ჯამილ მარდამ ბეი (არაბ. جميل مردم بك‎; დ. 1894, ოსმალეთის იმპერია — გ.30 მარტი, 1960, კაირო, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ) — სირიელი სახელმწიფო მოღვაწე, ორჯერ იყო სირიის პრემიერ მინისტრი ( 1936 - 1939 და 1946 - 1948 წლებში).[1]

ჯამილ მარდამ-ბეი
ჯამილ მარდამ-ბეი
არაბ. جميل مردم بك
სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 დეკემბერი 1946 – 17 დეკემბერი 1948
პრეზიდენტი  შუქრი კუათლი
წინამორბედიხალედ ალ-აზმი
მემკვიდრეხალედ ალ-აზმი

სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი 1936 – 18 თებერვალი 1939
პრეზიდენტიჰაშიმ ალ-ათასი
წინამორბედიატა ალ-აიუბი
მემკვიდრელუტფი ალ-ხაფარი

საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1947 – 1948
წინამორბედინაიმ ანთაკი
მემკვიდრემუჰსინ ალ-ბარაზი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1943 – 1945
წინამორბედინაიმ ანთაკი
მემკვიდრემიხაილ ილიანი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ივნისი 1932 – მაისი 1933
წინამორბედითავფიქ შამია
მემკვიდრეშაქირ ალ-შაბანი

დაბადებული1894
დამასკო ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი30 მარტი, 1960
კაირო, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაეროვნული ბლოკი
რელიგიაისლამი, სუნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა არისტოკრატულ სუნიტურ ოჯახში. იყო ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწის და დიდი ვეზირის მუსტაფა ლალა ფაშას შთამომავალი.[2]

სწავლობდა პარიზში, სადაც 1911 წელს სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა წამყვანი ოპოზიციური ძალა ოსმალეთის სირიაში არაბული ნაციონალისტური მოძრაობა ალ-ფათათი. 1916 წელს მონაწილეობა მიიღო ჰუსეინ ბენ ალის შეიარაღებულ აჯანყებაში ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ მან გაქცევა და დამალვა მოახერხა. ევროპიდან კოორდინაციას უწევდა ნაციონალისტურ აქტივობებს გადასახლებულ პოლიტიკოსებსა და სირიის იატაკქვეშა მოძრაობის წევრებს შორის.

დაბრუნების შემდეგ იგი გახდა იატაკქვეშა მოძრაობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა შაჰბენდერი. 1922 წლის მაისში ფრანგებმა დაადანაშაულეს ის და შაჰბენდერი აშშ-ს მთავრობის ელჩებთან საიდუმლო მოლაპარაკებებში და სირიაში საფრანგეთის მანდატის დამხობის მცდელობაში. სამანდატო ხელისუფლებამ შაჰბენდერს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მარდამ ბეი ევროპაში გააძევა, სადაც ის დარჩა მანამ, სანამ ხელისუფლებამ მორიგი ამნისტია გამოაცხადა 1924 წელს. დამასკოში დაბრუნების შემდეგ ის შეუერთდა პირველ თანამედროვე პარტიას სირიაში საფრანგეთის მანდატის დროს - სახალხო პარტიას. პარტიას ხელმძღვანელობდა შაჰბენდერი და აფინანსებდა ფაისალ I- ს, რომელიც იმ დროისთვის ერაყის მეფე გახდა. პარტია ცდილობდა დაესრულებინა სამანდატო რეჟიმი და შეექმნა არაბული სამეფო, რომლის სათავეში იქნებოდა ჰაშიმიტების ოჯახის წარმომადგენელი, ან ფეისალი ან მისი ძმა, იორდანიის მეფე აბდულა.[3]

აქტიურად მონაწილეობდა 1925-1927 წლებიწ სირიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებაში სულთან ალ-ატრაშის ხელმძღვანელობით. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის იაფაში გაიქცა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადასცა სამანდატო ხელისუფლებას. იგი ერთი წლით დააპატიმრეს სირიის სანაპიროზე მდებარე კუნძულ არვადზე. გაათავისუფლეს საერთო ამნისტიის საფუძველზე 1928 წელს.[4]

1927 წელს გახდა სირიის წამყვანი ანტიფრანგული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. პარტიაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, მიწის მესაკუთრეები, ვაჭრები და იურისტები, რომლებსაც სურდათ სამანდატო რეჟიმის დასრულება დიპლომატიური საშუალებებით და არა შეიარაღებული წინააღმდეგობით. 1928 წლიდან აირჩიეს პარლამენტის წევრად.[5]

1932 წელს იგი გახდა ფინანსთა მინისტრი პრემიერ მინისტრ ჰაკი ალ-აზმის კაბინეტში. 1936 წელს მან ხელი შეუწყო სირიაში სამოცდღიანი გაფიცვის ორგანიზებას, როდესაც სირიის მთელმა საზოგადოებამ შეწყვიტა ყოველგვარი საქმიანობა საფრანგეთის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. 1936 წლის მარტ-სექტემბერში დელეგაცია ჰაშიმ ალ-ატასის ხელმძღვანელობით მიიწვიეს პარიზში დამოუკიდებლობის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა მარდამ ბეი. იგი გახდა შეთანხმების მთავარი არქიტექტორი, რომელიც იძლეოდა სირიის დამოუკიდებლობის გარანტიას 25 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, „ეროვნული ბლოკი“ თანხმობას აცხადებდა საფრანგეთს ესარგებლა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პრივილეგიებით სირიაში და მხარი დაეჭირა მისთვის ახლო აღმოსავლეთში, თუ ევროპაში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. ბლოკი სირიაში ტრიუმფით დაბრუნდა და ატასი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. თავის მხრივ, მან მიიწვია მარდამ ბეი მთავრობის დასაკომპლექტებლად.[6]

1936 წლის დეკემბერში პოლიტიკოსი დაინიშნა მანდატური სირიის პრემიერ-მინისტრად და ამ პოსტზე დარჩა 1939 წლის თებერვლამდე. ამ პერიოდში განმტკიცდა მისი ურთიერთობა 1937 წელს სამშობლოში დაბრუნებულ აბდურრაჰმან შაჰბანდართან. ყოფილმა პოლიტიკურმა მენტორმა გამოაცხადა მნიშვნელოვანი როლი სირიის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა, კონკურენციის შიშით, პრემიერ-მინისტრმა აუკრძალა მას პოლიტიკური პარტიის შექმნა, შემდეგ კი შაჰბანდარს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მალე ფრანგებმა ფაქტობრივად უარი თქვეს 1936 წლის ხელშეკრულების შესრულებაზე. საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე პოლიტიკოსი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[7]

1940 წლის ივნისში შაჰბანდარის მკვლელობის შემდეგ მისმა ოჯახმა ინციდენტში მარდამ ბეი და მისი თანამოაზრეები დაადანაშაულა. ბრალდებებს მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა ბაჰიჯ ბეი ალ-ხატიბმა. ყოფილი პრემიერი იძულებული გახდა ერაყში გაქცეულიყო, რომლის ხელისუფლებამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ის დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ უდანაშაულოდ ცნეს და 1941 წელს დაბრუნდა სირიაში.

1943 წელს ის საპარლამენტო არჩევნებში შეუერთდა ეროვნული ბლოკის ლიდერს შუქრი ალ-კუათლის. 1943 წლის აგვისტოში ალ-კუათლის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან დანიშნა თავისი მოკავშირე საგარეო საქმეთა მინისტრად საადალაჰ ალ-ჯაბირის კაბინეტში. 1944 წლის ნოემბერში იგი დაინიშნა საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, თავდაცვის მინისტრად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ფარის ალ-ჰოურის კაბინეტში. ამ თანამდებობებს ის 1945 წლის აგვისტომდე იკავებდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აწარმოა დიპლომატიური მოლაპარაკებები ფრანგებთან და ცდილობდა დაედო 1936 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ანალოგიური ხელშეკრულება, რაც გახდებოდა სირიის დამოუკიდებლობის გარანტი. თუმცა ამჯერად მან უარი უთხრა ფრანგებს სირიაში რაიმე პრივილეგიის მინიჭებაზე.

1945 წლის 29 მაისს ფრანგმა გენერალმა შარლ დე გოლმა გასცა დამასკოზე საჰაერო თავდასხმის ბრძანება და მოითხოვა ალ-კუათლის, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯამილ მარდამ ბეის და პარლამენტის სპიკერის საადალა ალ-ჯაბირის დაპატიმრება. მათ ბრალი ედებოდათ ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის ინტერესებში ჩარევაში. საფრანგეთის ჯარები თავს დაესხნენ მარდამ ბეის კერძო ოფისს, კონფისკაცია გაუკეთეს ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და დაწვეს ოფისი.

1946 წლის 17 აპრილს, როდესაც სირიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მარდამ ბეიმ დაიწყო მზადება მომავალი არჩევნებისთვის და აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისი გავლენის შეზღუდვის მცდელობისას ალ-კუათლიმ ის დანიშნა ელჩად ეგვიპტეში და შემდეგ საუდის არაბეთში. თუმცა, 1946 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრ ალ-ჯაბირმის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური ვაკუუმი. პრეზიდენტი იძულებული გახდა მარდამ ბეისთვის დაევალებინა კაბინეტის შექმნა. ამ თანამდებობაზე მან ასევე გააერთიანა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობები და 1948 წლის მაისის ბოლოდან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც დაიკავა.

არაბეთ-ისრაელის ომში (1947-1949) დამარცხებამ შეარყია პოლიტიკოსის ავტორიტეტი კონსერვატორთა შორის, რომლებმაც დაადანაშაულეს იგი სამხედრო ოპერაციების ცუდად ორგანიზებაში. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი ასევე დაადანაშაულა ჯარის ხარჯზე მოგების მიღებაში, კერძოდ, იარაღის გაბერილ ფასებში შესყიდვაშიც კი. ამავე დროს, როდესაც მან გენერალური შტაბის უფროსის, ჰუსნი ალ-ზაიმის თანამდებობიდან გადაყენება სცადა მისი ურთიერთობა სამხედროებთან გაუარესდა, ანტისამთავრობო არეულობის დაწყების შემდეგ მან გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, თავი სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა და დააპატიმრა მის მიერ კრიტიკულად განწყობილი პირები. ჯარს უბრძანა წესრიგის აღდგენა ქუჩებში, რის შედეგადაც დააკავეს მრავალი დემონსტრანტი, რომლებიც გამოვიდნენ დამასკოსა და ალეპოს ქუჩებში. თუმცა, პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, 1948 წლის აგვისტოს ბოლოს მან გადაწყვიტა გადადგომა.

მომდევნო წლები მან გაატარა ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის ნებაყოფლობით გადასახლებაში. საპატიო სტუმრად ითვლებოდა მეფე ფარუკისა და აბდულ აზიზის კარებზე. შემდეგ ის დაუმეგობრდა ოფიცრებს, რომლებმაც ხელისუფლება აიღეს კაიროში 1952 წლის ივლისში, ისევე როგორც საუდის სამეფო ოჯახის უფროს წევრებს. 1955 წელს პრეზიდენტმა გამალ აბდელ ნასერმა მარდამ ბეის სთხოვა მონაწილეობა მიეღო სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ კაირო მხარს დაუჭერდა მის კანდიდატურას, მაგრამ მან უარი თქვა შეთავაზებაზე ჯანმრთელობის მიზეზების გამო.

პოლიტიკოსის ბიძაშვილი ხალილ მარდამ-ბეი იყო პოეტი დაკომპოზიტორი, სირიის სახელმწიფო ჰიმნის ავტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Moubayed, Sami M. (2000), Damascus between democracy and dictatorship, University Press of America, p. xxiv ISBN 0761817441
  • Moubayed, Sami M. (2006), Steel & Silk: Men and Women who Shaped Syria 1900-2000, Cune Press, p. 294 ISBN 1885942400
  • Al Azmenah. "خليل مردم بك". Retrieved 3 January 2007.
  • Sami Moubayed "Steel & Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900-2000" (Cune Press, Seattle, 2005)
  • Khoury, Philip S. Syria and the French Mandate: The Politics of Arab Nationalism, 1920 - 1945. Princeton, New Jersey: Princeton University Press, 1989.
  1. Pasha, Djemal (1922). Pasha, Djemal: Memories of A Turkish Statesman, 1913-1919, New York 1922, p. 138. George H Doran Company.
  2. Rey, Mathieu (2018). Histoire de la Syria XIX-XXIe Siecle. Pharis Fayard. p. 192.
  3. Fry-Rabinovch, Machael- Itmar (1985). Despatches from Damascus Gilbert MacKereth and British Policy in the Levant 1933-39. Jerusalem: Daf Chen Press Ltd. p. 164.
  4. Khoury, Phillip (1987). Syria and the French Mandate. London: I B Tauris & Co Ltd. pp. 574–575. ISBN 1-85043-032-2.
  5. Gauson, A B (1987). The Anglo-French Clash in Lebanon and Syria 1940-45. Macmillan. pp. 177–8.
  6. Al Azmenah. "خليل مردم بك". Retrieved 3 January 2007.
  7. Al Shalak, Zuheir (1989). Papers of the Mandate, Forgotten History. Beirut: Dar El Nafa'is.