ავგუსტა ბრიტანელი (1737-1813)
ავგუსტა ბრიტანელი (ინგლ. Augusta of Great Britain; დ. 31 ივლისი, 1737, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 23 მარტი, 1813, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი, ჯორჯ III-ის და და ჯორჯ IV-ის სიდედრ-მამიდა. ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია 1780-1806 წლებში როგორც კარლ II-ის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელის დედა.
ავგუსტა ბრიტანელი | |
---|---|
წოდებები
ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია | |
დაიბადა | 31 ივლისი, 1737 |
გარდაიცვალა | 23 მარტი, 1813, (75 წლის) |
საგვარეულო | ჰანოვერები |
მეუღლე(ები) | კარლ II, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
ავგუსტა, ვიურტემბერგის ჰერცოგინია კაროლინა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი |
მამა | ფრედერიკი, უელსის პრინცი |
დედა | ავგუსტა საქსენ-გოთელი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტა დაიბადა 1737 წლის 31 ივლისს ლონდონში. იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის პირველი შვილი ცხრიდან. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III და დანიისა და ნორვეგიის დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II და დედოფალი კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი იყვნენ.
ვინაიდან მამამისს მეფესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და სამეფო კარიდან იყო გაძევებული, ავგუსტა და მისი ოჯახი კიუს სასახლეში ცხოვრობდნენ. 1751 წელს მამამისი, პრინცი ფრედერიკი გარდაიცვალა. 1760 წელს გარდაიცვალა ჯორჯ II-ც, რის გამოც ტახტი ავგუსტას ძმამ, ჯორჯ III-მ დაიკავა, რის შემდეგაც ისინი სამეფო კარზე გადავიდნენ.
1764 წლის 16 იანვარს, წმინდა ჯეიმზის სახლობის სამეფო სასახლის სამლოცველოში ავგუსტა დააქორწინეს ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ II-ზე.
ქორწინებაში ავგუსტამ შვიდი ბავშვი გააჩინა, აქედან ოთხი ვაჟი და სამი ქალიშვილი. მისი შვილებიდან მხოლოდ ნაბოლარა გოგონა გარდაიცვალა ჩვილობაში. ავგუსტას შვილებიდან ყველაზე ცნობილია მისი ქალიშვილი კაროლინა, რომელიც შემდგომში თავის ბიძაშვილს, მეფე ჯორჯ IV-ს გაჰყვა ცოლად.
1806 წელს პრუსიის სამეფომ საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს ომი გამოუცხადა. პრუსიელთა ჯარის მთავარსარდლად ავგუსტას 71 წლის ქმარი, კარლ II დაინიშნა. ამავე წლის 14 ოქტომბერს ნაპოლეონმა პრუსიელთა ჯარები მიწასთან გაასწორა აუერშტადტის ბრძოლაში, რომელშიც ავგუსტას მეუღლე მძიმედ დაიჭრა. ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით კარლი ამავე წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრაუნშვაიგი ფრანგებმა დაიკავეს და დაქვრივებული ავგუსტა იძულებული გახდა თავის შვილებთან ერთად გაქცეულიყო დანიაში, სადაც თავი თავისი დის, დანიის დედოფალ კაროლინა მატილდას ქალიშვილთან, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია ლუიზა ავგუსტა დანიელთან შეაფარა.
აქ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა, სანამ 1807 წელს იგი ჯორჯ III-მ საბოლოოდ არ მიიწვია ლონდონში. იგი სამშობლოში ამავე წლის სექტემბერში ჩავიდა. აქ მან მოახერხა და თავისი ქალიშვილი კაროლინა თავის ძმისწულს, უელსის პრინც ჯორჯს შერთო ცოლად. თავისი ქალიშვილის სკანდალური ქორწინების გამო მას სამეფო კარზე აღარ დაედგომებოდა, ამიტომაც ლონდონის გარე უბანში პატარა შატო შეიძინა, რომელსაც ბრაუნშვაიგის სასახლე დაარქვა და დარჩენილი წლები სწორედ იქ გაატარა. ავგუსტა 1813 წლის 23 მარტს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში.
შვილები
რედაქტირება- ავგუსტა კაროლინა (1764-1788), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ III-ს, რომელთანაც შეეძინა ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I და ვესტფალიის დედოფალი კათარინა ვიურტემბერგელი, ჟერომ ბონაპარტის მეუღლე;
- კარლ გეორგი (1766-1806), ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინცი. ცოლად შეირთო ფრედერიკა ლუიზა ვილჰელმინა ორანელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- კაროლინა ამალია (1768-1821), ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ IV-ს, რომელთანაც შეეძინა უელსისა და ბელგიის პრინცესა შარლოტ ავგუსტა უელსელი;
- გეორგ ვილჰელმი (1769-1811), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რის გამოც მემკვიდრედ არ ითვლებოდა;
- ავგუსტი (1770-1822), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რის გამოც მემკვიდრედ არ ითვლებოდა;
- ფრიდრიხ ვილჰელმი (1771-1815), ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ბადენის პრინცესა მარია ელიზაბეთ ვილჰელმინა, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
- ამალია კაროლინა (1772-1773), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Friedrichs Schwester Anne hatte zuvor bereits zwei Kinder zu Welt gebracht; dies waren jedoch Totgeburten.
- E. Kwan, A. Röhrig: Frauen vom Hof der Welfen. S. 117
- Norbert Steinau: Caroline Mathilde im Kurfürstentum Hannover 1772–1775. In: Caroline Mathilde. Von Kopenhagen nach Celle – Das kurze Leben einer Königin. Celle 2001, S. 127–154; S. 135f
- William A. Beckett: Universal Biography.
- Elisabeth E. Kwan und Anna E. Röhrig: Frauen vom Hof der Welfen. MatrixMedia, Göttingen 2006, S. 115–126, ISBN 3-932313-17-8.