ალევის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ალევის სამების ტაძარი)

ალევის სამების ეკლესია — ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძარი ახალგორის მუნიციპალიტეტში, კორინთის თემში, სოფელ ზემო ალევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ში აღმართული უნაგირა მთის თხემზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ცნობილია ალევის „ოქროსკარიანი“ სამების სახელით.

ალევის „ოქროსკარიანი“ სამება
ალევის ეკლესია — საქართველო
ალევის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°10′18″ ჩ. გ. 44°34′20″ ა. გ. / 42.17167° ჩ. გ. 44.57222° ა. გ. / 42.17167; 44.57222
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება VII-IX სს.
დეტალები

ხუროთმოძღვრება

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა კამარული გადახურვა. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია წესიერი, წაგრძელებული ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები.

ტაძარს გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიგნითა მხრიდან რამდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებულია გრძელი ვიწრო ორსართულიანი შენობა. ქვედა სართული მიწაშია, ზედას კარი კი მიწის ზედაპირის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულებს შორის გადახურვის ძეგლების ფოსოების კვალი. ქვედა სართულს ჰქონია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც მწყემსების თქმით ეკლესიაში შედიოდა. შენობა, შესაძლოა, სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ირგვლივ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთია. ალევის სამების კომპლექსი მონასტრის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მთავარი ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, ხოლო მცირე – X საუკუნით, თუმცა დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ალევის ეკლესიის აშენებას, ისევე როგორც ლომისისას, ხალხი დავით აღმაშენებელს მიაწერდა. მთელს აღმოსავლეთ საქართველოში დიდად სახელგანთქმული და მდიდარი სალოცავი იყო. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. დღეობა იმართებოდა ძველი სტილით 15 აგვისტოს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს:

 
„ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ.“

ალევის სამებას მდიდარი სახნავ-საძოვრები ჰქონდა. ეკლესიაში დაცული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში, 1870 წლის შემდეგ დაიტაცეს – ზოგი მათგანი ნახა და აღწერა პლატონ იოსელიანმა, ექვთიმე თაყაიშვილს კი ეს ნივთები აღარ დახვედრია.

ტაძარსა და გალავანს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. მოეწყო თავდაპირველი იერსახის მქონე მდგრადი სახურავი — მწვანე კრამიტი, რომლის ფერიც არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ავთენტური კრამიტის მიხედვით განისაზღვრა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 25050