კიტა აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, კიტა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე (დ. 16 (28) იანვარი1870, სოფელი ლესა, ოზურგეთის მაზრა — გ. 17 (30) დეკემბერი1917, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი.

კიტა აბაშიძე
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1870
ლესა
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 1917
თბილისი
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
განათლება ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
პროფესია პუბლიცისტი, პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანი
მშობლები მამა: გიორგი აბაშიძე
დედა: სოფიო გურიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

კიტა აბაშიძის მშობლები გურიიდან იმერეთში გადასახლდნენ და შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში დასახლდნენ, აბაშიძეების საგვარეულო მამულში, სადაც გაატარა კიტამ ბავშვობის წლები.

კიტას მამა, გიორგი აბაშიძე, იმერეთში საკმაოდ ცნობილი თავადის, ივანე დავითის ძე აბაშიძის, უმცროსი შვილი იყო. გიორგი აბაშიძე ქართველ დიდგვაროვანთა წოდებას განეკუთვნებოდა. იგი ისევე, როგორც თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, გაღარიბებული იყო; ამიტომ მუხლჩაუხრელად შრომობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე რაჭაში. გიორგი აბაშიძე 1874 წელს გარდაიცვალა. მაშინ კიტა 4 წლისა იყო. კიტას ჰყავდა ორი უმცროსი და: ეკატერინე და პოლინა. ოჯახის მთელი სიმძიმე კიტას დედას, 25 წლის სოფიო გურიელს, დააწვა მხრებზე. იგი ცდილობდა არაფერი მოეკლო ბავშვებისათვის. დედა-შვილის ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო და სინაზე იგრძნობოდა. ეს ურთიერთობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. კიტა დედას სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა ქუთაისიდან, თბილისიდან , ოდესიდან, პეტერბურგიდან, კონსტანტინოპოლიდან, პარიზიდან, რომიდან. 9 წლის კიტა თავის დას სწერდა: „ჩვენ რომ დედა გვყავს, კატო ჩემო, იმისი ღირსი ჩვენ არა ვართ“. დედის შვილისადმი ტრაგიკული სიყვარულის ნათელი მაგალითია სოფიოს აღსასრული: მას შემდეგ, რაც 1917 წელს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, სოფიომ ზუსტად ერთი წლის თავზე თავი მოიკლა.

განათლება

რედაქტირება

1879 წელს კიტა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. ოჯახის გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა 9 წლის ბიჭს. ამას ემატებოდა მუდმივი მატერიალური გაჭირვება. გიმნაზიაში სწავლის პირველივე წლებიდან კიტა აბაშიძე დიდ მიდრეკილებას იჩენდა ლიტერატურისადმი, ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, ლათინურ ენებს. გამორჩეულად უყვარდა კითხვა. დები ხშირად საყვედურობდნენ: „დაგვენახე, დაგველაპარაკე, ამდენი კითხვა თვალებს გაგიფუჭებსო“. ამხანაგებში მუდამ დიდი ავტორიტეტით გამოირჩეოდა, რის გამოც მოწაფეთა ყველა წამოწყებისა და საქმიანობის მეთაურად იყო მიჩნეული. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო გაირიცხა გიმნაზიიდან: პანსიონის ერთ-ერთ აღმზრდელს, ვინმე თხორჟევსკის, ქართული ენისა და თეატრის დაცინვისათვის გიმნაზიის მოწაფეებმა სცემეს. თაოსნობა კიტას დაბრალდა. კიტა საშინლად შეაწუხა ამ სასჯელმა, რადგან მას განათლების მიღების საშუალება ესპობოდა. დედის აქტიური ჩარევით და გავლენიანი ნათესავების წყალობით კიტა აღადგინეს გიმნაზიაში.

დედის მატერიალური დახმარებით კიტამ დაამთავრა გიმნაზია 1889 წელს და გაემგზავრა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და ლიტერატურისა შესასწავლად. პარიზში კიტა ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დრომ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის ესთეტიკაზე, არამედ მისი მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებაზედაც. კიტა ყოველნაირად ცდილობდა , რომ პარიზში ყოფნით მაქსიმალური სარგებელი მიეღო. ის დედას სწერდა:

 
„ის კი არ იფიქროთ, რომ ვერთობოდე რამეთი. მე ჩემს შრომას არ მივაკლებ, რომ ტყუილად არ ჩაიაროს ჩემმა აქ ყოფნამ და „კაცი ვიქნე““

მართლაც, პარიზში მყოფი კიტა აბაშიძე არც ერთ წუთს არ კარგავდა: მუშაობდა მუზეუმებში, სწავლობდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, უსმენდა ცნობილ მეცნიერებს სორბონასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში. 1890 წელს კიტა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. კიტა აბაშიძე სტუდენტობის წლებშივე გამოდის ლიტერატურულ სარბიელზე და იწყებს ფრანგული ლიტერატურის შესახებ წერილების გამოქვეყნებას „კვალსა“ და „ივერიაში“. 1895 წელს კიტა აბაშიძე პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს უნივერსიტეტს და საქართველოში ბრუნდება.

მოღვაწეობა საქართველოში

რედაქტირება

1895 წლიდან კიტა აბაშიძე მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ – მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე –ჭიათურაში. 1896 წლიდან ილია ჭავჭავაძის მიწვევით„ივერიის“ თანამშრომელი ხდება.

1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კრიტიკოსის, შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს „მოამბის“ ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი „ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან“, ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით (1900)კი - ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე.

კიტა აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზედაც: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: „ცნობის ფურცელში“, „სახალხო გაზეთსა“ და „დროებაში“.

ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, ოჯახში გაიცნო კიტამ თავისი მომავალი მეუღლე – თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ–ორბელიანი. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. ამავე ოჯახის სიძე გახდა ივანე ჯავახიშვილი (მან ცოლად შეირთო თეკლეს უმცროსი და - ანასტასია) და ამ დღიდან დაიწყო კიტა აბაშიძისა და ივანე ჯავახიშვილის გულითადი მეგობრობა.

1901 წლიდან კიტა აბაშიძე იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარე, შემდეგ კი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის, მოადგილე გახდა. 1905 წლის რევოლუციის დღეებში აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მომხდარ ყველა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლაში. იგი ერთხანს დააპატიმრს კიდეც და მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი გათავისუფლება პატიმრობიდან. 1909 წელს კიტა აბაშიძე მეორედ დააპატიმრეს. მიზეზი გახდა მისი გამოსვლა 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში შემდგარ თავად–აზნაურთა შეკრებაზე, რომელზედაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დადგა. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. ქუთაისის გუბერნატორის მითითებით, კიტა სასწრაფოდ დააპატიმრეს და შემდეგ კვლავ ნათესავების წყალობით გაათავისუფლეს.

1911-1912 წლებში ქუთაისში გამოვიდა კიტა აბაშიძის ცნობილი ნაშრომი „ეტიუდები XIX ს-ის ქართული ლიტერატურის შესახებ“, რომელიც 1898 წელს „მოამბის“ ფურცლებზე დაწყებული შრომის დაგვირგვინება იყო. ეს ძვირფასი შენაძენია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის; მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნების ისტორიაში და განსაზღვრა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის, როგორც მეცნიერების, მთელი შემდგომი განვითარება.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიტა აბაშიძე ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის წევრად და ამიერკავკასიის განათლების კომისრად დაინიშნა, მაგრამ ამ პოსტზე ძალზე მცირე ხანს მოღვაწეობდა. ის ლოგინად ჩავარდა ხერხემლის ტუბერკულოზის დიაგნოზით. გარდაცვალებამდე დაწერა ანდერძი, რომლითაც თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნივერსიტეტს.

გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული მისივე მეუღლე თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 6 ივლისი, 1876, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1961, იქვე). უფროსი შვილი გიორგი დახვრიტეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

კიტა აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა.

აბაშიძის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაზღვრული როლი ითამაშა თერგდალეულების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა იდეებმა. მის თვალსაზრისზე ხელოვნებისა და ლიტერატურის ზოგადთეორიული პრობლემებისა და ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის შესახებ გავლენა მოახდინეს იპოლიტ ტენმა, გეორგ ბრანდესმა, განსაკუთრებით კი - ფერდინანდ ბრიუნეტიერის ევოლუციურმა მეთოდმა, რომლის მიმდევრადაც იგი თვლიდა თავს. ლიტერატურის ანალიზისას კიტა აბაშიძე იყენებდა ისტორიულ-შედარებით მეთოდს.

აბაშიძის ლიტერატურული-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკული აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ (საერთო სათაურით „ცხოვრება და ხელოვნება“) და ყოველწლიურმა კრიტიკულმა მიმოხილვებმა, რომლებიც მან დაამკვიდრა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურტის განვითარებაზე.

აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“ საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას.

კიტა აბაშიძის მნიშვნელოვანი ნაშრომებია:

  • დავით კლდიაშვილი
  • ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი
  • ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 23.
  • აბაშიძე გ., კიტა აბაშიძის ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა, ტ. 1-2, თბ., 1964-1982
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 21, თბ., 1994