჩა და 1920 წლის საპარლამენტო არჩევნები ვენიზელოსის მომხრე რესპუბლიკელებსა და ყოფილი მეფის, კონსტანტინოსის მომხრეებს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა.[58] 1920 წლის 14 ნოემბერს, თურქეთთან კვლავაც მიმდინარე ომის პირობებში, მონარქისტებმა გაიმარჯვეს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დიმიტრიოს რალისმა დაიკავა. ვენიზელოსმა (რომელმაც საკუთარი საპარლამენტო მანდატი დაკარგა) გადაწყვიტა საბერძნეთი დაეტოვებინა და ნებაყოფლობით გადასახლებაში წასულიყო. რალისმა დედოფალ ოლღას სთხოვა კონსტანტინოსის დაბრუნებამდე ტახტის რეგენტი ყოფილიყო.[59]

ტახტზე კონსტანტინოს I-ის აღდგენის შემდეგ, რომლის დაბრუნებასაც 1920 წლის რეფერენდუმში დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, საბერძნეთმა თურქეთთან მიმდინარე ომი წააგო, რასაც მძიმე სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე ალექსანდროსის მმართველობისას მოპოვებული ტერიტორიები საბერძნეთმა დაკარგა. შუა საარჩევნო კამპანიის დროს ალექსანდროსის სიკვდილმა თავისი წვლილი შეიტანა ვენიზელოსის რეჟიმის დესტაბილიზაციაში და ამის შედეგად მოკავშირეთა მხარდაჭერის დაკარგვამ საბერძნეთის ტერიტორიული ამბიციების კრახი გამოიწვია.[60] უინსტონ ჩერჩილის სიტყვებით, „ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ მაიმუნის ნაკბენით მეოთხედი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.“[61]

შთამომავლობა

რედაქტირება

ალექსანდროსის ქალიშვილი ასპასია მანოსისაგან, ალექსანდრა (1921-1993 წწ.) მამის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ დაიბადა. თავდაპირველად, მთავრობის პოზიციით, რადგანაც ალექსანდროსი ასპასიაზე მამამისის ან/და ეკლესიის თანხმობის გარეშე დაქორწინდა, ქორწინება უკანონო იყო და მეფის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ქალიშვილიც არალეგიტიმური იყო. თუმცა შემდეგ, 1922 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უფლებას აძლევდა მეფეს ეღიარებინა არადინასტიურ საფუძველზე შემდგარი სამეფო ქორწინება ფაქტის დადგომის შემდეგ.[62] იმავე წლის სექტემბერში[1] კონსტანტინოსმა, სოფიას დაჟინებული მოთხოვნით, აღიარა თავისი შვილის ქორწინება ასპასიასთან და მას პრინცესას ტიტული მიანიჭა.[63] მისი ქალიშვილი (და კონსტანტინოსის შვილიშვილი) საბერძნეთისა და დანიის პრინცესად გამოცხადდა და მოგვიანებით, 1944 წელს იგი ლონდონში დაქორწინდა იუგოსლავიის მეფე პეტრე II-ზე. წყვილს ჰყავდა ერთი შვილი, ალექსანდრე.[64]

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alexandra of Yugoslavia (1956). For a King's Love. London: Oldhams Press. OCLC 2234245. 
  • Tourtchine, Jean-Fred (December 1998). „Alexandre I“, Le Royaume des Deux-Siciles volume II – Le Royaume de Grèce, Les Manuscrits du Cèdre. Dictionnaire historique et généalogique (French). Paris: Cercle d'Études des Dynasties Royales Européennes, გვ. 165–167. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

კომენტარები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ამ სტატიაში გამოყენებული თარიღები მითითებულია გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი), თუმცა ალექსანდროსის სიცოცხლეში საბერძნეთში გამოიყენებოდა იულიუსის კალენდარი (ძველი სტილი).
  2. 1923 წლის ლოზანის საზავო ხელშეკრულებამ ხელახლა გაავლო საზღვარი საბერძნეთსა და თურქეთს შორის თურქეთის სასარგებლოდ.[32]
  3. საბერძნეთისა და დანიის პრინცის, პეტრეს თანახმად, ვენიზელოსი „აქეზებდა [ალექსანდროსისა და ასპასიას] ქორწინებას, რათა პოლიტიკური უპირატესობა მოეპოვებინა საკუთარი თავისა და პარტიისათვის სამეფო ოჯახისათვის სახელის გატეხვით“,[36] ამავდროულად, ირენე ნოელ-ბეიკერმა თავის მამამთილს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ჯოზეფ ალენ ბეიკერს უთხრა, რომ ვენიზელოსი „პრადად მხარს უჭერდა ქორწინებას, თუმცა გულწრფელად სჯეროდა, რომ ეს ქორწინება უაღრესად არაპოპულარული იქნებოდა.[37]
  4. გრაფი ალან დე კერგარი (გარდაიცვალა 1920 წლის 29 მაისს 38 წლის ასაკში) პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის საჰაერო ძალების ოფიცერი იყო.[42] გრაფი თავის ცოლთან და ორ გერთან ერთად იჯდა მანქანაში როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. გრაფინიას ჩალურჯებები ჰქონდა, თუმცა სხვა მხრივ უვნებლად გადარჩა. მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა ხელი დაკარგა.[43]
  5. ძაღლი პირველი მსოფლიო ომის დროს მტრის სანგარში იპოვა ბრიტანელმა ოფიცერმა, რომელმაც იგი მეფე ალექსანდროსს აჩუქა.[28]
  6. ალექსანდროსის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება პირველმა პრინცმა ნიკოლოზმა მიიღო, თუმცა ამის შესახებ მშობლებს მეორე დილამდე არ აცნობა, რათა მათთვის ძილი არ დაეფრთხო.[51]
  7. აქ „არათანასწორი ქორწინება“ აღნიშნავს კავშირს სამეფო ოჯახის წევრსა და „დაბალი“ სოციალური ფენის წარმომადგენელს შორის. ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებული მორგანატიკული ქორწინების მსგავსია, თუმცა ეს კონცეფცია საბერძნეთში არ არსებობდა.[54]
  8. ტახტზე აღდგენილმა კონსტანტინოსმა ალექსანდროსის ერთადერთი ქალიშვილი, ალექსანდრა, სამეფო ოჯახის წევრად 1922 წლის ივლისამდე არ აღიარა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ რამდენადაც საბერძნეთში კონსტანტინოს II-ის გამეფებამდე მოქმედებდა ტახტის მემკვიდრეობის სალიკური წესი, ალექსანდროსის ასულს მაინც არ ექნებოდა ტახტზე რაიმე უფლება.[55]
  1. 1.0 1.1 Montgomery-Massingberd, გვ. 327.
  2. Carter, გვ. xi
  3. 3.0 3.1 Van der Kiste, გვ. 62.
  4. 4.0 4.1 4.2 Sáinz de Medrano, გვ. 174.
  5. Van der Kiste, გვ. 83.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Van der Kiste, გვ. 113.
  7. Van der Kiste, გვ. 72.
  8. Van der Kiste, გვ. 74–75.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Sáinz de Medrano, გვ. 176.
  10. 10.0 10.1 10.2 Van der Kiste, გვ. 117.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Sáinz de Medrano, გვ. 177.
  12. Van der Kiste, გვ. 89–101.
  13. Van der Kiste, გვ. 96–98.
  14. Van der Kiste, გვ. 106.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Van der Kiste, გვ. 107.
  16. Bertin, გვ. 215, 220.
  17. Bertin, გვ. 220.
  18. Driault and Lhéritier, გვ. 305–307.
  19. Driault and Lhéritier, გვ. 306.
  20. 20.0 20.1 Van der Kiste, გვ. 107–108.
  21. Van der Kiste, გვ. 108–109.
  22. Van der Kiste, გვ. 109.
  23. Van der Kiste, გვ. 110–111.
  24. Van der Kiste, გვ. 115.
  25. 25.0 25.1 25.2 Van der Kiste, გვ. 112.
  26. Driault and Lhéritier, გვ. 312.
  27. Van der Kiste, გვ. 114.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 Van der Kiste, გვ. 119.
  29. Driault and Lhéritier, გვ. 382–384.
  30. Driault and Lhéritier, გვ. 387.
  31. Driault and Lhéritier, გვ. 386.
  32. Driault and Lhéritier, გვ. 433–434.
  33. Van der Kiste, გვ. 117–118.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 Van der Kiste, გვ. 118.
  35. 35.0 35.1 Llewellyn Smith, გვ. 136.
  36. Prince Peter of Greece and Denmark, "Comments by HRH Prince Peter of Greece and Denmark" in: Fleming, Patricia H. (June 1973). "The Politics of Marriage Among Non-Catholic European Royalty". Current Anthropology, vol. 14, no. 3, გვ. 246. JSTOR 2740765
  37. Quoted in Llewellyn Smith, გვ. 357
  38. Van der Kiste, გვ. 118–119.
  39. Van der Kiste, გვ. 120–121.
  40. "The King in a Motor Accident", The Times, 29 May 1920, გვ. 13.
  41. "Narrow Escape While Motoring", The Argus, 31 May 1920, გვ. 8.
  42. "Count de Kergariou Dead", The Times, 31 May 1920, გვ. 13.
  43. "Greek King in Motor Smash", The Singapore Free Press and Mercantile Advertiser, 10 July 1920, გვ. 12.
  44. Sáinz de Medrano, გვ. 178.
  45. Kargakos, გვ. 325–331
  46. Llewellyn Smith, გვ. 135.
  47. "Monkey Bites King of Greece", The Portsmouth Herald, 14 October 1920, გვ.1; Van der Kiste, გვ. 122.
  48. Van der Kiste, გვ. 122–123.
  49. Van der Kiste, გვ. 123.
  50. Van der Kiste, გვ. 123–124.
  51. Van der Kiste, გვ. 124.
  52. 52.0 52.1 52.2 Van der Kiste, გვ. 125.
  53. "Royal Funeral in Athens", The Times, 2 November 1920, გვ. 11.
  54. Van der Kiste, გვ. 120.
  55. Sáinz de Medrano, გვ. 180, 238, 402.
  56. Van der Kiste, გვ. 125–126.
  57. Llewellyn Smith, გვ. 139; Van der Kiste, გვ. 126.
  58. Llewellyn Smith, გვ. 144–148; Van der Kiste, გვ. 126.
  59. Van der Kiste, გვ. 126.
  60. Fry, Goldstein and Langhorne, გვ. 201; Goldstein, გვ. 49.
  61. Churchill, გვ. 409, quoted (for example) in Pentzopoulos, გვ. 39.
  62. Ghislain de Diesbach, გვ. 225.
  63. Van der Kiste, გვ. 132.
  64. Montgomery-Massingberd, გვ. 327, 536, 544.
ალექსანდროსი (საბერძნეთი)
დაიბადა: 1 აგვისტო 1893 გარდაიცვალა: 25 ოქტომბერი 1920
წინამორბედი:
კონსტანტინოს I
საბერძნეთის მეფე შემდეგი:
კონსტანტინოს I