ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალეპოს ციტადელი (არაბ. قلعة حلب) — შუა საუკენეების პერიოდის საფორტიფიკაციო დანიშნულების სასახლე, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალეპოში მდებარეობს.

ალეპოს ციტადელი
قلعة حلب

ალეპოს ციტადელი 2010 წელს
მდებარეობა ალეპო, სირია
ტიპი ციხესიმაგრე
ინფორმაცია
მმართველი ქვეყანა სირიის არაბთა რესპუბლიკა
ისტორია
თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეული — ჩვ. წ. II ათასწლეული
მასალა კირქვა
ბრძოლები სირიის სამოქალაქო ომი
ალეპოს ციტადელი ვიკისაწყობში

ციტადელი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს და უდიდეს სასახლედ მიიჩნევა. ბორცვი, რომელზეც აგებულია ციტადელი, ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან გამოიყენებოდა. ისტორიის მანძილზე ტერიტორიას სხვადასხვა ცივილიზაციები ფლობდნენ, მათ შორის ბერძნები, ბიზანტიელები, აიუბიდები, მამლუქები და ოსმალები. ნაგებობა დღევანდელი სახით აიუბიდების მმართველობის პერიოდით თარიღდება. 2012-2016 წლებში, ალეპოს ომის პერიოდში ციტადელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.[1][2] ნაგებობა საჯაროდ 2017 წელს, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გაიხსნა.[3]

ციტადელი ძველი ალეპოს ნაწილია, რომელსაც 1986 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[4]

 
სამეფო დარბაზის შესასვლელი
 
სამეფო დარბაზი

სელევკიდების პერიოდი

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ალეპო ალექსანდრე მაკედონელის ჯარებმა აიღეს, ქალაქს სელევკე I ნიკატორი მართავდა. ამ უკანასკნელმა ალეპო ბეროიას სახელით ააღორძინა. შუა საუკუნეების არაბ ისტორიკოსთა ცნობების მიხედვით, ციტადელის, როგორც საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობის ისტორია, სწორედ ნიკატორის პერიოდში დაიწყო.[5] ელინისტური დასახლების ნაშთები ციტადელის გარკვეულ მონაკვეთებში დღემდეა შემორჩენილი.

რომაელთა და ბიზანტიელთა პერიოდი

რედაქტირება

ძვ. წ. 64 წელს რომაელებმა სელევკიდები ტახტიდან ჩამოაგდეს. მათი მმართველობის პერიოდში ციტადელის ბორცვი რელიგიურ დანიშნულებას ინარჩუნებდა. 363 წელს ალეპოს იმპერატორი იულიანე განდგომილი ეწვია. ციტადელში რომაელთა მმართველობის პერიოდის მეტად მცირე ფიზიკური ნიშნებია შემორჩენილი.[6]

395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო. ალეპო მისი აღმოსავლეთი ნაწილის, ბიზანტიის შემადგენლობაში მოექცა. VII საუკუნეში სასანიანთა შაჰის, ხოსრო II-ის შემოტევების დროს ქალაქის მოსახლეობამ ციტადელს შეაფარა თავი. დღესდღეობით, ციტადელში ბიზანტიელთა პერიოდის ძალიან მცირე გადმონაშთები გვხვდება, თუმცა ცნობილია, რომ ციტადელის შიგნით მდებარე ორი მეჩეთი გადაკეთებული ტაძრებია, რომლებიც ბიზანტიელთა პერიოდში აშენდა.[5][6]

 
აღდგენილი მოედანი

ისლამური პერიოდი

რედაქტირება

ჩვ. წ. 636 წელს ალეპო მუსლიმთა ჯარებმა აიღეს. წერილობითი წყაროები მოწმობენ, რომ დიდი მიწისძვრის შემდეგ მათ ციტადელს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარეს. ისლამურ პერიოდში ალეპო ომაიანთა და აბასიანთა სახალიფოების სასაზღვრო ქალაქი იყო.

944 წელს ალეპო საიფ ალ-დაულამ, ჰამდანიდების დინასტიის პრინცმა დაიპყრო, რის შემდეგაც ქალაქი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით მკვეთრად გაძლიერდა.[6][7] ჰამანიდებმა მდინარის ნაპირზე დიდებული სასახლე ააგეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელზე 962 წელს ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს, მათ ციტადელში გადაინაცვლეს. ჰამანიდების მმართველობასს მოჰყვა არასტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც ალეპო ბიზანტიელთა და ბედუინთა შეტევებს განიცდიდა. მოკლე ხნით ქალაქს ფატიმიდები მართავდნენ. მათ მირდასიდები მოჰყვნენ, რომლებმაც ციტადელში მდებარე ტაძრები მეჩეთებად გადააკეთეს.[6]

 
ამფითეატრი
 
ალეპოს ციტადელის მუზეუმი

ზენგიდების და აიუბიდების პერიოდი

რედაქტირება

ციტადელმა თავისი მნიშვნელობის ზენიტს ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში მიაღწია. ზენგიდმა მმართველებმა, იმად ად-დინ ზენგიმ და ნურადინმა გააერთიანეს ალეპო და დამასკო, რითაც ხელი შეუშალეს ჯვაროსანთა თავდასხმების გამეორებას ამ ქალაქებზე. ციტადელში რამდენიმე ცნობილი ჯვაროსანი დაატყვევეს, მათ შორის ედესის გრაფი ჟოსლენ II, რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა, რენო დე შატიიონი და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II, რომელმაც ტყვეობაში ორი წელი გაატარა. ნურადინმა აღადგინდა ალეპოს გალავანი და გაამაგრა ციტადელი. არაბული წყაროების თანახმად, მან ააგო სასახლე და ციტადელის შესასვლელი და საჯირითო მოედანი მოაწყო. ასევე ნურადინმა განაახლა ორი მეჩეთი, მათ შორის აბრაამის მეჩეთს მან ოსტატურად გამოკვეთილი ხის მიჰრაბი უძღვნა. მიჰრამი საფრანგეთის მანდატის დროს დაიკარგა.[8]

1193-1215 წლებს ალეპოს სალადინის მესამე ვაჟი, ალ-ზაჰირ გაზი მართავდა. ამ პერიოდის მანძილზე ციტადელმა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია განიცადა. ნაგებობა გაამაგრეს და ახალი სტრუქტურები დაუმატეს, რის შედეგადაც მან დღევანდელი სახე მიიღო. ალ-ზაჰირ გაზიმ გააფართოვა ქალაქის გალავანი და მასში სამხრეთი და აღმოსავლეთი გარეუბნებიც მოაქცია, რის შედეგადაც ციტადელი გალავნიანი ქალაქის ცენტრი გახდა.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. edwardedark. (29 July 2014) Video: rebels blow up historic building in front of Aleppo citadel today.
  2. Syrian heritage destruction revealed in satellite images (September 19, 2014).
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-03. ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  4. Ancient City of Aleppo. UNESCO. ციტირების თარიღი: Mar 7, 2012.
  5. 5.0 5.1 Bianca and Gaube, 2007, pp. 73–103
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Gonnela, 2008, pp. 12–13
  7. Burns, Ross, Monuments of Syria; An Historical Guide, London: Tauris
  8. 8.0 8.1 Gonnela, 2008, pp. 14–19