ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Auguste von Braunschweig-Wolfenbüttel; დ. 3 დეკემბერი, 1764, ბრაუნშვაიგი, გერმანია — გ. 27 სექტემბერი, 1788, ლიაენემაა, ესტონეთი) — ბრაუნშვაიგის პრინცესა. იყო ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ის პირველი ცოლი და მეფე ვილჰელმ I-ის დედა. იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელის და, რომლის მსგავსად, მასაც უიღბლო ქორწინება ჰქონდა.
ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი | |
---|---|
სრული სახელი
ავგუსტა კაროლინა ფრედერიკა ლუიზა | |
წოდებები
ვიურტემბერგის პრინცესა | |
დაიბადა |
3 დეკემბერი, 1764 ბრაუნშვაიგი, გერმანია |
გარდაიცვალა |
27 სექტემბერი, 1788, (23 წლის) ლიაენემაა, ესტონეთი |
საგვარეულო | ველფები |
მეუღლე(ები) | ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე |
შვილ(ებ)ი |
ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე კათარინა, ვესტფალიის დედოფალი პაული |
მამა | კარლ ვილჰელმ ფერდინანდი, ბრაუნშვაიგის ჰერცოგი |
დედა | ავგუსტა ბრიტანელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაავგუსტა დაიბადა 1764 წლის 3 დეკემბერს ბრაუნშვაიგში. იგი იყო ბრაუნშვაიგის ჰერცოგ კარლ ვილჰელმ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, პრინცესა ავგუსტა ბრიტანელის უფროსი ქალიშვილი. დედამისი იყო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის ღვიძლი და. მას სახელი დედის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა ოჯახურ წრეში „ზელმირას“ სახელით იყო ცნობილი. ავგუსტას უმცროსი დედმამიშვილებიდან აღსანიშნავია პრინცესა კაროლინა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV-ს გაჰყვა ცოლად.
ქორწინება
რედაქტირებაპირველი წლები
რედაქტირება1780 წლის 15 ოქტომბერს 15 წლის ავგუსტა პრინც ფრიდრიხ ვიურტემბერგელს მიათხოვეს, რომელიც იყო ვიურტემბერგის ჰერცოგ კარლ ევგენის ძმისწული. აღსანიშნავია, რომ კარლ ევგენი უნაყოფო იყო, რის გამოც ფრიდრიხი, როგორც მისი უფროსი ძმისწული, ტახტის მეორე მემკვიდრე იყო მამის შემდეგ. ავგუსტას მასთან სულ ოთხი შვილი შეეძინა.
ვინაიდან ფრიდრიხი ტახტის მეორე მემკვიდრე იყო და ბიძამისს იგი პოლიტიკისაგან იზოლირებული იყო, მან კარიერის გაკეთება სხვა სახელმწიფოში განიზრახა. 1782 წელს ფრიდრიხი ავგუსტასთან ერთად გადავიდა სანქტ-პეტერბურგში თავის დასთან, მარია ფიოდოროვნასთან (ქორწინებამდე ცნობილი იყო სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის სახელით), რომელიც იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ვაჟზე, ცარევიჩ პავლე პეტროვიჩზე იყო დაქორწინებული. ეკატერინე მოიხიბლა ფრიდრიხით, ამიტომაც იგი ფინეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა და ვიბორგში მამულები უბოძა, რის შემდეგაც წყვილი სწორედ აქ დასახლდა.
გაშორება
რედაქტირებაავგუსტა ქმარს გაჰყვა ვიბორგში, სადაც ცხოვრობდა შემდეგი ხუთი წელი, თუმცა მას და ფრიდრიხს თავიდანვე უიღბლო ქორწინება ჰქონდათ. 1786 წელს სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას ავგუსტა იმპერატრიცა ეკატერინესთან გაიქცა და შეატყობინა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა და დაცვა სთხოვა. იგი აცხადებდა, რომ ფრიდრიხი ბისექსუალი იყო და ახალგაზრდა არისტოკრატ კაცებთან ჰქონდა ურთიერთობა, ცოლს კი ფიზიკურად უსწორდებოდა. ამის გაოცებულმა ეკატერინემ ავგუსტას თავშესაფარი მისცა, ფრიდრიხს კი ჩამოართვა წოდება და რუსეთის დატოვება სთხოვა. ეს ფაქტი ავგუსტას მულმა, მარია ფიოდოროვნამ გააპროტესტა და ძმის დარჩენა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ავგუსტამ მამას განქორწინების თხოვნა გაუგზავნა, თუმცა იგი უარყოფდა განქორწინებას და მიაჩნდა, რომ ქორწინება არ უნდა დარღვეულიყო, რის გამოც უარი მიიღო.
ფრიდრიხმა დატოვა რუსეთი და ვიურტემბერგში დაბრუნდა. იგი კატეგორიულად უარყოფდა როგორც ბისექსუალობას, ისე ცოლზე ძალადობას, რაც ბევრმა დაიჯერა, რადგან ავგუსტას ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, მის გარდა არ არსებობდა სხვა მოწმე, რომელიც მის მამაკაცებთან რომანტიკულ ურთიერთობას დაადასტურებდა. ამასთან, ფრიდრიხს თავის მეორე ცოლთან, შარლოტა ბრიტანელთან საკმაოდ ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, თავად შარლოტას კი არასოდეს განუცხადებია არც ძალადობის და არც ღალატის შესახებ, რის გამოც ბევრი დღემდე ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ავგუსტამ გამოიგონა განსაქორწინებლად, რაც ქორწილის დღიდანვე უნდოდა.
რომანი და გარდაცვალება
რედაქტირებამას შემდეგ, რაც მამისაგან განქორწინებაზე უარი მიიღო და ვერც ძალადობის და ვერც ქმრის ბისექსუალობის ფაქტები ვერ დაამტკიცა, ეკატერინე II-ს ეჭვი შეეპარა მის სიმართლეში, რის გამოც იგი არა მხოლოდ სამეფო სასახლიდან, არამედ პეტერბურგიდანაც გააძევა. მას დასავლეთ ესტონეთში პატარა სასახლე გამოუყო და იქ დაასახლა. ესტონეთში ჩასული ავგუსტა მალევე დაუახლოვდა ნადირობის სამეფო ოსტატ ვილჰელმ ფონ პოლმანს. მათ მალევე გააჩაღეს რომანი, რის შემდეგაც ავგუსტა დაორსულდა.
1788 წლის 27 სექტემბერს ავგუსტას ნაადრევი მშობიარობა და შინაგანი სისხლდენა დაეწყო. ამის მიუხედავად პოლმანმა უარი თქვა მისთვის ექიმის მიყვანაზე იმის შიშით, რომ მათი ურთიერთობის შესახებ გამჟღავნდებოდა. ამის გამო 23 წლის ავგუსტა ძლიერი სისხლდენის გამო გარდაიცვალა ჯერ კიდევ მშობიარობის დროს, რის გამოც ბავშვიც დაიღუპა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად იმპერატრიცამ ავგუსტას მამასთან მიწერილ წერილში გარდაცვალების მიზეზად სისხლძარღვების გახეთქვა დაასახელა. მისი გარდაცვალების მიზეზები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, როცა მისმა უფროსმა შვილებმა გამოიკვლიეს მისი ნეშტი და დაკითხეს მისი პირადი მსახურები.
შვილები
რედაქტირება- ვილჰელმ I (1781-1864), ვიურტემბერგის შემდეგი მეფე. პირველად იქორწინა კაროლინა ავგუსტა ბავარიელზე, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად ეკატერინე პავლოვნა რომანოვა შეირთო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც საბოლოოდ დაქორწინდა პაულინა ვიურტემბერგელზე. შვილები II-III ცოლებთან ჰყავდა, რომელთაგან აღსანიშნავია ნიდერლანდების დედოფალი სოფია და ვიურტემბერგის მეფე კარლ I;
- კათარინა (1783-1835), ცოლად გაჰყვა ნაპოლეონის ძმას, ვესტფალიის მეფე ჟერომ ბონაპარტს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- სოფია (1783-1784), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- პაული (1785-1852), ცოლად შეირთო შარლოტა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი. მათი შვილიშვილები იყვნენ შვედეთის დედოფალი სოფია ნასაუელი და ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ II;
ლიტერატურა
რედაქტირება- "Genealogy Index: Welf 6". Retrieved 2007-09-16.[self-published source][better source needed]
- Lohde castle
- Rounding, Virginia (2007). Catherine the Great. London: Arrow. pp. 419–421. ISBN 978-0-09-946234-7.
- Thomsen, Sabine. Die württembergischen Königinnen. Charlotte Mathilde, Katharina, Pauline, Olga, Charlotte – ihr Leben und Wirken (The Queens of Wuerttemberg: Charlotte Matilde, Katharina, Pauline, Olga, Charlotte – Their Lives and Legacies). Silberburg-Verlag, 2006.
- Elisabeth E. Kwan und Anna E. Röhring, Frauen vom Hof der Welfen, 2. Auflage, München, 2008