ანა პავლეს ასული (რუს. Анна Павловна, ნიდერლ. Anna Paulowna; დ. 18 იანვარი, 1795, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 1 მარტი, 1865, ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და მისი მეუღლის, სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის ქალიშვილი. ნიდერლანდების დედოფალი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ჰერცოგინია 1840-1849 წლებში როგორც ვილემ II-ის მეუღლე. მეფე ვილემ III-ის დედა.

ანა პავლეს ასული
ნიდერლანდების დედოფალი
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
ლიმბურგის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 ოქტომბერი, 1840
მმართ. დასასრული: 17 მარტი, 1849
წინამორბედი: ვილჰელმინა პრუსიელი
მემკვიდრე: სოფია ვიურტემბერგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 იანვარი, 1795
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 მარტი, 1865, (70 წლის)
გარდ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო
მეუღლე: ვილემ II, ნიდერლანდების მეფე
(ქ. 1816 - გარდ. 1849)
შვილები: ვილემ III, ნიდერლანდების მეფე
ალექსანდერი
ჰენდრიკი
ერნესტი
სოფია, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგინია
დინასტია: რომანოვები
მამა: პავლე I, რუსეთის იმპერატორი
დედა: სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება
 
ანა პავლეს ასული 1813 წელს

ანა დაიბადა 1795 წლის 18 იანვარს გატჩინას სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის დიდ მთავარ პავლე პეტრეს ძისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის (რუსეთში ცნობილი მარია თედორეს ასულის სახელით) შუათანა ქალიშვილი. მან ბავშვობა დედასა და და-ძმებთან ერთად გაატარა ცარსკოე-სელოში, რომანოვების საზაფხულო რეზიდენციაში. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში დაიღუპა ბებიამისი, იმპერატრიცა ეკატერინე II, რის გამოც იმპერატორი ანას მამა, პავლე I გახდა.

ანას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმებთან: ნიკოლოზსა და მიხეილთან, რომლებთან ერთადაც იღებდა კარგ ევროპულ განათლებას. იგი შეისწავლიდა ლიტერატურას, უცხო ენებს, მათემატიკას, დაფის თამაშებს, ქალის ხელსაქმესა და ხატვას.

პავლე I-ის მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან იგი 1800 წელს მოკლეს შეთქმულებმა. ამის გამო ტახტი ანას ძმამ, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაიკავა.

1809 წელს მისი უფროსი დის, ეკატერინესა და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის საქორწინო მოლაპარაკებები კრახით დასრულდა. ამის შემდეგ, რუსებმა ნაპოლეონს ანას ხელი შესთავაზეს, თუმცა მან ამაზეც უარი თქვა და საბოლოოდ 1810 წელს მეორედ დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-ის ქალიშვილზე, ერცჰერცოგინია მარია ლუიზა ავსტრიელზე.

ქორწინება

რედაქტირება
 
ორანის პრინცესა ანა პავლეს ასული 1824-1825 წლებში

ორანის პრინცესა

რედაქტირება

1816 წლის 21 თებერვალს ზამთრის სასახლის სამლოცველოში, სანქტ-პეტერბურგში ანა პავლეს ასული დააქორწინეს ორანის პრინც ვილემზე, რომელიც იყო ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის უფროსი ვაჟი.

მას შემდეგ, რაც ვენის კონგრესმა ვილემ I-ს დაუბრუნა მთელი ნიდერლანდების ტახი და დამატებით მას ლუქსემბურგის, ლიმბურგისა და ბელგიის სამფლობელოებიც უბოძა, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მასთან საქორწინო მოლაპარაკებები გააჩაღა, რომელიც წარმატებულად დაგვირგვინდა. ვინაიდან დადგენილი იყო, რომ რომანოვების საგვარეულოს არცერთი წარმომადგენელი იძულებით არ უნდა დაქორწინებულიყო, ქორწინებამდე პრინცი ვილემი რუსეთში მიიწვიეს, რათა წყვილს ერთმანეთი გაეცნო. მათ ერთმანეთი თავიდანვე მოეწონათ და საქორწინო კონტრაქტში ჩაწერეს კიდეც, რომ ანას შეეძლო მართლმადიდებლად დარჩენილიყო, თუმცა მათი ყველა შვილი კალვინისტი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში წყვილი რუსეთში ცხოვრობდა.

ანა პავლეს ასული, როგორც აღმოჩნდა ნიდერლანდელებს უფრო კარგად ეწყობოდა, ვიდრე თავად რუსებს. იგი საიმპერატორო ოჯახს ყოველთვის შოკში აგდებდა თავისი თამამი განცხადებებით ბატონ-ყმობის გაუქმებისა და მსგავსი პროგრესული იდეების შესახებ. რუსეთთან შედარებით ნიდერლანდებში უფრო უკეთ იყო ამ მხრივ საქმე, რის გამოც ანა ახალ ქვეყანას მალე შეეგუა. ქორწინების პირველი წლების განმავლობაში წყვილი ბრიუსელში ცხოვრობდა, თუმცა 1830 წელს რევოლუცია მოხდა და ბელგია გამოეყო ნიდერლანდებს, რის გამოც ანა და ვილემი იძულებულნი გახდნენ ნიდერლანდებში გადასახლებულიყვნენ. ანას ბრიუსელი სამშობლოს აგონებდა, რის გამოც იქ ცხოვრება გაცილებით უფრო მოსწონდა, ვიდრე ჰააგას სამეფო კარზე. 1830 წელს, ანამ ბელგიის რევოლუციაში დაჭრილი ჯარისკაცებისათვის საავადმყოფო დააარსა, 1832 წელს კი ნიდერლანდებში დააარსა ღარიბი ქალებისა და გოგონებისათვის განკუთვნილი სკოლა.

 
ანა და ვილემი თავიანთ შვილებთან ერთად 1832 წელს

მათი ქორწინება მშფოთვარე იყო. თავიდანვე, წოდებრივად ანა ვილემზე უპირატესად თვლიდა თავს. 1829 წელს ანას ძვირფასეულობიდან რამდენიმე სამკაული, რომელიც რუსეთიდან გაატანეს, მოიპარეს. ქურდობაში მან პირდაპირ ვილემს დასდო ბრალი. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ვილემს უყვარდა აზარტული თამაშები და დიდი ვალებიც ჰქონდა. ამავე წელს ვილემმა მას უღალატა, რის გამოც წყვილი 1843 წლამდე ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მიუხედავად ფასადური შერიგებისა, ანა ვილემს პატივს არასოდეს სცემდა. პოლიტიკური კონფლიქტისა და დაძაბულობისას, სწორედ ანამ ითავა შუამავლობა ქმარსა და მამამთილს შორის.

 
ანა პავლეს ასული 1837 წელს

მიუხედავად იმისა, რომ ანა აპოლიტიკური პიროვნება იყო, საოცრად შეეძლო ადამიანის დარწმუნება, რასაც ნიდერლანდების სამეფო კარზე ხშირად წარმატებით იყენებდნენ. როგორც პიროვნება, ნიდერლანდელები მას აღწერდნენ როგორც გონიერს, მგრძნობიარეს, ძალადობრივი ტემპერამენტის მქონესა და ოჯახის წევრების ერთგულ ქალს. ნიდერლანდებში გადასახლების შემდეგ მან კარგად შეისწავლა ჰოლანდიური ენა, ქვეყნის კულტურა, ისტორია და დააარსა 50-ზე მეტი ბავშვთა სახლი.

ნიდერლანდების დედოფალი

რედაქტირება

1840 წლის 7 ოქტომბერს მისი მამამთილი, ვილემ I ტახტიდან გადადგა, რის გამოც მეფე ვილემ II გახდა, ანა პავლეს ასული კი ნიდერლანდების დედოფალი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ჰერცოგინია ხდება. 1842 წლის 1 თებრევალს ესპანეთის დედოფალმა ისაბელ II-მ ანას დედოფალ მარია ლუიზას საპატიო ორდენი მიანიჭა. იგი ამ ორდენის რიგით 343-ე კავალერი გახდა.

 
დაქვრივებული ანა თავისი ქმრის ბიუსტთან, 1852 წელი.

როგორც დედოფალი, ანა პავლეს ასული აღწერილია როგორც „ამპარტავანი, პატივმოყვარე და საზოგადოებისაგან შორს მდგომი“. რეალურად ანა ცდილობდა დაეხვეწა თავისი ნიდერლანდური, მაშინ, როდესაც მისი ქმარი თითქმის ყოველთვის ფრანგულად საუბრობდა. იგი ზედმიწევნით ასრულებდა სამეფო კარის მკაცრ ეტიკეტს, მაგრამ ხალხში მაინც არაპოპულარულ დედოფლად რჩებოდა. ანას ძალიან უყვარდა პომპეზურობა, სამეფო ცერემონიები და ეტიკეტი. იგი ხშირად ეკონტაქტებოდა რუსეთში მყოფ დედასა და ძმას. საბოლოოდ ნიდერლანდებში მან ჩამოაყალიბა რუსი ბიჭების გუნდი, რომელთაც ყოველთვის რუსული სამოსი ეცვათ და მისთვის ტრადიციულ რუსულ სიმღერებს ასრულებდნენ. შესაძლოა ითქვას, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის იმპერატორის ასული იყო და არა ნიდერლანდების დედოფალი, რის გამოც იწყვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას.

ქვრივობა და გარდაცვალება

რედაქტირება

1849 წლის 17 მარტს ვილემ II გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა ვაჟმა, ვილემ III-მ დაიკავა. დაქვრივებულმა და სამეფო ცხოვრებისგან გადაღლილმა დედა-დედოფალმა ანა პავლეს ასულმა მიატოვა სამეფო კარი და ჰააგას გარეუბანში, პატარა შატოში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. იგი ვერაფრით ეწყობოდა თავის რძალს, ნიდერლანდების ახალ დედოფალ სოფია ვიურტემბერგელს, რომელიც ამავდროულად მისი დისწულიც იყო, რომელიც მის დას, ეკატერინეს შეეძინა ვიურტემბერგის მეფისაგან. რამდენადაც ცნობილია ანა ეჭვიანობდა თავის ლამაზ რძალზე, რომელიც მისი საყვარელი ვაჟის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. 1855 წელს, ვაჟთან საბოლოოდ კონფლიქტის შემდეგ ანა რუსეთში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ამაოდ. იგი გარდაიცვალა 1865 წლის 1 მარტს ჰააგაში, 70 წლის ასაკში.

ანასა და ვილემ II-ს სულ ხუთი შვილი შეეძინათ:

  1. ვილემ III (1817-1890), ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ლიმბურგის ჰერცოგი. პირველად იქორწინა თავის დეიდაშვილ სოფია ვიურტემბერგელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი, რომელთანაც შეეძინა მომავალი დედოფალი ვილჰელმინა;
  2. ალექსანდერი (1818-1848), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ჰენდრიკი (1820-1879), პირველად იქორწინა ამალია ფონ საქსენ-ვაიმარ-აიზენახზე, მისი უშვილოდ დაღუპვის შემდეგ კი ცოლად შეირთო მარია პრუსიელი, მაგრამ შვილები არც მასთან შეეძინა;
  4. ერნესტი (1822), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. სოფია (1824-1897), ცოლად გაჰყვა საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდ ჰერცოგ კარლ ალექსანდრეს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

ტიტულატურა

რედაქტირება
  • 18 იანვარი, 1795 - 21 თებერვალი, 1816: მისი იმპერიული უმაღლესობა რუსეთის დიდი მთავარი ანა პავლეს ასული;
  • 21 თებერვალი, 1816 - 7 ოქტომბერი, 1840: მისი იმპერიული და სამეფო უმაღლესობა ორანის პრინცესა;
  • 7 ოქტომბერი, 1840 - 17 მარტი, 1849: მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების დედოფალი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ჰერცოგინია;
  • 17 მარტი, 1849 - 1 მარტი, 1865: მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების ქვრივი დედოფალი, ლუქსემბურგის ქვრივი დიდი ჰერცოგინია და ლიმბურგის ქვრივი ჰერცოგინია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean-Charles Volkmann: Généalogie des rois et des princes. Éditions Jean-Paul Gisserot, Paris 1998, ISBN 2-87747-374-0.
  • Oranje, ons vorstenhuis door de eeuwen heen. De koningen en hun familie. Lekturama, Breda 1990, ISBN 90-5141-173-1.
  • Anna Pavlovna - Hermitage Amsterdam. In: www.hermitage.nl. Abgerufen am 3. Mai 2016.
  • Kenneth: Grand Duchess Anna Pavlovna. In: www.rusartnet.com. Abgerufen am 3. Mai 2016.
  • Lotte Burkhardt: Verzeichnis eponymischer Pflanzennamen – Erweiterte Edition. Teil I und II. Botanic Garden and Botanical Museum Berlin, Freie Universität Berlin, Berlin 2018, ISBN 978-3-946292-26-5