კაროლინა მატილდა ბრიტანელი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კაროლინა მატილდა ბრიტანელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კაროლინა მატილდა ბრიტანელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

კაროლინა მატილდა ბრიტანელი (ინგლ. Caroline Matilda of Great Britain, დან. Caroline Mathilde af Storbritannien[1], ნორვ. Caroline Mathilde av Storbritannia), მეტსახელად ცრემლების დედოფალი (ინგლ. A Queen of Tears; დ. 22 ივლისი, 1751, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო — გ. 10 მაისი, 1775, ცელიე, ჰანოვერი, საღვთო რომის იმპერია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა დაბადებით. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1766-1772 წლებში.

კაროლინა მატილდა ბრიტანელი
Caroline Matilda of Great Britain

დედოფალი კაროლინა მატილდა 1766 წელს, შესრულებულია პასტელით, ფრანცის კოტეს მიერ
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
კორონაცია: 1 მაისი, 1767,
კოპენჰაგენი, დანია
მმართ. დასაწყისი: 8 ნოემბერი, 1766
მმართ. დასასრული: 6 აპრილი, 1772
წინამორბედი: იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
მემკვიდრე: მარია ფონ ჰესენ-კასელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, (ძვ. სტილ. 11 ივლისი) 1751
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი: 10 მაისი, 1775, (23 წლის)
გარდ. ადგილი: ცელიე, ჰანოვერი, საღვთო რომის იმპერია
დაკრძ. ადგილი: 13 მაისი, 1775
შტადტკრიხის კათედრალი, ცელიე, გერმანია
მეუღლე: კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე
(ქ. 1766 - განქ. 1772)
შვილები: ფრედერიკ VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე
ლუიზა ავგუსტა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ფრედერიკი, უელსის პრინცი
დედა: ავგუსტა საქსენ-გოთელი
რელიგია: ლუთერანიზმი
ხელმოწერა:

იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, ავგუსტა საქსენ-გოთელის ნაბოლარა ასული, რომელიც მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიბადა. მამის მხრიდან იგი დიდი ბრიტნეთის მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი და ასევე მეფე ჯორჯ III-ის უმცროსი და იყო. 1764 წლიდან ბრიტანელებსა და დანიის მეფე ფრედერიკ V-ს შორის დინასტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. იგეგმებოდა დანიის კრონპრინც კრისტიანის დაქორწინება ბრიტანელ პრინცესაზე. თავდაპირველად მის საცოლედ კაროლინას უფროსი და, პრინცესა ლუიზა ანა მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ დანიის ელჩმა მომავალ დედოფლად კაროლინა მატილდა შეარჩია.

საქორწინო მოლაპარაკებებისას მეფე ფრედერიკი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი კრისტიან VII-მ დაიკავა. 1766 წელს შედგა კრისტიან VII-ისა და კაროლინა მატილდას მარიონეტული ქორწინება[კომ. 1], რის შემდეგაც ახალგაზრდა დედოფალი დანიაში ჩავიდა, სადაც, კოპენჰაგენში მათი ნამდვილი ქორწილი გაიმართა. 1767 წლის 1 მაისს იგი ოფიციალურად ეკურთხა დანიისა და ნორვეგიის დედოფლად. კრისტიანი ფსიქიკურად შეშლილი, არასტაბილური და ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა, რის გამოც მათი დედოფალი გამუდმებით თავს არიდებდა მეფეს.

1768 წელს კაროლინამ თავისი პირველი ვაჟი, კრონპრინცი ფრედერიკი გააჩინა. სულ მალე მეფე ერთწლიან ევროპულ ტურში წავიდა სამოგზაუროდ, რა დროსაც დედოფალს ხანმოკლე რომანი ჰქონდა. უკან დაბრუნებულმა კრისტიანმა თან ახალი, გერმანელი ექიმი ჩამოიყვანა იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეს სახით. სულ მალე, დედოფალმა და სამეფო ექიმმა ხანგრძლივი რომანი გააბეს, რის შედეგადაც კაროლინამ მეორე ბავშვი გააჩინა, სახელად ლუიზა ავგუსტა. სტრუენზემ და კაროლინამ დიდი გავლენა მოახდინეს მეფეზე, რომელმაც დაშალა მინისტრთა საბჭო და მათ ახალი რეფორმების გატარება დაიწყეს: გააუქმეს ცენზურა, განაახლეს კოპენჰაგენის ქუჩები და ა.შ.

1772 წელს მათი რომანი გამჟღავნდა, რასაც დიდი სამეფო სკანდალი მოჰყვა. კრისტიან VII დაუყოვნებლივ გაეყარა კაროლინას და სამეფო კარიდან გააძევა იგი, რის შემდეგაც ის ცელიეში გადასახლდა. თავად სტრუენზეს მსგავსი შეღავათი არ გაუკეთეს და მალევე თავი მოჰკვეთეს[კომ. 2]. გერმანიაში გადასახლებული დედოფალი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რის მიხედვითაც ტახტზე მისი ვაჟი ავიდოდა, თავად კი რეგენტი გახდებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, 1775 წელს გარდაიცვალა ქუნთრუშათი, 23 წლის ასაკში. ამის შემდეგ კრისტიანი აღარ დაქორწინებულა.

მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ შემდგომში ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში. დედოფალ კაროლინა მატილდაზე არაერთი ნოველა, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოები და სკულპტურაა შექმნილი.

დაბადებამდელი პერიოდი და მშობლები

 
კაროლინა მატილდას მშობლები: ცენტრში, ტახტზე ავგუსტა საქსენ-გოთელი, მის გვერდით კი პრინცი ფრედერიკ უელსელი, უკანა ფონზე მათი უფროსი შვილები და მათი ძიძები

1714 წელს, უშვილოდ გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი ანა, რითაც შეწყდა სტიუარტთა დინასტია. ანამ მემკვიდრედ თავისი დიდი ბაბუის, მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტის ქალიშვილი, ჰანოვერის დედოფალი სოფია პფალცელი დაასახელა. სოფია ანამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიღუპა და ტახტზე სოფიას ვაჟი — ჯორჯ I ავიდა, რითაც დიდ ბრიტანეთში ჰანოვერელთა დინასტია გამეფდა. ჯორჯ I, 1727 წელს ჩაანაცვლა მისმა ვაჟმა ჯორჯ II-მ, ანუ კაროლინა მატილდას ბაბუამ.

კაროლინა მატილდას მშობლები იყვნენ უელსის პრინცი ფრედერიკ ჰანოვერელი და მისი მეუღლე, პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელი. პრინცი ფრედერიკი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის უფროსი ვაჟი იყო , ხოლო პრინცესა ავგუსტა — საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ისა და მისი ცოლის, პრინცესა მაგდალენა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტელის ქალიშვილი. ისინი 1736 წლის 17 აპრილს დაქორწინდნენ ჰოლანდიაში. ქორწინებიდან ერთ წელიწადში გაჩნდა მათი პირველი შვილი, პრინცესა ავგუსტა. ამას მოჰყვა 1738 წელს პრინცი ჯორჯის, 1739 წელს ედუარდის, 1741 წელს ელიზაბეთის, 1743 წელს უილიამის, 1745 წელს ჰენრის, 1749 წელს ლუიზას, 1750 წელს ფრედერიკის, ხოლო 1751 წელს მათი უკანასკნელი შვილის — კაროლინა მატილდას დაბადება.

ავგუსტასა და ფრედერიკს მეტად ბედნიერი და მყარი ქორწინება ჰქონდათ. ისინი დიდად ამბიციურები იყვნენ, რის გამოც მეფეს ხშირად უწყობდნენ შეთქმულებას. აღსანიშნავია, რომ ფრედერიკს სხვადასხვა საყვარლისაგან ორი უკანონო ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა, თუმცა ისინი მისი და ავგუსტას ქორწინებამდე დაიბადნენ, რის შემდეგაც მას ცოლისთვის აღარ უღალატია. მიუხედავად ყველაფრისა, ფრედერიკსა და ავგუსტას არასდროს ღირსებიათ სამეფო ტახტზე ჯდომა, რადგან მეფე ჯორჯ II, ფრედერიკის გარდაცვალებიდან მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ მოკვდა, რის გამოც მეფე კაროლინა მატილდას ძმა — ჯორჯ III გახდა, თუმცა 1789 წელს იგი ჭკუიდან შეიშალა, ამიტომაც ქვეყანას მისი ცოლი, დედოფალი შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი მართავდა.

ბავშვობა

დაბადება და ღრმა ბავშვობა

 
პრინცესა კაროლინა მატილდა 1754 წელს, სამი წლის ასაკში, შესრულებულია ლიოტარდის მიერ

კაროლინა მატილდა დაიბადა 1751 წლის 22 ივლისს (ძველი სტილით 11 ივლისს[2]) ლონდონში, ლესტერის სასახლეში[3]. იგი უელსის პრინც ფრედერიკისა და ავგუსტა საქსენ-გოთელის მეცხრე და ნაბოლარა შვილი იყო[3][4]. აღსანიშნავია, რომ მის დაბადებამდე სამი თვით ადრე, 1751 წლის 31 მარტს, 44 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა მამამისი, პრინცი ფრედერიკი. ამის შემდეგ, ავგუსტა საქსენ-გოთელი აღარ გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება შვილების აღზრდას მიუძღვნა. ავგუსტამ მას სახელი თავისი საყვარელი მულის, პრინცესა კაროლინა ბრიტანელის პატივსაცემად დაარქვა, რომელსაც სახელი თავის მხრივ დედამისის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის პატივსაცემად ერქვა. კაროლინა მატილდას, როგორც უელსის პრინცის ასულს, დაბადებიდანვე მიანიჭეს მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა კაროლინა მატილდას წოდება.

იგი დაბადებიდან მეათე დღეს, 1751 წლის 1 აგვისტოს მონათლეს ლუთერანად. მისი ნათლობა ლესტერის სასახლეში შედგა, ცერემონიას კი ნორვიჩის ეპისკოპოსი თომას ჰაიტერი უძღვებოდა. პატარა პრინცესის ნათლიები მისი ძმა, პრინცი ჯორჯი, მისი და ავგუსტა და მამიდამისი — კაროლინა იყვნენ.[5]

დედამისსა და ბაბუამისს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, კაროლინაცა და მისი და-ძმებიც ლესტერის სასახლეში იზრდებოდნენ დედასთან ერთად, სამეფო კარიდან მოშორებით.[6] ავგუსტა თავის ყველა შვილს უმკაცრესი ინგლისური ეტიკეტის მიხედვით ზრდიდა და ყველაფერზე მხოლოდ განსაზღვრულ ინფორმაციას აწვდიდა. მისი აღზრდის მეთოდების გამო, კაროლინა მატილდაც და მისი დებიც, არასდროს იჩენდნენ ინტერესს პოლიტიკისა და სამეფო კარის ინტრიგებისადმი. მართალია, ის და მისი ოჯახი დროის უმეტესობას ლესტერში ატარებდა, მაგრამ შაბათ-კვირას ყოველთვის დადიოდნენ კიუს სასახლეში, რომელიც განთქმული იყო თავისი ბაღებით.

1760 წლის 25 ოქტომბერს კაროლინა მატილდას ბაბუა, მეფე ჯორჯ II გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე კაროლინას ძმა, ჯორჯ III გახდა. ამის შემდეგ, ჯორჯის ქორწინებამდე ქვეყნის პირველი ქალი ავგუსტა საქსენ-გოთელი გახდა, რომელიც შვილებთან ერთად დაუყოვნებლივ სამეფო სასახლეში გადავიდა.

განათლება

ავგუსტა საქსენ-გოთელი, დიდად იყო დაინტერესებული თავისი ყველა შვილის სწავლა-განათებით და ამიტომ, დიდ ყურადღებასაც უთმობდა ამ ერთობ მნიშნვნელოვან საკითხს. გარდა ზოგადი განათლებისა, იგი ცდილობდა თავის თითოეულ შვილში აღმოეჩინა განსაკუთრებული ნიჭი და ხელი შეეწყო მისი განვითარებისთვის.

კაროლინა მუსიკალური ნიჭით აღმოჩნდა დაჯილდოვებული, რის გამოც დედამისმა მას პროფესიონალურ დონეზე შეასწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, რაც მის გატაცებად იქცა. როგორც ცნობილია, კაროლინა მატილდას არასდროს უყვარდა ცხენით ჯირითი, რადგანაც მას ყოველთვის „მოუხერხებლად“ მიიჩნევდა. მას დიდად არც გარეთ გასვლა უყვარდა, რის გამოც ძირითადად თავის ოთახში იყო, სადაც ეძინა, ან კითხულობდა.

პრინცესა კაროლინა ასევე შეისწავლიდა ისტორიას, ფილოსოფიას, ლიტერატურასა და გეოგრაფიას, ამასთან ერთად, მშობლიური ინგლისურის გარდა ფრანგულს, იტალიურსა და გერმანულს. მოგვიანებით, როდესაც მისი დანიაში გათხოვება გადაწყდა, იგი დამატებით სწავლობდა დანიურ ენასაც.[7]

ქორწინება

მოლაპარაკებები და ნიშნობა

 
დანიის სამეფო კარზე გაგზავნილი 16 წლის კაროლლინა მატილდასა (მარჯვნივ) და მისი დის, ლუიზას (მარცხნივ) პორტრეტი, შესრულებულია ფრანცის კოტეს მიერ

1763 წლიდან, დანიელ ოლდენბურგებსა და ბრიტანელ ჰანოვერებს შორის დინასტიურ ქორწინებაზე დაიწყო მოლაპარაკებები. ამ დროს უნდა შერჩეულიყო დანიისა და ნორვეგიის კრონპრინც კრისტიანის საცოლე. კრისტიანი იყო მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი პირველი და საყვარელი ცოლის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ერთადერთი ვაჟი (თუმცა ოთხი და ჰყავდა). აღსანიშნავია, რომ დედოფალი ლუიზა კაროლინა მატილდას ღვიძლი მამიდა იყო. ვინაიდან ლუიზა დანიელ ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, ფრედერიკ V ფიქრობდა, რომ სხვა ბრიტანელი პრინცესაც ასე იქნებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მას თავისი ვაჟის მაინცდამაინც ბრიტანელ ქალზე დაქორწინება სურდა და კიდევ ის ფაქტი, რომ დანიელებს უკვე სძულდათ გერმანელი დედოფლები[კომ. 3]. თავად ფრედერიკ V-ც იმ პერიოდში უკვე მეორედ იყო დაქორწინებული (დედოფალი ლუიზა 1751 წელს გარდაიცვალა) ასევე გერმანელ ქალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე, რომელსაც დანიაში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქორწინების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ დანიაცა და ბრიტანეთიც პროტესტანტული სახელმწიფოები იყვნენ, რაც არც თუ ისე ხშირი იყო ევროპაში, კათოლიკე მონარქები კი უარს ამბობდნენ მათთან დამოყვრებაზე.

გარდა ამ მიზეზებისა, ეს ქორწინება მიმართული იყო დანია-ბრიტანეთის მძლავრი პოლიტიკური ალიანსის შესაქმნელად საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ევროპასა და ამერიკაში შვიდწლიანი ომი მიმდინარეობდა, რომელშიც ბრიტანელებს ფრანგების დასამარცხებლად ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდათ.

ამ მიზეზების გამო დანიის მეფესა და უელსის პრიცესას შორის საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო. პრინცესა ავგუსტამ მეფეს თავისი ორი ქალიშვილი შესთავაზა: ლუიზა ანა და კაროლინა მატილდა. ავგუსტამ კოპენჰაგენში ამ ორი ქალიშვილის პორტრეტიც გააგზავნა, რათა უფრო მარტივად შესძლებოდათ არჩევა. მათ თავიანთი არჩევანი უმცროს პრინცესაზე, ანუ 12 წლის კაროლინა მატილდაზე შეაჩერეს.[8] ამის შემდეგ დანიის ელჩი, გრაფი ფონ ბლემერი ჩავიდა ლონდონში, სადაც 1765 წლის 10 იანვარს კაროლინა მატილდა ბრიტანელისა და კრისტიან დანიელის ნიშნობის შესახებ გამოაცხადა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დანიელებმა კაროლინა მატილდას კრისტიანი წარმოუდგინეს როგორც მშვიდი ყმაწვილი, რომელიც დიდად იყო დაინტერესებული ხელოვნებითა და მეცნიერებით, და ასევე მეტად დახვეწილი იყო. ამის გამო ახალგაზრდა პრინცესა დიდი ენთუზიაზმით ელოდა თავის ქორწინებას. ისტორიკოსი იოჰან ვან დერ კრისტი ამ ამბავს ამგვარად აღწერს:

 
„ცნობილია, რომ მათ პრინცი კრისტიანის შესახებ თითქმის არაფერი იციან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის (იგულისხმება ჯორჯ III) დათანხმებოდა ამ ქორწინებას, სიმართლე რომ იცოდეს. თექვსმეტი წლის კრისტიანი ცუდადაა აღზრდილი და გამოუცდელია, ამას თან მისი დალევის დაუოკებელი სურვილი, სასოწარკვეთილება და თანდაყოლილი მენტალური გადახრებიც ემატება.“

ქორწინება და დანიაში გადასახლება

1766 წლის 14 იანვარს, შუა საქორწინო სამზადისისას, მეფე ფრედერიკ V მოულოდნელად გარდაიცვალა[კომ. 4] და ტახტზე მისი 17 წლის ვაჟი — კრისტიან VII ავიდა, რომელმაც ქორწილი დააჩქარა[6]. ამავე წლის 1 ოქტომბერს, სენტ ჯეიმზის სასახლის სამლოცველოში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს კარლტონის სასახლეში მოხდა[3]), შედგა კაროლინა მატილდასა და კრისტიან VII-ის მარიონეტული ქორწინება, სადაც სიძის როლი კაროლინას ძმამ, ალბანისა და იორკის ჰერცოგმა ედუარდმა მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ III ამ ქორწინებას დათანხმდა, იგი თავისი უმცროსი დის ბედზე მაინც ღელავდა, თუმცა ამის მიზეზად მის ახალგაზრდობას ასახელებდა. წასვლის წინ, ჯორჯმა თავის დაზე ასეთი რამ განაცხადა:

 
„ვფიქრობ, მე არსებითად არ ძალმიძს კაროლინას ვაჩვენო ჩემი სითბო, ვიდრე ის თავის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მოვალეობას არ შეასრულებს, თუმცა ჩემი წინასწარი პროგნოზით, იგი ამ საქმეში ჩავარდება.“
 
დედოფალ კაროლინა მატილდას შესვლა კოპენჰაგენში

როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ჯორჯმა კაროლინა მატილდას მოუწოდა თავისი ცოლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელისგან აეღო მაგალითი და მასავით მოქცეულიყო დანიაში, ვინაიდან იგი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში და სამეფო კარის უხუცესი ქალბატონების პატივისცემაც მალე დაიმსახურა. მარიონეტული ქორწინებიდან ორი-სამი დღის შემდეგ იგი ჯერ ჰარუიჩში, შემდეგ კი როტერდამში ჩავიდა, სადაც მომავალი დედოფალი გემზე გადავიდა და დანიისკენ გაცურა. სამ კვირაში იგი დანიის ქალაქ ალტონაში ჩავიდა. აქ, ევროპული ტრადიციის მიხედვით მან დატოვა თავისი ბრიტანული ამალა და ისე გაუდგა გზას. ცნობილია, რომ მას ტანსაცმელიც კი გამოუცვალეს. ეს იმიტომ, რომ ეტიკეტის მიხედვით, სამეფო პატარძალს არაფერი უნდა დარჩენოდა, რაც უცხო სამეფო კარს ეკუთვნოდა. სენტიმენტალური კაროლინა მატილდა ცრემლებით გამოემშვიდობა თავის ბრიტანულ ანტურაჟს და ახალ, დანიელ სეფექალებს შეხვდა, რომელთაც იგი უკვე მეფესთან უნდა მიეყვანათ.

ალტონაში ჩასვლიდან თორმეტი დღის შემდეგ, კაროლინა მატილდა და კრისტიან VII ერთმანეთს ქალაქ როსკილეში შეხვდნენ, სადაც კრისტიანს თან ახლდა თავისი ნახევარ-ძმა, პრინცი ფრედერიკი და სიძე, პრინცი კარლ ჰესენელი. შეხვედრისას მეფემ პროტოკოლს გადააბიჯა და თავის საცოლეს აკოცა, რამაც სკანდალი გამოიწვია. როსკილედან წვილი სამეფო რეზიდენციისკენ — ფრედერიკსბორგის სასახლისკენ დაიძრა, რომელიც დედაქალაქ კოპენჰაგენთან ახლოს მდებარეობს. აქ დედოფალს ხალხი დიდი ზარ-ზეიმით გამოეგება, მაგრამ სასახლის მცხოვრებლებს დიდად თავი არ შეუწუხებიათ მისი დახვედრით. სასახლის შესასვლელთან, სამეფო ოჯახის წევრებიდან კაროლინას მხოლოდ მისი მული, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია ლუიზა დანიელი შეეგება[კომ. 5].

ოფიციალური საქორწინო ცერემონიალი 1766 წლის 8 ნოემბერს შედგა კრისტიანსბორგის სასახლის სამლოცველოში, კოპენჰაგენში[2]. საქორწინო ზეიმი და ბალები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ, დანიის სამეფო ოჯახმა ცოტა ხნით შეისვენა და კაროლინა მატილდას დედოფლად კურთხევისათვის დაიწყო დიდი სამზადისი. სულ რამდენიმე თვეში, 1767 წლის 1 მაისს, კოპენჰაგენის საკათედრო ტაძარში შედგა მისი დანიისა და ნორვეგიის დედოფლად კურთხევა.[3] ამის შემდეგ, იგი უკვე სრულუფლებიანი დედოფალი გახდა. როგორც მისი ძმა, ჯორჯ III ვარაუდობდა, კაროლინა მატილდას ქორწინება არასოდეს ყოფილა წარმატებული.

დანიისა და ნორვეგიის დედოფალი

პირველი წელი და მემკვიდრის გაჩენა

 
დედოფალი კაროლინა მატილდა 1767 წელს

ახალგაზრდა ბრიტანელი დედოფალი დანიის სამეფო კარზე აღწერილი იყო, როგორც „ტემპერამენტული, ნათელი და მომხიბვლელი“.[8] თავად კაროლინა მატილდა მიიჩნევდა, რომ სილამაზეში მოიკოჭლებდა, თუმცა სამეფო კარის მემატიანეები სხვა რამეს წერდნენ მასზე: „გამოჩენისას, შეუძლებელია თავიდან აიცილოს ქალბატონების კრიტიკა და მამაკაცების თვალების დაუოკებელი მზერა“[7]. ამასთან, მისი ბუნებრივი და ადამიანური პიროვნება დანიის სამეფო კარზე პოპულარული არ იყო. თავისი მამიდისაგან განსხვავებით, რომელსაც თავის დროზე მთელი დანია ეთაყვანებოდა, კაროლინა მატილდამ ახალ ქვეყანაში ადაპტირება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კოპენჰაგენში თავდაპირველად თბილად მიიღეს.

მის განსაკუთრებულ დადარდიანებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ დანიური ცენზურის გამო მისი საყვარელი წიგნები დაბლოკეს და უკან, ბრიტანეთში გააგზავნეს, რითაც მან ფაქტობრივად დაკარგა თავისი მთავარი გასართობი. გარდა ამისა, კრისტიან VII ძალიან ცივი იყო მისდამი და აიგნორებდა მას. ეს გარკვეულწილად იმითაც იყო გამოწვეული, რომ ფსიქიკურად ავადმყოფ კრისტიანს ოჯახის წევრებმა დაქორწინება დააძალეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ცოლი შეძლებდა მის გამოსწორებას[კომ. 6]. ფსიქიკურ ავადმყოფობასთან ერთად, კრისტიან VII-ზე ჰომოსექსუალობის ჭორებიც დადიოდა, თუმცა მას საჯაროდ ცნობილი რომანი ჰქონდა ჰოლშტაინელ ქალბატონთან, 1766 წლის ზაფხულში. იგი ხშირად სტუმრობდა კოპენჰაგენელ კურტიზანებს, თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი ანა კატრინასთან ურთიერთობა იყო, რომელსაც მეტსახელად სტელვეტ-კატრინას უწოდებდნენ.[9]

სამეფო კარზე ცხოვრებისას კაროლინა მატილდა ძალიან დაუახლოვდა თავის სეფექალ ლუიზა ფონ პლეზენს. როგორც თავის მემუარებში აღნიშნავდა, ლუიზას მოვალეობა იყო ახალბედა დედოფლის „ღირსების დაცვა“. დედოფლის ფრეილინებიდან მის გარდა ყველა დანიელი ქალბატონი იყო, რომელთაც დიდად არ მოსწონდათ კაროლინა მატილდა. თავად მეფე, დიდწილად დროს თავის აღვირახსნილ მეგობრებთან, კონრად ჰოლკსა და ენევოლდ ბრენდტთან ერთად ატარებდა. ამის გამო, კრისტიან VII ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა თავის ცოლს. ამაზე ვან დერ კრისტი წერდა:

 
„მეფე კრისტიანის პროგრესირებადი ფსიქიკური ავადმყოფობა თვით-მაზუხიზმში გადაიზარდა. იგი ხშირად სტუმრობს ბორდელებსა და უგონოდ მთვრალი, ღამეებს ქალაქში ატარებს, სასახლეში კი გამთენიისას, ნასვამი ბრუნდება. მან სასახლეში საყვარელი მოიყვანა, რომელიც ხშირად მეზღვაური მამაკაცის ფორმაში გამოწყობილი ჩნდება და რომელთან ერთადაც ხელი ხელში გაყრილი დაიარება.“

ყოველივე ამის გამო, ლუიზა ფონ პლეზენმა დედოფალს ურჩია, რომ უარი ეთქვა მეფესთან ყოველგვარ ინტიმურ კავშირზე, რაც მისი აზრით, კრისტიანს უფრო დააინტერესებდა და მოანდომებდა მასთან ყოფნას. თავად ლუიზას გეგმა იყო, რომ კრისტიან VII-ზე კაროლინა მატილდას ისეთივე გავლენა ჰქონოდა, როგორც დედოფალ სოფია მაგდალენას ჰქონდა კრისტიან VI-ზე. ამის გამო დედოფალი უფრო მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამან კრისტიანზე არ გაჭრა და მთლიანად დაკარგა ინტერესი ცოლისადმი. დედოფლის საძინებელში მისულ მეფეს უკან აბრუნებდნენ, მიზეზად კი კარტისა და ჭადრაკის უკვე დაწყებული თამაშის პარტიას უსახელებდნენ. საბოლოოდ კრისტიანმა უარი განაცხადა ცოლთან „ვიზიტზე“, რაშიც დიდწილად ლუიზა დაადანაშაულა.[10]

ამის სანაცვლოდ, ლუიზამ მეფე სრულიად ღიად დაადანაშაულა მის უზნეო ცხოვრებასა და დედოფლის იზოლაციაში. მან ასევე განაცხადა, რომ ცდილობდა დედოფალი დაეცვა მეფისა და მისი უზნეო მეგობრებისაგან. ამან, ცხადია, მეფის მეგობრების გაღიზიანება გამოიწვია.

 
კრონპრინც ფრედერიკის დაბადება

საბოლოოდ, მეფის აღმზრდელის, გრაფი რევერდილის გავლენით, მემკვიდრის გაჩენის მიზნით, კრისტიან VII-მ „ქმრის მოვალეობა“ შეასრულა და დედოფალთან სარეცელი გაიყო. ამ კავშირის შედეგად კაროლინა მატილდა დაორსულდა და ცხრა თვეში, 1768 წლის 28 იანვარს ვაჟი გააჩინა, რომელსაც ბაბუების პატივსაცემად ფრედერიკი დაარქვეს.[7] კრონპრინცის დაბადებას დიდი ზეიმი და აღნიშვნა მოჰყვა კოპენჰაგენში, თუმცა ამის შემდეგ მეფე-დედოფალს შორის გაუცხოება უფრო გაძლიერდა. კაროლინა მატილდა მიიჩნევდა, რომ მან თავისი, როგორც დედოფლის მოვალეობა უკვე შეასრულა და კრისტიანს აღარ ეკარებოდა.[11] გარკვეულწილად ეს მეფის შეურაცხადული ქმედებების ბრალიც იყო[კომ. 7].

კრისტიანი ღრმა ბავშვობიდანვე ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებოდა. სწორედ ამის გამო, პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა მეორედ იქორწინა, რათა სხვა მემკვიდრეც ჰყოლოდა. კრისტიანს ხშირად აწუხებდა თავის ტკივილები, ძალიან არაპროგნოზირებადი იყო და ჰალუცინაციებიც ჰქონდა. რაც დრო გადიოდა, მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, ამიტომაც კაროლინა მატილდა მეფისგან თავს შორს იჭერდა. ამის გამო, კრისტიანი უკიდურესად ნასვამ მდგომარეობაში სტუმრობდა ბორდელებს და მდაბიო მეძავები სასახლეშიც კი მიჰყავდა, რაც დედოფლის აღიზიანებდა.

თავად კრისტიანი ვერ აცნობიერებდა არსებულ ვითარებას და ვერც იმას ხვდებოდა, რატომ გაურბოდა ცოლი. იგი თვლიდა, რომ კაროლინა მატილდას ასეთი ქცევები მისი საუკეთესო მეგობრის, ანუ ლუიზა ფონ პლეზენის ბრალი იყო. 1768 წლის მარტში, კრისტიან VII-მ, სრულიად მოულოდნელად გამოუცხადა ლუიზას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მეტიც, მან იგი ცელიეში, ჩრ. გერმანიაში გადაასახლა და უბრძანა შემდგომ ექვს საათში დაეტოვებინა სასახლე, თანაც ისე, რომ დედოფალი არ ენახა. წასვლის წინ, ლუიზამ დედოფლის მონახულება მაინც სცადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ, კაროლინა ფაქტობრივად მარტო დარჩა სამეფო კარზე, სადაც მის ერთადერთ მეგობრად მისი სეფექალი, მარგრეტე ფონ დერ ლიუე იქცა.

კრისტიანის ევროპის ტური

 
კრისტიან VII 1768 წელს

1768 წლის მაისში, კრისტიან VII-მ ევროპაში მოგზაურობა გადაწვიტა და ხანგრძლივ ტურში წავიდა, თუმცა კაროლინა მატილდამ მასთან ერთად მოგზაურობაზე უარი განაცხადა და დანიაში დარჩა. კრისტიანმა მოინახულა ალტონა, პარიზი, ლონდონი, ჰანოვერი და ეწვია არაერთ სამეფო კარს. იგი ასევე დიდი ბრიტანეთის სამეფო კარს ეწვია, სადაც გაიცნო კაროლინა მატილდას ოჯახის წევრები. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ დანიის მეფე შეურაცხადი იყო, რამაც მათი განცვიფრება გამოიწვია. მართალია აქამდე კაროლინას წერილებიდანაც იცოდნენ, რომ ქორწინება ბედნიერი არ იყო, მაგრამ ეს დროებითი ამბავი ეგონათ. ამასობაში დედოფალი თავის ვაჟზე ზრუნავდა. ამავე პერიოდს უკავშირდება დიდი სკანდალიც, რომელიც უბალო მიზეზმა გამოიწვია: კაროლინა მატილდა კოპენჰაგენის ქუჩებში მარტო, ფეხით დასეირნობდა[7], რაც ერთდროულად რამდენიმე წესის დარღვევა იყო. მიუხედავად ჭორებისა, მას ძალიან მოსწონდა ქალაქში სეირნობა და ამის მიტოვებას არ აპირებდა. 1768 წლის ზაფხული მან თავის ვაჟთან ერთად გაატარა ფრედერიკსბორგის სასახლეში, შემოდგომაზე კი კვლავ კრისტიანსბორგის სასახლეში დაბრუნდა, კოპენჰაგენში.

კრისტიანის ქვეყანაში არ ყოფნისას, დადიოდა ჭორები, რომ კაროლინა მატილდას რომანი ჰქონდა ჰოფთეატრის ფრანგ მომღერალ და მსახიობთან, რომელიც საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ყოფილა[10]. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა, რადგან დედოფლისა და მსახიობის რომანის მტკიცებულება არ არსებობდა. ამ პერიოდში, კაროლინა მატილდა ძალიან დაუახლოვდა თავის კიდევ ერთ სეფექალს — ელიზაბეთ ფონ ეიბენს. დედოფალი და ელიზაბეთი ხშირად საათობით ისხდნენ და საუბრობდნენ. როგორც ცნობილია, მათ ერთმანეთისათვის საჩუქრების გაცვლაც ძალიან უყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ რომანის ჭორები არ დადასტურებულა, მეფის დაბრუნების შემდეგ ფრანგი მსახიობი სასწრაფოდ გააძევეს დანიიდან, რადგან თვლიდნენ, რომ დედოფალს საფრთხეს უქმნიდა. გარდა ელიზაბეთ იებენისა, კაროლინა მატილდას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა კრისტიანა სოფია ფონ გაილერთან, ანა სოფია ბიულოვთან და ამალია სოფია ჰოლშტაინელთან, რომლებიც ცნობლნი გახდნენ თავიანთი რომანებით.[10]

სამეფო რომანი

ურთიერთობის დაწყება სტრუენზესთან

 
დედოფალი კაროლინა მატილდა, პორტრეტი ინახება გლუქსბურგის სასახლეში
 
იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე

1769 წლის 12 იანვარს, კრისტიან VII თავისი სამოგზაურო ტურიდან კოპენჰაგენში დაბრუნდა და თან თავისი ახალი ექიმი — იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე ჩაიყვანა. კრისტიანი სტრუენზეს ჯერ კიდევ ალტონაში, მოგზაურობის დაწყებისას შეხვდა და შემდეგ მასთან ერთად განაგრძო გზა.[12] მიუხედავად მეფის ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმებისა, სტრუენზე ახერხებდა და მას უფრო მშვიდს ხდიდა. ამით მან მალევე ისარგებლა და მეფეზე დიდი გავლენაც შეიძინა. კრისტიან VII მას ძალიან ენდობოდა და სულ მალე იგი თავის მრჩევლად დანიშნა. ცხადია, გერმანელი ექიმის მეფის მრჩევლად დანიშვნას დანიური არისტოკრატია და მათ შორის დედოფალიც უარყოფითად შეხვდა, თუმცა ვერაფერი გააწყეს. 1769 წლიდან სტრუენზეს დამსახურებით კრისტიანმა რომანი გააბა ბრიჯიტ სოფია გებელთან, რომელიც დიდებულებში ცნობილი კურტიზანი იყო. ექიმის აზრით, მეფეს ღლიდა დედოფალსა და მის მსგავს ინტელექტუალ ქალებთან კონტაქტი, ამიტომაც ბრიჯიტთან ურთიერთობა აუცილებელი იყო მისი „დამშვიდებისთვის“. უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ქმედებებმა გაამართლა და მეტ-ნაკლებად მეფე დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, დედოფალი კაროლინა მატილდა აშკარად მტრულ დამოკიდებულებას იჩენდა მათ მიმართ.[9]

მას შემდეგ, რაც სტრუენზემ დედოფლის დამოკიდებულება შენიშნა, კრისტიანს მასთან ურთიერთობების დალაგებისაკენ მოუწოდა. კრისტიან VII-მ დაუჯერა მას და 1769 წლის 22 ივლისიდან, სამდღიან ბანკეტზე სულ კაროლინა მატილდას გვერდით იყო. დედოფალს კარგად ესმოდა, რომ მეფის ამ ყურადღების უკან სტრუენზეს ზრახვები იმალებოდა. მიუხედავად ამისა, იგი ამის შემდეგ დიდად მადლობელი დარჩა იოჰანის. ამის გამო დედოფალი სტრუენზესადმი კეთილგანწყობილი იყო, რამაც სამეფო კარზე მისი პოზიცია გაამყარა. ამავე წლის ზაფხულში კაროლინას მისთვის ჩვეული დეპრესიული შეტევა ჰქონდა, რა დროსაც იგი ოთახში იკეტებოდა და ტიროდა ხოლმე[კომ. 8]. ეს მოვლენა მისი გათხოვების შემდეგ ქრონიკულად იქცა და ყოველ ზაფხულს კაროლინა მატილდა დეპრესიაში ვარდებოდა. ამის გამო კრისტიან VII-მ სტრუენზეს დაჟინებით მოსთხოვა დედოფალთან მისვლა და მისი შემოწმება. სტრუენზემ იგი გასინჯა და ურჩია რაიმე გასართობითა და სავარჯიშოთი დაკავებულიყო. სამეფო ექიმის რჩევები დედოფალს დიდად დაეხმარა დეპრესიიდან გამოსვლაში, რითაც სტრუენზემ მისი ნდობა მოიპოვა. კაროლინა მატილდას ნდობა სტრუენზესადმი განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც მან ყვავილის ეპიდემიისას თავისი გამოგონებული ინექციით გადაარჩინა კრონპრინცი ფრედერიკი. ამ ყოველივემ დედოფალსა და ექიმს შორის გარკვეული მიზიდულობა წარმოშვა, რამაც მეფე გააღიზიანა. 1770 წლის იანვარში, ექიმს კრისტიანსბორგის სამეფო სასახლეში საკუთარი აპარტამენტი გამოეყო, რაც დიდი წინსვლა იყო. იმავდროულად, კრისტიანი სულ უფრო და უფრო პასიურობდა და იზოლირდებოდა სახელმწიფოს მართვის საკითხებში. მისი ფსიქიკური დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ძალაუფლებას სულ უფრო მეტად იგდებდა ხელში მინისტრთა სამეფო საბჭო, რომელმაც იგი ნომინალურ მონარქად აქცია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ საბჭოში მეფემ სტრუენზე გააწევრიანა, რადგან სამეფო კარზე მხოლოდ ის იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა.

რომანის გაბმა და უელსის პრინცესის ვიზიტი

 
დანიის სამეფო ოჯახი, მარცხნიდან მარჯვნივ: კრისტიან VII, კაროლინა მატილდა, დედოფალი იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი და იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე

უკვე 1770 წლის გაზაფხულზე სტრუენზე დედოფლის საყვარელი გახდა[7] [კომ. 9]. მათი რომანის შესახებ არსებულმა ჭორებმა დედოფალი აიძულა, რომ სტრუენზესთან ვიზიტები შეემცირებინა, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. ამავე წლის ზაფხულში, კაროლინა მატილდა და იოჰანი დედაქალაქსა და პროვინციებში ერთად დასეირნობდნენ. როგორც ცნობილია, დედოფალი, რომელიც აქამდე ცხენზე მხოლოდ აუცილებლობის გამო ჯდებოდა, ამ პერიოდში თითქმის ყოველდღე ჯირითობდა.

როდესაც 1770 წლის გაზაფხულზე სამეფო ოჯახი შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებში მოგზაურობდა, გერმანიის მახლობლად, ყველამ შეამჩნია დედოფლისა და სამეფო ექიმის მეტად საეჭვო დამოკიდებულება. მათ ურთიერთობაში იმდენად გამოსჭყვიოდა გრძნობები, რომ დიდებულებში ხელახლა იფეთქა ჭორმა მათი რომანის შესახებ. ამ დროს შეყვარებულები მიხვდნენ, რომ სანამ სამეფო კარიდან რამდენიმე დიდებულს არ გააძევებდნენ ერთად ვერ იქნებოდნენ. ამის გამო, იოჰანისა და კაროლინა მატილდას დიდი ზეგავლენით, კრისტიან VII-მ სამეფო კარიდან გრაფი ჰოლკი და კიდევ რამდენიმე დიდგვაროვანი გააძევა, მათ შორის მარგრეტე ფონ დერლ ლიუე, წარსულში კაროლინას საუკეთესო მეგობარი და იმ ხანად უკვე ჰოლკის საყვარელ-ინფორმატორი. აღსანიშნავია, რომ მარგრეტე კაროლინა მატილდას მტერს მხოლოდ მისი რომანის დაწყების შემდეგ შეეკრა.[9]

1770 წლის ზაფხულში კოპენჰაგენს კაროლინა მატილდას დედა, უელსის ქვრივი პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელი ეწვია. მან ვიზიტის მიზეზად დიდი ხნის მონატრებული ქალიშვილის ნახვა დაასახელა, თუმცა რეალურად იგი ინგლისიდან დანიაში იმიტომ ჩავიდა, რომ კაროლინას „საიდუმლო“ რომანის შესახებ ჭორებმა ლონდონამდეც ჩააღწია. თავდაპირველად დედა-შვილის შეხვედრა ბრაუნშვაიგში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ ლიუნებურგში გადაიტანეს. [13]კაროლინა მატილდა დედას აქ 1770 წლის აგვისტოში შეხვდა და მასთან ერთად ჩავიდა კოპენჰაგენში. ავგუსტა საქსენ-გოთელმა სამეფო კარი მალევე დატოვა. ამ დროს კაროლინა მატილდამ და დედამისმა ერთმანეთი უკანასკნელად ნახეს. როგორც ცნობილია, რომანის შესახებ ავგუსტამაც იეჭვა, რადგან ვიზიტისას დანიის დედოფალს ექიმი სტრუენზე თითქმის სულ თან დაჰყვებოდა. მათი თანმხლები ამალის გამო, დედა-შვილს თავისუფლად საუბრის საშუალება არ მიეცათ. ავგუსტა დანიაში თავისი დიდი ამალით ჩავიდა, რომელშიც შედიოდა ერთი ბრიტანელი მინისტრი, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგი და კაროლინას ძმა, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგი უილიამ ჰენრი, რომელსაც ძალიან უნდოდა თავისი დის ნახვა.

 
დედოფალი კაროლინა მატილდა კაცის სამხედრო ფორმაში. როგორც ცნობილია, იგი ხშირად იმოსებოდა, როგორც მამაკაცი.

1770 წლის სექტემბერში, სტრუენზესა და კაროლინა მატილდას ინტრიგების წყალობით, დანიის პირველი კანცლერი, გრაფმა იოჰან ჰარტვიგ ერნსტ ფონ ბერნსტორფი გახდა, რომელიც მათთვის მუშაობდა. როდესაც უელსის ქვრივმა პრინცესამ თავის ქალიშვილს მასზე აგორებული ჭორების შესახებ ჰკითხა, კაროლინა მატილდამ ამპარტავნულად უპასუხა:

 
„ვლოცულობ, მადამ, რომ როგორმე დამრთოთ ნება საკუთარი სამეფო ვმართო, გთხოვთ !“

ამავე 1770 წლის 18 დეკემბერს, სტრუენზე ოფიციალურად გახდა დანიის მინისტრთა სამეფო საბჭოს წევრი. 1771 წლის ივლისში, კრისტიან VII-მ მისი გავლენით დაშლილად გამოაცხადა მინისტრთა საბჭო და ასევე გამოაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყანას ის და იოჰანი მართავდნენ.[14] 22 ივლისს, (კაროლინა მატილდას დაბადების დღეს) ოფიციალურად გამოცხადდა საბჭოს დაშლისა და ახალი, ორკაციანი საბჭოს შექმნა, რომელშიც სტრუენზე და მეფე გაწევრიანდნენ, მათ მთავარ ასისტენტად კი კრისტიანის საქვეყნოდ ცნობილი, აღვირახსნილი მეგობარი, გრაფი ევენოლდ ბრენდტი დაინიშნა. ამით ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად სტრუენზე იქცა და მეფეს მხოლოდ მის მიერ „მიწოდებულ“ საბუთზე ხელის მოწერა ევალებოდა, თუმცა იოჰანმა მისთვის ამ უფლების ჩამორთმევაც სცადა. 1771-72 წლებში დანიას სტრუენზე მართავდა, რომელმაც დედოფალთან ერთად უამრავი ახალი რეფორმა გაატარა. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც „სტრუენზეს დრო“.

რეფორმები და ლუიზა ავგუსტას დაბადება

 
დედოფალი კაროლინა მატილდა

1771 წლის 29 იანვარს, კრისტიან VII-ის დაბადების დღისადმი საზეიმო ცერემონიალზე დაარსდა „დედოფალ მატილდას“ ორდენი. ყოველივე ეს კაროლინა მატილდას პატივსაცემად გაკეთდა. წესის მიხედვით, ეს ორდენი მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებსა და მათ მეგობრებს შეიძლებოდა გადასცემოდა. ორდენმა მოქმედება 1772 წლის გადატრიალების გამო შეწყვიტა.[15]

პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე სტრუენზემ დანიაში ერთდროულად უამრავი რესპუბლიკური იდეის მატარებელი რეფორმა გაატარა, რომელთა უკან დედოფალი კაროლინა მატილდა იდგა. ბევრი ამბობდა, რომ იგი რეფორმების „მანიით“ იყო შეპყრობილი. ცნობილია, რომ მან სულ სამ დღეში 1069 ბრძანებულება გამოსცა. მისი და კაროლინას რეფორმები არა დანიურ, ან ნორვეგიულ, არამედ გერმანულ ენაზე გამოდიოდა, რაც დიდ კრიტიკას იწვევდა. მართალია, საუკუნეების განმავლობაში დანიის მეფეები გერმანულად საუბრობდნენ, მაგრამ სახელმწიფო დოკუმენტები მაინც მხოლოდ დანიურად გამოდიოდა. ამის გამო, ბევრი ამბობდა, რომ ისინი დანიური კულტურისა და „სულის“ აღმოფხვრას ცდილობდნენ. დედოფალმა და ექიმმა აშკარად გაილაშქრეს მოძველებული შეხედულებებისა და ცენზურის წინააღმდეგ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დანიაში აღმოეფხვრათ შუა საუკუნეების დროინდელი შეხედულებები და განვითარებით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს დასწეოდნენ. ამ საქმიანობის გამო, დედოფალ კაროლინას საქებარი წერილი მისი კუმირისგან — ვოლტერისაგან მიუვიდა, რამაც დიდად გაახარა იგი, თუმცა რეფორმებმა გამოიწვია მისი უკიდურესი არაპოპულარობა სამეფო კარის კონსერვატიულ წრეებში, რომელთაც კრისტიან VII-ის დედინაცვალი, ქვრივი დედოფალი იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი და მისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი ხელმძღვანელობდნენ. [16]მათ არა მხოლოდ კაროლინა მატილდა, არამედ ყველა მისი მხარდამჭერიც სძულდათ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მათი ქცევა შეურაცხყოფდა ოლდენბურგების დინასტიასა და სრულიად დანიელ ერს, რაც თავისთავად სამეფო ხელისუფლების შეურაცხყოფასაც ნიშნავდა[17]. ეს ერთადერთი პერიოდი იყო, როდესაც კაროლინა მატილდა ყოველთვის მომღიმარი და ბედნიერი ჩნდებოდა სამეფო კარზე. ამასთან, სტრუენზესთან რომანსაც არ წყვეტდა. წყვილი ერთად ყოფნისთვის ხშირად აწყობდა ბალებს, სადაც ძლივს ახერხებდნენ თავის შეკავებასა და თავიანთი ურთიერთობის დამალვას.

 
დანიის სამეფო ოჯახი 1771 წელს, მარცხნიდან მარჯვნივ: ქვრივი დედოფალი იულიანა მარია, დედოფალი კაროლინა მატილდა კალთაში ჩვილი ლუიზა ავგუსტათი, პრინცი ფრედერიკი და კრისტიან VII

აქამდე ჩრდილში მყოფი დედოფალი კაროლინა მატილდა, სამეფო კარის ყურადღების ცენტრში მოექცა და თავისი მიმდევრები შემოიკრიბა, რომელთაც Dronningens Parti, ანუ „დედოფლის პარტია“ ეწოდა. [7]იგი უკვე აღარაფერს ერიდებოდა: საჯაროდ ჩნდებოდა კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი და ცხენზე ჯირითობდა. XVIII საუკუნის დანიის კონსერვატიული სამეფო კარისათვის, დედოფლის ასეთი თამამი ქცევა ნამდვილად სკანდალური იყო. როგორც ცნობილია, მან ამის მაგალითი თავისი სეფექალისგან — ელიზაბეთ ფონ ეიბენისგან აიღო.[10] ამ პერიოდში სტრუენზემ შემოიღო ახალი რეფორმა, რომლის მიხედვითაც საშუალო კლასის წარმომადგენლებს თავისუფლად შეეძლოთ სამეფო ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ამის შემდეგ დედოფალი იოჰანა მარია მალევილს დაუმეგობრდა, რომელიც ვაჭრების შთამომავალი იყო, რასაც სამეფო კარზე კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა.

1771 წლის 17 ივნისიდან, სამეფო ოჯახი ჰირშჰოლმის საზაფხულო რეზიდენციაში გადავიდა. აქ კაროლინა მატილდა დროს ბედნიერად ატარებდა თავის შვილსა და საყვარელთან ერთად. ამავე დროს დაუკვეთა თავისი ახალი პორტრეტიც. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის დედოფალი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. რაც ყველაზე უცნაურია, ბოლო დროს კაროლინა მატილდამ კრისტიანთან თავისი ვიზიტები განაახლა და მაშინვე დაორსულდა. ბევრი ფიქრობდა, რომ იგი სტრუენზესაგან ელოდებოდა ბავშვს და მეფესთან მხოლოდ იმიტომ იყო, რომ შემდეგ ბავშვი მისად გაესაღებინა, თუმცა დედოფალს ორივე მამაკაცთან ჰქონდა ამ პერიოდში ურთიერთობა და დანამდვილებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი მათგანი იყო მამა. მიუხედავად ამისა, კრისტიანმა ბავშვი თავისად გამოაცხადა და ყველა გენეოლოგიურ ხეზეც ასეა დატანილი. ივლისის დასაწყისში დედოფალი ფრიდენლუდის ვილაში გადავიდა, სადაც 1771 წლის 7 ივლისს გოგონა გააჩინა. მას კრისტიანისა და კაროლინა მატილდას დედების პატივსაცემად ლუიზა ავგუსტა დაარქვეს. ახალშობილის დაბადებას სამეფო კარი ცივად შეხვდა. როგორც ცნობილია, ქვრივმა დედოფალმა იულიანა მარიამ ბავშვის ნათლიობაზეც კი უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, კრისტიანმა იგი თავის ქალიშვილად გამოაცხადა და დანიისა და ნორვეგიის პრინცესის წოდებაც მიანიჭა, თუმცა დედოფლის საეჭვო ქცევები და გოგონას მსგავსება სტრუენზეზე მიუთითებდა. სამეფო კარზე მას la petite Struensee, ანუ „პატარა სტრუენზე“ შეარქვეს.[7]

რომანის გამოაშკარავება და სახელმწიფო გადატრიალება

 
დედოფალი კაროლინა მატილდა, დაახლოებით 1771 წელს

ლუიზა ავგუსტას გაჩენიდან მალევე, სამეფო კარსა და მოსახლეობაში ფართოდ მუსირებდა ჭორები დედოფლისა და სტრუენზეს რომანის შესახებ.[18] თქმულებათა მიხედვით, კაროლინა მატილდა და იოჰან ფრიდრიხი ერთად გეგმავდნენ კრისტიან VII-ის ჩამოგდებას, ციხეში ჩასმასა და შემდეგ დედოფლის რეგენტად დასმას, თუმცა რეალურად დედოფალსა და მის საყვარელს უფრო ემუქრებოდათ საფრთხე, ვიდრე კრისტიანს. სავარაუდოდ, ეს ჭორები მათმა მტრებმა გაავრცელეს კაროლინა მატილდას ავტორიტეტის შესარყევად. 1771 წლის მიწურულს შეყვარებულები შიშში იყვნენ, კაროლინა კი ეჭვობდა, რომ ქვრივი დედოფალი იულიანა მარია მისი და იოჰანის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა. მომხრეთა მოსაზიდად, 1771 წლის ოქტომბერში სტრუენზემ გააუქმა პრესის თავისუფლება და აღადგინა ცენზურა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი რეფორმა იყო[16]. გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი დედოფალს ფეხებში ჩაუვარდა და ქვეყნიდან გაქცევას ევედრებოდა, თუმცა კაროლინა მატილდამ მას უარი უთხრა. ამავდროულად, სტრუენზეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა უღალატა და განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობაზე მხოლოდ დედოფლის ინტრიგების წყალობით მოხვდა. ამავე წლის 30 ნოემბერს სამეფო ოჯახი ფრედერიკსბორგის სასახლეში გადაბარგდა, სადაც ექიმმა უსაფრთხოების ზომები გაზარდა. ამავდროულად, იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ სამეფო გვარდიის დაშლის ბრძანება გასცა. იმავე დღის შუადღისას, განრისხებულმა სამხედროებმა ფრედერიკსბორგის სასახლეს შემოარტყეს ალყა, რითაც ნათელი გახდა ხალხის რეალური განწყობა. ამ პერიოდში გავრცელდა ჭორი, რომ ბრიტანელმა დიპლომატმა რობერტ მურმა სტრუენზეს დანიის სამუდამოდ დატოვების სანაცვლოდ დიდძალი თანხა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

1772 წლის 8 იანვარს, სამეფო კარი კვლავ კოპენჰაგენში, კრისტიანსბორგის სასახლეში გადავიდა. ამ დროისათვის კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ. ამ დროს იოჰან ფრიდრიხის მთავარი მოკავშირე, გრაფი რანძაუ, რომლის დახმარებთაც მოხვდა იგი სამეფო კარზე, უკმაყოფილო იყო იმით, რომ მან პირობა არ შეასრულა და იგი ქვრივი დედოფლის მხარეს გადავიდა. იულიანა მარია თავის ვაჟთან ერთად ფრედერიკსბორგში იყო და იქიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. მან რანძაუს ცრუ დაპირებები მისცა, რათა თავის მხარეზე გადაეყვანა და დედოფლის წინააღმდეგ აემხედრებინა. გრაფს მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინა, რითაც კაროლინა მატილდას რომანი დადასტურდებოდა. ქვრივი დედოფალი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რა დროსაც ქვეყნის მართვას თავად დაიწყებდა, ამისათვის კი დედოფლისა და სტრუენზეს თავიდან მოცილება იყო საჭირო. შეთქმულება 15 იანვარს, იულიანა მარიას რეზიდენციაში უნდა დაწყებულიყო და 16-17 იანვარს კრისტიანსბორგის სასახლეში გამართულ ბალზე დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წუთებში რანძაუ ყოყმანობდა და ცდილობდა საქმიდან გასულიყო, მაინც ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა. შეთქმულებმა მოახერხეს და კრისტიან VII-ს ხელი მოაწერინეს კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს დაპატიმრების დოკუმენტზე. ამის შემდეგ მათ მაშინვე დააპატიმრეს იოჰან ფრიდრიხი, მისი მეგობარი, გრაფი ბრანდტი, ასევე მათი მიმდევრები.[19]

1772 წლის 17 იანვრის ღამით, გრაფი რანძაუ და მისი მხლებლები შეცვივდნენ დედოფალის საძინებელში და დააპატიმრეს. რანძაუმ ცინიკური სახით აიყვანა კაროლინა მატილდა და მისი ჯერ კიდევ ჩვილი ქალიშვილი გადასცა, თუმცა კრონპრინცის ნახვის ნება არ დართეს. ეს იყო მითითება იმ ფაქტზე, რომ ლუიზა ავგუსტას ყველა სტრუენზეს შვილად თვლიდა. ამის შემდეგ, დედოფალი და ლუიზა ავგუსტა ჰელსინგერის ციხეში მიიყვანეს და იქ მეთვალყურეობის ქვეშ გამოკეტეს[16]. მასთან ერთად საკანში შესვლისა და დარჩენის ნება მხოლოდ მის სეფექალ ფრედერიკა ლუიზა მესტინგს დართეს. პატიმრობისას კაროლინა მატილდას ერთადერთ ნუგეშს მისი ქალიშვილი წარმოადგენდა, ვაჟი კი მის მაზლს, პრინც ფრედერიკს ჰყავდა. თუმცა, კაროლინა მატილდას საბოლოო დაცემისათვის საჭირო იყო სტრუენზეს აღიარება, რაც კარგად იცოდა იულიანა მარიამ.

განქორწინება და გაძევება

 
იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეს სიკვდილით დასჯა, 1772 წლის 28 აპრილი

1772 წლის 20 თებერვალს დაიწყო იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეს დაკითხვა, თუმცა თავიდან არაფერს ამბობდა. სამდღიანი სასტიკი წამების შემდეგ, მან დედოფლის მიმართ თავისი „ფამილიარული დანაშაული“ აღიარა. მოგვიანებით იგი ცდილობდა ჩვენების შეცვლასა და ამ საქმიდან კაროლინა მატილდას გამოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. მათი უახლოესი მეგობარი და მოკავშირე ენევოლდ ბრანდტიც იმავენაირი მეთოდებით დაკითხეს, რის გამოც მანაც აღიარა სტრუენზესა და დედოფალს შორის არსებული საიდუმლო ურთიერთობა. იმავდროულად დაკითხეს დედოფლის მოახლეებიც, თუმცა თითქმის ყველამ განაცხადა, რომ არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ერთმა მოსამსახურემ, სახელად შარლოტა ჰედვიგ მატიემ თქვა, რომ დაუნახავს სტრუენზე როგორ სტუმრობდა დედოფლის საძინებელს ღამით. ამის შემდეგ დანარჩენი მოახლეებიც გამოტყდნენ და იგივე განაცხადეს.[20] კერძოდ, თავიანთი ჩვენება შეცვალა კრისტინა სოფია ბრანმა, ანა შარლოტა ჰორნმა და ენგელ მარია არენსბახმა, რომელთაც შემდგომში თავად დედოფლის სეფექალმა ანა პეტერსენმაც მიბაძა. მათ დაკითხვას პირადად ესწრებოდა დედოფალი იულიანა მარია.

ყოველივე ამის შემდეგ დედოფალი კაროლინა მატილდა ოთხი დიდებულისაგან დაკომპლექტებულ საბჭოს გადაეგზავნა დასაკითხად. მათთან პირველი ვიზიტისას, დედოფალმა თავისი ერთ-ერთი სეფექალის რჩევა გაითვალისწინა და განაცხადა:

 
„მე არ ვცნობ სასამართლოს, გარდა ჩემი მეფისა !“

ამის შემდეგ, 1772 წლის 9 მარტს, მათ დედოფალს წარუდგინეს სტრუენზეს მიერ ხელმოწერილი აღიარებითი ჩვენების დოკუმენტი, სადაც იგი რომანს აღიარებდა. იოჰანმა ამის გარდა კიდევ რამდენიმე ბრალდებას მოაწერა ხელი, იმ იმედით, რომ დანაშაულის თავის თავზე გადაბრალებით კაროლინას სასჯელს შეუმსუბუქებდა. სტრუენზეს აღიარების ხილვის შემდეგ, გულგატეხილმა დედოფალმა დანაშაული აღიარა.

 
კაროლინა მატილდას დაპატიმრება

1772 წლის 24 მარტს, მის წინააღმდეგ აღძრული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს ოცდახუთი წარჩინებულისაგან დაკომპექტებულ სასამართლოს. ამავე წლის 2 აპრილს, სასამართლოს წინაშე წარსდგა დედოფლის ადვოკატი, რომელმაც განაცხადა, რომ კაროლინა მატილდა ბრალდებას უარყოფდა და მას აღიარება ზეწოლით გამოსძალეს. ადვოკატის გამოსვლამ ვერაფერი გააწყო. 1772 წლის 6 აპრილს კაროლინა მატილდას სასამართლო დასკვნა და ახალი დოკუმენტი წარედგინა, რომლის მიხედვითაც მისი ქორწინება მეფე კრისტიან VII-თან ანულირებული იყო. გარდა ამისა, დედოფალს აეკრძალა საეკლესიო სამსახურში ჩადგომა. ამავე დადგენილების მიხედვით, სტრუენზესა და ბრანდტს თავის მოკვეთა მიესაჯათ, რომელიც სისრულეში 28 აპრილს მოიყვანეს. მოგვიანებით იგი თავის მემუარებში წერდა, რომ ინსტიქტურად გრძნობდა, როცა მის საყვარელს კლავდნენ.

დიდ ბრიტანეთში ჩასულმა ამბავმა კაროლინა მატილდას განქორწინებისა და დაპატიმრების შესახებ, სამეფო ოჯახი შოკში ჩააგდო. განქორწინების შემდეგ მისმა ძმამ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III-მ დანიელებთან მოლაპარაკებები წამოიწყო თავისი დის განთავისუფლების თაობაზე, თუმცა წარუმატებლად.[21] იმავდროულად, ჯორჯ III-ს შეატყობინეს, რომ მის დას აეკრძალა სამეფო სასახლეში გაჩერება. ბრიტანელებმა დანიის სამხედრო ძალას ინტერვენცია გამოუცხადეს და დაუყოვნებლივ მოსთხოვეს კაროლინა მატილდას განთავისუფლება. საბოლოოდ ჯორჯმა თავისი სამხედრო ძალების კოპენჰაგენში გადასხმის ბრძენბაც კი გასცა, მაგრამ ბრძანების შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო, რომ დანიის მთავრობამ ყოფილი დედოფალი გაანთავისუფლა. საბოლოოდ, ჯორჯ III-მ იმდენი მოახერხა, რომ კაროლინა მატილდას შეუნარჩუნდა დანიისა და ნორვეგიის დედოფლის ტიტული და თვიური პენსია[22].

1772 წლის მაისში, ბრიტანეთისა და დანიის მთავრობები საბოლოოდ შეთანხმდნენ კაროლინა მატილდას საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ჯორჯ III-ის განცხადებით, მისი „კრიმინალი დის“ ახალი საცხოვრებელი იქნებოდა ცელიეს სასახლე, რომელიც ბრიტანეთის კუთვნილებაში მყოფი ჰანოვერის სამეფოში მდებარეობდა. 3 მაისს ყოფილი დედოფალი, თავისი სეფექალისა და დანიური დელეგაციის თანხლებით ჰელსინგერიდან ცელიეში გაემგზავრა. მას მისი ორივე შვილი ჩამოართვეს, თუმცა გამგზავრების წინ მათთან გამომშვიდობების ნება დართეს. ამ დროს მან თავისი შვილები უკანასკნელად ნახა. 5 ივნისს იგი შტადტში ჩავიდა, სადაც დატოვა დანიურმა დელეგაციამ და გზა განაგრძო. აღსანიშნავია, რომ მას შტადტში დიდი ზეიმითა და პატივით დახვდნენ. აქედან იგი გოირდეში გაემგზავრა, სადაც იგი ოთხი თვით გაჩერდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდა ცელიეში. 20 ოქტომბერს კაროლინა მატილდა საზეიმოდ შევიდა ცელიეში, სადაც მისთვის სათანადოდ მოწყობილი სასახლე დახვდა. ამის შემდეგ იგი იშვიათად ტოვებდა ცელიეს და მხოლოდ რამდენჯერმე ესტუმრა ჰანოვერს.

ცელიეში გადასახლება და გარდაცვალება

ცელიეში ცხოვრება და შეთქმულებების ქსელი

 
კაროლინა მატილდა თავის ვაჟთან, კრონპრინც ფრედერიკთან ერთად 1773 წელს, შესრულებულია კარლ დანიელ ვოიგოტის მიერ

ცელიეში კაროლინა მატილდა მშვიდად ცხოვრობდა. იგი აქ შეხვდა თავის ძველ საუკეთესო მეგობარ ლუიზა ფონ პლეზენს, რომელიც თავის დროზე კრისტიანმა გადაასახლა. აქ ის ხშირად სტუმრობდა თავის ნათესავებსა და მეგობრებს, მათ შორის თავის უფროს დას, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია ავგუსტა ბრიტანელს, რომელთანაც ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. კაროლინა მატილდას ძირითად გასართობს ის პატარა თეატრი წარმოადგენდა, რომელიც მან თავის სასახლეში აიშენა. ამასთან, დიდ დროს ატარებდა თავის მდიდარ ბიბლიოთეკაში, რომელშიც წიგნები მხოლოდ გერმანულ და ინგლისურ ენაზე იყო.[22]

ცელიეში გადასახლებული კაროლინა აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში, რა დროსაც იგი დიდად ეხმარებოდა ადგილობრივ ობლებსა და ღატაკებს. 1772 წლის ნოემბერს, მას მისი ძველი სეფექალი კეიტი ეწვია, რომელიც დიდად ეხმარებოდა განქორწინებისას. მოგვიანებით, სუფოლკის ჰერცოგთან დიალოგისას, კაროლინამ განაცხადა, რომ დანიის სამეფო კართან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა, გარდა მისი შვილების ამბების შეტყობინებისა.

მიუხედავად იმისა, რომ კაროლინა მატილდა უკვე აღარ იყო დედოფალი და მეფის ცოლი, იგი მაინც დიდ როლს თამაშობდა დანიის პოლიტიკაში, როგორც მომავალი მეფის დედა. 1774 წლის სექტემბერში, მას სტუმრად ეწვია გერმანელი მოგზაური და ავანტიურისტი ნათანიელ ვრაქსალი, რომელმაც მის შვილებზე და დანიის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებზე იმდენი რამ შეატყობინა, რომ ამაზე კაროლინა მატილდამ მემუარებიც კი დაწერა. ამ ვიზიტის შემდეგ მან ვრაქსალი აგენტად დაიქირავა, რათა დანიის სამეფო კარზე მიმდინარე უმნიშვნელო მოვლენებიც კი შეეტყო. კაროლინამ სწორედ მისგან გაიგო, რომ ხელისუფლების სათავეში იულიანა მარია მოვიდა თავის ვაჟთან ერთად, რომლებმაც აღადგინეს მინისტრთა საბჭო და კრისტიანი კვლავ ნომიმანულ მონარქად რჩებოდა.[23] ამის შემდეგ კაროლინა მატილდა ჰამბურგში ჩავიდა, სადაც თავის ძველ, დანიიდან გამოძევებულ მოკავშირეებს შეხვდა. იგი მათთან ერთად გეგმავდა კრისტიანისა და მისი დედინაცვლის დამხობას, ტახტზე თავისი ვაჟის დასმას და შემდეგ კი მის რეგენტად დაჯდომას.

თავისი შეთქმულების შესახებ კაროლინამ ჯორჯ III-საც შეატყობინა, რომელიც ასევე ჩაება ინტრიგების ხლართვაში, თუმცა იგი კაროლინას ასევე აფრთხილებდა, რომ დარწმუნებული ყოფილიყო გადატრიალების დროს მის შვილებს არაფერს დაუშავებდნენ. დანიაში საკმარისი ძალაუფლებისა და მოკავშირეების მოპოვების შემდეგ, ჯორჯ III და კაროლინა მატილდა მზად იყვნენ შეტევაზე გადასულიყვნენ, მაგრამ ჯერ დეტალების დაზუსტება უნდოდათ. ამის გამო ვრაქსალი სამჯერ შეხვდა დედოფალს და შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, რათა ჯორჯ III-ს შეხვედროდა. მას კაროლინა მატილდამ წერილი გაუგზავნა, სადაც ძმას თავისი ენთუზიაზმის შესახებ ატყობინებდა და წერდა: „ჩემი სირცხვილი, ჩემი ვაჟის ბედნიერებად იქცევა“.

მოულოდნელი გარდაცვალება და დაკრძალვა

 
კაროლინა მატილდას მემორიალი ცელიეში

როდესაც ვრაქსალმა ცელიე დატოვა და ლონდონში გაემგზავრა, კაროლინა მატილდა ქუნთრუშათი დაავადდა[24]. იმ პერიოდისათვის განუკურნებელმა სენმა გამოიწვია მისი 1775 წლის 10 მაისს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალება. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ თავის ძმას წერილი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. ამ წერილში იგი ასევე წერდა:

 
„...მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, სიკვდილზე უფრო მეტად ის მტკენს გულს, რომ არცერთი ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა, ახლა ჩემს სასიკვდილო სარეცელთან არაა, ისინი ვინც ხელს თანაგრძობით ჩამკიდებდნენ და მანუგეშებდნენ, და რომლებიც სიკვდილისას ჩემს თვალებს დახუჭავდნენ.“

იგი რამდენიმე დღეში, 1775 წლის 13 მაისს დაკრძალეს ცელიეში, შტადტკრიხის კათედრალში, თავისი დიდი ბებიის, სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის გვერდით[25], რომელიც ცელიეში ასევე განქორწინებისა და გადასახლების შემდეგ გარდაიცვალა[კომ. 10].

აღსანიშნავია, რომ მისი ნაადრევი გარდაცვალება რომ არა, შეთქმულება განხორციელდებოდა. მისი გარდაცვალების შესახებ ვრაქსალს ზუსტად მაშინ შეატყობინეს, როდესაც მეფესთან უნდა შესულიყო. თუმცა, 1784 წელს, მისმა ვაჟმა ფრედერიკმა მაინც მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი გახდა, 1808 წელს კი დანიისა და ნორვეგიის მეფეც გახდა ფრედერიკ VI-ის სახელით.

ტიტულები და წოდება

  • 11 ივლისი, 1751 - 8 ნოემბერი, 1766: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა კაროლინა მატილდა;
  • 8 ნოემბერი, 1766 - 6 აპრილი, 1772: მისი აღმატებულება დედოფალი დანიისა და ნორვეგიისა;
  • 6 აპრილი, 1772 - 10 მაისი, 1775: მისი აღმატებულება კაროლინა მატილდა, დედოფალი დანიისა და ნორვეგიისა;

გათხოვების შემდეგ, კაროლინა მატილდას ოფიციალური წოდება ასე ჟღერდა: „ღვთის ხელით დასმული დედოფალი, დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგინია შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დიტმარშენისა, გრაფინია ოლდენბურგისა და დელმენჰორტისა“[26].

ჰერალდიკა

გერბი

  ცნობები:

კაროლინა მატილდას გერბი შეიქმნა 1766 წელს, მისი და კრისტიან VII-ის ქორწინებისთანავე. მასზე დატანილ სიმბოლოებს, ყველას თავისი დატვირთვა აქვს. გერბის ცენტრში ტარმოდგენილია ორი დაფა,

მარჯვენა დაფაზე წარმოდგენილი სიმბოლოები მის წარმომავლობაზე მიუთითებს, ხოლო მარცნივ

წარმოდგენილი ქორწინებით მიღებულ ტიტულებზე.

მარჯვენა დაფაზე წარმოდგენილია შოტლანდიის,

ინგლისის, ირლანდიის, ჰანოვერისა და საფრანგეთის სამეფოთა გერბები, რაც მიანიშნებს, რომ იგი ამ

სახელმწიფოთა პრინცესაა.

მარცხენა დაფაზე წარმოდგენილია ოლდენბურგების, ნორვეგიის, შლეზვიგ-

ჰოლშტაინის, დანიისა და ისლანდიის გერბები, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი ამ სახელმწიფოთა

სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მეუღლეა, ხოლო გარშემო წითელი სამეფო მანტია და მის თავზე

დიდი გვირგვინი მიუთითებს, რომ იგი ქორწინებითაა დედოფალი.

მონოგრამა

  ცნობები:

კაროლინა მატილდას სამეფო მონოგრამა, რომელზეც გამოსახულია მისი სახელის აბრევიატურა (Caroline Matilda), ხოლო თავზე გვირგვინი მიუთითებს, რომ იგი დედოფალს ეკუთვნის.

დედოფალ მატილდას ორდენი

 
დედოფალ მატილდას ორდენი

დედოფალ მატილდას ორდენი დაარსდა 1771 წლის 29 იანვარს, კრისტიან VII-ის დაბადების დღეზე. იგი დააარსა დედოფალმა კაროლინა მატილდამ და მისმა საყვარელმა, იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ. წესის მიხედვით, ორდენის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ უმაღლესი კლასის წარმომადგენლებზე და ისიც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებზე, ან მათ მეგობრებზე. ორდენის ცენტრში, წარმოდგენილია ლათინური ასო M, რაც სახელ Matilda-ს აბრევიატურაა და მზადდებოდა მწვანე მინანქრითა და ძვირფასი თვლებით. ორდენის არშია იყო დიდი ვარდისფერი ბაფთა სამი მსხვილი, თეთრი ზოლით. მამაკაცები ამ ორდენს კისერთან ატარებდნენ, ხოლო ქალები მკერდთან. ორდენის წესდება შედგებოდა შვიდი პუნქტისაგან, რომლებიც ფრანგულად იყო დაწერილი. მისი პრეზენტაცია და გადაცემა იმავე ღამეს, სადღესასწაულო ვახშამზე შედგა. ამის შემდეგ იგი აღარ გაცემულა და გამოშვებიდან სულ ერთ წელიწადში გაუქმდა. იგი 1772 წლის 6 აპრილს გააუქმა დედოფალმა იულიანა მარიამ, მას შემდეგ, რაც კაროლინა მატილდა სამეფო კარიდან გადაასახლეს. ერთი წლის მანძილზე ორდენი სულ თორმეტ პირზე გაიცა: 1. თავად კაროლინა მატილდა ბრიტანელზე, 2. კრისტიან VII-ზე, 3. იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელიზე, 4. მეფის ნახევარძმაზე, პრინც ფრედერიკ დანიელზე, 5. იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეზე, 6. პეტერ ელიას ფონ გაილერზე, 7. კრისტინა სოფია ფონ გაილერზე, 8. გრაფ რანძაუზე, 9. კაროლინა შმიმელმანზე, 10. ამალია სოფია ჰოლშტაინელზე, 11. ენევოლდ ბრანდტსა და 12. ლუიზა ფონ პლეზენზე.

შვილები

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა მოკლე ბიოგრაფია
ფრედერიკ VI   28 იანვარი, 1768,

კოპენჰაგენი, დანია

3 დეკემბერი, 1839,

კოპენჰაგენი, დანია

(71 წლის)

მამის რეგენტი 1784 წლიდან, დანიისა და ნორვეგიის მეფე 1808-39 წლებში. 1814 წელს

შვედეთს სამუდამოდ დაუთმო ნორვეგიის სამეფო. გააუქმა ბატონ-ყმური სისტემა.

ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მარია ფონ ჰესენ-კასელი, რომელთანაც მხოლოდ

ორი გოგონა შეეძინა, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა კრისტიან VIII-მ დაიკავა.

ლუიზა ავგუსტა   7 ივლისი, 1771,

ჰერსჰოლმი, დანია

13 იანვარი, 1843,

ავგუსტენბორგი,

დანია

(71 წლის)

მის სავარაუდო მამად იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეც მიიჩნეოდა. იგი ცოლად გაჰყვა

შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-ავგუსტენბორგის ჰერცოგ ფრედერიკ კრისტიან II-ს,

რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მათ შორის დანიის მომავალი დედოფალი კაროლინა

ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი.

წარმომავლობა

წარმოშობა და ნათესაური კავშირები

 
კაროლინა მატილდას ოჯახი: უკანა ფონზე უელსის პრინც ფრედერიკის პორტრეტი, ცენტრში მისი ქვრივი, ავგუსტა საქსენ-გოთელი ჩვილი კაროლინა მატილდათი ხელში, მის მარჯვნივ პრინცესა ავგუსტა, მის მარცხნივ ჯორჯ III, ხოლო მის მარცხნივ პრინცი ედუარდი. წინა პლანზე გემით მოთამაშე ბიჭებიდან მარჯვენა უილიამი, ხოლო მარცხენა ჰენრი. მარჯვნივ ბარბითიანი გოგონა პრინცესა ელიზაბეთია, მის მარჯვნივ ვარდისფერ კაბიანი გოგონა პრინცესა ლუიზა, ხოლო ძაღლთან მოთამაშე წითელ კაბიანი ბიჭი პრინცი ფრედერიკია.

კაროლინა მატილდას ძალიან დიდი ოჯახი და მრავალეროვანი წინაპრები ჰყავდა. მისი უფროსი და-ძმები იყვნენ ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია ავგუსტა ბრიტანელი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III, იორკის ჰერცოგი ედუარდი, პრინცესა ელიზაბეთი, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგი უილიამი, კამბერლენდის ჰერცოგი ჰენრი, პრინცესა ლუიზა და პრინცი ფრედერიკი. ამას გარდა, მისი მამიდები იყვნენ ორან-ნასაუს პრინცესა ანა ბრიტანელი, ასევე ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია მერი და დანია-ნორვეგიის დედოფალი ლუიზა ბრიტანელი. ამრიგად, ლუიზას ხაზით მისი მამიდაშვილი იყო მისივე ქმარი, მეფე კრისტიან VII და ასევე შვედეთის სახელგანთქმული დედოფალი სოფია მაგდალენა დანიელი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავისი ქორწინებით კაროლინა მატილდას მამიდამისი დედამთილადაც ერგებოდა.

ჯორჯ III-ის ხაზით, კაროლინა მატილდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV-სა და უილიამ IV-ს მამიდად, ხოლო დედოფალ ვიქტორიას პაპიდად ერგებოდა. იგი ასევე იყო ჰანოვერის მეფე ერნესტ ავგუსტ I-ის მამიდა. რაც შეეხება მის ფესვებს, იგი მართალია წარმომავლობითა და იდენტობით გერმანელად, ან ინგლისელად მოიაზრებოდა, თუმცა მისი წინაპრების თავდაპირველი სამშობლო იტალია იყო. კაროლინა მატილდა იყო შოტლანდიისა და საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის, მარიამ სტიუარტის პირდაპირი შთამომავალი, ასევე მისი გამოჩენილი წინაპრებიდან აღსანიშნავია ჯეიმზ I, ზამთრის დედოფლად წოდებული ბოჰემიის დედოფალი ელიზაბეთ სტიუარტი, ბავარიისა და საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხ ლომი, ჰენრი VIII-ის უფროსი და — მარგარეტ ტიუდორი, ამას გარდა ელიზაბეთ იორკელი, ელიზაბეთ ვუდვილი, ედუარდ IV და თუ ამ ხაზს გავყვებით იგი ლანკასტერთა დინასტიის დამაარსებელ ჰენრი II-ის, ჯონ უმიწაწყლოს, იმპერატრიცა მატილდასა და თვით უილიამ დამპყრობლის შთამომავალი გამოდის, რომლის ფესვებიც ნორვეგიელი ჰერცოგის, როლოდან მოდის, რომელიც იყო დანიის ლეგენდარული მეფე რაგნარ ლოდბროკის ძმა და ნორმანდიის საჰერცოგოს დამაარსებელი. ამასთან, თავისი დიდი ბებიის, ანა დანიელის ხაზით იგი დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ის შთამომავალიც გამოდის. ამრიგად, მის ძარღვებში ჩქეფდა ჰანოვერების, ველფების, ტიუდორების, სტიუარტების, ოლდენბურგების, პლანტაგენეტების, ლანკასტერების, ესტრიდსენების, იორკებისა და კობურგების სისხლი.

რაც შეეხება მის შთამომავლობას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი შვილი ჰყავდა, არაერთი გამოჩენილი მონარქი იყო მისი შთამომავალი. მისი ვაჟის, მეფე ფრედერიკ VI-ის ხაზით, იგი იყო მარია ფონ ჰესენ-კასელის დედამთილი. აღსანიშნავია, რომ მათ თავიანთ უფროს ასულს მის პატივსაცემად კაროლინა დაარქვეს, მეორეს კი ვილჰელმინა, თუმცა ორივე მათგანი უნაყოფო აღმოჩნდა. რაც შეეხება მის ქალიშვილ ლუიზა ავგუსტას, იგი ცოლად თავის გარე ბიძაშვილს გაჰყვა, რომელიც შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია იყო. მათი ასული კაროლინა ამალია, რომელსაც სახელი ასევე კაროლინას პატივსაცემად ერქვა, შემდგომში დანიის დედოფალი გახდა, თუმცა შვილები მასაც არ ეყოლა. ამას გარდა, ლუიზა ავგუსტას ხაზით, კაროლინა მატილდა გამოდის გერმანიის უკანასკნელი იმპერატრიცა ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელის დიდი ბებია, მისი ხაზით კი შემდგომში ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელთა წინაპარი.

წინაპრები


პატრიარქატული წარმოშობა

გენეოლოგიური ხე

 


კაროლინა მატილდას სახე ხელოვნებაში

ლიტერატურა

  • ელზა ფონ ჰოლანდერ-ლოსოვომ, 1935 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით „ცელიეს პატიმარი“;
  • რობერტ ნუმანმა 1935 წელს დაწერა წიგნი „დედოფლის საყვარელი“;
  • ედგარ მასმა, 1948 წელს დაწერა თავისი ცნობილი რომანი „დედოფლის ექიმი“;
  • დანიელმა მწერალმა კარენ ბილქსენმა დაწერა წიგნი, სახელად „საუბრები ღამის კოპენჰაგენში“;
  • 1969 წელს გამოიცა ნორა ლოფტის წიგნი „დაკარგული დედოფალი“;
  • 1999 წელს შვედმა მწერალმა ოლაფ ენკისტმა დაწერა წიგნი „ვიზიტი სამეფო ექიმთან“;
  • 2000 წელს ბოდილ სტენსენ-ლეთმა დაწერა ნოველა, სახელწოდებით „სისხლის პრინცესა — კაროლინა მატილდას რომანი“;
  • დარიო ფომ 2015 წელს დაწერა წიგნი, სახელად „დანიის სასახლეში შეშლილი მეფეა“;

ფილმები

  • 1923 წელს, გერმანელმა რეჟისორმა მიქაელ ბერმა გადაიღო დრამა, სახელად „დედოფლის საყვარელი“, სადაც მისი როლი გერმანელმა მსახიობმა ჰენი პორტენმა მოირგო;
  • 1935 წელს, ბრიტანელმა რეჟისორმა ვიქტორ სავილმა გადაიღო ფილმი, სახელად „დიქტატორი“, სადაც კაროლინას როლი ინგლისელმა მსახიობმა მადლენა კაროლმა შეასრულა;
  • 1957 წელს, გერმანელებმა გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „მეფე ჩრდილში“, სადაც იგი ფრანგმა მსახიობმა ოდილ ვერზუამ განასახიერა;
  • 2010 წელს გამოვიდა დანიური ფილმი, სახელად „კაროლინა — ბოლო მოგზაურობა“;
  • 2012 წელს გამოვიდა დანიური ფილმი, სახელად „სამეფო რომანი“, სადაც კაროლინა მატილდას როლს შვედი მსახიობი ალისია ვაიკანდერი თამაშობდა. ფილმი ოსკარის 85-ე დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული;

თეატრი, ბალეტი და ოპერა

  • 1827 წელს დაიწერა ისტორიული დრამა, სახელად „სტრუენზე“, რომელიც პირველად იტალიის სახელმწიფო თეატრში დადგა ჯუზეპე მეირბერმა;
  • 1991 წელს დაიდგა ორ აქტიანი ბალეტი, სახელად „კაროლინა მატილდა“, რომელიც დღემდე წარმატებით იდგმევა დანიის სამეფო ბალერინების მიერ;
  • 2008 წელს გამოვიდა ოპერა, სახელად „ვიზიტი სამეფო ექიმთან“, რომელიც პირველად დანიის სამეფო ოპერაში დაიდგა და დაფუძნებული იყო ამავე სახელწოდების რომანზე;

ლიტერატურა

ინგლისურენოვანი

  • Beatty, Michael A. (2003). The English Royal Family of America, from Jamestown to the American Revolution. McFarland. pp. 35, 41, 49. ISBN 978-0-7864-1558-8.
  • Campbell Orr, Clarissa (2004). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 349–354. ISBN 978-0-5218-1422-5.
  • Stevnsborg, Lars (2005). Kongeriget Danmarks ordener, medaljer og hederstegn. Kongeriget Islands ordener og medaljer. Syddansk Universitetsforlag.
  • Tilliyard, Stella (2006). A Royal Affair: George III and his Scandalous Siblings. London: Chatto & Windus. ISBN 978-0-7011-7306-7.
  • Wagener, Hans (2007). Robert Neumann: Biographie. Wilhelm Fink Verlag. ISBN 978-3-7705-4465-3.
  • Ward, Adolphus William (1887). "Caroline Matilda". Dictionary of National Biography, 1885-1900. London: Smith, Elder, & Co. pp. 145–150.
  • Weir, Alison (2011). Britain's Royal Families: The Complete Genealogy. Random House. pp. 282–283, 285. ISBN 978-1-4464-4911-0.
  • Wilkins, William Henry (2016). A Queen of Tears: Caroline Matilda, Queen of Denmark and Norway and Princess of Great Britain and Ireland. Library of Alexandria. ISBN 978-1-4656-0740-9.
  • Willement, Thomas (1821). Regal Heraldry: The Armorial Insignia of the Kings and Queens of England, from Coeval Authorities. pp. 104–106.
  • Wraxall, C. F. Lachelles (2015). Life and Times of Her Majesty Caroline Matilda. Lewis And Son.
  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living, Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 4.
  • Finch, Barbara Clay (1883). Lives of the Princesses of Wales. Part III. London. ISBN 978-1-1547-7269-2.
  • Campbell, Thomas (1849). "Sir Robert Murray Keith and the Queen of Denmark". The New Monthly Magazine. Vol. 85. p. 433.
  • Asser Amdisen: Til nytte og fornøjelse, Akademisk Forlag A/S, 2002, ISBN 87-5-003730-7.
  • Michael Bregnsbo: Caroline Mathilde: magt og skæbne: en biografi, Aschehoug, 2007. ISBN 978-87-11-11856-6.

გერმანულენოვანი

  • Per Olov Enquist: Der Besuch des Leibarztes. München: Hanser, 2001 (Roman)
  • Else von Hollander-Lossow: Die Gefangene von Celle. Leipzig: Seemann, 1935 (Roman)
  • Harald Jorgsen: The unfortunate Queen. Caroline Mathildas’s last years 1772-75. Copenhagen 1989
  • Thea Leitner: Skandal bei Hofe – Frauenschicksale an europäischen Königshöfen. München: Piper Verlag, 1993 ISBN 3-8000-3492-1 (romantisierende Darstellung)
  • Carolin Philipps: Königin Caroline Mathilde von Dänemark. Die Geliebte des Leibarztes. Piper München Zürich 2005
  • Juliane Schmieglitz-Otten, Norbert Steinau: Caroline Mathilde. Von Kopenhagen nach Celle – Das kurze Leben einer Königin. Hrsg. vom Bomann-Museum Celle. Celle 2001 (Ausstellungsbegleitband)
  • Rainer Schlösser: Struensee in der deutschen Literatur. Altona: Hermann Lorenzen, 1931
  • Ulrike Weiß: Man sieht ihr Mut und Entschlossenheit an. Caroline Mathilde. In: Ulrike Weiß: Dame, Herzog, Kurfürst, König. Das Haus der hannoverschen Welfen 1636-1866. Hannover: Historisches Museum 2008 (Ausstellungsbegleitband)

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. ასეთი ქორწილები ევროპაში ხშირი იყო, რადგანაც დიდი მანძილის გამო სიძე ვერ ახერხებდა საპატარძლოს სამშობლოში ჩასვლას, ამიტომაც მარიონეტული ქორწილი ტარდებოდა, სადაც სიძეს სხვა კაცი განასახიერებდა
  2. რეალურად კრისტიანი ცოლს დედინაცვლის, იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის გავლენით გაეყარა, რომელმაც რომანის გამჟღავნების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერინა მეფეს ხელი დედოფლის განქორწინებასა და სტრუენზეს სასიკვდილო განაჩენის საბუთებზე
  3. ფაქტი, რომ დანიელი ხალხი გერმანელებს ვერ იტანდა, გამოწვეული იყო იმით, რომ სამეფო ტახტზე ოლდენბურგების გამეფების დღიდან, დანიას გამუდმების გერმანელი დედოფლები ჰყავდა, რომელთა წყალობითაც გერმანულმა კულტურამ სამეფო კარზე იმდენად გაიდგა ფესვები, რომ მეფეები პრო-გერმანულ პოლიტიკას ატარებდნენ და დანიურ ენას აღარც კი სწავლობდნენ, არამედ დანიის მეფეები თავიანთ მშობლიურ ენად გერმანულს თვლიდნენ დედების გავლენით. ის ფაქტი, რომ დანიის მეფეები გერმანელ ქალებზე ქორწინდებოდნენ, რეფორმაციით იყო გამოწვეული, რადგან ამ დროს დანია ლუთერანული ქვეყანა იყო, გერმანია კი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ევროპის ერთადერთი და მთავარი ლუთერანული ქვეყანა იყო
  4. მეფე ფრედერიკის „მოულოდნელი“ გარდაცვალების მიზეზად მისი დაწყლულებული ფეხი გახდა. პირველი და საყვარელი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მეფე ალკოჰოლს მიეჩვია და ერთხელაც ფეხი ისე დაიზიანა, რომ ვერც კი გაიხსენა რა მოხდა. საბოლოოდ ფეხზე არსებული ჭრილობა ისე დამძიმდა, რომ მეფის სიცოცხლე შეიწირა, რომელიც ბოლო წლები ისედაც ჩალოგინებული იყო
  5. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ლუიზა დანიელი მისი მძახალიც გახდა, რადგან კაროლინა მატილდას ვაჟმა, მეფე ფრედერიკ VI-მ ცოლად ლუიზას ასული, ანუ თავისი მამიდაშვილი მარია ფონ ჰესენ-კასელი შეირთო
  6. ფაქტი, რის გამოც იფიქრეს, რომ კრისტიანი დაოჯახების შემდეგ გამოკეთდებოდა, განპირობებული იყო იმით, რომ სამეფო კარის ფსიქიატრის განცხადებით, კრისტიანის დაავადება მისი ხშირი მასტურბაციით იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, იგი ხშირად საჯაროდ „იკმაყოფილებდა მოთხოვნილებებს“.
  7. კრისტიანის უცნაურ ქმედებებში ისიც გამოიხატებოდა, რომ ხშირად კაროლინა მატილდას დედას ეძახდა და ხალხში მართლა დედასავით ექცეოდა, რაც დედოფლისთვის დამამცირებელი იყო
  8. სწორედ ამის გამო შეარქვეს დანიელებმა მას მეტსახელად „ცრემლების დედოფალი“
  9. მოგვიანებით, კრისტიანისა და კაროლინას განქორწინების პროცესზე, მოახლეებმა განაცხადეს, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 1769 წლის ბოლოს დაიწყო.
  10. დედოფალ სოფია დოროთეას მსგავსად კაროლინა მატილდას ცელიეში გადასახლება სიმბოლური ქმედება იყო ჯორჯ III-ის მხრიდან, რომელიც ამით აღიარებდა თავისი დის დანაშაულს და მასაც თავიანთი დიდი ბებიის მსგავსად გადაასახლა

სქოლიო

  1. Weir 2011, p. 285.
  2. 2.0 2.1 Weir 2011, p. 282.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Ward, Adolphus William (1887). "Caroline Matilda". Dictionary of National Biography, 1885-1900. London: Smith, Elder, & Co. pp. 145–150.
  4. Beatty 2003, p. 142.
  5. "Yvonne's Royalty Home Page: Royal Christenings". Archived from the original on 6 August 2011. Retrieved 23 June 2009.
  6. 6.0 6.1 Campbell Orr 2004, p. 350.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 http://www.kvinfo.dk/side/597/bio/591/origin/170/Dansk
  8. 8.0 8.1 Bregnsbo, Michael (2012). Caroline Mathilde. Magt og skæbne (დანიურად). Lindhardt og Ringhof. ISBN 978-8-7113-9265-2.
  9. 9.0 9.1 9.2 Ward 1887, p. 146.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Fjelstrup, August (1909). Hermann-Petersens (ed.). Damerne ved Karoline Mathildes Hof (გერმანულად).
  11. Campbell Orr 2004, p. 351.
  12. Campbell Orr 2004, pp. 351–352.
  13. Finch, Barbara Clay (1883). Lives of the Princesses of Wales. Part III. London. ISBN 978-1-1547-7269-2.
  14. Ward 1887, pp. 146–147.
  15. Stevnsborg 2005, pp. 191–194.
  16. 16.0 16.1 16.2 Campbell Orr 2004, p. 353.
  17. Ward 1887, p. 147.
  18. Ward 1887, p. 148.
  19. Ward 1887, pp. 147–148.
  20. https://tidsskrift.dk/historisktidsskrift/article/view/54205/72862
  21. Campbell, Thomas (1849). "Sir Robert Murray Keith and the Queen of Denmark". The New Monthly Magazine. Vol. 85. p. 433.
  22. 22.0 22.1 Ward 1887, p. 149.
  23. Campbell Orr 2004, p. 354.
  24. Weir 2011, p. 283.
  25. Ward 1887, p. 150.
  26. "No. 11562". The London Gazette. 16 May 1775. p. 1.
კაროლინა მატილდა ბრიტანელი
დაიბადა: 22 ივლისი, 1751 გარდაიცვალა: 10 მაისი, 1775
წინამორბედი:
იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
1766-1772
შემდეგი:
მარია ფონ ჰესენ-კასელი