კაროლინა ბრაუნშვაიგელი
კაროლინა ბრაუნშვაიგელი (გერმ. Caroline von Braunschweig, ინგლ. Caroline of Brunswick; დ. 17 მაისი, 1768 — გ. 7 აგვისტო, 1821) — დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი 1820-21 წლებში როგორც ჯორჯ IV-ის მეუღლე. უელსის პრინცესა შარლოტ ავგუსტას დედა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის დის შვილი.
კაროლინა ბრაუნშვაიგელი | |
---|---|
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 იანვარი, 1820 |
მმართ. დასასრული: | 7 აგვისტო, 1821 |
წინამორბედი: | შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი |
მემკვიდრე: | ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 მაისი, 1768 |
დაბ. ადგილი: | ბრაუნშვაიგი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 7 აგვისტო, 1821, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: |
25 აგვისტო, 1821 ბრაუნშვაიგი, გერმანია |
მეუღლე: |
ჯორჯ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე (ქ. 1795 - განშ. 1796) |
შვილები: | შარლოტა, უელსის პრინცესა |
სრული სახელი: | კაროლინა ამალია ელიზაბეთი |
დინასტია: | ბრაუშვაიგ-ბევერნები |
მამა: | კარლ ვილჰელმ ფერდინანდი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი |
დედა: | ავგუსტა ბრიტანელი |
რელიგია: | პროტესტანტიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და ახალგაზრდობა
რედაქტირებაკაროლინა დაიბადა 1768 წლის 17 მაისს საღვთო რომის იმპერიაში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ ვილჰელმ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, დიდი ბრიტანეთის პრინცესა ავგუსტა ფონ ჰანოვერის ქალიშვილი. დედამისი მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი და მეფე ჯორჯ III-ის ღვიძლი და იყო, აგრეთვე დეიდად ერგებოდა დანიისა და ნორვეგიის ლეგენდარული დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი.
იგი დაბადებისთანავე მოსწყვიტეს დედას, ვინაიდან მამამისს მისი დედისგან დაცვა სურდა, რის გამოც იგი არაჰუმანურ აღმზრდელებს მიაბარა. მისი მასწავლებლები ადგილობრივი ხელისუფლებით უკმაყოფილო და მეამბოხე ხალხი იყვნენ, რის გამოც კაროლინა ბავშვობაში ველური, ურჩი, ბიჭური გარეგნობისა და თავხედი ხასიათისა იყო. იგი ყოველთვის თავის ძმებთან ერთად თამაშობდა, იყო ძალიან თამამი და არ შეეძლო გოგონებისთვის განკუთვნილი თოჯინებით თამაში. იმისათვის, რომ მისთვის პროტესტანტული აღმსარებლობა შეენარჩუნებინათ, მისი გათხოვების არეალში მხოლოდ ჩრდილო ევროპული სახელმწიფოები მოიაზრებოდნენ. ერთ-ერთი სახელმწიფოს ელჩმა, კაროლინას ნახვის შემდეგ მასზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა:
„ძალიან ფიცხია, ცელქი, სიცოცხლით სავსე, სასაცილო და საკმაოდ დაუხვეწავი.“
|
18 წლის ასაკში კაროლინას ადგილობრივი ოფიცერი შეუყვარდა. მათ შორის არსებული ღრმა წოდებრივი უფსკრულის გამო, მამამისმა ის ოფიცერი ყველაზე შორეულ საზღვარზე გაუშვა სამუშაოდ, რათა კაროლინა გონს მოეყვანა. ცნობილია, რომ მას ძალიან მოსწონდა დაბალი ფენის ხალხთან კონტაქტი და მათთან მეგობრობდა კიდეც, რაც მისი რანკის მქონე ადამიანისთვის შეუსაბამო იყო, ამიტომაც მამამისმა მას მუდმივი მეთვალყურე მიუჩინა, რათა ეს ყოველივე აღმოფხვრილიყო.
ქორწინება
რედაქტირება1795 წლის 7 აპრილს, იგი ცოლად შერთეს დედამისის ძმის, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის უფროს ვაჟს, უელსის პრინც ჯორჯს. მათი ქორწინება თავიდანვე უბედურებისთვის იყო განწირული, რადგან იგი ორმხრივი იმედგაცრუებით დაიწყო. პრინცმა როდესაც კაროლინა ნახა, იგი გაცილებით უფრო პუტკუნა და სხვანაირი აღნაგობის იყო, ვიდრე იმ პორტრეტზე რომელიც მას აჩვენეს. ჯორჯი კი გამუდმებით მთვრალი იყო და ცოლს არც კი ეკარებოდა. კაროლინას თქმით, მათი პირველი ღამე ჯორჯმა მხოლოდ ძილში გაატარა. შემდგომში კაროლინამ ასეთი რამ განაცხადა:
„მამაჩემი გმირი იყო, ჩემი ქმარი კი არარაობაა.“
|
მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობისა, ქორწილიდან ერთ წელიწადში, 1796 წელს კაროლინამ გოგონა გააჩინა, რომელსაც მისი დედამთილისა და დედის პატივსაცემად შარლოტ ავგუსტა დაარქვეს. ბავშვი გაჩენიდან სულ მალე წაართვეს კაროლინას და მისგან დამოუკიდებლად ზრდიდნენ. კაროლინას სამეფო კარზე ყველა აიგნორებდა და ფაქტობრივად იგი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა. სულ მალე ჯორჯს ყელში ამოუვიდა კაროლინას სამეფო კარზე ყოფნა, რის გამოც, ქორწინებიდან ორწელიწად ნახევარში უელსის პრინცმა თავისი მეუღლე მოიშორა და იგი ლონდონთან ახლოს მდებარე სოფელ ბლექჰაითში გადაასახლა.
გაძევება და ჩრდილში ცხოვრება
რედაქტირება1799 წლიდან ჯორჯმა რომანი გააჩაღა მერი ფიცერბერტთან. სულ მალე მას იგი შეუყვარდა, რის გამოც კაროლინასთან არსებული ქორწინების ანულირება და მერიზე დაქორწინება მოინდომა, თუმცა ვინაიდან ეს ვერ მოხერხდებოდა, იგი გადაასახლა და მუდმივი კონტროლი დაუწესა.
1802 წელს, გადასახლებაში მყოფმა კაროლინამ რამდენიმე თვიანი ახლო ურთიერთობა დაიჭირა იალქნების ხელოსან უილიამ ოსტინთან. ეს ამბავი სულ მალე მთელს სამეფოს მოედო და დაიწყო ჭორ-სკანდალების აგორება. საბოლოოდ იქამდეც მივიდა საქმე, რომ შარლოტას მამად ხალხი უილიამს ასახელებდა, რაც მალე ჯორჯმაც დაიჯერა. ამ ყოველივემ კაროლინა ძალიან გააბრაზა და თავის ქმარს ასეთი რამ განუცხადა:
„ჩემი ქალიშვილის მამა ამ ქვეყნის მომავალი მეფეა (იგულისხმება ჯორჯი) და თუ ამის არ გჯერათ, მაშინ ის ყოფილა უელსის პრინცი !“
|
სულ რამდენიმე წელიწადში კაროლინას რომანში დასდეს ბრალი შემდეგ პირებთან: ადმირალი სმიტი, ჯორჯ კანინგი და თომას ლორენსი. სიმართლის დასადგენად, 1806 წელს ჯორჯმა საგამომძიებო კოალიცია შექმნა, რომელთაც უნდა გამოეკვლიათ კაროლინას გადასახლებაში ყოფნისას მიმდინარე მოვლენები. 1807 წელს, მათ დაასკვნეს რომ დედოფალს არცერთ მათგანთან არ ჰქონია რომანი, რასაც კაროლინას ავტორიტეტის აღდგენა მოჰყვა, 1808 წელს კი მას აღუდგინეს უელსის პრინცესის წოდებაც. 1811 წლიდან კაროლინას ქმარი, პრინცი ჯორჯი მისი ჭკუიდან შეშლილი მამის, მეფე ჯორჯ III-ის რეგენტი ხდება. ამის შემდეგ, იგი უფრო შემწყნარებელი გახდა და კაროლინას ნება დართო შარლოტა თვეში რამდენჯერმე ენახა ხოლმე.
1814 წელს, კაროლინამ ქმრის ნებართვით აღმოსავლეთ ინგლისსა და გერმანიაში იმოგზაურა, ასევე ეწვია რომს, ნეაპოლს, საბერძნეთს, კაიროსა და იერუსალიმს, რის შემდეგაც კვლავ იტალიაში დაბრუნდა და დროებით კომოს ტბისპირა ვილაში დასახლდა.
როგორც აღმოჩნდა ინგლისელები მას თვალს არც საზღვარგარეთ აშორებდნენ. კომოში დასახლების შემდეგ მისთვის ყველაზე დამამცირებელი ჭორი გავრცელდა ადგილობრივ ბარონ ბართოლომეო პერგანთან რომანის თაობაზე. ამის გამო, მან დაუყოვნებლივ დატოვა კომო და პესაროში გადავიდა, თუმცა მისი ქმრის ჯაშუშები აქაც გაჰყვნენ. რეალურად, ჯორჯი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა მიზეზი მოეძებნა და მასთან განქორწინებულიყო.
დედოფალი
რედაქტირება1820 წელს ჯორჯ IV ტახტზე ავიდა და ბრძანა, რომ კაროლინასთვის არ მიენიჭებინათ დედოფლის წოდება და უფლებები, ამასთან მან თავის ცოლს ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა. როდესაც ეს მოხდა კაროლინა იტალიაში იყო და ისედაც აღარ აპირებდა უკან დაბრუნებას, თუმცა ქმრის ჯინაზე, რომელიც მთელი არსებით სძულდა, 6 ივნისს ლონდონში დიდი ტრიუმფით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ხალხი მას დიდად გულშემატკივრობდა და დედოფალს ეძახდა.
დაბრუნებულ კაროლინას ჯორჯმა ამჯერად უკვე ლორდ ლივერპულთან რომანი შეუთითხნა და საქმე სასამართლომდეც მიიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი, რომლის მსგავსიც ბოლოს ჰენრი VIII-ის დროს მოხდა. თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ თავისი მოწმე წარადგინა პარლამენტში და დედოფალს დაუდგა თავდებად. ამასთან, კაროლინას მხარეს იყო ხალხიც. საბოლოოდ, 10 ნოემბერს პროცესი დედოფლის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შემდეგ იგი ლონდონში მდგარ ბრანდენბურგის სასახლეში დასახლდა, რომელსაც სამეფო რეზიდენციის წოდება ჰქონდა. 1821 წლის 19 ივლისს შედგა ჯორჯის კორონაცია, რომელმაც კაროლინა დააიგნორა და არ აკურთხა დედოფლად.
ამ ამბიდან სულ მალე, 1821 წლის 7 აგვისტოს კაროლინა ბრაუნშვაიგელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მეფის ბრძანებით მოწამლეს ლიმონათით, რომელმაც მუცლის დაავადებები გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მაშინდელმა ექიმებმა დედოფლის გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე დაასახელეს. კაროლინას უკანასკნელი სიტყვები იყო:
„ექიმებს არ სურთ აღიარონ ჩემი მოწამვლა. ეს მან ჩაიდინა...“
|
მისივე ანდერძის მიხედვით, მისი სხეული გერმანიაში გადაასვენეს და მის მშობლიურ ბრაუნშვაიგში დაკრძალეს.
ქალიშვილი
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | მოკლე ბიოგრაფია |
---|---|---|---|---|
შარლოტ
ავგუსტა |
7 იანვარი, 1796,
ლონდონი, ინგლისი |
6 ნოემბერი, 1817,
სარი, ინგლისი, (21 წლის) |
უელსის პრინცესა და ჯორჯ IV-ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრე. 1816 წელს ცოლად შერთეს
ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ს. იგი ქორწინებიდან მალევე დაორსულდა და პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც შემდომში ტახტზე მისი ბიძაშვილი დედოფალი ვიქტორია ავიდა. |
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- 1816. Aus dem Italienischen. Sauerländer, Aarau, 1817. Autor ist vermutlich Giuseppe Marocco.
- Bartolomeo Baron von Pergami: Historische Denkwürdigkeiten und Aktenstücke aus dem Leben und über den Proceß des Königin Caroline von England. Denkwürdigkeiten des Baron von Pergami. Brockhaus, Leipzig und Altenburg, 1821.
- Karin Feuerstein-Praßer: Caroline von Braunschweig. Englands ungekrönte Königin. Pustet, Regensburg 2009, ISBN 978-3-7917-2224-5.
- Thea Leitner: Skandal bei Hof. Ueberreuter, Wien 1993, ISBN 3-8000-3492-1.
- Neuausgabe unter dem Titel: Skandal bei Hof. Frauenschicksale an Europas Fürstenhöfen. Piper, München 2004, ISBN 3-492-24165-4.
- Marita A. Panzer: Englands Königinnen. Von den Tudors zu den Windsors. Piper, München 2003, ISBN 3-492-23682-0.
- Jane Robins: Rebel Queen. How the Trial of Caroline Brought England to the Brink of Revolution. Pocket Books, London 2007, ISBN 0-7434-7826-6.
- Elke Schlüter: Caroline Amalie Elisabeth von Braunschweig-Lüneburg, Prinzessin von Wales. In: Christof Römer (Hrsg.): Braunschweig-Bevern, ein Fürstenhaus als europäische Dynastie 1667–1884. Landesmuseum, Braunschweig 1997, ISBN 3-927939-38-2, S. 305–314.