სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაიცმანი.

ხაიმ ვაიცმანი (ხაიმ ვაიცმანი ; ებრ. חיים ווייצמן; დ. 27 ნოემბერი, 1874 — გ. 9 ნოემბერი, 1952) — ისრაელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქიმიკოსი, მსოფლიო სიონისტთა ორგანიზაციის პრეზიდენტი (1921-1931, 1935-1946), ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი (აირჩიეს 1948 წლის 16 მაისს, პრეზიდენტი 1949-1952 წწ.), ვაიცმანის ინსტიტუტის პრეზიდენტი და ფუძემდებელი.

ხაიმ ვაიცმანი
ხაიმ ვაიცმანი
ისრაელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი 1948 – 9 ნოემბერი 1952
წინამორბედიდავიდ ბენ-გურიონი
მემკვიდრეიცხაკ ბენ-ცვი

დაბადებული27 ნოემბერი 1874
სოფელი მოტოლი, რუსეთის იმპერია, ბელარუსი
გარდაცვლილი9 ნოემბერი 1952
რეხოვოთი, ისრაელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაიცმანი დაიბადა სოფელ მოტოლში, პინსკი, რუსეთის იმპერია (დღესდღეობით ბელარუსი). ხაიმ ვაიცმანი 1874 წლის 27 იანვარს, გროდნოს გუბერნიის ებრაულ დასახლება მოტოლში დაიბადა. ოშერ და რახილ-ლეა ვაიცმანების ოჯახში ხაიმი მესამე შვილი იყო. თავდაპირველად, მშობლებმა იგი რელიგიურ სასწავლებელში (ხედერაში) შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ხედერაში შვილის მიყვანა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო ევროპელ, აშქენაზ ებრაელებს შორის. ხედერის შემდეგ, ხაიმმა სწავლა განაგრძნო ქალაქ პინსკის სასწავლებელში.

უმაღლესი განათლების მისაღებად 18 წლის ხაიმი, გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დარმშტადსა და ბერლინში შეუდგა სწავლას. 25 წლის ასაკში წარმატებით დაიცვა სადოქტორო ხარისხი შვეიცარიაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტში. 1906 წელს იგი ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში აწარმოებდა კვლევით საქმიანობას, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე როსტოველი ვერა ხაცმანი. ინგლისში ცხოვრების პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ვაიცმანმა გამოიგონა აცეტონის ახლებური ვარიაცია, რომელიც აუცილებელი იყო საომარი საშუალებების წარმოებისათვის.

სიონიზმი ხაიმის ცხოვრებაში

რედაქტირება

გერმანიაში სწავლის პერიოდში, ხაიმი ერთვება ბერლინის სიონისტურ მოძრაობაში. მისი ცხოვრება და სიონიზმი იმდენად განუყოფელი რამ ხდება, რომ 1920-1931 და 1935-1946 წლებში იგი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის პრეზიდენტად გვევლინება. ვაიცმანი ჯერ კიდევ 1907 წელს სტუმრობს ისრაელის მიწას, რომელსაც იმ პერიოდისთვის პალესტინა ეწოდება; სწორედ ეს ვიზიტი გახდა საკვანძო მომენტი მის ცხოვრებასა და აზროვნებაში.

მსოფლიოს მეხუთე სიონისტური კონგრესის ფარგლებში, ვაიცმანმა და მისმა მხარდამჭერებმა შექმნეს დემოკრატიული ფრაქცია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის გარეშე სიონისტურ მოძრაობას ვერ წარმოიდგენდა. ვაიცმანის მთავარ მიზანს ის სამართლებრივი მიზნები წარმოადგენდნენ, რომელთა გამოყენებითაც თურქეთი ხელს არ შეუშლიდა პალესტინაში ებრაელთა მასობრივ ემიგრაციას.

ვაიცმანის ხედვა „ერეც ისრაელთან“ მიმართებით

რედაქტირება

ვაიცმანისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ებრაული სულისკვეთების და კულტურის აღორძინება პალესტინაში, რომელიც უნდა ქცეულიყო „ერეც ისრაელად“ (ისრაელის სახელმწიფო/მიწა). ერეც ისრაელის შექმნისათვის იგი დარწმუნებული იყო სასოფლო-სამეურნეო კავშირების, ეკონომიკური შესაძლებლობების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განვითარებაში.

1903 წელს, სიონისტურ მოძრაობაში ბზარი გაჩნდა, რაც გამოწვეული იყო ე. წ. „უგანდის გეგმასთან“ დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ებრაული სახელმწიფოს შექმნა უნდა მომხდარიყო აფრიკის კონტინენტზე. ვაიცმანი და მისი მომხრეები მკაცრად იდგნენ საკუთარ მოსაზრებაზე, რომ ებრაელი ხალხი ერეც ისრაელში უნდა დასახლებულიყო. ამავე მოსაზრებას იზიარებდა თეოდორ ჰერცელიც. უგანდის იდეა შემოთავაზებული იყო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ, შესაბამისად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ ბალფურს, ვაიცმანმა ასეთი პასუხი გასცა:

 
„— ნუთუ თქვენ დატოვებდით ლონდონს, თუ თქვენ პარიზში გადასვლას შემოგთავაზებდნენ?“
— „კი მაგრამ ლონდონი ხომ ჩემი სახელმწიფოს დედაქალაქია“ — უპასუხა ბალფურმა;
— „იერუსალიმი იყო ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქი, მაშინ როცა ლონდონი ჯერ კიდევ ჭაობი იყო“ — მიუგო ვაიცმანმა.“

1917 წლის 2 ნოემბერს, სწორედ ლორდ ბალფურის სახელობის ბალფურის დეკლარაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ ბრიტანეთს დადებითი პოზიცია დაეფიქსირებინა პალესტინაში ებრაული დასახლების/კერის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნული დეკლარაცია აღიქმება როგორც სიონისტური მოძრაობის უდიდესი პოლიტიკური მიღწევა, რომელშიც უმთავრესი წვლილი ვაიცმანს ეკუთვნის. თავად ვაიცმანი ასე აფასებდა დეკლარაციას:

 
„სახელმწიფო ვერ შეიქმნება დეკლარაციის საშუალებით... თუნდაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ მოგვცეს ჩვენ ეს ქვეყანა, ამას არც ისე დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ თუ ებრაელი ხალხი დაიძვრება პალესტინის ასაშენებლად, მაშინ ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეა რეალობად გარდაიქმნება.“

ვაიცმანი და ისრაელის სახელმწიფოს შექმნა

რედაქტირება

1918 წლისთვის, ვაიცმანი ებრაელი ხალხის აღიარებულ ლიდერთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებდა; ამის მიზეზი კი 1917 წლის ბალფურის დეკლარაცია იყო. 1918 წელს იგი სიონისტურ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც სტუმრობს პალესტინას, რათა კონკრეტული კვლევები ჩატარდეს და დაიწყოს მზადება მისი დასახლების და მომავალი განვითარებისათვის.

1918 წელსვე, ვაიცმანი საფუძველს უყრის იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის შექმნას. მანამდე, 1914 წელს, ქალაქ ხაიფაში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაფუძნების დროს, ვაიცმანი ეწინააღმდეგება სწავლების ენაში ნებისმიერი ენის გამოყენებას ივრითის გარდა.

1920 წელს, მას შემდეგ რაც ბალფურის დეკლარაციის შედეგად დაფუძნდა „ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში“ დაიწყო სისხლიანი თავდასხმები ებრაულ მოსახლეობებზე პალესტინაში (1920, 1921, 1929, 1936-1939 წლებში), მაგრამ ვაიცმანი მკაცრად იდგა საკუთარ პრიციპებზე, რომლებიც აუცილებელი იყო ისრაელის სახელმწიფოს შესაქმნელად: სასოფლო-სამეურნეო კავშირებისა და დასახლებების განვითარება (ქიბუცი), ეკონომიკური და სოციალური დაწესებულებები, და კოოპერატივები. ამასთანავე, ვაიცმანის მიერ დაფუძნდა ებრაული სააგენტო,[1] რომელსაც უნიკალური ბუნება ჰქონდა და პალესტინის დასახლებას არამხოლოდ სიონისტებით, არამედ არა-სიონისტებით იმიგრაციას და მოსახლეობის ამგვარ ზრდას აღიარებდა.[2]

ისრაელის პირველი პრეზიდენტი

რედაქტირება

1948 წლის 14 მაისს ისრაელის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოცხადდა. ამ დღეს, ხაიმ ვაიცმანი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 4 დღის შემდეგ იგი დაინიშნა ისრაელის სახელმწიფოს დროებით ხელმძღვანელად. 1949 წლის 16 თებერვალს, ისრაელის პარლამენტის, [[ქნესეთი]ს ]პირველივე სხდომაზე ვაიცმანი აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად.

1949 წლის 24 მარტს ხაიმ ვაიცმანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს დავიდ ბენ-გურიონს მთავრობის კაბინეტის შექმნა დაავალა. თავად ბენ-გურიონიც რუსეთის იმპერიაში დაიბადა და ვაიცმანის მსგავსად, ისიც რელიგიურ სკოლაში სწავლობდა და სიონისტურ მოძრაობას ადრეული ასაკიდანვე შეუერთდა. ამასთანავე, იგი, ვაიცმანზე 1 წლით ადრე ჩავიდა პალესტინაში და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩაერთო.

1948 წლის დასაწყისში, სანამ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა, სიონისტთა ხელმძღვანელობის სახელით, ვაიცმანი აშშ-ში გაემართა, რათა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეხვედროდა. ვაიცმანმა შეძლო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დარწმუნება, რომ ეღიარებინათ ისრაელის სახელმწიფო და მხარდაჭერის სახით მიეცათ 100 მილიონი დოლარი სესხად.

გარდაცვალება

რედაქტირება

ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებიდან რამდენიმე წელიწადში ხაიმ ვაიცმანის ჯანმრთელობა დამძიმდა. სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში, ქალაქ რეხოვოტში, გაატარა, რომელიც საპრეზიდენტი რეზიდენციის სტატუსით სარგებლობდა. 1952 წლის 9 ნოემბერს ვაიცმანი გარდაიცვალა და იგი დაკრძალეს ქალაქ რეხოვოტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოში. ვაიცმანის დაკრძალვის პროცესიას და მის ცხედარს 250 ათასზე მეტი ადამიანი მიაცილებდა.

პრეზიდენტ ვაიცმანის სახელს ისრაელის არაერთი ქუჩა ატარებს. მის გამოსახულებას იხილავთ ისრაელის საფოსტო მარკებზეც; 1975 წელს, ისრაელის შეკელის 50-იან კუპიურაზე ვაიცმანის გამოსახულება დაერთო; იგივე მოხდა 1978 წელს 5 შეკელზე და 1992 წლის შეკელის სხვადასხვა მონეტებზე.

1967 წელს, ბალფურის დეკლარაციიდან 50 წლის შემდეგ, ისრაელის წამყვანმა ისტორიკოსმა და პროფესორმა, მეირ ბერეტემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერდა ვაიცმანის როლს ბალფურის დეკლარაციის და ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში; მეირ ბერეტემ ინგლისი ქალბატონს შეადარა, რომელიც გახვეული იყო სიონისტების ფლირტში, თუმცა მისი გულის დაპყრობა ხაიმმა შეძლო. ბერეტის იდეას იზიარებდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარდ ვასსერშტაინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვაიცმანის მიღწევებმა მეცნიერებაში კარი გაუხსნა მას ვესტმინსტერის უმაღლეს ეშელონებთან, რითიც შეძლო მათი სიონიზმში ჩათრევა; ამასთანავე, ვაიცმანმა მოახერხა ბრიტანელების დამტკიცება იმაში, რომ სიონიზმის იდეოლოგია და ისრაელის სახელმწიფოს შექმნის თანმდევი პროცესები მიმდინარეობდნენ რუსეთსა და ამერიკაშიც, რითაც ამ მოვლენის გლობალური მნიშვნელობა გამოხატა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: