შვიდმდინარეთი
შვიდმდინარეთი, ჯეთისუ — ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მდებარეობს ბალხაშის, სასიქოლისა და ალაქოლის ტბებს, ჯუნღარის ალათაუსა და ჩრდილოეთი ტიან-შანის ქედებს შორის. სახელი ეწოდა ამ რაიონის 7 დიდი მდინარის გამო: ილი, ყართალი, ბიენი, აქსუ, ლეფსა, ბასქანი და სარყანდი. შვიდმდინარეთის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთის ვაკე ნაწილში ქვიშიანი და მლაშობი უდაბნოებია, სადაც მდინარეთა გასწვრივ მდელო-ტუგაის ლანდშაფტია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 2000 მ სიმაღლემდე ფართოფოთლოვანი ტყეებია, უფრო მაღლა – ნაძვნარი და ალპური მდელოები.
შვიდმდინარეთი შუა აზიის ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა იყო. VI საუკუნის შუა წლებში შვიდმდინარეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თურქთა სახაკანო. X საუკუნის დასასრულს შვიდმდინარეთი ყარახანიდების სახელმწიფოში შევიდა. XII საუკუნის 30-იან წლებში ყარახატაელების სახელმწიფოს დაექვემდებარა. XIII საუკუნეში დაიპყრეს თათარ-მონღოლებმა. XVI საუკუნეში შვიდმდინარეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა ყაზახეთის უფროსი ჟუზი. XIX საუკუნის შუა წლებში რუსეთის შემადგენლობაშია. 1867 წელს ჩამოყალიბდა შვიდმდინარეთის ოლქი, 1924-1925 წწ. ყირგიზეთის (ყაზახეთი) ასსრ-ში შევიდა, ნაწილი კი ყარაყირგიზეთის (ყირგიზეთი) აო-ს დაექვემდებარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 740.