ჯორწყუს მღვიმე

მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ჯორწყუს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ მასივზე, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის — ჯორწყუს ხეობაში, ზღვის დონიდან 653 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ თხელშრეებრივ კირქვებში. მიდამოებში კირქვის შრეებს ახასიათებს მცირე — 6–8° დახრილობა. ღრმად არის შეჭრილი ფერდობში, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრამდე მაღლდება. შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მღვიმის მაქსიმალური სიგრძეა 276 მ.[1][2]

ჯორწყუს მღვიმე
ჯორწყუს მღვიმე
ჯორწყუს მღვიმე
კოორდინატები: 42°30′34″ ჩ. გ. 42°25′04″ ა. გ. / 42.509556° ჩ. გ. 42.417778° ა. გ. / 42.509556; 42.417778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 653 მ
შეფარდებითი სიმაღლე 35 მ
სიგრძე 276 მ
შესასვლელთა რაოდენობა 1
მისასვლელი ადვილად მისადგომი
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
ჰავა დინამიკური
ჯორწყუს მღვიმე — საქართველო
ჯორწყუს მღვიმე
ჯორწყუს მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯორწყუს მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

ჯორწყუს მღვიმის შესასვლელი, რომელიც იწყება ხევის მარცხენა კლდოვან ფერდობზე, 35 მ შეფარდებით სიმაღლეზე, მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისაკენ. შესასვლელის სიგანე უდრის 4–5 მ-ს, სიმაღლე 2–3 მ-ს, ამიტომ ადამიანისათვის იგი ადვილად მისადგომია. შესასვლელიდან რამდენიმე მეტრზე მღვიმის ფორმა და სიდიდე დიდად არ იცვლება: ფსკერი თითქმის ჰორიზონტული რჩება, ჭერი რამდენიმედ მაღლდება. ფსკერი დაფარულია 3–4 მ სისქის მოყვითალო-მოყავისფრო წებოვანი თიხის ფენით, რომელიც მღვიმის წყალმა დალექა. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდინარე ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის.[3]

შესასვლელიდან 10–12 მ-ის გავლის შემდეგ თიხოვანი ფსკერი ჯერ მცირედ და შემდეგ გაცილებით მეტი კუთხით ეშვება სიღრმეში. იგივე ემართება ჭერსაც. თიხებში ვიწროდ ჩაჭრილი კალაპოტის ფსკერი მღვიმის უდაბლესი ადგილია, რომელიც მღვიმის მიმართულების დიაგონალურად ვრცელდება და მარჯვენა კედლის ძირთან მთავრდება. შესასვლელის წინ ლოდები ყრია, რაც მოწმობს, რომ ადრე მღვიმის დასაწყისი რამდენადმე წინ იყო წამოწეული.[3]

გვხვდება ნაკადულის მიერ გამომუშავებული ტერასები, რომელიც თიხებითაა აგებული. ვერტიკალურ ჭრილში ახალგაზრდა ნალექების ლითოლოგია იცვლება. ზედა ნაწილში წარმოდგენილია წვრილმარცვლოვანი წებოვანი თიხა, რომელიც ხშირად შეიცავს კირქვის ნატეხებს. ჭრილის ქვედა ნაწილში არის კენჭებისა და ქვიშის შემცველი თხელი მუქი ფენა, რომელიც დაბლა ან ისევ თიხით, ან ფსკერზე მდებარე წვრილკენჭოვანი კონგლომერატით იცვლება, რომლის სიმძლავრეა 10–15 სმ. შიგნით, 20–25 მ-დან მღვიმე რამდენადმე უხვევს აღმოსავლეთისაკენ. ამასთანავე ვიწროვდება საშუალოდ 3–4 მ-მდე და დაბლდება 2 მ-მდე. თიხოვანი ტერასები ხან ორივე მხარეზეა, ხან ერთ მხარეზე. ტერასების სიმაღლე ცვალებადია, მაქსიმალურად 2 მ-მდეა, უფრო ხშირად 1 მ-მდე, იშვიათად 0,5 მ-მდე. ტერასების სიმაღლის მატება აიხსნება თიხების დალექვით.[3]

ჯორწყუს მღვიმის ფორმა და მიმართულება ცვალებადია. ცალკეულ ნაწილებში დარბაზებივით განიერია და მაღალი. შესასვლელიდან 45–50 მ-ზე ოთახის მსგავსად განიერდება და მაღლდება. ჭერში შეჭრილია სიღრუე გუმბათისებურად. გუმბათში დაკიდებულია ვეებერთელა სტალაქტიტები. მღვიმის სიმაღლე აქ 8–10 მ-ია, სიგანე 6 მ. თიხოვანი ტერასის სიმაღლე ორივე მხარეზე თითქმის 2 მ-მდეა. ფსკერზე აქაც სილა და კენჭებია. კენჭების უმეტესი ნაწილი დამრგვალებულია, ჩვეულებრივად, მოშავო ფერისაა. ფსკერზე აქა-იქ დგას წყალი, რომლის ტემპერატურა უდრის 8 °C-ს.[4]

კედლებზე გაშიშვლებულია კირქვები, რომელთა ზედაპირი წყლის კოროზიული მოქმედებით ძლიერ დასერილია. წყლისავე გავლენით კედლებში და ჭერში ხშირია სხვადასხვა ზომის სიღრუეები — ნიშები, ტერასები იშვიათ შემთხვევაში შექმნილია კირქვებით. აგრეთვე იშვიათია კირქვების გაშიშვლება ფსკერზე. კალაპოტის საშუალო სიგანეა 40–50 სმ.[3]

გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ტრავერტინული ზედაპირები, ლოდნარი და თიხის ნაფენები. მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5–4 მ სისქის ნაფენებით. ძირითადი მაგისტრალი — მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართული იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18 °C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე — 11,6 °C, ბოლოში კი 11,5 °C.[4]

მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. ნამარხები, ჩვეულებრივ, გვხვდება თიხოვანი ნალექების ქვედა ფენებში, ან თიხებსა და კენჭოვან კონგლომერატს შორის. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.[3]

ჯორწყუს მღვიმესთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი მარტვილი. მანძილი სოფელ მეორე ბალდასა და ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს შორის 5,5 კმ-ია. ხანგრძლივობა 1 სთ. და 30 წთ. (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი). შედგენილია ჯორწყუს მღვიმის გეგმა; არსებობს ფოტოსურათები. ბუნების ძეგლია.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 135
  2. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 87–88
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. 1958. N18, გვ. 177–186
  4. 4.0 4.1 4.2 დაცული ტერიტორიების სააგენტო | ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი