ნიკოლოზ ხუდადოვი
ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე ხუდადოვი (დ. 1850, გორი — გ. 17 იანვარი, 1907, თბილისი) — ქართველი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა ქალაქ გორში, სომხური წარმოშობის ოჯახში. თბილისის I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1870) პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში სწავლობდა, მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა. სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს (1876-1878) ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში,[1] შემდეგ ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში. სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში. სტუდენტობის პერიოდში ახლოს იყო ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრესთან, კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1881 წლიდან), სხვადასხვა საკითხზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში (მათ შორისაა პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობისა[2] და საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებების შესახებ). 1880-იანი წლების ბოლოს ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ამ კუთხის შესახებ ეთნოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე (1890).[3] 1890 წელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გარიცხეს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან.[4] 1890-იან წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად. 1900-იან წლებში იყო ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. აქტიურად მონაწილეობდა 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებისა და სამკითხველოების, მუშებისთვის საკვირაო სკოლების დაარსებას. 1893 წელს თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე სახაზინო მიწაზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდაიცვალა 1907 წლის იანვარში თბილისში „შავრაზმელთა“ რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან.[5] დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ანა ვლადიმირის ასული ტიზენჰაუზენი და სამი შვილი — მარიამი, ვლადიმერი და ალექსანდრე. ნიკოლოზ ხუდადოვის და — სოფიო ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკო ხუდადოვი : [ექიმი-კურორტოლოგი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში] / ალ. სიგუა // საქართველოს ბუნება. - , 1967. - N12. - გვ.22-23;
- Худадов Николай Алексеевич // Деятели революционного движения в России : в 5 т. / под ред. Ф. Я. Кона и др. — М. : Всесоюзное общество политических каторжан и ссыльнопоселенцев, 1927—1934. — Т. II, вып. IV. — Стб. 1891.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8143 [1]; წვდომის თარიღი: 2020-07-05.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Нарочницкая Л.И. Россия и национально-освободительное движение на Балканах. - М., 1979; Кузьмичева Л.В. Русские добровольцы в сербо-турецкой войне 1876 г. // Россия и Восточный кризис 70-х гг. XIX в. -М., 1981.-С. 137-138.
- ↑ გაფრინდაშვილი, ლელა / ქართული განმანათლებლობა : ევროპის კვალდაკვალ და იმპერიის მარწუხებში : არჩევნები და თვითმმართველობა // დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში. - თბ., 2011. - გვ.82-91.
- ↑ Худадов Н.А. Заметки о Хевсуретии // Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества. Тифлис, 1890. Кн. XIV, вып. 1. С. 62–96.
- ↑ კრება სამკურნალო საზოგადოებისა 23 თებერვალს // ივერია. - 1890.-25 თებ.. - N43. - გვ.2-3.
- ↑ 17 იანვარს... // მწყემსი. - 1907. - N1-2. - გვ.18.