ხუდადოვის ტყე — ტყე თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. გაშენებულია მთის ფერდობზე, ქალაქის ჩრდილოეთით ნაძალადევის ტერიტორიაზე. სახელი ეწოდა ექიმისა და ქალაქის სათათბიროს წევრის, ნიკოლოზ ხუდადოვის გვარის მიხედვით, რომელმაც 1893 წელს აქ, სახაზინო მიწაზე, ტყის მასივი გააშენა. იმ პერიოდში ოფიციალურად კუკიის სატყეო-კულტურული აგარაკი ეწოდებოდა.

1905 წლის დეკემბერში, რუსეთის რევოლუციის დროს, ხუდადოვის ტყეში იკრიბებოდნენ გაფიცულები. 16 დეკემბერს მოეწყო მთავრობის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც 18 დეკემბერს ჯართან შეტაკებაში გადაიზარდა. დაიღუპა 9 და დაიჭრა ათობით რევოლუციონერი (იხ. დეკემბრის აჯანყება საქართველოში). საბჭოთა ხელისუფლებამ ტყეში „რევოლუციის მსხვერპლთა სასაფლაო“ მოაწყო; 1905 წელს მოკლული მუშების პატივსაცემად მიმდებარე ქუჩას „9 ძმის“ სახელი უწოდეს. 1955 წელს ააგეს მათი ხსოვნის ობელისკიც. აქ დროდადრო ასაფლავებდნენ აქტიურ, თუმცა არა ლიდერ ბოლშევიკებს. მაგალითად, ტყეში 1930 წელს დაკრძალეს ბოლშევიკი ქალი მარო ბოჭორიძე. 1989 წელს მთავრობამ ხუდადოვის ტყეში მთაწმინდის პანთეონიდან გადმოასვენა ფილიპე მახარაძის, სილიბისტრო თოდრიას და მიხა ცხაკაიას ნეშტები. XX საუკუნის 90-იანი წლებში ტყე დააზიანა აქ დაგროვილმა სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება