ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები

(გადამისამართდა გვერდიდან აინშტაინი და რელიგია)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები ფართოდ იქნა შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს მითები მის რწმენებზე და რელიგიის მიმართ მის შეხედულებებზე, მიდის კამათიც. იგი ამბობდა, რომ სჯერა ბარუხ სპინოზას პანთეისტური ღმერთის, თუმცა, არა პერსონიფიცირებული ღმერთის. თავის თავს იგი მოიხსენიებდა როგორც აგნოსტიკოსს, თუმცა უარს ამბობდა ათეისტის იარლიყზე და ამჯობინებდა მორჩილებას, რომელიც შეეფერება ჩვენი გონების მიერ ბუნების და ჩვენი საკუთარი ყოფის სუსტ გაგებას.[1][2] აინშტაინი ასევე აცხადებდა, რომ არ სჯეროდა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და იქვე დასძენდა: „ერთი სიცოცხლე ჩემთვის საკმარისია“.[3]

ალბერტ აინშტაინი 1921 წელს

ადრეული ბავშვობა

აინშტაინი აღზარდეს არარელიგიურმა მშობლებმა – ებრაელებმა. ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში იგი წერდა, რომ თანდათანობით კარგავდა რწმენას ადრეულ ბავშვობაში: მალე, სამეცნიერო წიგნების კითხვის წყალობით, მე ვრწმუნდებოდი, რომ ბევრი რამ ბიბლიურ ისტორიებში არ შეიძლება იყოს სიმართლე.

მართალია, მე ვიყავი არარელიგიური მშობლების შვილი, მაგრამ, ვიყავი ღრმად რელიგიური 12 წლამდე, როდესაც ჩემს რწმენას, უცბად, მოეღო ბოლო. ამის შედეგი გახდა ფანატიკური თავისუფალი აზროვნება, შეერთებული შთაბეჭდილებასთან, თითქოს სახელმწიფო ატყუებს ახალგაზრდობას; ეს იყო გამანადგურებელი დასკვნა. ასეთმა განცდებმა გააჩინეს უნდობლობა ყველანაირ ავტორიტეტებთან და სკეპტიკური დამოკიდებულება რწმენებთან და მრწამსებთან, რომლებიც გავრცელებული იყო სოციალურ გარემოში, რომელშიც მე ცხოვრება მიწევდა. ეს სკეპტიციზმი უკვე აღარ მტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა სიბასრე მას შემდეგ, რაც მე უკეთესად გავერკვიე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ამგვარად დაკარგული ახალგაზრდობის რელიგიური სამოთხე იყო პირველი ცდა გათავისუფლებისა „პირადი ეგოს“ ბორკილებისგან და არსებობისგან, რომელშიც დომინირებდა სურვილები, იმედები, პრიმიტიული გრძნობები. იქ, გარეთ, იყო ეს დიდი სამყარო, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან, ხალხისგან და არის დიდი, სამუდამო გამოცანა ჩვენთვის, თუმცა, ამავე დროს, ხელმისაწვდომი, თუნდაც, ნაწილობრივ, ჩვენი აღქმისთვის და გონებისთვის. მსოფლიოს განჭვრეტა იხმობდა გათავისუფლებით და მე მალე დავრწმუნდი, რომ ბევრმა მათგანმა, ვისი პატივისცემა და დაფასებაც ვისწავლე, იპოვეს თავისი შინაგანი თავისუფლება და სიმტკიცე ამ დროისტარებისთვის თავიანთი თავის სრულად მიცემით. ამ მსოფლიოს გონებრივი შემოფარგვლა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების ფარგლებში, მე ნახევრად შეგნებულად და ნახევრად შეუგნებლად წარმომედგინა როგორც უმაღლესი მიზანი. ისინი, ვინც ასე ფიქრობდნენ, როგორც ჩემი თანამედროვეები, ასევე წარსულის ადამიანები მათ მიერ გამოტანილი დასკვნებით, იყვნენ ჩემი ერთადერთი, შეუცვლელი მეგობრები. გზა ამ სამოთხემდე, განსხვავებით რელიგიური სამოთხისაგან, არ იყო მოსახერხებელი და მაცდური, თუმცა, იგი აღმოჩნდა სანდო და მე არასდროს ვნანობდი, რომ ის ავირჩიე.

შეხედულებები

თავისი რელიგიური შეხედულებების აღწერისთვის აინშტაინი იყენებდა რამდენიმე ტერმინს, მათ შორის აგნოსტიკოსს[4], რელიგიურ არამორწმუნეს[5] და პანთეისტს[6], რომელსაც სპინოზას ღმერთი სწამს.[7]

პერსონიფიცირებული ღმერთი და იმქვეყნიური ცხოვრება

აინშტაინი სკეპტიკურად იყო განწყობილი ანთროპომორფული ღვთაების მიმართ, ხშირად მოიხსენიებდა მას როგორც ბავშვურს და მიამიტს. იგი აცხადებდა:

ანთროპომორფული კონცეფციის პიროვნული ღმერთის იდეის სერიოზულად აღქმა არ შემიძლია. მე ასევე ვგრძნობ, რომ შეუძლებელია წარმოიდგინო სურვილი ან მიზანი ადამიანური სფეროს გარეთ. ჩემი შეხედულებები ახლოს არის სპინოზასთან: აღტაცება სილამაზით და რწმენა ნივთების ლოგიკურ წყობაში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მორჩილად და მხოლოდ ნაწილობრივ. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ ჩვენი არასრულყოფილი ცოდნით და გაგებით, რომ ღირებულებების მკურნალობა და მორალური ვალდებულებები ადამიანურ პრობლემათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
— Hoffmann, Banesh (1972). Albert Einstein Creator and Rebel. New York: New American Library, p. 95.

1954 წლის 22 მარტს აინშტაინმა მიიღო წერილი იტალიელი მიგრანტი ჯოზეფ დისპენტიერესგან, რომელიც ნიუ-ჯერსიში ლოკომოტივის მემანქანედ მუშაობდა. დისპენტიერე წერდა, რომ იგი ათეისტია და იმედგაცრუებულია რეპორტაჟით, რომელიც აინშტაინს რელიგიურად მოიხსენიებდა. აინშტაინმა მას 1954 წლის 24 მარტს უპასუხა:

რაც თქვენ ჩემ რელიგიურ შეხედულებებზე წაიკითხეთ არის ტყუილი. ტყუილი, რომელიც სისტემატიურად მეორდება. მე არ მწამს პერსონიფიცირებული ღმერთის. ამაზე არასდროს მითქვამს უარი, თუმცა, ეს მკაფიოდ გამოვხატე. თუ ჩემში არის რამე, რასაც შეიძლება რელიგიური ეწოდოს, ეს უთუოდ არის განუსაზღვრელი აღტაცება სამყაროს წყობილებით. იმ ზომით, რომლითაც მას მეცნიერება ხსნის.
— Dukas, Helen (1981). Albert Einstein the Human Side. Princeton: Princeton University Press, p. 43. Einstein Archives 59-454 დაარქივებული 2013-02-12 საიტზე Wayback Machine. and 59-495 დაარქივებული 2015-01-05 საიტზე Wayback Machine.

1952 წლის 17 დეკემბერს, ბეატრიჩ ფლოულიჩისთვის განკუთვნილ წერილში აინშტაინი წერდა:

პერსონიფიცირებული ღმერთის იდეა ჩემთვის სრულიად უცხოა, იგი მიამიტურადაც კი მეჩვენება.
— Calaprice, Alice (2000). The Expanded Quotable Einstein. Princeton: Princeton University Press, p. 217. Einstein Archives 59-797

1954 წელს ერიკ გუტკინდმა თავისი წიგნის, აირჩიე სიცოცხლე: ბიბლიური მოხმობა აჯანყებისკენ ეგზემპლარი აინშტაინს გაუგზავნა[8]. მეცნიერმა საპასუხოდ გააგზავნა წერილი, სადაც წერდა:

სიტყვა ღმერთი ჩემთვის არის მხოლოდ გამოთქმა და ადამიანური სისუსტეების პროდუქტი, ბიბლია კი კეთილშობილი, თუმცა პრიმიტიული ლეგენდების კრებული. ვერანაირი ინტერპრეტაცია, ყველაზე დახვეწილიც კი, ჩემთვის ამას ვერ შეცვლის. ეს დახვეწილი ინტერპრეტაციები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, თითქმის არაფერი აქვთ საერთო ორიგინალურ ტექსტთან.[9][10][11]

1929 წლის 24 აპრილს, ალბერტ აინშტაინმა გერმანიაში მყოფ რაბინ ჰერბერტ გოლდსტეინს გაუგზავნა ტელეგრამა: მე მწამს სპინოზას ღმერთი, რომელიც თავს იჩენს ყოფის კანონზომიერ ჰარმონიაში, თუმცა არა ღმერთი, რომელიც ზრუნავს ადამიანების ბედზე და საქმეებზე.[12]

აინშტაინმა უფრო განავრცო თავისი შეხედულებების აღწერა წერილებში, სადაც იაპონელ მეცნიერებს პასუხობდა. პასუხებში აღწერილი იყო მისი წარმოდგენები მეცნიერებასთან და რელიგიასთან დაკავშირებით. როდესაც აინშტაინს 50 წელი შეუსრულდა, მისი პასუხები შეზღუდული ტირაჟით გამოიცა:

სამეცნიერო კვლევებს შეუძლია შეამციროს ცრურწმენები და უბიძგოს ადამიანებს იფიქრონ და უყურონ ყველაფერს მიზეზის და შედეგის თვალთახედვით. უთუოდ, რწმენა, მსოფლიოს რაციონალიზმთან და მოწესრიგებულობასთან დაკავშირებით, რომელიც ენათესავება რელიგიურ გრძნობას, საფუძვლად დევს უფრო მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნამუშევრებში. ეს მრწამსი დაკავშირებულია უმაღლეს გონებაში ღრმა რწმენასთან, რომელიც აჩვენებს თავის თავს გამოცდილების სამყაროში და წარმოადგენს ღმერთის ჩემებურ კონცეფციას. ყოველდღიურობაში ის შეიძლება იყოს აღწერილი, როგორც პანთეიზმი (სპინოზასი)[13].

ბაპტისტი პასტორის მიერ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე დასმულ კითხვას აინშტაინმა უპასუხა: მე არ მჯერა ადამიანის უკვდავობის, მორალს კი ვთვლი ადამიანურ საზრუნავად, არ ვაღიარებ მასზე ზეადამიანურ გავლენას.[14] ეს გრძნობა აინშტაინმა ასახა თავის წიგნში მსოფლიო, როგორსაც მე მას ვხედავ, სადაც იგი წერდა: მე არ შემიძლია წარმოვიდგინი ღმერთი, რომელიც აჯილდოებსებს და სჯის თავის ქმნილებებს, ან კიდევ, აქვს ადამიანური ბუნება. ადამიანი, რომელმაც უნდა გადაიტანოს თავისი ფიზიკური სიკვდილი, ასევე ცდება ჩემს გაგებას და მე ამას სხვანაირად ვერ ვხედავ; ასეთი ცნებები არის სუსტი სულების შიშისთვის ან აბსურდული ეგოიზმისთვის. ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის საკმარისია სამუდამო ცხოვრების საიდუმლო და რეალობის საოცარ სტრუქტურაზე გადაკრული სიტყვა ბუნებაში მომხდარის მიზეზის მომცრო ნაწილის გაგების ერთსულოვან სწრაფვასთან ერთად.[15]

აგნოსტიციზმი, დეიზმი და ათეიზმი

აინშტაინი საკუთარ თავს უფრო აგნოსტიკოსს უწოდებდა, ვიდრე ათეისტს. თავის პოზიციას იგი შემდეგი კომენტარით ხსნიდა: მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი აზრით, პერსონიფიცირებული ღმერთის იდეა ბავშვურად გამოიყურება. თქვენ შეგიძლიათ აგნოსტიკოსი დამიძახოთ, თუმცა, მე არ ვიზიარებ პროფესიონალი ათეისტების ჯვაროსნული ლაშქრობების სულს, რომელთა მხურვალებაც, ძირითადად, გამოწვეული იყო ახალგაზრდობაში მიღებული რელიგიური აღზრდის თვალისგან მტკივნეული გათავისუფლებით. მე ვამჯობინებ მორჩილებას, რომელიც შეეფერება ჩვენ მიერ ბუნების ინტელექტუალური და ჩვენი საკუთარი ყოფის შეგნების სისუსტეს.[1] გერმანელი ისტორიკოსის, პრინც ჰაბერტის თანახმად[en], აინშტაინი ამბობდა: კოსმოსში იმ ჰარმონიის ცქერისას, რომელიც მე, ჩემი შეზღუდული ადამიანური გონებით შემიძლია დავინახო, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ, რაც მე მართლა მაბრაზებს, არის ის, რომ ისინი თავიანთი თვალთახედვის მხარდასაჭერად ჩემს ციტირებას ახდენენ.[16]

უფრო ადრე აინშტაინი თვლიდა, რომ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის ბუნების არსის გაგება. 1930 წელს გამოქვეყნებულ წიგნში დიდებულის გამობრწყინება (ავტორი — ჯ. სილვესტრ ვირეკი), სადაც აინშტაინის ინტერვიუ იყო დაბეჭდილი, ღმერთის არსებობასთან დაკავშირებულ კითხვაზე მეცნიერმა უპასუხა:

თქვენი კითხვა (ღმერთზე) არის ყველაზე რთული მსოფლიოში. ეს არ არის კითხვა, რომლის პასუხადაც მე შემიძლია უბრალოდ ვთქვა ან „კი“, ან „არა“. მე არ ვარ ათეისტი. არ ვიცი, შემიძლია თუ არა დავახასიათო ჩემი თავი, როგორც პანთეისტი. ეს პრობლემა ძალიან ფართოა ჩვენი შეზღუდული გონებისთვის. განა შემიძლია არ გავცე პასუხი იგავით? ადამიანური გონებას, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად არის განსწავლული, არ შეუძლია სამყაროს გაგება. ჩვენ ვემგვანებით პატარა ბავშვს, რომელიც შევიდა უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, რომლის კედლებიც ჭერამდე დატენილია სხვადასხვაენოვანი წიგნებით. ბავშვს ესმის, რომ ვიღაცას უნდა დაეწერა ეს წიგნები. თუმცა, მან არ იცის, ვინ და როგორ დაწერა ისინი. მან არ იცის ენები, რომლებზეც ეს წიგნებია დაწერილი. ბავშვი ამჩნევს ამ წიგნების გარკვეუულ წესრიგს. წესრიგს, რომელიც მას არ ესმის, თუმცა, ბუნდოვნად წარმოუდგენია. ეს, ჩემი აზრით, ასახავს ღმერთთან ადამიანური გონების შეფარდებას, თუნდაც, საუკეთესოსი, და ყველაზე კულტურულის. ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო გამაოგნებლად არის მოწყობილი, ემორჩილება გარკვეულ კანონებს, თუმცა, ჩვენ ეს კანონები მხოლოდ ბუნდოვნად გვესმის. ჩვენ შეზღუდულ გონებას არ შესწევს ძალა ჩაწვდეს იდუმალ ძალას, რომელიც თანავარვსკვლავედებს არხევს. მე მოხიბლული ვარ სპინოზას პანთეიზმით. მე კიდევ უფრო მოხიბლული ვარ თანამედროვე აზრში მის მიერ შეტანილი წვლილით. სპინოზა არის უდიდესი თანამედროვე ფილოსოფოსებს შორის, რადგანაც იგი არის პირველი, რომელიც ეპყრობა სულს და სხეულს როგორც ერთ მთლიანს და არა როგორც ორ სხვადასხვა რამეს.
— Viereck, George Sylvester. Glimpses of the Great. Duckworth, 1930. p. 372—373.

1950 წელს, მ.ბერკოვიცთან გაგზავნილ წერილში აინშტაინი წერდა: ჩემი პოზიცია ღმერთთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ მე აგნოსტიკოსი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ნათელ ცნობიერებას ზნეობრივი პრინციპების გაუმჯობესებისთვის და ცხოვრების გაკეთილშობილებისთვის არ სჭირდება კანონმდებლის იდეა, განსაკუთრებით კი იმ კანონმდებლის, რომელიც დაჯილდოების და დასჯის პრინციპზე მუშაობს.[17]

მეცნიერის ბიოგრაფის, უოლტერ აიზექსონის თანახმად, აინშტაინი უფრო ათეისტების კრიტიკისაკენ იყო მიდრეკილი.[18] თავის ერთ-ერთ მიმოწერაში მეცნიერი წერდა: ფანატიკური ათეისტები არიან როგორც მონები, რომლებიც ჯერ კიდევ გრძნობენ რთული ბრძოლის შემდეგ გადმოგდებული ჯაჭვის სიმძიმეს. ისინი არიან არსებები, რომლებსაც თავიანთ წყენაში ლოზუნგ ოპიუმი ხალხისთვის მიმართ არ შეუძლიათ გაიგონ სფეროების მუსიკა.[18][19] მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინს არ სწამდა პერსონიფიცირებული ღმერთის, იგი აღნიშნავდა, რომ არასდროს მიისწრაფის ამგვარ რწმენასთან ბრძოლისაკენ, რადგანაც ასეთი რწმენა სჯობს ტრანსცენდენტური მსოფლმხედველობის არქონას.[20]

1945 წელს გაი რანერ უმცროსმა მისწერა წერილი ალბერტ აინშტაინს, სადაც ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა ის, რომ მღვდელმა-იეზუიტმა გადაწყვიტა ხელი ააღებინოს აინშტაინს ათეიზმზე. მეცნიერმა უპასუხა: ჩემს ცხოვრებაში მე არასდროს მქონია ურთიერთობა იეზუიტ მღვდელთან და განცვიფრებული ვარ ამგვარი ტყუილით. იეზუიტი მღვდლის თვალსაზრისით, მე, რა თქმა უნდა, სულ ვიყავი და ვარ ათეისტი... ამას ყოველთვის შეჰყავს ცდომილებაში: ანთროპოლოგიური კონცეფციის გამოყენება საქმეებში, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ადამიანურ სფეროსთან — საბავშვო ანალოგიებია. ჩვენ თავმდაბლად უნდა მოვიხიბლოთ ამ სამყაროს სტრუქტურის საუცხოო ჰარმონიით იმდენად, რამდენადაც ჩვენ მისი გაგება შეგვიძლია.[21]

დეტერმინიზმი

როგორც სპინოზა, აინშტაინი იყო დეტერმინისტი. მას სჯეროდა, რომ ადამიანურ ქცევას ბოლომდე განსაზღვრავს მიზეზობრიობის კანონები. ამ მიზეზით მან უარი თქვა კვანტური თეორიის ასპექტის შანსზე და უარყო იმ ღმერთის კონცეფცია, რომელიც სამყაროსთან კამათელს თამაშობს.[22] წერილებში, რომლებსაც აინშტაინი კოლეგას, ფიზიკოს მაქს ბორნს უგზავნიდა, მეცნიერი აღწერდა თავის რწმენას მიზეზობ-შედეგობრივ კავშირებში:

თქვენ გწამთ ღმერთის, რომელიც თამაშობს კამათელს, მე კი, მწამს მსოფლიოში სრული კანონზომიერების და მართლწესრიგის, რომელიც ობიექტურად არსებობს და რომლის ხელში ჩაგდებასაც მე ველურად გონებაჭვრეტითი გზით ვცდილობ. მე მტკიცედ მწამს, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ვიღაც აღმოაჩენს უფრო რეალისტურ გზას ან საფუძველს, ვიდრე ჩემი ხვედრი ყოფილიყო მისი პოვნა. კვანტური თეორიის უდიდესი წარმატებაც კი ვერ დამაძალებს მე დავიჯერო კამათლის ფუნდამენტური თამაში, თუმცა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ზოგიერთები ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების რიგებიდან ამის ინტერპრეტირებას ახდენენ, როგორც სიბერის შედეგს.
— Adams, John (1995). Risk. London: University College London Press, p. 17

როდესაც გარდაიცვალა აინშტაინის ერთ-ერთი ძველი მეგობარი, ანჟელო ბესო, მეცნიერმა მის ოჯახს მისწერა: ახლა იგი წავიდა ამ უცნაური სამყაროდან, ჩემზე ოდნავ ადრე. ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის, მორწმუნე ფიზიკოსებისთვის, განსხვავება წარსულსა, აწმყოსა და მომავალს შორის მხოლოდ ღრმა ილუზიაა.[23]

ეთიკა

აინშტაინი იყო ჰუმანისტი და ეთიკური მოძრაობის თაყვანისმცემელი. იგი შედიოდა ნიუ-იორკის პირველი ჰუმანისტური საზოგადოების კონსულტაციურ საბჭოში.[24] როდესაც ნიუ-იორკის ეთიკური კულტურის საზოგადოებას 75 წელი შეუსრულდა, მან განაცხადა, რომ ეთიკური კულტურის იდეა არის განსახიერება მისი საკუთარი კონცეფციის იმის შესახებ, რაც არის ყველაზე ძვირფასი და გამძლე რელიგიურ იდეალიზმში. მან აღნიშნა: „ეთიკური კულტურის“ გარეშე კაცობრიობისთვის ხსნა არ არსებობს.[25]

ღმერთის მცნებებზე აინშტაინი ამბობდა:

მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ღმერთი, რომელიც აჯილდოებს და სჯის თავისი ქმნილების ობიექტებს. ღმერთი, რომლის მიზნებიც შექმნილია ჩვენი საკუთარი მიზნების ანალოგიურად. ღმერთი, რომელიც მხოლოდ ადამიანური ცვალებადობის ანარეკლია. ასევე არ შემიძლია დავიჯერო სიცოცხლე სხეულის სიკვდილის შემდეგ, თუმცა, სუსტ სულებს აქვთ ასეთი იმედები ან შიშის, ან კიდევ, სასაცილო ეგოიზმის გამო.
— Seldes, George (1996). The Great Thoughts. New York: Ballantine Books, p. 134.

არის მისი გამოთქმები პერსონიფიცირებული ღმერთის დასჯა-წახალისების სისტემასთან დაკავშირებითაც:

ღმერთი, რომელიც აჯილდოებს და სჯის, წარმოუდგენელია ჩემთვის იმ მიზეზით, რომ ადამიანის მოქმედებებს განაპირობებს აუცილებლობები, გარე და შიდა, ამიტომ, ღმერთის თვალებში მას არ შეიძლება ჰქონდეს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, რამდენიც შეიძლება დაეკისროს უსულო საგანს იმისთვის, რომ ის მოძრაობს. ზუსტად ამიტომ მეცნიერება დაადანაშაულეს ზნეობის შერყევაში, თუმცა, ეს დადანაშაულება უსამართლოა. ადამიანის ეთიკური ქცევა დაფუძნებული უნდა იყოს თანაგრძნობაზე, სწავლებაზე, სოციალურ კავშირებზე და მოთხოვნილებებზე; ამისთვის არ არის საჭირო არც ერთი რელიგიური საფუძველი. ადამიანი მართლაც იქნება ცუდ მიმართებაში, თუ იგი სასჯელის შიშით და სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების იმედით თავის ქცევებში იქნება შეზღუდული. ამიტომ, ადვილი გასაგებია, თუ რატომ ებრძოდნენ ეკლესიები მეცნიერებას და დევნიდნენ მის მიმდევრებს
— Calaprice, Alice (2000). The Expanded Quotable Einstein. Princeton: Princeton University Press, p. 216. Albert Einstein, «Religion and Science» დაარქივებული 2017-02-06 საიტზე Wayback Machine. New York Times Magazine (9 Nov. 1930): 3-4.

ეთიკის და ეთიკური კულტურის მნიშვნელობაზე იგი წერდა:

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური სწრაფვა არის სწრაფვა ზნეობისკენ ჩვენს მოქმედებებში. ჩვენი შინაგანი ბალანსი და არსებობაც კი, ამაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ზნეობას ჩვენ მოქმედებებში შეუძლია მიანიჭოს სილამაზე და ღირსება ამ ცხოვრებას. ამ სწრაფვის ცოცხალ ძალად ქცევა და მისი ნათელ გონებამდე მიტანა — ამაში, მართლაც, მდგომარეობს განათლების მთავარი მიზანი. ზნეობის საფუძველი არ უნდა იყოს დაქვემდებარებული მითზე, არ უნდა იყოს მიბმული რომელიმე ხელისუფლებაზე. რათა არ იყოს შეტანილი ეჭვი მითის ჭეშმარიტებაში და ხელისუფლების ლეგიტიმურობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საფრთხე საღი აზრის და მოქმედების საფუძვლისათვის.
— Dukas, Helen (1981). Albert Einstein, The Human Side. Princeton: Princeton University Press, p. 95. Letter to a Brooklyn minister November 20, 1950.

მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აინშტაინი თავისი მაგალითით და კომენტარებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მორალს აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მთელი კაცობრიობისთვის:

მე არ მჯერა, რომ ადამიანი უნდა იყოს თავშეკავებული თავის ყოველდღიურ მოქმედებებში სიკვდილის შემდეგ დასჯის შიშის გამო, ან კიდევ, რომ აქ უნდა აკეთოს რაიმე მხოლოდ იმის გამო, რომ სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება. ეს უაზრობაა. მართებული სახელმძღვანელო ადამიანის ცხოვრების განმავლობაში უნდა იყოს ფასეულობა, რომელსაც იგი აკონტროლებს და სხვების მიერ მიღებული ჯილდოს ფასი.
— Bucky, Peter (1992). The Private Albert Einstein. Kansas City: Andrews & McMeel, p. 86.

კოსმოსური რელიგია

1949 წელს გამოცემულ წიგნში მსოფლიო, როგორსაც მე მას ვხედავ აინშტაინი წერდა: ცოდნა რაღაცის არსებობის შესახებ, რაშიც ჩაწვდომა ჩვენ არ შეგვიძლია, იხნსება ჩვენთვის არაჩვეულებრივად კარგად მოფიქრებულად და მომხიბლავად ლამაზად, ამავე დროს იგი ხელმისაწვდომია ჩვენი გონებისთვის მხოლოდ თავის ყველაზე ელემენტარულ ფორმებში. ამის ცოდნა იწვევს ჭეშმარიტად რელიგიურ ემოციებს; ამ მნიშვნელობით მე ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ.[26] მრწამსის თავის სისტემას აინშტაინი უწოდებდა კოსმოსურ რელიგიას, იგი ასევე იყო 1954 წელს დაბეჭდილი ამავე სახელწოდების სტატიის ავტორი. მოგვიანებით, 1955 წელს გამოვიდა მისი წიგნი იდეები და აზრები, სადაც მეცნიერმა დაწვრილებით აღწერა ეს სისტემა.[27] მრწამსის ამ სისტემამ აღიარა საუცხოო წესრიგი, რომელიც თავს იჩენს ბუნების ყველა მოვლენაში ისე კარგად, როგორც იდეების სამყაროში. ეს წესრიგი უარყოფს პიროვნულ ღმერთს, რომელიც სჯის და აჯილდოებს ადამიანებს მათი უარყოფითი საქციელის გამო. აინშტაინმა ასევე უარყო კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის და განაცხადა, რომ კოსმოსური რელიგია მეცნიერებისთვის აუცილებელია.[27] უილიამ ჰერმანსთან ინტერვიუში აინშტაინი ამბობდა: ღმერთი არის გამოცანა. თუმცა, ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია. როდესაც ბუნების კანონებს ვაკვირდები, გულის ფანცქალის გარდა არაფერს ვგრძნობ. არ არსებობს კანონები კანონმდებლობის გარეშე, მაგრამ როგორ გამოიყურება კანონდმებელი? რა თქმა უნდა, იგი არ ჰგავს დიდ ადამიანს.[28] ამის შემდეგ აინშტაინმა ღიმილით დაამატა: რამდენიმე ასწლეულის წინ მე ან დამწვავდნენ, ან ჩამომახრჩობდნენ. მიუხედავად ამისა, კარგ კამპანიაში ვიქნებოდი.[28]

1930 წელს გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აინშტაინი ანსხვავებდა სამ ადამიანურ იმპულსს, რომლებიც განავითარებს რელიგიურ მრწამსს: შიში, საზოგადო მორალი და კოსმოსური რელიგიური გრძნობა. მიზეზობრიობის პრიმიტიული გაგება იწვევს შიშს, შიში კი იგონებს თავისი თავის მაგვარ ზებუნებრივ არსებებს. სწრაფვა სიყვარულისკენ და მხარდაჭერისკენ ქმნის უმაღლესი არსების მორალურ და სოციალურ აუცილებლობას; ორივე ეს იმპულსი ითვალისწინებს ღმერთის ანთროპომორფულ წარმოდგენას. მესამე იმპულსი, რომელსაც აინშტაინი ყველაზე მომწიფებულად თვლის, მომდინარეობს იდუმალების და მოკრძალების ღრმა გრძნობიდან. მან განაცხადა, რომ ადამიანი გრძნობს სიდიადეს და საუცხოო წესრიგს, რომელიც თავს იჩვენს ბუნებაში... და მას სურს გამოსცადოს სამყარო როგორც მთლიანად ყველაფრისმომცველი და მნიშვნელოვანი. მეცნიერებას აინშტაინი რელიგიური მრწამსის პირველი ორი იმპულსის ანტაგონისტად, თუმცა, ამავე დროს, მესამე იმპულსის პარტნიორად განიხილავდა.[29] იგი ამბობდა: თავისთავად, რელიგიის და მეცნიერების სფეროები გამიჯნულია, თუმცა, ამავე დროს, მათ შორის არსებობს ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. <...> მეცნიერებას შეიძლება ქმნიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც გამჭოლად გაჟღენთილია სწრაფვით გაგებისკენ და ჭეშმარიტებისკენ. მაგრამ, ამ გრძნობის წყარო მომდინარეობს რელიგიიდან. აქედანვეა რწმენა იმის შესაძლებლობაში, რომ ამ სამყაროს წესები რაციონალური, ანუ, გონებისთვის ჩასაწვდომია. არ შემიძლია წარმოვიდგინო მეცნიერი, რომელსაც ამის მტკიცე რწმენა არ აქვს. ხატოვნად სიტუაციის აღწერა ასე შეიძლება: მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია კი მეცნიერების გარეშე — ბრმა.[29] ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მხოლოდ ბოლო წინადადების ციტირება. აინშტაინი აგრძელებდა:

ჩემი აზრით, ადამიანისთვის, რომელიც რელიგიურადაა განათლებული, მისი შესაძლებლობებით, უფრო ადვილია გათავისუფლდეს თავისი ანგარებიანი სურვილების თვალებისგან და დაკავდეს აზრებით, გრძნობებით და სწრაფვებით, რომელიც მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. მგონია, მართლაც რომ მნიშვნელოვანია ზეპიროვნული შინაარსის ძალა... დამოუკიდებლად ყველა მცდელობისაგან — გააერთიანონ ეს შინაარსი ღვთაებრივ არსებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ბუდას და სპინოზას რელიგიურ მოღვაწეებად ჩათვლა. შესაბამისად, რელიგიური ადამიანი არის ღვთისმოსავი იმ მნიშვნელობით, რომ მას არ შეაქვს ეჭვი ამ სუპერპირადული ნივთების და მიზნების მნიშვნელობაში, რომლებიც არ ითხოვს რაციონალურ ახსნას და დასაბუთებას. ამ მნიშვნელობით, რელიგია არის კაცობრიობის ოდინდელი ცდა მკაფიოდ და მთლიანად გააცნობიეროს ეს ფასეულობები და მიზნები, მუდმივად გააძლიეროს და გააფართოოს თავისი გავლენა. თუ რელიგიას და მეცნიერებას გავიგებთ ამ განსაზღვრებასთან შესაბამისობაში, მაშინ, კონფლიქტი მათ შორის შესაძლებელია. მეცნიერებისთვის დასაშვებია მხოლოდ კონსტატაცია, რაც არის, თუმცა არა ის, რაც უნდა იყოს...[29]

მიზეზობრიობის პრინციპი არის აინშტაინის ფუნდამენტური ეთიკური მრწამსი. მისი აზრით, პირდაპირი მნიშვნელობით მეცნიერება ვერასდროს უარყოფს ბუნებრივ მოვლენებში ღმერთის პირადი მონაწილეობის დოქტრინას, თანაც, რელიგიებს სულაც შეუძლიათ „მიიმალონ“ სფეროებში, რომელთა ახსნაც მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია. ეს იყო აინშტაინის მრწამსი იმის შესახებ, რომ ზნეობრივი კეთილდღეობისთვის ბრძოლაში რელიგიის მასწავლებლებმა უნდა იქონიონ ვაჟკაცობა უარი თქვან პირადი ღმერთის დოქტრინაზე, ანუ, უარი თქვან შიშის და იმედის წყაროზე და მოახდინონ იმის კულტივირება, რომ სიკეთე, სიმართლე და სილამაზე არის კაცობრიობა.[29]

იუდაიზმი

1954 წლის 3 მარტით დათარიღებულ წერილში, გერმანიაში მყოფ ერიკ გუტკინდს აინშტაინი წერდა:

ჩემთვის იუდაიზმი, როგორც ყველა სხვა რელიგია, არის ყველაზე პრიმიტიული ცრურწმენების განსახიერება. ხოლო ებრაელი ხალხი, რომელსაც მე ვეკუთვნი და რომლის მენტალიტეტთანაც ვგრძნობ ღრმა ნათესაობას, ჩემთვის არ ფლობს არანაირ სხვა თვისებას, რომელიც მას ყველა სხვა ხალხისგან განასხვავებს. ჩემი გამოცდილების მიხედვით, ებრაელები არ არიან ხალხთა სხვა ჯგუფებზე უკეთესნი, თუმცა, ყველაზე ცუდი სიმსივნური ელემენტებისგან მათ ხელისუფლების არყოლა იცავს. დანარჩენში კი, მე ვერ ვხედავ ისეთს ვერაფერს, რაც მათ „გამორჩეულობას“ დაადასტურებს.[10][11][30][31]

ჟურნალ Time-ში ჯ. სილვესტრ ვირეკის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აინშტაინი საუბრობდა ქრისტიანობის მიმართ თავის გრძნობებზე.[18] ვირეკი, რომელიც 1884 წელს გერმანიაში დაიბადა, მხარს უჭერდა გერმანულ ნაციონალიზმს, თუმცა, იგი არ ყოფილა ანტისემიტი.[32] 1942 წელს, გერმანული პროპაგანდის გამო იგი ამერიკულ ციხეში მოხვდა.[33] ასევე როგორც აინშტაინი, ვირეკი პაციფისტი იყო.[34][35] ანტისაომარი სტატიების წერის გამო ვირეკს ბრალად დასდეს სახელმწიფო ღალატი. გარდა ამისა, იგი გამორიცხეს ამერიკული ავტორების ლიგიდან.[36] ინტერვიუს დროს ვირეკმა აინშტაინს უთხრა, რომ ებრაელი არ იყო,[37] თუმცა დაამატა, რომ ჰქონდა „ებრაელის მენტალიტეტი“, რამაც საშუალება მისცა აინშტაინს ესაუბრა „დაბრკოლებების გარეშე“.[37] ვირეკის პირველი კითხვა დაკავშირებული იყო აინშტაინის ეროვნებასთან — ვიერეკმა რესპოდენტს ჰკითხა, თუ რომელ ერს მიაკუთვნებდა თავის თავს — გერმანელს თუ ებრაელს. მეცნიერმა მას უპასუხა: 'შესაძლოა გერმანელსაც და შესაძლოა ებრაელსაც. ინტერვიუს დროს ვიერეკმა ასევე იკითხა, უნდა ცდილობდნენ თუ არა ებრაელები ასიმილაციას. აინშტაინმა უპასუხა: ჩვენ, ებრაელები, ხალისიანად ვწირავდით მენტალიტეტს, რათა შევესაბამებოდეთ.[18] ვიერეკმა ასევე ჰკითხა მეცნიერს, თუ რამდენად იყო იგი მოქცეული ქრისტიანობის გავლენის ქვეშ. აინშტაინმა უპასუხა:

 
„როდესაც მე ბავშვი ვიყავი, ვსწავლობდი ბიბლიას და თალმუდს. მე ვარ ებრაელი, თუმცა, მხიბლავს ნაზარეველის ბრწყინვალე პიროვნება[18]

ამის შემდეგ აინშტაინს ჰკითხეს, აღიარებს თუ არა იგი იესო ქრისტეს არსებობის ისტორიულ ფაქტს, რაზეც მან უპასუხა:

 
„უდავოდ! არავის შეუძლია წაიკითხოს სახარება იესოს რეალურად არსებობის გრძნობის გარეშე. მისი პიროვნება თითოეულ სიტყვაში სუნთქავს. არანაირი მითი არ ფლობს ასეთ სიცოცხლეს[18]

მაგრამ, უილიამ ჰერმანსთან საუბრის დროს მან განაცხადა:

 
„მე სერიოზულად მეპარება ეჭვი იმაში, რომ იესომ თქვა, რომ ის ღმერთია, რადგანაც იგი იყო „ღრმა ებრაელი“ სერიოზული მცნების დარღვევისათვის: ისმინე, ისრაელო! უფალი არის ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია! და არა ორი ან სამი[38]

აინშტაინი იესოს არსებობასთან დაკავშირებით ზოგჯერ ჩიოდა კიდეც:

 
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იესო სახიერად არასდროს მოევლინებოდა ქვეყანას. ძალაუფლებისთვის არავის სახელი ასე არ გამოუყენებიათ[38]

აინშტაინი ამბობდა: თუ გავასუფთავებთ იუდაიზმს ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებებისგან, როგორც იესო ქრისტე ქადაგებდა ყველანაირი შემდგომი დამატებების გარეშე, განსაკუთრებით კი, მღვდლების, დარჩება სწავლება, რომელსაც შესწევს ძალა განკურნოს კაცობრიობის ყველა სოციალური გასაჭირი.[39]

ქრისტიანობა

1872 წელს, მიუნხენში მდებარე ებრაული სკოლა მოსწავლეების უკმარისობის მიზეზით დაიკეტა. ალტერნატივის არქონის გამო აინშტაინი დაწყებითი კლასების კათოლიკურ გიმნაზიაში შევიდა.[40] სახლში იგი იუდეურ რელიგიურ განათლებასაც ღებულობდა, თუმცა, თვითონ აინშტაინი ვერ ხედავდა განსხვავებას ორ რელიგიას შორის და ითვისებდა ყველა რელიგიის იდენტურობას. აინშტაინი ერთნაირად იყო მოხიბლული როგორც თანახის, ასევე ქრისტეს ვნებანის ისტორიებით.[41] ბიოგრაფი უოლტერ ისააკსონის თანახმად, აინშტაინს მოეწონა კათოლიკური კატეხიზმური კურსები, რომლებსაც იგი სკოლაში ეუფლებოდა.[18] ამ სკოლის მასწავლებლები ლიბერალური შეხედულებების ადამიანები იყვნენ და მოსწავლეების რელიგიურ აღმსარებლობას ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა თანდაყოლილი, მაგრამ, ზომიერი ანტისემიტიზმი[42]. მოგვიანებით აინშტაინი იხსენებდა სკოლაში სწავლის წლებს: ერთხელ მასწავლებელმა გაკვეთილებზე ლურსმანი მოიტანა და მოსწავლეებს აუწყა, რომ ასეთი ლურსმნებით იუდეველებმა ქრისტე ჯვარს გააკვრეს. გარდა ამისა კათოლიკურ სკოლაში, ბავშვთა რიგებში გავრცელებული იყო ანტისემიტური განწყობილება... ფიზიკური თავდასხმები და შეურაცხყოფები სკოლიდან სახლამდე გზის დროს იყო ხშირი, თუმცა არც ძალიან სასტიკი.[42] იგი აღნიშნავდა, რომ ასე იყო კათოლიკურ სკოლაში; რამდენად ძლიერად ვლინდებოდა ანტისემიტური განწყობილება პრუსიის სკოლებში, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.[43] მოგვიანებით იგი იხსენებდა: მამების რელიგია, რომელთანაც მე მქონდა საქმე მიუნხენში და სინაგოგაში რელიგიური სწავლების დროს, უფრო მიშორებდა, ვიდრე მიზიდავდა.[44]

1940 წელს ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა აინშტაინის ციტატა, სადაც იგი აქებდა კათოლიკურ ეკლესიას ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი როლისთვის:

მხოლოდ ეკლესია იყო ჰიტლერის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგი. მე არასდროს მქონია განსაკუთრებული ინტერესი ეკლესიის მიმართ, თუმცა ახლა მე ვგრძნობ დიდ სიყვარულს და აღტაცებას, რადგანაც ეკლესიას მარტოსაც კი ჰქონდა სიმამაცე და შეუპოვრობა მდგარიყო გონივრულ ჭეშმარიტებაზე და ზნეობრივ თავისუფლებაზე. იძულებული ვარ ვაღიარო, რომ იმას, რასაც მე ერთ დღეს აბუჩად ვიგდებდი, დღეს უპირობოდ ვაქებ.[45]

ამის შემდეგ ამ ციტატას არაერთხელ იყენებდნენ პაპი პიუს XII მხარდამჭერები.[46] ამ ციტატის გამოკვლევით დაკავდნენ მათემატიკოსები უილიამ ჩ. უოტერჰაუსი და ბარბარა ვოლფი. იერუსალიმის ინსტიტუტში, აინშტაინის არქივებში, მათ იპოვეს 1947 წლის გამოუქვეყნებელი წერილი. ამ წერილში იყო ნახსენები ეკლესიაზე გაკეთებული განცხადება. აინშტაინი ხსნიდა, რომ ეს თავდაპირველად არარსებული კომენტარი მან ჟურნალისტს რამდენიმე სასულიერო პირის მხარდასაჭერად მისცა. ეს პირები ჰიტლერის ხელისუფლების დასაწყისში ინდივიდუალური უფლებების და ინტელექტუალური თავისუფლების მხარდაჭერას ქადაგებდნენ. აინშტაინის თანახმად, მისი კომენტარი მეტისმეტად გაზვიადებული იყო.[46]

2008 წელს, ტელეგადაცემა ანტიკვარულ თავგადასავლში ხელნაწერების ექსპერტმა კეტრინ უილიამსონმა დაადასტურა, რომ წერილი, სადაც აინშტაინი წერდა, რომ ჟურნალ Time-ში გამოქვეყნებული კომენტარი, რომელიც მან ჟურნალისტს მისცა, ავთენტურია, თუმცა, იგი გაკეთებული იყო ნაცისტური რეჟიმის პირველ წლებში, ანუ, 1940 წელზე გაცილებით ადრე, თანაც, ჩემი გამოთქმები ცოტათი უფრო ზომიერი იყო.[47]

1950 წლის 11 ნოემბერს ბრუკლინის ეპისკოპოსმა კორნელიუს გრინუეიმ აინშტაინს მიწერა წერილი, სადაც მოიყვანა მეცნიერის სავარაუდო ციტატა. აინშტაინმა მას უპასუხა:

მე მაინც ცოტათი უხერხულად ვგრძნობ თავს. კომენტარის თქვენ მიერ მოყვანილი ფორმულირება მე არ მეკუთვნის. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მე გაზეთის ჟურნალისტთან ამ საკითხებზე ზეპირი საუბარი მქონდა. იქიდან მოყოლებული ჩემი კომენტარები შეცვალეს და გააზვიადეს. არ შემიძლია სუფთა სინდისით დაგიდასტუროთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი გამოთქმა მე მეკუთვნის. საქმე ის არის, რომ მე, ასევე როგორც თქვენ, ძირითადად კრიტიკულად ვარ განწყობილი პოლიტიკური მოღვაწეობისადმი უმაღლესი სამღვდელოების ისტორიაში. ამგვარად, ჩემი წინა განცხადება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას შევაერთებთ ჩემ მიერ ნათქვამ სიტყვებთან (რომლებიც მე დეტალებში არ მახსოვს) იძლევა არასწორ წარმოდგენას ჩემს ზოგად დამოკიდებულებაზე.[48]

კათოლიკე კარდინალი უილიამ ჰენრი ო'კონელი აინშტაინის რწმენის არქონაზე საუბრობდა: სივრცეში და დროში ეჭვის შეტანის და სპეკულირების შედეგი არის ნიღაბი, რომლის უკანაც ათეიზმის საშინელი მოჩვენება იმალება.[49] ვინმე რავინი ბრონქსიდან აკრიტიკებდა როგორც აინშტაინს, ასევე კარდინალს, რადგანაც თვლიდა, რომ მათი მსჯელობა სცდებოდა მათ კომპეტენციას: უკეთესი იქნებოდა, თუ აინშტაინი არ განაცხადებდა, რომ არ სწამს ღმერთის, რომელიც ღელავს ცალკეული ადამიანების ბედზე და მოქმედებებზე. ორივემ გამოთქვა აზრი თემაზე, რომელიც სცდება მათ კომპეტენციას.[50]

კათოლიკე მღვდელი და ტელეწამყვანი ფულტონ შინი, რომელიც მოხიბლული იყო აინშტაინის ინტელექტით და მას მოიხსენიებდა, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანს,[51] უკმაყოფილო დარჩა The New York Times-ში აინშტაინის მიერ გამოქვეყნებული სტატიით და მას სისულელის და უაზრობის ნამდვილი სახე უწოდა.[52]

აინშტაინი გარკვეული დროის განმავლობაში თანამშრომლობდა და ხვდებოდა ბელგიელ მღვდელს და მეცნიერს ჟორჟ ლემეტრს. ლემეტრი ცნობილი იყო, როგორც დიდი აფეთქებით კოსმოსის წარმოშობის თეორიის პირველი ავტორი და კოსმოლოგიაში ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოყენების პიონერი. 1934 წელს ლემეტრმა ბელგიის მეფისაგან ფრანკის პრემია მიიღო.[53]

საუბრები უილიამ ჰერმანსთან

ჰერმანსთან მიმოწერას აინშტაინი 34 წლის განმავლობაში აწარმოებდა. წერილებში იგი აკეთებდა სხვადასხვა განცხადებაას ზოგადად ქრისტიანულ ეკლესიებზე და კერძოდ კათოლიკურ ეკლესიაზეც. იგი ნეგატიურად იყო განწყობილი გერმანიის და კათოლიკური ეკლესიის თანამშრომლობის მიმართ.

როდის გაიგებთ კათოლიკური ეკლესიის ისტორიას. თქვენ არ დაუჯერებდით გერმანიის ცენტრისტულ პარტიას. განა ჰიტლერი არ გვპირდებოდა რუსეთში ბოლშევიკების განადგურებას? ეკლესიამ მისცა კათოლიკე ჯარისკაცებს ლოცვა-კურთხევა მარშით ევლოთ ნაცისტებთან ერთად (1930, მარტი)

ვპროგნოზირებ, რომ ვატიკანი მხარს დაუჭერს ჰიტლერს, თუ იგი ხელისუფლებაში მოვა. ჯერ კიდევ კონსტანტინეს დროიდან ეკლესია ყოველთვის გამოდიოდა ავტორიტარული სახელმწიფოსთვის. მანამდე, სანამ სახელმწიფო ნებას აძლევდა ეკლესიას მოენათლა და გაენათლებინა მასები (1930, მარტი)

მიმოწერაში აინშტაინი არ ამართლებდა ებრაელების ისტორიულ შეცდომებს, თუმცა, მოჰყავდა დამაჯერებელი კონტრარგუმენტები, რომლებშიც ადანაშაულებდა ეკლესიას ებრაელების დევნაში:

ხშირად ისტორიაში ებრაელები იყვნენ რეფორმების და სამართლიანობის მოთავეები, როგორც ესპანეთში, გერმანიასა და რუსეთში. თუმცა, ისინი აკეთებდნენ თავიანთ სამქმეს არა ადრე, სანამ მათი „მეგობრები“, ხშირად ეკლესიის მიერ კურთხეულნი, მათ [ებრაელებს] სახეში აფურთხებდნენ (1943, აგვისტო)

მიმოწერაში აინშტაინი მტკივნეულად განიცდიდა ეკლესიის დუმილს ნაცისტური გერმანიის ქმედებებზე:

მაგრამ რაც მაიძულებს შევრძწუნდე, არის ის, რომ კათოლიკური ეკლესია დუმს. და არ არის საჭირო იყო წინასწარმეტყველი, რომ თქვა: „კათოლიკური ეკლესია გადაიხდის საფასურს ამ დუმილისთვის... მე არ ვამბობ, რომ 2000 წლის განმავლობაში ეკლესიის ყველა საშინელი დანაშაული ვატიკანის მიერ იყო კურთხეული, თუმცა, მან ჩაუნერგა მორწმუნეებს იდეა: ჩვენთან არის ჭეშმარიტი ღმერთი, იუდეველებმა კი იგი ჯვარს აცვეს“. ეკლესია თესდა სიძულვილს სიყვარულის მაგვირად, მიუხედავად მცნებისა „არა კაც-ჰკლა!“ (1943, აგვისტო)

შემდეგ წერილში იგი წერდა:

ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომაულ-კათოლიკური ეკლესია ხაზს უსვამდა კანონების და წეს-შვეულებების მნიშვნელობას და გადასცემდა იდეას, რომ მათი დაცვა არის ერთადერთი გზა ზეცაში მოსახვედრად. მე არ მჭირდება ეკლესიაში წასვლა იმისთვის, რომ გავიგო, კარგი გავაკეთე თუ ცუდი; ამას მე ჩემი გული მკარნახობს (1943, აგვისტო)

აინშტაინი ხშირად ამახვილებდა კათოლიკური ეკლესიის არაადამიანური მოქმედებების ათასწლოვან ისტორიაზე:

არ მსურს, ჩავუნერგოთ ახალგაზრდობას ეკლესიის სწავლება პერსონიფიცირებულ ღმერთზე, რადგანაც ეს ეკლესია ასე არაადამიანურად იქცევა ბოლო 2000 წლის განმავლობაში... შეაფასეთ ეკლესიის ზიზღი, რომელიც გამომჟნღავდა ჯერ ებრაელების, შემდეგ კი მუსულმანების მიმართ, ჯვაროსნული ლაშქრობები თავისი დანაშაულებით, დაწვა ბოძებზე, ჰიტლერის მოქმედებების დუმილით გამართლება, მაშინ, როდესაც პოლონელები და ებრაელები თავიანთ საფლავებს თხრიდნენ და ხოცვა-ჟლეტაში იხოცებოდნენ. ხოლო ჰიტლერი, როგორც ამბობენ, იყო საკურთხეველო ბიჭი! (1943, აგვისტო)[54]

1943 წლის აგვისტოს, სინანულის გარეშე, მეცნიერი ულმობლად აკრიტიკებდა მომავალ რომის პაპს პიუს XII და ჰიტლერს სატანას ადარებდა:

„დიახ“, კატეგორიულად იმეორებდა აინშტაინი, „ეს მართლაც არის ადამიანი, რაც დაამტკიცა კარდინალმა პაცელიმ, რომელმაც გააფორმა კონკორდატი ჰიტლერთან. როდის აქედან შეიძლება შეთანხმების გაფორმება როგორც ქრისტესთან, ასევე სატანასთან.[54] (1943, აგვისტო). ეკლესია ყოველთვის სთავაზობდა (ყიდიდა) საკუთარ თავს მათ, ვინც ხელისუფლებაში იყო და თანხმდებოდა რომელიღაც შეთანხმებას იმუნიტეტის სანაცვლოდ (1943, აგვისტო)[55]

აინშტაინის კრიტიკა ვრცელდებოდა არა მარტო კათოლიკურ, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც:

რომ შემძლებოდა ეკლესიებისთვის რჩევის მიცემა, მე შევთავაზებდი მათ დაეწყოთ საკუთარი თავის გარდაქმნით და შეეჩერებინათ ძალადობრივი პოლიტიკა. დაე განიხილონ ტანჯვა-წამება, რომელიც მათ მიიტანეს ესპანეთში, სამხრეთ ამერიკაში და რუსეთში (1948, სექტემბერი)[54]

როდესაც კათოლიკემ ჰკითხა აინშტაინს განა თქვენ არ ამბობდით, რომ ეკლესია კომუნიზმის ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო? აინშტაინმა უპასუხა:

მე არ მჭირდება იმის ხაზგასმა, რომ ეკლესია, ბოლოს და ბოლოს, გახდა ნაციონალ-სოციალიზმის მოწინააღმდეგე. აინშტაინის მდივანმა, ჰელენ დუკასმა დაამატა: დოქტორი აინშტაინი გულისხმობდა არა მარტო კათოლიკურ, არამედ ზოგადად ეკლესიებს[56]

როდესაც ახლადმოქცეულმა კათოლიკემ აღნიშნა, რომ ნაცისტებმა გაზით მისი ოჯახის წევრები მოწამლეს, აინშტაინმა მას უპასუხა, რომ ასევე გრძნობდა თავს დამნაშავედ და დაამატა, რომ მთელი ეკლესია, დაწყებული ვატიკანიდან, დანაშაულის გრნძნობას უნდა განიცდიდეს (1948, სექტემბერი)[56] ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს კვლავ აწიეს ქრისტიანული ეკლესიის საკითხი, რაზეც აინშტაინმა განაცხადა, რომ არ შეუძლია და არც აპირებს დაამტკიცოს პერსონიფიცირებული ღმერთის არარსებობა:

რაც შეეხება ღმერთს, მე არ შემიძლია მივიღო არც ერთი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ეკლესიის ავტორიტეტზე... მანამდე, სანამ მეხსიერება მაქვს. მე აღშფოთებული ვარ მასობრივი დარიგების იდეოლოგიით. მე არ შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ პერსონიფიცირებული ღმერთი არ არსებობს, თუმცა მე რომ მასზე მელაპარაკა, მატყუარა ვიქნებოდი. მე არ მწამს თეოლოგიური ღმერთის, რომელიც აჯილდოებს სიკეთისთვის და სჯის ბოროტებისთვის. მისი სამყარო არ იმართება ასრულებული სურვილების პრინციპით. ის იმართება ურყევი კანონებით (1954)[57]

უილიამ მილერი, რომელიც იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა, აღწერდა აინშტაინს როგორც ცოცხალ წმინდანს, რომელიც ანგელოზური გულგრილობით ლაპარაკობდა.[58]

მითები რელიგიურ შეხედულებებზე

მეცნიერის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც არ წყდებოდა მცდელობები მიეწერათ მისთვის რომელიღაც რელიგიის აღსარება. ამას არაერთხელ ცდილობდა კათოლიკური ეკლესია, თუმცა, თვითონ აინშტაინი ამგვარ მანიპულაციებს უარყოფდა.[48] რაც შეეხება ისლამს და ბუდიზმს, მითების რაოდენობა ამჟამად მხოლოდ იზრდება.[59][60]

ისლამი

2014 წლის მარტში, აინშტაინის დაბადების 135 წლისთავზე, ზოგიერთმა ებრაულმა და ისლამურმა საინფორმაციო სააგენტომ სენსაციური სიახლე გამოაქვეყნა.[61][62] გავლენიანი ირანელი ღვთისმეტყველი, ექსპერტების საბჭოს ხელმძღვანელი აიათოლა მაჰმად-რეზა მაჰდავი კანი აცხადებდა, რომ ჰქონდა იმის მტკიცებულებები, რომ აინშტაინი მუსულმანი იყო, კერძოდ კი შიიტი. გარდა ამისა, მისი თქმით, აინშტაინი დიდებულ აიათოლა ბურუჯერდისთან კონფედენციალურ მიმოწერას აწარმოებდა, რომელიც ხდებოდა ირანის შაჰის მთარგმნელების დახმარებით და საიდუმლო ხასიათს ატარებდა. მაჰდავი კანის თქმით, მიმოწერაში აინშტაინი წერდა, რომ არსად, არც ერთ სხვა ტრადიციაში ან რელიგიაში არ არსებობს ასეთი გონიერი და ბრძნული გადმოცემა და ჰადისი. მაჰდავი კანის ინფორმაციით, აინშტაინი ასევე წერდა, რომ შიიზმის წინამძღოლების გადმოცემებმა და ტექსტებმა დაასწრეს ფარდობითობის თეორიას, თანაც, მის წარმოქმნამდე ბევრი საუკუნით ადრე.[59][63] გარდა ამისა, მაჰდავი კანი ამტკიცებდა (თუმცა, არ მოჰყავდა მტკიცებულებები და წყაროები), რომ აინშტაინი თავის ნამუშევრებში წერდა:

 
„წინასწარმეტყველ მაჰმადის ზეცაში ამაღლების შესახებ გავიგე და მივხვდი, რომ რადგანაც მისი დაბრუნების შემდეგ კარები ჯერ კიდევ ქანაობდა, მგზავრობა მოხდა სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარით“

მაჰდავი კანის თქმით, ზუსტად ეს იყო წინაპირობა ფარდობითობის თეორიის აღმოჩენისთვის.[59] აღსანიშნავია, რომ მაჰმად-რეზა მაჰდავი კანი 2014 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა,[64] ხოლო აინშტაინის და აიათოლა ბურუჯერდის საიდუმლო მიმოწერის არსებობის მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბუდიზმი

თანამედროვეები და ბუდიზმის მიმდევრები მას-მედიაში და ინტერნეტში ცდილობენ მიაწერონ აინშტაინს განცხადება, სადაც იგი აცხადებდა, რომ ბუდიზმი მომავლის რელიგიაა.[65] ერთ-ერთ ციტატაში, რომელსაც მეცნიერს აწერენ, იგი აცხადებს:

 
„მომავლის რელიგია კოსმოსური რელიგია იქნება. მან უნდა დაძლიოს ღმერთის, როგორც პიროვნების წარმოდგენა და თავიდან აიცილოს დოგმები და თეოლოგიები. იგი მოიცავს ბუნებას და სულს; დაფუძნებული იქნება რელიგიურ გრძნობაზე, რომელიც წარმოიქმნება ყველა საგნის ერთობის, როგორც ბუნებრივი, ისე სულიერის გააზრებულ განცდაზე. ამ აღწერას ბუდიზმი შეესაბამება. რელიგია, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს თანამედროვე მეცნიერული მოთხოვნილებები — ბუდიზმია[60][66][67]

არ არსებობს იმის დამადასტურებელი წყარო, რომ ეს ციტატა მათლაც აინშტაინს ეკუთვნის. არც ერთ ბიოგრაფიულ ნამუშევარში, ასევე როგორც გამოქვეყნებულ წერილებში და ნამუშევრებში ეს სიტყვები არ არის. ამგვარი შინაარსის მსჯელობა არის ელენ დუკასის — აინშტაინის მდივნის მოგონებებში, თუმცა, იქ ეს სიტყვები მეცნიერს არ ეკუთვნის.

ლიტერატურა

  • Альберт Эйнштейн. Мир, каким я его вижу. Издательство: АСТ, 2013. — 224 с.
  • Йоханнес Виккерт. Альберт Эйнштейн сам о себе. Биографические ландшафты. Челябинск: Урал ЛТД, 1999. — 360 с.
  • Эйнштейн о религии. Издательство: Альпина-нон-фикшн, 2010. — 144 с.
  • Ричард Докинз. Бог как иллюзия. Издательство: КоЛибри, 2009. — 560 с.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Isaacson, Walter (2008). Einstein: His Life and Universe. New York: Simon and Schuster, pp. 390.
  2. Lesiker, Arnold V.. Einstein:Science and Religion - Spinoza and Einstein. St Cloud State University. ციტირების თარიღი: January 16, 2014.
  3. Isaacson, Walter (2008). Einstein: His Life and Universe. New York: Simon and Schuster, p. 461.
  4. Calaprice, Alice (2000). The Expanded Quotable Einstein. Princeton: Princeton University Press, p. 216. Letter to M. Berkowitz, 25 October 1950; Einstein Archive 59-215.
  5. Calaprice, Alice (2000). The Expanded Quotable Einstein. Princeton: Princeton University Press, p. 218.
  6. Einstein, Albert «Gelegentliches», Soncino Gesellschaft, Berlin, 1929, p. 9
  7. Calaprice, Alice (2000). The Expanded Quotable Einstein. Princeton: Princeton University Press, p. 204.
  8. Fackenheim, Emil L.. (August 1952) Article Preview - Choose Life: The Biblical Call to Revolt, by Eric Gutkind. Commentary. ციტირების თარიღი: October 9, 2012.
  9. * „Original letter (handwriting, german)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტირების თარიღი: 2017-01-27.
  10. 10.0 10.1 Overbye, Dennis. (May 17, 2008) Einstein Letter on God Sells for $404,000. New York Times. ციტირების თარიღი: October 8, 2012.
  11. 11.0 11.1 Bryner, Jeanna. (October 5, 2012) Does God Exist? Einstein's 'God Letter' Does, And It's Up For Sale. MSNBC. ციტირების თარიღი: October 7, 2012.
  12. Isaacson, Walter (2008). Einstein: His Life and Universe. New York: Simon and Schuster, pp. 388—389. Reported by the New York Times 25 April 1929 under the headline «Einstein believes in 'Spinoza’s God'»
  13. Einstein, Albert, «Ideas And Opinions»
  14. Dukas, Helen (1981). Albert Einstein the Human Side. Princeton: Princeton University Press, p. 39. Letter to a Baptist pastor in 1953.
  15. Einstein, Albert (1999). The World as I See It. Secaucus, NJ: Citadel Press, p. 5.
  16. Clark, Ronald W. (1971). Einstein: The Life and Times. New York: World Publishing Company, p. 425.
  17. Calaprice, Alice (2000). The New Quotable Einstein. დაარქივებული 2009-06-22 საიტზე Wayback Machine. Princeton, New Jersey: Princeton University Press, p. 216; Letter to M. Berkowitz 25 October 1950; Einstein Archive 59-215.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 Isaacson, Walter (2007). «Einstein and Faith» დაარქივებული 2013-08-24 საიტზე Wayback Machine. Time 169 (April 5): 47.
  19. Jammer, Max (2002). Einstein and Religion: physics and theology. Princeton: Princeton University Press, p. 97
  20. Jammer, Max (2002). Einstein and Religion: physics and theology. Princeton: Princeton University Press, p. 51 149.
  21. Brian, Denis (1996). Einstein: A Life. New York: J. Wiley, p. 344. Einstein’s Letter of 2 July 1945 დაარქივებული 5 January 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები ; cf. Michael Shermer 13 December 2010 დაარქივებული 30 December 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  22. Gardner, Martin (1996). The Night Is Large: Collected Essays, 1938—1995. p. 430.
  23. Goldsmith, Donald and Marcia Bartusiak (2006). E = Einstein: His Life, His Thought, and His Influence on Our Culture. New York: Stirling Publishing, p. 187.
  24. Dowbiggin, Ian (2003) A Merciful End. New York: Oxford University Press, p. 41.
  25. Einstein, Albert (1995) Ideas And Opinions. New York: Random House, p. 62.
  26. Einstein, Albert (1949). The World as I See It. Philosophical Library. ISBN 0-8065-2790-0. ციტირების თარიღი: 2007-10-14. 
  27. 27.0 27.1 Calaprice, Alice (2005). The Einstein Almanac. Baltimore: JHU Press, p. 91.
  28. 28.0 28.1 Hermanns, William (1983). Einstein and the Poet. In Search of the Cosmic Man. Brookline Village MA: Branden Books, p. 60.
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 Einstein, Albert (1930). «Religion and Science» New York Times Magazine (Nov. 9): 1-4. См. тж. перевод Л. Ярославского
  30. Randerson, James (2008). „Childish superstition: Einstein’s letter makes view of religion relatively clear“ Guardian (May 12). Retrieved 2011-11-08.
  31. Full transcription of the letter. Facsimile of Front დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. and reverse sides.
  32. American National Biography Online
  33. Carlson, John Roy (1943). Under Cover. Philadelphia: The Blakiston Company.
  34. [1] დაარქივებული 2015-01-19 საიტზე Wayback Machine. , Learn Peace
  35. [2], Einstein’s pacifist dilemma revealed
  36. [3], New York Times Archives
  37. 37.0 37.1 What Life Means to Einstein, an interview by George Sylvester Viereck
  38. 38.0 38.1 Hermanns, William (1983). Einstein and the Poet. In Search of the Cosmic Man. Brookline Village MA: Branden Books, p. 62.
  39. Einstein «Ideas and Opinions» (1954), NY, Bonanza Books,, pp. 184—185
  40. Fölsing, Albrecht (1997). Albert Einstein: a biography. London: Penguin, p. 15
  41. Sachs, Andrew and Peter Jones (1930). Albert Einstein. Taylor and Francis, p. 32.
  42. 42.0 42.1 Fölsing, Albrecht (1997). Albert Einstein: a biography. London: Penguin, p. 16.
  43. Hermanns, William (1983). Einstein and the Poet. In Search of the Cosmic Man. Brookline Village MA: Branden Books, p. 32.
  44. Fölsing, Albrecht (1997). Albert Einstein: a biography. London: Penguin, p. 41.
  45. Anonymous (1940). «Religion: German Martyrs» Time დაარქივებული 2012-11-22 საიტზე Wayback Machine. 36 (Dec. 23): 38.
  46. 46.0 46.1 Waterhouse, William C.. (2006-01-05) Did Einstein Praise the Church?. eSkeptic. The Skeptics Society. ციტირების თარიღი: 2010-03-25.
  47. Antiques Roadshow (2008) «1943 Albert Einstein Letter»[მკვდარი ბმული] PBS. May 19. Video
  48. 48.0 48.1 Dukas, Helen, ed. (1981) Albert Einstein, The Human Side. Princeton: Princeton University Press, p. 94.
  49. Isaacson, Walter (2007). Einstein: His Life and Universe. New York: Simon and Schuster, p. 388.
  50. Isaacson, Walter (2007). Einstein: His Life and Universe. New York: Simon and Schuster, p. 389.
  51. Calaprice, Alice (2000). The New Quotable Einstein დაარქივებული 2009-06-22 საიტზე Wayback Machine. . Princeton: Princeton University Press, p. 151.
  52. Rowe, David and Robert Schulmann (2007). Einstein on Politics. Princeton: Princeton University Press, p. 235. ISBN 0-691-12094-3
  53. WHO WAS GEORGES LEMAÎTRE? დაარქივებული 2010-06-06 საიტზე Wayback Machine. ; Universite catholique de Louvain; online 1 August 2014
  54. 54.0 54.1 54.2 Hermanns, William (1983). p. 105.
  55. Hermanns, William (1983). p. 66.
  56. 56.0 56.1 Hermanns, William (1983). p. 119.
  57. Hermanns, William (1983). p. 132.
  58. Miller, Pat (1955). «Death of a Genius» Life Magazine 38 (May 2): 62.
  59. 59.0 59.1 59.2 Блогеры растиражировали заявление о «мусульманстве» Эйнштейна. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-22. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  60. 60.0 60.1 Буддизм в Калмыкии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2021-01-19.
  61. Радиостанция Решет Бет сообщила сенсационную новость о религии Эйнштейна [4] დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
  62. Израильский 9 канал: Эйнштейн был шиитом?
  63. Израильские СМИ: Эйнштейн был мусульманином
  64. Новость о смерти Мухаммада-Реза Махдави Кани
  65. Asaf Federman, What Buddhism Taught Cognitive Science about Self, Mind and Brain, Enrahonar. Quaderns de Filosofia[მკვდარი ბმული] 2011, გვ., 39-62 }}
  66. Эйнштейн и Будда: буддизм в современной науке
  67. Vörös, Sebastjan, Buddhism and Cognitive (Neuro)Science: An Uneasy Liaison, Asian Studies, 2016gv., 61-80