ავღანური ლიტერატურა
ავღანური ლიტერატურა — ლიტერატურა ავღანურ ენაზე. ავღანელები ოდითგანვე ორ ენაზე მეტყველებდნენ, რამაც განაპირობა ავღანეთის ლიტერატურის თავისებურება: დარი ენაზე (ფარსი-ქაბული) მეტყველი მწერლები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სპარსულ ლიტერატურასთან, პუშტუ ენაზე კი ვითარდებოდა ადგილობრივი ტრადიციულობის დამცველი და ამსახველი მწერლობა.
ხასიათი
რედაქტირებაროგორც ავღნიშნეთ, ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი მახასიათებელია მისი ბილინგვიზმი (ორენოვნობა). პუშტუ, რომელიც ძირითადად გამოიყენება მთებში მცხოვრები ხალხის, გლეხებისა და სახალხო რეწვის ოსტატების მიერ დღესაც პოპულარულია. დარის ენა (ფარსი დიალექტი) იყო ავღანური კეთილშობილებისა (დიდგვაროვნების) და განმანათლებლური წრეების ენა. მასზე დაწერილია სპარსული კლასიკური კანონით გათვალისწინებული ფეოდალური-არისტოკრატიული ლიტერატურულ ნაწარმოებთა უმრავლესობა. ავღანელი მწერლები და პოეტები ხშირად რელიგიური ან საზოგადო მოღვაწეები იყვნენ და მათი ლიტერატურული საქმიანობა დიდწილად ექვემდებარებოდა პოლიტიკურ ან რელიგიურ ბრძოლაში არსებულ ამოცანებს.
ისტორია
რედაქტირებაავღანური ლიტერატურის უმთავრესი წყარო მდიდარი ფოლკლორი იყო; ავღანური ზღაპრები და ლეგენდები არაერთ ლიტერატურულ ძეგლს დაედო საფუძვლად. განსაკუთრებით პოპულარული იყო ადამხანისა და დურხანის უბედური სიყვარულის ლეგენდა, რომელსაც ავღანელები „ლეილმაჯნუნიანს“ უწოდებენ. ხალხური ლექსები და დასთანები დღესაც იკითხება საჯაროდ მოედნებსა და ჩაიხანებში, ავღანური ლიტერატურის ისტორიაში ორ პერიოდს გამოყოფენ: IX–XV და XVI–XIX საუკუნეები. პირველი პერიოდის ძეგლებიდან მცირე რამ არის შემორჩენილი. პუშტუ ენაზე ავღანური მწერლობის უძველეს ნიმუშად ითვლება XIII საუკუნის ხელნაწერის „წმინდანთა ცხოვრების“ ფრაგმენტები, რომელსაც სულეიმან მაქის მიაწერენ, და გვიანდელ ანთოლოგიაში შეტანილი ლექსი, რომელსაც VIII საუკუნეს მიაკუთვნებენ.
XVI საუკუნე ავღანეთში ისტორიული და სოციალური გარდატეხათა საუკუნედ ითვლება. ლიტერატურაში მკაფიოდ აისახა ანტიფეოდალური მოძრაობა, რომელსაც სათავეში ედგა როშანიების (ნათლისმცემელთა) სექტის ფირი (მოძღვარი) ბაიაზიდ ანსარი. როშანიები ქადაგებდნენ ადამიანთა თანასწორობას ღვთის წინაშე.
ავღანეთის ლიტერატურაში გავრცელებული იყო რითმოვანი პროზა, ამასთანავე დიდი ადგილი ეთმობოდა პუშტუ ენაზე არუზის (არუდი) კანონებით დაწერილ ლექსებს, კასიდებსა და ღაზალებს. პოეზიის აღორძინებას საფუძველი ჩაუყარა ბაიაზიდის შვილიშვილმა მირზა ანსარიმ (XVII საუკუნე). თავისუფლებასა და ავღანელთა გაერთიანებას უმღეროდნენ ხუშჰალ-ხან ხათაქი, აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი, აბდ ალ-რაჰმან მომანდი, აბდ ალ-ჰამიდ მომანდი, აფზალ-ხან ხათაქი, რ-მაც შეადგინა „მოოჭვილი ისტორია“ (როშანიების მოძრაობისა) და სხვ.; მათი შემოქმედება საზოგადოებრივ მოტივებს აცოცხლებდა ლიტერატურაში. პუშტუ ენაზე წერდა სამიჯნურო და პატრიოტულ ლექსებს დამოუკიდებელი ავღანელი სახელმწიფოს შემქმნელი აჰმად-შაჰ დურანი. მის დროს სამეფო კარზე თავი მოიყარეს ავღანეთის ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენლებმა, რომლებმაც პოეტურად აღწერეს დურანის მრავალრიცხოვანი ლაშქრობანი.
XIX საუკუნე ავღანეთში ინგლისელ დამპყრობთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლებით დაიწყო, პუშტუნებით დასახლებული ტერიტორიის დაკარგვამ, დედაქალაქის ყანდაარიდან ქაბულში გადატანამ (XVIII საუკუნის ბოლო) შეაფერხა ლიტერატურის განვითარება პუშტუ ენაზე. XIX საუკუნის II ნახევრიდან ლიტერატურა ავღანეთის გარეთ, ქალაქ ფეშავარსა და მის მეზობელ ოლქებში (თანამედროვე პაკისტანი) ვითარდება. აქვე ჩაეყარა საფუძველი პრო| ზას პუშტუ ენაზე. მისი ფუძემდებლის აჰმად შავლაკის დამსახურებაა სასაუბრო ენის გამოყენება ლიტერატურაში.
დარის ოფიციალურ ენად გამოცხადებამ ხელი შეუწყო სპარსული საკარო პოეზიის ტენდენციების, კერძოდ, სახოტბო ჟანრის მომძლავრებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ჰამიდ ქაშმირის „აქბარნამე“ (1844), რომელშიც აღწერილია ავღანელთა აჯანყება ინგლისელების წინააღმდეგ. მთავარი მოქმედი პირია ავღანელთა ეროვნული გმირი აქბარ-ხანდაზი, განმანათლებელმა მაჰმუდ თარზიმ (1867–1935), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ავღანეთის ლიტერატურისა და პრესის განვითარებაში, და მისმა მიმდევრებმა გაამრავალფეროვნეს ლიტერატურულ ნაწარმოებთა თემატიკა, გაამარტივეს სტილი და ენა. შეიქმნა ყველა პირობა, რომ ჩასახულიყო თანამედროვე ავღანური ლიტერატურა, რომლის პირველი ნაბიჯები ავღანეთის სრულ დამოუკი დებლობას დაემთხვა.
თანამედროვე ავღანეთის ლიტ-რაში ვითარდება პროზა (ხადიმის, ჰაბიბის, სალიმის, აბდუ-რაჰმან ფაჟვაქის და სხვა ყოფითი ნოველები). გამოჩენილი პოეტები იყვნენ აბდ ალ-რაუფ ბენავა, გულფაჩა ულფათი, ხალილულა ხალილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა პროგრესული ლიტერატურული მიმდინარეობა — „გაღვიძებული ახალგაზრდობა“, რომლის დროშას მწერალმა ბენავამ წააწერა: „ან სიკვდილი, ან ახალი ცხოვრება“. XX საუკუნის უკანასკნელ წლებში ავღანეთში ითარგმნა დასავლური და რუსული ლიტერატურის ნიმუშები, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თანამედროვე ავღანეთის ლიტრის განვითარებაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Пурецкий Б. Поэтическое творчество афганцев. Журнал «Новый мир». — М. 1927. № 4.
- Raverty H. G. Gulshan-i-Roh, L. 1860.
- ავღანური ჰიქაიათები, თბ., 1958;
- Acланoв M. Г., Афганский фольклор и его изучение в СССР, «Труды московчкoгo ин-та востоковедения», 1947, т. 5;
- Геpacимова A., Гирc Г., Литература Афганистана, M., 1963;
- Cкaзки и стихи Афганистана, M., 1958;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 182.