გივი ჯავახიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯავახიშვილი, გივი)

გივი ჯავახიშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1912, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 1985, იქვე) — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953—1975 წლებში. საქართველოს სსრ დამსახურებული გეოლოგი. საქართველოს სსრ III-VII მოწვევის და სსრკ V-IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გივი ჯავახიშვილი დაიბადა 1912 წლის 18 დეკემბერს, თბილისში, ცნობილი ექიმის დიმიტრი ჯავახიშვილისა და ანა მაღალაშვილის ოჯახში. 1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.

1934 წლიდან 1952 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ადგილობრივ და პარტიულ ორგანოებში. 1952 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის ვიცე-მერად, იმავე წელს — ქალაქის მერად, 1953 წლის აპრილიდან სექტემბრამდე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეა, ხოლო 1953 წლის სექტემბრიდან 1975 წლის 18 დეკემბრამდე გ. ჯავახიშვილი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა.

როგორც მთავრობის თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ენის დაცვის სახელმწიფო კომისიას, 1968 წელს ის იყო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის საუბილეო კომისიის თავმჯდომარე. მრავალი მოწვევის სსრკ და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1958 წელს გივი ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში (ბელგია) მსოფლიო გამოფენა, ექსპო-ზე, ხოლო 1967 წელს მონრეალის (კანადა) ექსპო-ზე.

1961 წელს გივი ჯავახიშვილი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში სკკპ ყრილობაზე, სადაც საქართველოს დელეგაციის სახელით თანხმობა განაცხადა სტალინის ნეშტის კრემლის მავზოლეუმიდან გამოტანაზე. გივი ჯავახიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით აშენდა ქ. თბილისში ფილარმონიის დარბაზი და სპორტის სასახლე. 1966 წელს მან გახსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი სადგური. პრემიერ-მინისტრობის 22 წლის მანძილზე (ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოს ისტორიაში) გივი ჯავახიშვილმა თბილისში უმასპინძლა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს, დანიის დედოფალს მარგრეტე II-ს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს, ირანის შაჰს მოჰამედ რეზა ფეჰლევის, კუბის ლიდერს ფიდელ კასტროს და მეოცე საუკუნის ბევრ სხვა ისტორიული მნიშვნელობის პირებს. დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება