სოფია ვიურტემბერგელი
სოფია ვიურტემბერგელი (გერმ. Sophie von Württemberg, ნიდერლ. Sophie van Wurtemberg; დ. 17 ივნისი, 1818, შტუტგარტი, გერმანია — გ. 3 ივნისი, 1877, ჰააგა, ნიდერლანდები) — ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ის ქალიშვილი. ნიდერლანდების დედოფალი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ჰერცოგინია 1849-1877 წლებში როგორც ვილემ III-ის პირველი მეუღლე.
სოფია ვიურტემბერგელი | |
---|---|
ნიდერლანდების დედოფალი ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ლიმბურგის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 მარტი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 3 ივნისი, 1877 |
წინამორბედი: | ანა პავლეს ასული |
მემკვიდრე: | ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ივნისი, 1818 |
დაბ. ადგილი: | შტუტგარტი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 3 ივნისი, 1877, (58 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰააგა, ნიდერლანდები |
მეუღლე: | ვილემ III, ნიდერლანდების მეფე |
შვილები: |
ვილემი, ორანის პრინცი მორიცი ალექსანდერი, ორანის პრინცი |
სრული სახელი: | სოფია ფრედერიკა მატილდა |
დინასტია: | ვიურტემბერგელები |
მამა: | ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე |
დედა: | ეკატერინე პავლეს ასული |
რელიგია: | კალვინიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფია დაიბადა 1818 წლის 17 ივნისს შტუტგარტში. იგი იყო ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ეკატერინე პავლეს ასულის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან პაპა-ბებიად რუსეთის იმპერატორი პავლე I და იმპერატრიცა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი ერგებოდნენ, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II კი დიდ ბებიად ერგებოდა. გარდა ამისა, რუსეთის ორი იმპერატორი: ალექსანდრე I და ნიკოლოზ I მისი ბიძები იყვნენ.
თავდაპირველად იგეგმებოდა სოფიას დაქორწინება ჯერ საბერძნეთის მეფე ოტონ ბავარიელზე, შემდეგ კი ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ვილჰელმზე. ორივე ნიშნობა ჩაიშალა, რადგან სოფიას ამბიციურ მამას სურდა, რომ იგი დედოფალი გამხდარიყო, რასაც ვილჰელმზე ქორწინებით ვერ მიიღებდა, ოტონის მმართველობა კი არამყარი იყო. ამრიგად, მალევე დაიწყო ახალი საქორწინო მოლაპარაკებები.
1839 წლის 18 ივნისს შტუტგარტში სოფია დააქორწინეს თავისსავე დეიდაშვილზე, ორანის პრინც ვილემზე, რომელიც იყო ლიმბურგის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების მეფე ვილემ II-ისა და სოფიას დეიდის, ანა პავლეს ასულის უფროსი ვაჟი. ამრიგად, სოფია ორანის პრინცესა და ნიდერლანდების მომავალი დედოფალი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწინება თავიდან ბედნიერი იყო, რა დროსაც სოფია დომინირებდა მეუღლეზე. ნიდერლანდებში ჩასული წყვილი ნოორდეინდის სასახლეში დაბინავდა, სადაც შემდგომ წლებში სოფიამ სამი ვაჟი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ დროის გასვლასთან ერთად მათ ქორწინებას სულ უფრო მეტი ბზარი უჩნდებოდა, რომელთა მთავარი მიზეზიც მისი დედამთილი, დედოფალი ანა პავლეს ასული იყო, რომელიც ეჭვიანობდა ვაჟის ყურადღების ნაკლებობის გამო. ამ ყველაფერს მალევე დაერთო ვილემის „ფარული“ რომანები, რომელთა შესახებაც რეალურად მთელმა სამეფომ იცოდა.
1849 წელს ვილემ II გარდაიცვალა და ტახტი ვილემ III-მ დაიკავა, რითაც სოფია დედოფალი გახდა, თუმცა იგი ბედნიერი არ ყოფილა. 1855 წლიდან მეფე-დედოფალს შორის არსებულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რის გამოც სოფია განშორდა მეუღლეს და ცალკე დაიწყო ცხოვრება ჰეტ-ლოს სასახლეში. ამის შემდეგ იგი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა თავის მშობლიურ ოჯახთან ერთად, შტუტგარტში, სადაც მეფის დაუკითხავად ჩადიოდა ხოლმე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფალ სოფიას ახლო და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-სა და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასთან. თავისი დედოფლობის პერიოდში იგი მფარველობდა ხელოვნებას და აფინანსებდა საჯარო სკვერების გაშენება-მოპირკეთებას. ესპანეთის სამეფო მთავრობამ იგი დედოფალ მარია ლუიზას ორდენით დააჯილდოვა. სოფია ამ ორდენის რიგით 540-ე კავალერი გახდა.
იგი გარდაიცვალა 1877 წლის 3 ივნისს ჰააგაში, 58 წლის ასაკში. დაკრძალულია დებტის კათედრალში, საკუთარი ქორწილის კაბაში გამოწყობილი, როგორც ეს თავად სურდა. ამის შემდეგ მისი მეუღლე მეორედ დაქორწინდა ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მონარქი, რადგან სოფიას ვაჟები უშვილოდ დაიღუპნენ.
შვილები
რედაქტირება- ვილემი (1840-1879), ორანის პრინცი 1849 წლიდან. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მორიცი (1843-1850), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ალექსანდერი (1851-1884), ორანის პრინცი 1879 წლიდა. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Wilhelm Karl zu Isenburg: Stammtafeln zur Geschichte der europäischen Staaten. 2., verbesserte Auflage. Stargardt, Marburg 1953.
- Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 115.