ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე

ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე, ორბელიანების სასახლე — ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი,[1] კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი[2]. მუზეუმი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი ბორცვის ფერდობზე, ანტიკური ხანის ნამოსახლარზე. სასახლე წარმოადგენს კომპლექსურ ნაგებობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ციხე-გალავანი, სასახლე, მარანი და სხვა სამეურნეო ნაგებობანი.

მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე

ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე შიდა ეზოდან
42°00′42″ ჩ. გ. 44°29′31″ ა. გ. / 42.01167° ჩ. გ. 44.49194° ა. გ. / 42.01167; 44.49194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა სოფ. ლამისყანა, კასპის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის მხარე
სტატუსი მოქმედი
Map

ციხე-გალავანს მოხერხებული მდებარეობა აქვს: აქედან კარგად ჩანს ქსნის ხეობის დიდი მონაკვეთი და იქ განლაგებული სოფლები და ციხეები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ქალაქი ახალგორი - ქსნის ერისთავების რეზიდენცია. სავარაუდოა ციხე-გალავანი ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის დაკვეთითაა აგებული (მშენებლობის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი). თარიღდება XVIII საუკუნით; XIX საუკუნეში გალავნის სამხრეთ ნაწილი სასახლის ნაგებობაში ჩაურთავთ და გადაუკეთებიათ მის ერთ-ერთ კედლად. ამიტომ მოშლილია გალავნის ზედა ნაწილი - სათოფურების ზედა რიგი საბრძოლო ბილიკის დონეზე.

სასახლე აუშენებია ივანე ორბელიანს მისი მეუღლის, ნინო თორნიკეს ასულ ერისთავის მამისეულ ნამზითვ მამულში. ამიტომ სასახლე ორბელიანების სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნის შუა წლებში მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე ორბელიანის დედამ ნინო თორნიკეს ასულმა ერისთავმა ციხე-გალავანი სასახლითა და მამულებით თავის რძალს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა.

ორბელიანთა სასახლის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწენი. თვით მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941 წწ.), შვილი პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890 წწ.), ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე იყო. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ, დროდადრო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვახტანგ ორბელიანი, ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ.), რომელსაც ცოლად ჰყავდა მარიამ ორბელიანის ძმისშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ორბელიანი, ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე (1870-1917 წწ.) - ივანე ჯავახიშვილი ქვისლი და სხვა. ამ სახლში იყო ორბელიანთა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა.

ციხე-გალავანი

რედაქტირება
 
მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის გალავანი.

გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია (36,5 X 46 მ) წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. გალავნის ოთხივე კუთხეში მრგვალი კოშკები იდგა. კედლები ნაგებია რიყის ქვით, კარ-სარკმლებისათვის გამოყენებულია ბრტყელი კვადრატული აგური. გალავანს შესასვლელი თავდაპირველად ჩრდილოეთ კედელში ჰქონდა, სოფლის მხარეს. შესასვლელს გვერდითი სათოფურები იცავდა. მტრის თავდასხმის დროს ამ მხრიდან გავაკებული მისადგომებით ადვილი იყო გალავანში მოსახლეობის შეხიზვნა. გალავნის კედლები ორიარუსიანია (სიმაღლე 6 მეტრამდე). ქვედა იარუსი ძირითადად ყრუა, ზედა სათოფურებიანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ქვედა იარუსებში შემორჩენილია ერთმანეთის მონაცვლეობით განლაგებული გარეთკენ დახრილი ცალმაგი და თარაზულად გაჭრილი წყვილი სათოფურები, მეორე იარუსზე კი გარეთკენ დახრილი სათოფურები. საბრძოლო ბილიკზე ხის მისადგმელი კიბით ადიოდნენ. აქ ძირითადი საბრძოლო იარუსია. ქვედა იარუსში სათოფურები შედარებით ნაკლებია. სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ნახევრამდე შემორჩენილ კოშკებზე სასახლის მშენებლობის დროს ოთხკუთხა ოთახები დაუშენებიათ. უკეთესადაა შემორჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ორსართულიანი კოშკები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გადარჩენილია ზედა საბრძოლო სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამი ქონგური და ნისკარტისებრი სალოდეების დამჭერი კონსტრუქციის დეტალები. ოთხივე კოშკს თითო შესასვლელი პირველ სართულზე აქვს ეზოდან, დანარჩენი შესასვლელები საბრძოლო ბილიკებზე გამოდის. სათოფურების რაოდენობა და ტიპები ზედა სართულებში პირველთან შედარებით უფრო მეტია. გაჭრილია სარკმლის ღიობებიც. სათოფურებს შორის აღსანიშნავია სამკლავეებით აღჭურვილი სათოფურები. ყველა სართულზე თითო ბუხარია. საბრძოლო ღიობების ტიპები უკეთესადაა შემონახული გალავნის ჩრდილოეთ კედელში. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში თითქმის მთლიანად შემორჩენილია საბრძოლო სისტემა კედლის მთელ სიგრძეზე. კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის იყო.

 
ორბელიანების სასახლე, ხედი სამხრეთიდან.

ორბელიანების სასახლე ციხის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის პირველ ნახევარში მიაშენეს ციხე-გალავანს. სასახლე ნაგებია (12,5 X 26 მ) რიყის ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურით. გადაკეთების დროს ნახმარია გვიანდელი აგურიც. სასახლე ორსართულიანია. ორრიგად განლაგებული სათავსებიდან ეზოსკენ მოქცეული ოთახების რიგის სიგანე უფრო ნაკლებია, ვიდრე ხევისკენ განლაგებული რიგისა. უპირველეს ყოვლისა ორივე სართულზე ხუთ-ხუთი პატარა ოთახია, მეორე რიგში - სამ-სამი (შუაში დიდი დარბაზია). შესასვლელი ეზოდანაა. პირველ სართულზე, მის შუა სათავსში, უშუალოდ ეზოდან შეიძლება მოხვედრა, ხოლო მეორე სართულზე - აივნიდან, რომელსაც ხის კიბე აქვს. ყველა ოთახი ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. პირველი რიგის განაპირა ოთახები ციხე-გალავნის შესაბამისი სართულების კოშკებს უკავშირდება კარით. პირველი სართულის შუა დიდ ოთახს სამხრეთის კედელში, გარდა ფართო სარკმლებისა, ცენტრალურ ნაწილში ჰქონდა მეორე შესასვლელიც, რომელიც გადაკეთებულია სწორკუთხა ნიშად. მეორე სართული პირველის ანალოგიურია. მხოლოდ მას ოთხივე მხრიდან ხის დიდი აივნები ეკვრის. შენობის გასათბობად იყენებდნენ ბუხრებსა და კედლის ღუმელებს. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ფასადებიდან აღსანიშნავია ქსნის ხეობისკენ მიქცეული გრძივი ფასადი, რომლის მონუმენტური, რიყის ქვით ნაწყობი კედლის სიბრტყე ორ იარუსად განლაგებული სარკმლებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ქვედა იარუსის სარკმლები თაღოვანია, ხოლო ზედასი - სწორკუთხა. ფასადის ცენტრალურ ნაწილში, მეორე სართულზე ხის ბოძებიანი წინ წამოწეული რიკულებიანი აივანია. სასახლე გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 174-175
  2. კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 2011-02-22.
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-24.